გიორგი სულაქველიძე მეეზოვედ მუშაობს, რომ სწავლის ფული გადაიხადოს

გიორგი სულაქველიძე მეეზოვედ მუშაობს, რომ სწავლის ფული გადაიხადოსბათუმში ავდარსა თუ დარში, ყოველდღე, დილის 5 საათზე,  18 წლის ბიჭი ბულვარისკენ ჩქარი ნაბიჯით მიდის. მან 9 საათამდე დასუფთავებაც უნდა მოასწროს, ტანსაცმლის გამოცვლაც, რომ უნივერსიტეტში ლექციებზე არ დააგვიანოს.

ეს ბიჭი გიორგი სულაქველიძეა, დასუფთავების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. თავისი დანაზოგით ოჯახს სწავლის საფასურის გადახდაში ეხმარება.

– გიორგი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ გარემოში გაიზარდეთ, როგორ ცხოვრობთ.

– სკოლა გურიაში დავამთავრე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში. გასულ წელს გამოცდები ჩავაბარე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მოვეწყვე იურიდულ ფაკულტეტზე. სწავლის გადასახადი ძალიან მაღალია, ამიტომ გადავწყვიტე, სამსახური მეპოვა.

დედა ხოფას ბაზრობაზე მკერავად მუშაობს, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და საჭმელშიც არ გვყოფნიდა. ბევრი ვეძებე სამსახური, მაგრამ, რადგან ნათესავი მაღალ თანამდებობაზე არ მყავს, ვერსად ვიწყებდი მუშაობას, საქმე გასაუბრებამდეც არ მიდიოდა.

მე და დედა ბათუმში ვცხოვრობთ, სოფელში მამა, ჩემი ძმა და ბებია არიან. დედა ჩემ გამო წამოვიდა ბათუმში.

– გურიაში რას საქმიანობდით?

– სოფელში მიწათმოქმედებას მივდევთ – თოხნა, ბარვა, ყანა და ა.შ. თუ არ იშრომე, მშიერი მოკვდები. სოფელში შრომით ფულს ვერ იშოვი, მაგრამ საჭმელი გექნება.

– რომელ საათზე იღვიძებთ და როდის იწყება თქვენი სამუშაო დღე?

– დილის 5-ის ნახევარზე ვიღვიძებ, რადგან დილის 6 საათზე მუშაობა იწყება. ამ დროს ტრანსპორტი არ დადის და სახლიდან იმ უბნამდე, რომელიც მე უნდა დავასუფთავო, ერთი საათი მჭირდება ჩქარი სიარულით. დაახლოებით 8 კილომეტრი მაქვს ყოველდღე გასავლელი. 9 საათისთვის ვასრულებ მუშაობას და ვცდილობ, ლექციაზე არ დავაგვიანო. ტანსაცმელიც მიმაქვს სამსახურში, ვიცვლი და უნივერსიტეტისკენ გავრბივარ.

– დამღლელია თქვენი სამსახური?

რა თქმა უნდა. სიარულშიც კი ვიღლები. ხან სირბილი მიწევს, რომ ჩემს ობიექტამდე დროულად მივიდე. განსაკუთრებით რთულია მუშაობა უამინდობის დროს, როცა წვიმს, ქარი და სიცივეა. მაშინ გაუსაძლისიც კი არის მეეზოვეობა.

როგორი სტუდენტი ხართ?

– პირველი კურსი გამიჭირდა. ძალიან რთულია, დაეუფლო იურისტობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ და ჩემს სათქმელს ვიტყვი.

სისხლის სამართალი ძალიან მომწონს. ზოგადად მიყვარს ადამიანის უფლებების დაცვა, არ მიყვარს უსამართლობა. კარგი ქულები ავიღე, ნებისმიერი ფაკულტეტის არჩევა შემეძლო, მაგრამ იურისტობა გადავწყვიტე. გამოძიებაც მომწონს. დეტექტიურ წიგნებს ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ. არ არის გამორიცხული, დეტექტივი გამოვიდე.

– რა თანხა შეგაქვთ ყოველწლიურად უნივერსიტეტში?

– 2.250 ლარი, რაც დღევანდელ საქართველოში ცოტა არ არის. ამ თანხის მოსაპოვებლად დიდი შრომაა საჭირო.

– ახალგაზრდების უმრავლესობას ფიზიკური შრომა ეთაკილება. თქვენი მეგობრები, ტოლები როგორ უყურებენ თქვენს სამუშაოს?

– საერთოდ არ მეთაკილება. კურსელებიც ძალიან დადებითად აფასებენ ჩემს საქმიანობას. მოსწონთ, რომ შრომა არ მეთაკილება და უფრო მაფასებენ კიდევაც. ხელს ძალიან მიწყობენ, კონსპექტებს მიმზადებენ და ყველანაირად გვერდით მიდგანან.

– სიყვარულისთვის თუ გრჩებათ დრო?

– სამწუხაროდ, შეყვარებული ჯერჯერობით არ მყავს, მაგრამ ვიცი, როგორი უნდა იყოს გოგო, რომელიც მომეწონება. აუცილებლად შრომისმოყვარე უნდა იყოს, ასევე ჭკვიანი. წიგნი უნდა უყვარდეს.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე