100 წლის ოლღა ჭეხაშვილი: ,,ქმრის ბოლომდე შეყვარება ვერ შევძელი” – მოხუცი ქალების საოცარი დედაშვილობა

100 წლის ოლღა ჭეხაშვილი: ,,ქმრის ბოლომდე შეყვარება ვერ შევძელი" - მოხუცი ქალების საოცარი დედაშვილობაოლღა ჭეხაშვილი 2019 წელს ახალ წელს მეასედ შეხვდა. საუკუნის ქალი თბილისში 80 წლის ქალიშვილთან, ნანული ჭეხაშვილთან ერთად ცხოვრობს. უხუცესი დედა დღესაც ისე ზრუნავს შვილზე, როგორც მაშინ, როცა ის ბავშვი იყო. ერთად ბევრი ტკივილი, გაჭირვება გადაიტანეს და ახლანდელ მძიმე ყოფასაც ერთად უძლებენ. თავიანთ ცხოვრებაზე მოხუცმა დედა-შვილმა “სარკეს” უამბეს.

ქალბატონო ოლღა, მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე. რა მომენტებს გაიხსენებდით ამ განვლიდი 100 წლიდან?

– ახალგაზრდა დავქვრივდი, 22 წლის. ორი შვილი გავზარდე. ორივე გოგოს უნივერსიტეტი დავამთავრებინე და პროფესიები მივეცი. ერთი გოგო იურისტი გამოვიდა, მეორე კიდევ – ისტორიკოსი. მეც წარმატებული ქალი ვიყავი.

– პროფესიით ვინ ხართ?

– 19 წელი სტამბაში ვმუშაობდი, გაზეთს ვუშვებდი. პროფესია არ მაქვს. ჩემმა მეუღლემ ძალიან პატარა მომიტაცა. ჩვენ შორის არავითარი სიყვარული არ იყო, ნანახი მყავდა მხოლოდ. ოჯახში მოვიდა იარაღის მუქარით და თქვა, ეს გოგო ცოლად უნდა წავიყვანოო. მე არ მინდოდა, მაგრამ ჩემს მშობლებს უნდოდათ, გავთხოვილიყავი, ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. ასე ვიცხოვრეთ 6 წელი ერთად, ვიდრე არ დაიღუპა.

ქმარი გიყვარდათ?

– იცით, რა არის? ბოლომდე შეყვარება ვერ შევძელი. რა ვქნა, ასეთი ვიყავი.

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ?

– ეს იყო უმძიმესი წლები, მეორე მსოფლიო ომის წლები. საშინელი ცხოვრება მაქვს გავლილი. შეიძლება ითქვას, რომ შვილები შიმშილობაში გავზარდე. მას შემდეგ, რაც წამოიზარდნენ, ოჯახს ძალიან დაეხმარნენ, თუმცა ხომ იცით, ცხოვრება რა რთულია და მორიგი უბედურება დაგვატყდა თავს.

რას გულისხმობთ?

ჩვენ თბილისში, წერეთლის გამზირზე ვცხოვრობდით, პირდაპირ მეტროს წინ, ჩემი მეუღლის მამის ოჯახში. 1998 წელს გასკდა მიწა და იტალიური სახლი ჩაინგრა. ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა, ფაქტობრივად მიწამ შთანთქა. შემდეგ ზოგი რაღაც ამოგვითხარეს და მოგვცეს, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. იმ დროს ედუარდ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და მოგვცა თანხა, რომლითაც გურამიშვილზე ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ.

– დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ახლა ვცხოვრობთ ღატაკად, სოციალურად დაუცველები ვართ. ერთი შვილი 2010 წელს დამეღუპა, მყავს მეორე შვილი, 80 წლის ნანული. შვილიშვილებიც მყავს და შვილთაშვილებიც. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი დრო და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო, ვცდილობდი, შვილებისთვის ცხოვრება შემემსუბუქებინა. მოკლედ, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ადამიანი ჩემზე წიგნსაც დაწერს.

რაზე იქნებოდა ეს წიგნი?

– დიდ გაჭირვებაზე, დიდ უბედურებაზე, რომელიც მე გავიარე. რაც ვიმუშავეთ, ყველაფერი იმ სახლს მოვახმარეთ, რომელიც მოულოდნელად მიწასთან გასწორდა. რომ გვეგონა, პრობლემები დასრულდა და, აი, დაცემულები უნდა წამოვდგეთ-თქო, სწორედ ამ დროს ხდებოდა ჩვენს თავს სხვადასხვა უბედურება.

ახლა ვიღებთ პენსიას და სოციალურ დახმარებას. 4 ნოემბერს, 100 წლის რომ გავხდი, თბილისის მერიამ 1000 ლარი მაჩუქა.

– დღევანდელ თაობაზე რას ფიქრობთ, როგორ აფასებთ თანამედროვე გოგოებს?

– ძალიან არ მომწონს, პაპიროსს რომ ეწევიან. ეს არის საკუთარი თავის დაღუპვა. ნარკოტიკების გაგონებაც არ მინდა, ამაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება ჩაცმულობას, ამ მხრივ გოგონებს არ ვაკრიტიკებ. საზოგადოება ვითარდება და ჩაცმის სტილიც იცვლება. უბრალოდ ისე არ უნდა ჩაიცვა, რომ სხვამ დაგცინოს. კარგი ჩაცმა მეც მიყვარდა და ჩემს შვილებსაც.

– რა ფიქრები, რა მიზნები გაქვთ?

– მხოლოდ ერთს ვფიქრობ – ისე მოვკვდე, ჩემი შვილი და შვილიშვილები არ გავაწვალო.

80 წლის ნანული ჭეხაშვილს დედასთან საოცარი ურთიერთობა აქვს. ასაკის მიუხედავად, დედაზე იმდენად არის მინდობილი, რომ ელემენტარულ რამესაც კი 100 წლის დედას უთანხმებს.

– მიუხედავად იმისა, რომ მეც ასაკოვანი ვარ, ოღონდ დედამ კიდევ იცოცხლოს და როგორც შევძლებ, ისე მოვუვლი, – ამბობს ქალბატონი ნანული, – შვილი დედის მიმართ ასე უნდა იყოს განწყობილი. მაღაზიაში რომ მივდივარ და, მაგალითად, რაიმე დავინახე და ვფიქრობ, ხომ არ ვიყიდო-მეთქი, ჯერ სახლში ამოვალ, დედას შევუთანხმებ და მერე ვიყიდი.

მე და დედა ვმეგობრობთ და ერთმანეთის მესაიდუმლეებიც ვართ. მე, ჩემი და და დედაჩემი ყველგან ერთად დავდიოდით. მისაბაძი დედაშვილობა გვქონდა და გვაქვს.

დედა მე და ჩემს დას სულ იმას გვეუბნებოდა, არც ქუჩაში და არც სხვასთან არაფერი შეჭამოთო. უყვარდა, მის გაკეთებულს რომ ვჭამდით. 100 წლის არის და ისევ ამ აზრზეა, რომ ქუჩაში ნაყინიც კი არ უნდა შეჭამო.

– დედა-შვილი ერთად დადიხართ სასეირნოდ ან სტუმრად?

– დიდი ხანია, რაც ჩემი და გარდაიცვალა და დედა გარეთ აღარ გადის. ასე ამბობს, ჩემი შვილი მიწაში წევს და მე ქუჩაში როგორ ვიაროო.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე