ეკა მჟავანაძე: “გურულმა დედამთილმა შემჭამა”

ეკა მჟავანაძე: "გურულმა დედამთილმა შემჭამა"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, წარმოშობით გურულია და მისი ერთ-ერთი ამპლუაც გურული დედაა პოპულარულ სერიალებში. თუმცა თავად ფიქრობს, რომ მეგრელი ქალის როლს ბევრად უკეთ ითამაშებდა, რადგან დედა ჰყავდა მეგრელი – დადიანის ქალი და სამეგრელოსთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე გურიასთან.

ეკა მჟავანაძე, გარდა იმისა, რომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი აქტიური პერსონაჟია, რომელიც ამ ახალ სეზონზე ცენტრალური ფიგურაც გახდა, სერიალისთვის კასტინგსაც ხელმძღვანელობს – როლებისთვის მსახიობებს თავად არჩევს. ახლა გული სწყდება, რომ არ იცოდა, მეგრელების ხაზი ასე თუ განვითარდებოდა, თორემ მეგრელი ქალის როლს თავისთვის შემოინახავდა.

მსახიობი სერიალში დედამთილია, რეალურ ცხოვრებაში კი დედამთილობისთვის ემზადება – მას ორი საცოლე ბიჭი ჰყავს.

– ქალბატონო ეკა, გურული დედის ამპლუაში უკვე მეორედ ხართ. ეს როლი თქვენთვის ალბათ თავიდანვე იოლი იყო.

– სერიალში “გოგონა გარეუბნიდან” ძალიან აქტიური გურული ქალის როლი ვითამაშე. ის სხვა ჟანრი იყო, მაგრამ “ჩემი ცოლის დაქალებში” არც ვიცოდი, რომ გურული უნდა “ვყოფილიყავი”. გურული კილოთი ლაპარაკი იმდენად კარგად არ ვიცი. ჩემი სურვილი იყო, მეგრელი ქალი მეთამაშა. წარმოშობით გურული ვარ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბასილეთიდან, სადაც, ჩემდა სამარცხვინოდ, ნამყოფიც არ ვარ.

დედა დადიანი მყავდა და ზაფხულობით მუდამ სამეგრელოში ვისვენებდი. დღესაც მე ვუვლი და ვპატრონობ იქ დადიანების კარმიდამოს. კარგად ვიცი მეგრული და მინდოდა, მეგრელი ქალი მეთამაშა, მაგრამ უკვე როლი მქონდა, მეგრელების ხაზი რომ დაიწერა. ამის გამო სულ ვჩხუბობდი და ვჯაჯღანებდი, ერთი მეგრელი მეთამაშა-მეთქი.

– არადა როლებს თავად ანაწილებთ ამ სერიალში.

– არავინ იცოდა, სამეგრელო რომ ასე წინ წამოიწევდა. რომ მცოდნოდა… მეგრელების სული ძალიან კარგად ვიცი. მეგრელი ქალების როლებს ვინც თამაშობენ ამ სერიალში, შემიძლია თამამად ვთქვა, ბევრს მე ვასწავლე, როგორია მეგრული ხასიათი. კასტინგს მე ვატარებ და რჩევებსაც მე ვაძლევ.

ბოლოს გურიაში ვიყავი და იგივენაირად ჩავატარე კასტინგი გურულებთან. ის სოფელი გურიაში, სადაც სერიალი გადავიღეთ, ჩემი დედამთილის სოფელია, სახლიც გვაქვს. იქ უფრო ვიცნობდი ხალხს და ამიტომაც წავედით ლიხაურში. რძალი ვარ “იქოური” და მეზობლებს ვიცნობდი. ძალიან სასაცილო იყო… არაჩვეულებრივი, ძალიან მაგარი ხალხია გურულები.

– არადა გურულები განაწყენდნენ და სოციალურ საჯარო პოსტები დაწერეს, ტალახიანი ეზო გადაიღეს, ძალიან გაჭირვებული გურია აჩვენესო, სუფრაზე ყველი არ ედოთო…

– რა, არ უჭირთ?! ამპარტავნები ვართ! ვფიქრობ, 10 წელიწადში სოფელი საერთოდ აღარ იარსებებს, რადგან სოფლებში აღარაა მოსახლეობა. ისე გავღიზიანდი ამ პოსტის გამო…

ორი თავისუფალი დღე ჩავიგდე ხელში და წავედი სამეგრელოში, მივხედე იქაურობას – ყვავილები, ხეები დავრგე. გახედვა არ უნდათ სოფლისკენ. თავად ამ პოსტის ავტორი, როგორც გავიგე, თურქეთშია წასული. თუ არ უჭირს, რა უნდა თურქეთში?!

ოზურგეთში მითხრა ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, ზაფხულობით ეს ხალხი თხილის საკრეფად მიდის თურქეთშიო. ყველი როგორ ექნებათ, ძროხა თუ არ ჰყავთ?! ძროხას ბალახი და თივა უნდა. ქათამს იმდენი სიმინდი უნდა… ფაროსანაა გურულების სერიოზული პრობლემა – გაანადგურა დასავლეთ საქართველო! გურულები რბილი ადამიანები არიან და ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან უჭირთ. ჩამოიაროს სოფელში, ვინც ეს დაწერა და ნახოს მათი რეალური ყოფა.

– რა ხდებოდა გურიაში გადაღებების დროს?

– მაქსიმალურად ვეცადე, აქტიური გურული არ ვყოფილიყავი. გურულები ბევრად აქტიურები არიან. “გასვენებაში” გურული “დები” რომ მესხდნენ გვერდით, ისინი რომ იწყებდნენ ლაპარაკს, აღარ ჩერდებოდნენ. იყო თუ არა რაიმეს თქმა საჭირო სცენარის მიხედვით, მაინც ამბობდნენ. ვეუბნებოდი, ხელს მოგიჭერთ და მაშინ უნდა გაჩერდეთ, რადგან მაგ დროს უკვე მე უნდა ვთქვა რაღაც-მეთქი. ხელს რომ მოვუჭერდი, სამ ფრაზას კიდევ ამბობდნენ, უცებ ვერ ჩერდებოდნენ. რეჟისორი გაოგნებული იყურებოდა. ხომ გინდოდათ გურია და აგერ ვართ-მეთქი, ვუთხარი.

– იმ სოფლის მკვიდრები იყვნენ თქვენი “დები”?

– არა, ოზურგეთის თეატრის მსახიობები იყვნენ, მაგრამ მასობრივი სცენებისთვის იმ სოფლის ხალხი მოვიყვანეთ, რომლებმაც ბევრი იხალისეს.

– გურული დედამთილი გყოლიათ. თქვენი გმირი მას ხომ არ ჰგავს, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– შემჭამა! ახლა ცოტა ავადაა. არ ჰგავს ჩემს პერსონაჟს. ჩემი გურული დედამთილი თბილისში დამხვდა და არა – გურიაში. რომ დავურეკავ, ყვირის: “რა იყო?!”. არაფერი, ლილი, ისე დავრეკე-მეთქი, ვეტყვი ხოლმე. “არაფერი, ჰო, კარგი”, – მპასუხობს. ადრეც ასე იყო.

ჩემი მამამთილი, რომელიც არაჩვეულებრივი კაცი იყო, როცა აღარ მუშაობდა, მოდიოდა და ბავშვებს მას ვუტოვებდი. დილის 9 საათზე რომ დავურეკავდი სახლის ტელეფონზე, ჩემი დედამთილი ატეხავდა კივილს: “მოხდა რამე? სახლში ხარ? ბავშვები როგორ არიან?”.

ვპასუხობდი, მომისმინე ერთი წუთი, მინდა, დემური გამოვიდეს და ბავშვებთან დარჩეს-მეთქი. ჰო, კარგი, გული გამისკდაო. ძალიან სასაცილო ქალია. 94 წლის ხდება და სწყინს ამ ასაკს რომ ვამბობ, 93-ის ვარ და რატომ მიმატებო. დღესაც შეუძლია პიანინოსთან დაჯდეს, დაუკრას და კარგ ხასიათზე იყოს.

– ვაჟისა და რძლის ურთიერთობაში ერეოდა?

– არ ერეოდა, თუმცა, რადგან მსახიობი ვიყავი, თავიდან ცოტა ისე მიყურებდა – რისი გამკეთებელია ახლა ეს, რას იზამსო. მერე მიხვდა, რომ ბევრ სხვა პროფესიის წარმომადგენელს ვჯობდი, მეოჯახე ქალი ვიყავი, გავზარდე შვილები. ამიტომ დღეს ჩემი ფასი არავინ ჰყავს. გურიაში, მის სოფელში რომ ჩავედი, მეზობლები მეუბნებოდნენ, არ იცი, ლილის როგორ უყვარხარო.

– ისეთი დედამთილის როლი ითამაშეთ ორი ვაჟის დედამ, მგონი, სარძლოები დააფრთხეთ.

– ჩემი შვილის მეგობარი ბიჭი მიყვებოდა, დავდივარ და ვუხსნი ყველას, ეკა ასეთი არ არისო. შვილების ცხოვრებაში არ ჩავერევი, თუმცა გააჩნია. ალბათ დედამ უნდა მისცეს გარკვეული რჩევა-დარიგება.

სულ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდი, მან გამიზარდა შვილები. 4 წლის წინ გარდაიცვალა. ჭკუას მარიგებდა, ეს ასე უნდა გააკეთოო. ხან ვითვალისწინებდი, ხან – არა, მაგრამ ყოველთვის თავს ვუქნევდი.

დღეს სულ სხვა მენტალიტეტია, უცებ ერთი ქვეყნიდან მეორეში აღმოვჩნდით. ჩემს დროს იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი. მამაჩემის მეგობარს რომ დავენახე ბიჭთან ხელგადახვეული, იმ ღამეს ალბათ არ დამეძინებოდა. დღეს ასე აღარაა, მაგრამ პატიოსნება დღესაც მომწონს. არც უზრდელი ადამიანები მიყვარს.

– თქვენი პერსონაჟის, ნაირას, პოზიციას, დამოკიდებულებას ოჯახში მომხდარი ღალატისადმი როგორ აფასებთ, რეალურ ცხოვრებაში თქვენ როგორ მოიქცეოდით?

– ღალატი ჩემთვის მიუღებელია ყველანაირ ურთიერთობაში და ალბათ სერიოზულად განვიცდიდი მსგავს ამბავს, მაგრამ როგორც ნაირა ჩაერია, ისე ვერ ჩავერევი. მაინც მათი გადასაწყვეტია ეს ამბავი. ალბათ დავუჯდები, დაველაპარაკები, ავუხსნი.

– წადიო, არ ეტყოდით რძალს?

– “წადი”-ს ვერ ვეტყვი, მაგრამ მოვთხოვ, ტყუილში არ აცხოვროს ქმარი. ღალატი საშინელებაა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საუკუნეში ცხოვრობ.

– ეჭვიანობა გახასიათებთ?

– კი, ვარ ეჭვიანი, რაღაცების არ მჯერა. ჩემი მეუღლე არ არის ეჭვიანი. ძალიან ცუდი რამაა ეჭვი. მას ხომ ტანჯავ შენი ეჭვით, მაგრამ შენ უფრო მეტად იტანჯები. ხანდახან ვერც ამბობ და შენ უფრო გჭამს ის ეჭვი, ვიდრე მას. მე ალბათ რაღაცებზე უფრო მტკენია გული, ვიდრე მიეჭვიანია. 29 წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და უკვე სხვაგვარი ურთიერთობა გვაქვს.

თავისუფლების მოყვარული ქალი ვარ და ჩემს შვილებსაც თავისუფლად ვზრდიდი. ბავშვობაში კი ვასწავლიდი, რა იყო ცუდი და რა – კარგი, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება რომ დაიწყეს, მივუშვი. რამდენჯერმე ცხვირიც წაიტეხეს, მაგრამ არა უშავს, ასე სწავლობს ადამიანი. მთავარია, რამე არ დააშავო, თორემ პატარ-პატარა შეცდომებს არა უშავს.

– რძლებთან ერთად აპირებთ ცხოვრებას?

– არავითარ შემთხვევაში! ახალგაზრდებმა ცალკე უნდა იცხოვრონ. ჩემი ცხოვრების წესი, ჩემი ქაოსი და ჩემი სამყარო მაქვს და რატომ მოვახვიო ეს თავზე სხვას, ვისაც თავისი ცხოვრება აქვს?! ძალიან პედანტი ვარ, წესრიგი მიყვარს. მე როგორც მინდა, ისეა ყველაფერი – დგას, დევს, ვაკეთებ ისე, როგორც მინდა. მეორე ქალი რომ შემოვა, მან შეიძლება თქვას, ეს აქ კი არა, იქ მინდაო.

– ამის გამო გაბრაზდებით?

– ჩემს სახლში გავბრაზდები! ჩემს სახლში ნურაფერს შეეხება და თავის სახლში, თუ უნდა, თავდაყირა დადგეს! თანამედროვეობას აუცილებლად უნდა აჰყვე. გაგებით ვუყურებ ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება და ამასთან ბრძოლას ვერც შევეწირები, ვერც ვერაფერს მოვახერხებ.

– რას საქმიანობენ თქვენი ვაჟები?

– უფროსი 28 წლისაა, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია და მუშაობს უკვე. უმცროსი 22 წლისაა, ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს.

– მსახიობობა არც ერთმა აირჩია?

– არა, ორივეს თავიდანვე ჩავუკალი მსახიობობის სურვილი, თუმცა უმცროს ბიჭს ისეთი სახე აქვს, ხანდახან რაღაც როლებს ვაძლევ. სერიალ “გუნცაძეების ოჯახში” თამაშობდა პატარა ბიჭის როლს. მას მერე კიდევ ორ ფილმში გადავიღე. ახლა გადავიღე “ნატახტარის” რეკლამაში. “ჩემი ცოლის დაქალებშიც” ვათამაშე ჩიკას შვილის, სანის, მეგობრის როლი. ბედნიერი იყო, რომ თამაშობდა. რამე ფილმზე რომ ვმუშაობ, უფროსი მეკითხება ხოლმე, არ არის რამე საჩემოო. “საჩემო” – ასე სადაა?!

– როგორ ხდება ახალი პერსონაჟების შერჩევა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული?

– სანამ თქვენ მოხვიდოდით, სამი გმირის კასტინგი მქონდა. ვკითხულობ ახალი პერსონაჟების ამბებს და მერე ვეძებ. გრიშა კაკაჩია თავიდან ორ სერიაში უნდა გადაგვეღო, მაგრამ ხომ ხედავთ, ავაწრიალეთ მსოფლიო მეგრული ხაზით! ჩვენ არ ვიმეორებთ მსახიობს და ამიტომ დიდი არჩევანი აღარ გვაქვს.

ახლა ერთი გოგონა იყო მოსული, რომელიც მსახიობი არაა, მაგრამ ეპიზოდური როლისთვის რაღაც ავუხსენი, ხმა დავაყენებინე, ვასწავლე, ბგერა როგორ უნდა გამოუშვას… მშვენივრად ჩაწერა. როდემდე გავქაჩავ, არ ვიცი. დამცინიან, მეორე სეზონი იწყებოდა, ბლოკნოტი რომ აიღე და თქვი, აღარ არიან მსახიობები, მე წავედიო. მას მერე რამდენი სეზონი გავიდა…

– ნაირა ისევ აქტიური იქნება შემდეგ სერიებში? ან მისი რძალი, ქეთი, დაუბრუნდება ქმარს და მიიღებს ნაირა?

– ახლანდელ სცენარებში აღარ წერია ნაირას სცენები, ისვენებს. თავიდან ვბრაზდებოდი, მეგრელი ქალი რომ არ ვარ, მაგრამ ბოლოს ისეთი კარგი სცენები დაიწერა. გურულმა გენმა მაინც თავისი ქნა და დამანახა, რომ მაინც გურული ვარ. ფიცხი ვარ მეც, უცებ ვბრაზდები.

ვიცი, ეს ნაკლი რომ მაქვს და ჩემს თავზე ვმუშაობ ხოლმე: “აბა, ახლა დამშვიდდი და დაწყნარდი”. რაც წლები გადის, უფრო ვდინჯდები. არ მიყვარს, ადამიანებს რომ ვაწყენინებ. შეიძლება არ ვიყვირო, მაგრამ ისეთი ვთქვა, ჩემს მტერს!

ამხელა აჟიოტაჟის მერე ნაირა დაიბრუნებს თუ არა ქეთის… ალბათ დრო ყველაფრის მკურნალია. ეს ქალი, ხასიათიდან გამომდინარე, რაღაცას გადახარშავს – ბავშვი, შვილი… რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ ახლა კი არის ნაირა გამწარებული. რეალურ ცხოვრებაშიც არის შემთხვევები, როცა პატიობ. გააჩნია დოზას.

– ღალატს დოზა აქვს?

– ჩვენ გავიზარდეთ იმ ეპოქაში, როცა მამაკაცები გადიოდნენ საქართველოს ფარგლებგარეთ და ცოლები იყვნენ სახლში. სუფრასთანაც ხშირად მოუყოლიათ კაცებს, იქ რომ ვიყავით და იმ ქალმა მერე ის რომ მოიყვანაო. ცოლები ამ ამბის მოსმენისას კვდებიან სიცილით. ის ხომ არასერიოზული, წუთიერი გართობა იყო იმ მამაკაცებისთვის? დრო გადის და მერე ამას ყვებიან სასაცილო ამბად და სულაც არ იციან, სადაა ის ქალი. ეს ღალატი კი არა, გართობაა. ჩვენი მამებისა და მათზე უფროსი თაობისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

– თქვენც გაგეცინებოდათ, ქმარზე რომ ასეთი ამბავი გაგეგოთ?

– ჩემი ქმარი ასე არ მოქცეულა და არ ვიცი, მე რას ვიზამდი.

 რუსუდან ადვაძე, სარკე