”ბაიკერის გული გადამინერგეს, რომლის დაღუპვა ტელევიზორში ვნახე” – როგორ გადაურჩა სიკვდილს გიორგი სარქისოვი

”ბაიკერის გული გადამინერგეს, რომლის დაღუპვა ტელევიზორში ვნახე" - როგორ გადაურჩა სიკვდილს გიორგი სარქისოვისაქართველოს მოქალაქეს, წარმოშობით ასურელ გიორგი სარქისოვს, 5 წლის წინ გული გადაუნერგეს. 28 წლის იყო, მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს – დილატაციური კარდიომიოპათია, ანუ გულის მწვავე უკმარისობა. ექიმმა უთხრა, რომ მისი გული 2 წელს აცოცხლებდა, მერე კი ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდა, თუ სხვის გულს გადაუნერგავდნენ.

გულის ტრანსპლანტაციის გაკეთება საქართველოში ამ დრომდე შეუძლებელია. გიორგი 30 წლის იყო, მინსკში გადანერგვის ოპერაცია რომ გაუკეთეს და უკვე 5 წელია, ბელარუსი ბაიკერის გულით ცხოვრობს. სწორედ იმ დღეს, როცა გიორგი მინსკში ჩავიდა, ის მამაკაცი ავარიაში მოყვა, ტვინი დაუზიანდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ის სიცოცხლეში დათანხმდა, რომ მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის გამოეყენებინათ.

გიორგი საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვისაც გული გადაუნერგეს. ამჟამად ქვეყანაში 7 გულგადანერგილია.

როგორია სხვისი გულით ცხოვრება? გულგადანერგილი ახალგაზრდა კაცი “სარკეს” თავის ამბავს უამბობს:

– ბავშვობიდან, 4-5 წლიდან მახასიათებდა გულის წასვლა. მაგალითად, სისხლს თუ დავინახავდი, ხელს გავიჭრიდი და ა.შ., გული მიმდიოდა, ცუდად ვხდებოდი.

– ბავშვობაში დაგისვეს დიაგნოზი?

– არა, 28 წლის ასაკში. ბავშვობაშიც მივსულვარ ექიმთან და კარდიოგრამას მიღებდნენ, მაგრამ არ ჩანდა, რომ გულის პრობლემა მქონდა. გადაღლილობას აბრალებდნენ და იმას, რომ დავრბოდი.

– სპორტით იყავით დაკავებული?

– ხან ფეხბურთს ვთამაშობდი, ხან – კალათბურთს. მერე თხილამურებზეც დავდექი, სპორტსკოლაშიც დავდიოდი… 28 წლის ასაკში, 7 წლის წინ დამეწყო გულის უკმარისობა, ვეღარ ვსუნთქავდი. დამიდგინეს, რომ ფილტვებში სითხე მქონდა. ძალიან დიდი რაოდენობის სითხე ამომიღეს. პლევრიტი მქონდა და თავიდან ვერც გაიგეს, რომ გულის ბრალი იყო.

ჩემმა ძმაკაცმა, ნიკუშა მანჩხავამ, “ჯოენის” კლინიკაში გიორგი ახობაძესთან მიმიყვანა და მან დამისვა დიაგნოზი – დილატაციური კარდიომიოპათია. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი მხოლოდ და მხოლოდ გულის გადანერგვა იყო.

პროფესორმა ლევან ყურაშვილმა მითხრა, პირდაპირ გეტყვი, სხვა გზა არ გაქვს, ახალი გული გჭირდება, 2 წელი მე “გავაქაჩინებ” შენს გულს და მერე აღარ ვიქნები პასუხისმგებელიო. ასეც მოხდა – 2 წელი ვიარე ჩემი გულით.

– თავს როგორ გრძნობდით?

– ის 2 წელი ვერც დავდიოდი, ვერც ვსუნთქავდი, ვერც ვჭამდი… ნახევარ მეტრს რომ გავივლიდი, ქოშინი მეწყებოდა. “ჯოენის” კლინიკაზე ვიყავი მიჯაჭვული – ხან ერთი კვირა მტოვებდნენ, ხან – ორი კვირა, ხან – ერთი თვე…

– თანდაყოლილი იყო თქვენი დაავადება?

– არა მგონია. ზოგი ვირუსს აბრალებს, ზოგი გაციებას, ზოგი – კვებას… მე მაინც ვფიქრობ, რომ მოზრდილ ასაკში გაციების გამო დამემართა ეს ყველაფერი.

– 4-5 წლისას გული რატომ მიგდიოდათ?

– შეიძლება გარკვეული წინაპირობა იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, გაციების გამო დამემართა. მოტოციკლეტით დავდიოდი. შუა ზამთარში თუ ნასვამი ვიყავი, გახსნილი ქურთუკითაც ვიჯექი მოტოზე და სიცივეს ვერ ვგრძნობდი. დილის 7-ის ნახევარზე მოტოციკლით მივდიოდი სამსახურში. ასე ადრე ვიწყებდი მუშაობას, იქ 6 წელი ვიმუშავე – დასუფთავების სამსახურში გარკვეული ობიექტები მებარა, მენეჯერი ვიყავი.

დიაგნოზს სანამ დამისვამდნენ, ორჯერ გადავიტანე ფილტვების ანთება. ვფიქრობ, ფილტვებთან ერთად გულის ჯიბეც გამიცივდა, რამაც გული დამიზიანა.

ცუდად რომ ვიყავი, შემთხვევით ვნახე ჩემი ბავშვობის მეგობრის, მაია მაისურაძის ფოტო სოციალურ ქსელში, რომელიც პარლამენტში იყო გადაღებული. თურმე იქ მუშაობდა. თითქმის 8 წელი ნანახი არ მყავდა. დავუკავშირდი, მოვუყევი ჩემი პრობლემის შესახებ და დახმარება ვთხოვე. მითხრა, ყველანაირად ვეცდები, დაგეხმაროო. მართლაც ყველაფერი იღონა.

– ანუ ქართველი ექიმები და მთლიანად სახელმწიფო გეუბნებოდათ, რომ გჭირდებოდათ გულის გადანერგვა, რომელიც ჩვენთან არ კეთდებოდა და ბედს იყავით მინდობილი?

– დიახ, ასე იყო. ექიმმა ლევან ყურაშვილმა მითხრა, მინსკთან ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული და თქვენ თუ მოიპოვებთ, შეგიძლიათ, იქ წახვიდეთ და გაიკეთოთ გულის გადანერგვაო. თუ ნდობას მოიპოვებთ, გადარჩებითო.

– რას ნიშნავს, ნდობა გვაქვს დაკარგულიო, ანუ ქართველები ჩადიოდნენ და მერე ფულს არ იხდიდნენ?

– დიახ, ასე იყო. მოლაპარაკება უნდა გვეწარმოებინა, თანხა წინასწარ უნდა ჩარიცხულიყო. ჩემმა მეგობარმა, არტიომ სასტურიანმა, დაიწყო მინსკთან მოლაპარაკება. ასევე დამეხმარა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი. ბუტა ჩემი ძმაკაცი იყო. იამ ბევრი რამ გააკეთა, რომ მეცოცხლა. გამგეობა და თბილისის მერიაც გვერდში დამიდგნენ. ხალხმა დიდი თანხა შემიგროვა. საავადმყოფოში რომ ვიწექი, ბავშვები მოდიოდნენ და მოჰქონდათ 50 ევრო და ა.შ. ფანჯრიდან გავიხედავდი და მათ მშობლებს ვხედავდი ეზოში.

მჯეროდა, რომ გადავრჩებოდი. არამეულ ენაზე რომ გალობს მამა სერაფიმე, ჩემი მოძღვარია. ჩემთან მოვიდა და მითხრა, თუ რწმენით იქნები, აუცილებლად გადარჩებიო. აღსარება ჩაიბარა, მაზიარა… ცუდად ვიყავი და ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. ზიარების შემდეგ კი წამოვდექი, აბაზანაში შევედი და წყალიც გადავივლე… ყველას უკვირდა ეს ამბავი.

კიდევ ბევრი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მინსკში ჩემი სამი მეგობარი დამხვდა – თორნიკე სუხიაშვილი, შაკო სხირტლაძე და გიორგი ბახსოლიანი. სამწუხაროდ, თორნიკე გარდაიცვალა. თავისი ხელით მაჭმევდა საჭმელს… სამივე თან გადამყვა.

– რა თანხა დაგჭირდათ საოპერაციოდ?

– მინსკში ყველაზე იაფი ჯდებოდა, სხვა ქვეყნებში ბევრად ძვირია. 130 ათასი დოლარი იყო საჭირო. 70 ათასი რომ გადავრიცხეთ, უკვე მინსკში ვიყავი. თანხის ნაწილი ხელზე გვქონდა.

მინსკში ჩავფრინდი თუ არა, მეორე დღეს გამიკეთდა გადანერგვა. რომ ჩავედი, იმ დღესვე გამოჩნდა დონორი, რომელიც ცე ჰეპატიტიანი იყო… მეორე დღეს გიორგი ბახსოლიანმა დამირეკა და მითხრა, შენი გული უკვე ხელში მიჭირავს და მომაქვს, არ იცი, რა სიმპათიური ბიჭის გული მოგვაქვს შენთვისო.

იქ ყველა ბაიკერს ხელი აქვს მოწერილი, რომ მისი ორგანოები გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ექიმები ნებართვას მაინც იღებენ მშობლისგან. მის მშობლებთან რომ მივიდნენ და უთხრეს, 30 წლის ბიჭი იღუპება და თქვენი შვილის გული რომ გადავუნერგოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო, დედამისმა თქვა, მე და ჩემი შვილი ამაზე დიდ მადლს ვერ გავაკეთებთ, იცოცხლოს მისმა გულმაო.

– რა დაემართა თქვენი გულის პატრონს?

– ავარიაში დაიმტვრა. იმ საღამოს, მინსკში რომ ჩავედი, ტელევიზორში ვუყურე ამ საშინელ ავარიას. მინსკის ავტობანზე მოხდა დიდი ავარია, 15 კაცი დაიმტვრა და დაიღუპა. სადაც მე ვიწექი, იქიდან 5 კილომეტრში მოხდა ავარია. ამის გამო ჩემი ოპერაცია 94 ათასი დაჯდა. დანარჩენი ფული იმისთვის იყო საჭირო, რომელიმე ქვეყანაში რომ გამოჩენილიყო გული, ვერტმფრენი გაეგზავნათ მის მოსატანად.

შეუძლებელია, ადამიანის გარდაცვალებამ გული არ დაგწყვიტოს და მეც დამენანა ის ახალგაზრდა კაცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ დღეს მის გულს ვუვლი. არანაირი პრობლემა არ აქვს, მშვენივრად მუშაობს.

– თქვენ, თავად, რას გრძნობთ?

– არანაირი შეგრძნება არ მაქვს, ჩემი გული ახლა უკვე ჩვეულებრივად მუშაობს. ერთადერთი, თუ ცოტა ზედმეტი მომივა დალევა ან დატვირთვა, მაშინვე მახსენებს თავს, დაშოშმინდიო. 3 ჭიქა ღვინის დალევა შემიძლია. თუ მეოთხე მივაყოლე, მაშინვე მანიშნებს, გეყოფაო.

ოპერაცია რომ გამიკეთეს, მითხრეს, რომ ამ გულსა და მის პატრონზე არ მეფიქრა, თორემ შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი. მართლაც არ ვფიქრობ. გრძნობებზე არ ახდენს გავლენას. ყველაფერი ტვინიდან მოდის. შეცვლილიც ვარ, მაგალითად, ისეთი რაღაცების ჭამა დავიწყე, რაც მანამდე არ მიყვარდა. ეტყობა, არსებობს რაღაც…

– დაოჯახებული ხართ?

– არა, მაგრამ მყავს შეყვარებული. რამდენიმე თვეა ერთად ვართ და ალბათ მალე დავოჯახდები. არის ერთი ბიჭი, გიორგი ტალახაძე, რომელიც ასევე გულგადანერგილია. ახლახან მოიყვანა ცოლი და აპრილში ბავშვს ელოდება.

– დონორის გული ხელში დაიჭირო და მეგობარს წაუღო, ასე მარტივად ხომ არ ხდება. ალბათ სისხლის ჯგუფი და სხვა დეტალები უნდა დაემთხვეს.

– დიახ, სისხლის ჯგუფი, ქსოვილები, დონორის წონა, სიმაღლე. დონორი უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ის, ვისაც უნერგავენ. ჩემზე მცირეწონიანი რომ ყოფილიყო ის ბელარუსი ბიჭი, მის გულს ვერ გადამინერგავდნენ.

ერთი თვის წინ ჩამოვფრინდი მინსკიდან, სადაც გული შემიმოწმეს და მითხრეს, ისე კარგად გამოიყურება შენი გული, გეგონება, ერთი თვის გადანერგილია, ძალიან მაგარი გული მოგეცით და უნდა აფასებდეო. ვაფასებ და ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობ.

ინვალიდის პენსია, რომელიც მანამდე მქონდა დანიშნული, ოპერაციის შემდეგ მომიხსნეს – სრულიად ჯანმრთელი ხარო. არადა როცა სხვისი ორგანო გაქვს ორგანიზმში, 120-180 ლარი კი არა, მეტიც უნდა გქონდეს პენსია. მინსკში 200-300 დოლარი აქვთ გულგადანერგილებს პენსია. წამლები მჭირდება რეგულარულად. 6 თვეში ერთხელ მინსკში უნდა ჩავიდე შემოწმებაზე.

– სადმე მუშაობთ?

– ჩემს მეგობარს, ნიკუშა მანჩხავას, სამშენებლო კომპანია აქვს და იქ ვაკეთებ რაღაც-რაღაცებს. ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი, რაც გააკეთა, პროგრამა აამუშავა და გულგადანერგილებს უფასოდ აძლევენ გარკვეულ წამლებს, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს.

დღეს საქართველოში 77 ადამიანს სჭირდება გულის გადანერგვა. ჩემ მერე საქართველოს 6 მოქალაქეს გადაუნერგეს გული და მინიმალური წვლილი მაინც მაქვს ამაში შეტანილი. ვაკვალიანებ, როგორ მოიქცნენ. საქართველოში პირველი გულგადანერგილი ვარ და ვფიქრობ, დიდი შეღავათი იქნებოდა, ვინმე ყოფილიყო ქვეყანაში, ვინც რჩევებს მომცემდა.

ექიმები მირეკავენ და მთხოვენ, რომ პაციენტს დაველაპარაკო. დავდივარ კლინიკებში და ყველას ვეხმარები. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა უკვე დაგვიანებულია და, მაგალითად, თირკმლის უკმარისობაა განვითარებული. ამ 77-დან ბევრს აქვს შანსი, რომ გადარჩეს.

სამწუხაროდ, 3 წლიდან იწყება მათი ასაკი, 77 წლისაც არის ერთი, 17-18-21-27 წლის ადამიანებს სჭირდებათ ახალი გული. უმეტესობა 30-დან 33 წლამდე ასაკისაა. სამწუხაროდ, ჩვენთან სახელმწიფო არ აფინანსებს ამ ოპერაციას. ახლახან 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა ამ დაავადებით, რადგან ფულის შეგროვება ვერ შეძლო.

– ყველაზე პატარა გულგადანერგილი ვინაა საქართველოში?

– 14 წლის ქეთევან ქარუმიძე. უსაყვარლესი გოგონაა. მას და ჰყავდა, რომელიც იმავე დაავადებით გარდაიცვალა. მისი დის ორმოცი არ იყო გასული, გადანერგვა რომ გაუკეთეს. ცოტა დიდი გული გადაუნერგეს. ახლა კარგადაა, მაგრამ ექიმებმა თქვეს, 16 წლის რომ გახდება, მერე უფრო კარგად იქნებაო.

 რუსუდან ადვაძე, სარკე