“ვანო ზოდელავამ თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა”

"ვანო ზოდელავამ თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია... არავინ იცის, რას გრძნობდა"დედაქალაქის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ის 5 თებერვალს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვანო ზოდელავა 2017 წლის ივლისში ავარიაში მოყვა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ დღიდან გონზე აღარ მოსულა. წელიწადნახევარი საავადმყოფოში იწვა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.

ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში მუშაობდა. იქ სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული. იმ საბედისწერო დღეს სწორედ აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. საქართველოს საზღვრამდე იქაური ტაქსით იმგზავრა. სამშობლოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კი ქართულ ტაქსიში გადაჯდა და თბილისისკენ გამოემართა. უკვე თბილისში იყო შემოსული, როცა ავარია მოხდა – ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, მძიმედ ტრავმირებული ვანო ზოდელავა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის ყოფილი მერის ბავშვობის მეგობარი, ბატონი თემურ ქურხული “სარკეს”ვანო ზოდელავას ცხოვრებასა და სიცოცხლის უკანასკნელ თვეებზე მოუყვა.

თემურ ქურხული: მე და ვანო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ის ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ძალიან ღია და გახსნილი გახლდათ ურთიერთობებში, დიდი იუმორი ჰქონდა და შეყვარებული იყო თბილისზე. ქუჩაში ხშირად სულ მარტო, ფეხით დადიოდა. ხან ერთადაც დავდიოდით. რაღაცებს მოინიშნავდა ხოლმე, დავალებებს მისცემდა შესაბამის სამსახურებს.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა ვანო ზოდელავა თბილისის მერი იყო, დედაქალაქს არ ჰქონდა იმხელა ბიუჯეტი, რამხელაც, მაგალითად, დღეს არის. ახლა მილიარდამდეა ბიუჯეტი და მაშინ 170 მილიონი ლარი ჰქონდა მხოლოდ, რაც ძალიან ცოტა იყო. ამ მცირე ბიუჯეტითაც ცდილობდა, დედაქალაქს რაღაც შეტყობოდა და დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა.

დილით ყველა თანამშრომელზე ადრე მიდიოდა სამსახურში და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ყველა სატელეფონო ზარს პასუხობდა. დღეში ხან 50-ზე მეტ ადამიანს იღებდა და მათ პრობლემებს აგვარებდა. შრომისმოყვარე იყო და იმ ადამიანებსაც აფასებდა, რომლებსაც შრომა უყვარდათ.

მეგობრების მიმართ ძალიან თბილი, ლოიალური და ყურადღებიანი იყო. თუ ვინმეს დახმარება შეეძლო, აუცილებლად ეხმარებოდა, ასაქმებდა… მისი დაკრძალვისას ყველას ცრემლი გვადგა თვალზე, რადგან ძალიან დიდი გულის მქონე კაცი დავკარგეთ. ძალიან დამაკლდა ვანოსთან ურთიერთობა. ბაქოდანაც ხშირად მირეკავდა.

– ბაქოში რას საქმიანობდა?

– მშენებლობის ბიზნესით იყო იქ დაკავებული. დიდი სავაჭრო და საოფისე ცენტრები ააშენა. 2007 წელს წავიდა იქ და ავარიაშიც იქიდან წამოსვლისას მოყვა.

ვანოს ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი დარჩა. შვილებზე გადაყოლილი მამა იყო. ყველას ყველაფერს უკეთებდა, მაგრამ სანამ გაუკეთებდა, სულ ჯუჯღუნებდა. ამის გამო ვჩხუბობდით. დედაქალაქის მერი რომ იყო, მე ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი ვიყავი. დღედაღამ ერთად ვიყავით – მეგობრობა, საქმიანობა… გვიყვარდა კამათი და ჩხუბი გარკვეულ საკითხებზე. მუდამ საქმეზე ლაპარაკობდა და სულ ვკამათობდით.

მე მერეც ვიმუშავე მერიაში და შედარებაც არ იყო ადრინდელ ბიუჯეტთან. ვანოს კი ყველაფრის გაკეთება უნდოდა იმ მცირე თანხით. წამოგვყრიდა დილაადრიან, ჩაგვისვამდა მანქანაში და დავდიოდით ქალაქში. ყველაფერი იცოდა, რაც თბილისში ხდებოდა. იმხელა ენერგიის პატრონი იყო, შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას კიდევ გამოსდგომოდა და ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა.

– იმ საბედისწერო ავარიაზე რა იცით?

– მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ მხარეს დაარტყა, საითკენაც ვანო იჯდა. თავი მიარტყა და გაითიშა.

– მას მერე წელიწადნახევარი სულ აპარატზე იყო შეერთებული?

– დიახ. ერთი პერიოდი მოხსნეს აპარატიდან, რადგან მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მერე ისევ დამძიმდა და ისევ შეაერთეს.

– ამ წელიწადნახევრის განმავლობაში გონზე არ მოსულა?

– არა, ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. ავსტრიიდან ჩამოვიყვანეთ ექიმი, თავის ქალა დაუხურეს, მაგრამ ისეთი ტრავმა იყო, შუმახერმა რომ მიიღო. ის 6 წელია აპარატზეა შეერთებული.

ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე დარჩა – მაია ნიკოლაძე, რომელიც გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც, სულ საავადმყოფოში ვიყავით.

– ამ ხნის განმავლობაში სულ კლინიკაში იყო?

– დიახ. არ შეიძლებოდა მისი ტრანსპორტირება და გარდაცვალებამდე კლინიკიდან არ გამოუყვანიათ.

– ავარიის მერე რაიმე იმედი არსებობდა, თუ თავიდანვე ცხადი იყო, ეს ამბავი რითიც დამთავრდებოდა?

– ავსტრიიდან რომ ჩამოვიყვანეთ ექიმი, თავის ქალა ღია იყო და დახურა. მაშინ გვითხრა, დახურვის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში რაიმე ნიშნები უნდა იყოს იმის, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობაო, მაგრამ ასე არ მოხდა. იმედი მაინც იყო, რადგან ყველა ამბობდა, 100-დან 1 შემთხვევაში ხდება ხოლმე სასწაულიო. სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დამთავრდა.

ბოლოს ძალიან გახდა. უზომოდ გაწვალდა. რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს გრძნობდა.

– ტაქსის მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა, დააკავეს?

– როგორც ვიცი – არა, რადგან ვანოს ოჯახმა არ იჩივლა. უბედური შემთხვევა იყო და ხდება ხოლმე. ესეც ვანოს გაკეთებულ ბოლო კეთილ საქმედ ჩავთვალოთ.

 რუსუდან ადვაძე, სარკე