ანსამბლ ,,ივერიის” დირექტორი მოხუცებულთა პანსიონატში ცხოვრობს

ანსამბლ ,,ივერიის" დირექტორი მოხუცებულთა პანსიონატში ცხოვრობსანსამბლ ,,ივერიის” დირექტორი ომარ ფერაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. თავის ცხოვრებაძე მან ,,გზასთან” ისაუბრა:

– 13 წელი ანსამბლ ,,ივერიის” დირექტორი ვიყავი. 13 წელი მათთან ერთად ვიმუშავე, მანამ, სანამ ქვეყანა აირეოდა. მერე ანსამბლიც დაიშალა, მეუღლეც გამიხდა ცუდად და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

– მეუღლეს რა სჭირდა?
– უკურნებელი სენი დაემართა. მეუღლე ჟურნალისტი მყავდა, ცოტა ხანი ტელევიზიაში, ,,პირველ არხზე”’ იმუშავა. 6 წელი ლოგინად ჩავარდნილი ებრძოდა ვერაგ დაავადებას და მე ვუვლიდი. ძალიან მძიმე წლებია ეს ჩემთვის. ყველაფერი გავყიდე ავადმყოფობის გამო, რაც გამაჩნდა მაშინ. ვაკეში, ყიფშიძეზე 3-ოთახიანი ბინა, სავსე ოჯახი მქონდა, ჯერ ნივთები გამქონდა გასაყიდად, მერე ბინა გავყიდე და საცხოვრებლად ნუცუბიძეზე გადავედით, მოგვიანებით მისი გაყიდვაც გახდა საჭირო.

სამწუხაროდ, ვერც მეუღლე გადავარჩინე და მე და ჩემი შვილებიც ქუჩაში აღმოვჩნდით. 60 წლის იყო ჩემი მეუღლე, როცა გარდაიცვალა. მთელი უბედურება ის არის, როცა ბინა გავყიდეთ, იქიდან 20.000 დოლარი დაგვრჩა მხოლოდ. ვფიქრობდით, იმ ფულით ბინა გვეყიდა. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის უკან შენდებოდა კორპუსი. იქ შევიტანეთ თანხა, დღემდე ეს სახლი დაუმთავრებელია, მოგვატყუეს, არც ბინა მოგვცეს და არც ფული დაგვიბრუნეს.

– არ უჩივლეთ მშენებელს?
– სად არის ამ ქვეყანაში სამართალი? 11 წელია, ჩვენი 20.000 დოლარი იმ კაცმა მიითვისა. როცა ვიჩივლეთ, პროკურორმა ჩემს ქალიშვილს უთხრა, მე კი დავიჭერ ამ კაცს და ჩავსვამ ციხეში, მაგრამ თქვენ ფულს ვინ მოგცემთ, მაინც არაფერი გეშველებათო. ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არის, რა აზრი აქვს ბრძოლას? ასე დავრჩით საბოლოოდ ქუჩაში.

– მერე სად ცხოვრობდით?
– სახლის გაყიდვის შემდეგ ვცხოვრობდი ჩემს ძმისშვილთან. თვითონ ინვალიდია, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა, დილით 7 საათზე გამოვიდოდი სახლიდან და გვიან მივდიოდი იმისთვის, რომ ღამე გამეთია. მთელი დღე ქუჩაში მშიერ-მწყურვალი ვიყავი. ასე გაგრძელდა 6 თვე, ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში. არც ამ თავშესაფარში მოსვლა იყო იოლი, ასეთ მძიმე ყოფაში რომ ვიყავი, ჩავრიე ახლობლები. ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იყო, მის მეუღლეს, ნინოს ვთხოვე დახმარება, ჩემი ნათესავია, მან გამიწია რეკომენდაცია გიგი წერეთელთან,რომელიც მაშინ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მან დაადო რეზოლუცია განცხადებას. თუმცა მიუხედავად ამისა, კიდევ ორი თვე ვიწვალე, ერთი უწყებიდან მეორეში მგზავნიდნენ და ასე წვალებით მოვხვდი აქ.

– ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდათ?
– გამიჭირდა, მაგრამ იმ ყოფასთან შედარებით, რაშიც მე ვიყავი, ეს არის სამოთხე. თავიდან 4 ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა წლებია, მარტო ვარ, იზოლირებულად. მაქვს ჩემი ოთახი და ადამიანურ პირობებში ვარ.

– თქვენი შვილები სად ცხოვრობდნენ?
– ქალიშვილი გათხოვილია, მისგან შვილიშვილებიც მყავს და ისინი ნაქირავებში ცხოვრობენ. ბიჭი უცოლოა, აბა, ცოლი სად უნდა მოიყვანოს? მორწმუნეა და ძირითადად მონასტერშია. როცა ჩემს სანახავად მოდის, ადმინისტრაცია მაძლევს უფლებას, რომ აქ, ჩემთან მყავდეს. ასე გადის წლები. 2009 წლიდან აქ ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ცხოვრება, ვზივარ აქ და ველოდები, როდის მოვკვდები.

– მეგობრები გაკითხავენ?
– შვილიშვილები მოდიან და მაკითხავენ, შვილი მაკითხავს, მეგობრებიც – ვინც შემომრჩა. ძალიან ცოტა ადამიანი შემომრჩა ძველი მეგობრებიდან. უფრო მეტად ანსამბლ “ივერიის” წევრები მნახულობენ, მირეკავენ. ნუგზარ კვაშალი, ვახო ტატიშვილი და სხვები მოდიან. 11 მარტს ალექსანდრე ბასილაიას დაბადების დღეა და ყოველ წელს დავდივარ პანთეონში, იქ ვიკრიბებით.

ჩემი მეგობარი იყო ალექსანდრე ბასილაია. ნათქვამია, ყველაზე დიდი პროფესია ადამიანში კაცობააო, ასეთი კაცური კაცი იყო. საოცარი ნიჭის ადამიანი, ყველას მხარში მდგომი, საოცრად თბილი და მეგობრული. ის ადამიანს ფულს რომ მისცემდა, უკან არ ართმევდა. დასანანია, რომ ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და ყველას გული გვატკინა, მაგრამ დიდი კვალი დატოვა. დამისახელეთ კომპოზიტორი, რომელსაც 5 მიუზიკლი აქვს დაწერილი. არასოდეს მომბეზრდება მასზე საუბარი. ყველა მისი კონცერტი ანშლაგით მთავრდებოდა…

ბუბა კიკაბიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. კვირაში 3-ჯერ დიალიზზე დადის საავადმყოფოში, მაგრამ ხან მე ვურეკავ, ხან ის მირეკავს და მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. მატერიალურადაც დამეხმარა, მადლობელი ვარ… ახლა იშვიათად დავდივარ ფილარმონიაში, მაგრამ ჩვენი ბიჭები მეპატიჟებიან კონცერტებზე, მოვლენ და წამიყვანენ ხოლმე. ჯემალ ბაღაშვილმა რამდენჯერმე დამირეკა, “იუმორინას” 20 ბილეთი ერთხელ გამომიგზავნა, 30 მეორედ და პანსიონატის მოხუცები დავპატიჟე. რომან რცხილაძემ სოლო კონცერტი რომ გამართა, 30 ბილეთი გამომიგზავნა და იქაც დავპატიჟე ბენეფიციარები, 30 ლარი ღირდა თითო ბილეთი, ამ სიკეთეს ხომ დანახვა უნდა, ეს ხომ დიდი სიყვარულია.

ავტორი თეა ხურცილავა, გზა