სალომე მომცემლიძე ბეჰემოტმა ლამის გადაყლაპა – “ვერ ვიცხოვრებ ისეთ ბიჭთან, რომელიც ძაღლებს ვერ იტანს”

სალომე მომცემლიძე ბეჰემოტმა ლამის გადაყლაპა - "ვერ ვიცხოვრებ ისეთ ბიჭთან, რომელიც ძაღლებს ვერ იტანს"ჟურნალისტი სალომე მომცემლიძე “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში უკვე 5 წელია, მუშაობს. პროფესიით კინომცოდნე თავის მომავალს სწორედ ამ კუთხით ხედავდა, მაგრამ ტელევიზიამ და ჟურნალისტის მრავალფეროვანმა პროფესიამ მას გეგმები შეაცვლევინა.

სალომეს სიუჟეტებს შორის ყველაზე პოპულარული ცხოველებთან დაკავშირებული რუბრიკაა. თავად სალომეც ყველაზე კომფორტულად თავს ამ ამპლუაში გრძნობს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან დაბადების პირველივე დღეებიდან მის გვერდით ყოველთვის არის ძაღლი, რომელზეც ზრუნავს და რომელიც უყვარს. ამიტომ იმ ბიჭებს, რომლებსაც სალომეს გულის მოგება სურთ, ცხოველები, კერძოდ კი ძაღლი უნდა უყვარდეთ.

– სალომე, პირველად როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ოთხფეხა მეგობარი?

– რაც თვალი გავახილე, ჩემ გვერდით ძაღლია. ჯერ ძაღლი იყო ჩემს ოჯახში და მე მერე დავიბადე. მეტისის ლეკვი მოუყვანიათ და დედა ორსულად რომ იყო ჩემზე, მუცელზე იწვენდა. ეს ძაღლი 9 წელი გვყავდა და ერთად გავიზარდეთ, ერთად ვსეირნობდით, ვაჭმევდი, ტანსაცმელებს ვუკერავდი, ძალიან ვზრუნავდი მასზე.

14 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემმა ყავისფერი ლაბრადორი მომიყვანა. როცა ადამიანს სთხოვენ, შენი ცხოვრების ბედნიერი პერიოდები გაიხსენეო, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი სწორედ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში. ლაბრადორი რომ ჩავიხუტე, იმის შემდეგ გვერდიდან არ მომიშორებია. სამწუხაროდ, 9 წლის მერე მოკვდა. პირველი ძაღლიც, ჩვენი სახლიდან როცა წავიდა, 9 წლის ვიყავი.

მისი დაკარგვა შედარებით ადვილად გადავიტანე, რადგან მეც პატარა ვიყავი. ლაბრადორი ლიმა რომ მომიკვდა, ერთი წელი სერიოზული გლოვა მქონდა, მისი ყელსაბამით ვიძინებდი და ძალიან რთულად გადავიტანე. ერთი წლის მერე ავიყვანე ძაღლი, რომელიც ერთმა გოგომ იპოვა ქუჩაში და გაჩუქება უნდოდა. მსურველებს შორის მეც აღმოვჩნდი. ახალ ძაღლს ფოლკი დავარქვი და დღემდე ჩემ გვერდით არის. ამ გადაწყვეტილებამ მიშველა, მდგომარეობიდან გამომიყვანა.

– ფაქტობრივად აქამდე მთელი ცხოვრება ძაღლებთან ერთად გაატარეთ. ალბათ ვერასოდეს გაუგებთ ბიჭს, რომელსაც არ უყვარს ძაღლები.

– თუ ვერ იტანს, არა მგონია, რომ ის ბიჭი მომეწონოს. არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ძაღლები, მაგრამ არ უყვართ მათი მოფერება. ასეთი სიტუაცია კიდევ დასაშვებია, მაგრამ ვერაფრით შევძლებ ცხოვრებას ბიჭთან, რომელსაც ძაღლების ატანა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ცხოვრების წესია.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად ძაღლის თვისებებში?

– ერთგულება. გარდა ამისა, საოცრად თბილი არსებები არიან. ძაღლთან ურთიერთობაში ყოველთვის ისეა, რომ რამხელა სიყვარულსაც გასცემ, ზუსტად იმდენს იღებ. სახლში რომ მივდივარ, ისეთი გახარებული მხვდება, შეუძლებელია, ეს ემოცია არ გადმოგედოს. ძაღლი არასოდეს მოგატყუებს, შენ წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა არასოდეს ექნება.

– ძაღლის მოყვარულებს ხშირად კატები არ უყვართ. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათ მიმართ?

– ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს. კატის ყოლის სურვილი არასოდეს გამჩენია, თუმცა ძაღლი რომ არ მყოლოდა, შეიძლებოდა კატა მომეყვანა სახლში. ჩემი აზრით, კატა ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს და იმიტომ არ უყვართ, რომ საკუთარ თავს ხედავენ მასში. კატა ბუნებით ასეთია, რაც არ უნდა, არ გააკეთებს, ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს. ეს თვისება ადამიანშიც დიდი დოზით არის.

ძალიან მიყვარს გარეული ცხოველები – სპილოები, ბეჰემოტები, ლომზე ვგიჟდები. სილამაზით ყველაზე მეტად ცხენი მომწონს. სახლში ორი კუც მყავდა და, სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანები არიან. როცა მოშივდებოდა, მაცივართან მიდიოდა და თავს ურტყამდა, რომ საჭმელი გამოგვეღო და გვეჭმია. ისიც აღმოვაჩინე, რომ ისინი ნელები სულაც არ არიან – როცა შიათ, დიდი სისწრაფით მოძრაობენ.

– როგორ მოხვდით “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში?

– ბიცოლაჩემმა მიბიძგა, საერთოდ არ ვფიქრობდი ჟურნალისტობაზე. პროფესიით კინომცოდნე ვარ, ძალიან მიყვარს კინოსამყარო და ჩემს მომავალსაც ასე ვხედავდი, გოგი გვახარიობა (კინომცოდნე გოგი გვახარია, ავტ.) მინდოდა. მერე კი ტელევიზიამ ძალიან დამაინტერესა, ჟურნალისტის მრავალფეროვანი ცხოვრება მომეწონა.

5 წელია უკვე ამ საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ყველანაირ სიუჟეტს ვამზადებ, მათ შორის სოციალურ საკითხებზე, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ჩემს რუბრიკაზე – ცხოველების თემაზე მუშაობა. მარტივად გამომდის ნებისმიერ ცხოველთან ურთიერთობა და ეს მაყურებელსაც მოსწონს.

– არც ერთი ცხოველის არ გეშინიათ?

– არ მეშინია, გველიც შემომიხვევია თავზე და სპილოსთანაც მქონია ურთიერთობა. ყველაზე რთული მშიშარა ცხოველთან ურთიერთობაა. მაგალითად, კენგურუსთან მუშაობა ძალიან გამიჭირდა, რადგან ეშინოდა. ბეჰემოტი ძალიან საშიში აღმოჩნდა. მკაცრად გამაფრთხილეს, რომ დიდი დისტანცია დამეჭირა, მაგრამ ვერ მოვითმინე, ძალიან ახლოს მივედი და ლამის გადამყლაპა. კბილებს ვუხეხავდი დიდი ჯაგრისით. ამ დროს ჯაგრისს კბილები ჩაავლო და ლამის მეც ყბებში მომიქცია. წყალი შევასხი, ისევ პირი გააღო და ჯაგრისიც გამოვაცალე.

დათვის ბელმა დამტორა. მასთან ერთად პირდაპირი ჩართვა უნდა მქონოდა. ბელებს ძალიან უყვართ ლოკვა და როცა ხელს უშლი, ბრაზდებიან. ჩართვამდე 30 წამი იყო დარჩენილი, ის კი ხელზე მლოკავდა. მომვლელმა გადაწყვიტა, რომ ბელი კადრიდან გაეყვანა, ამაზე გაბრაზდა და მხარზე დამტორა. იარა დღემდე მაქვს.

ადამიანებთან მუშაობას ცხოველებთან მუშაობა მირჩევნია. რატომღაც უფრო ადვილად ვხვდები, მათ რა უნდათ და როგორ უნდა მოვიქცე.

– დღეს ქალაქში ბევრი პრობლემაა მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით, ადამიანების მხრიდან ძაღლებზე განხორციელებული სისასტიკის ფაქტებიც გახშირდა. ამაზე რა რეაქცია გაქვთ?

– საბედნიეროდ, პირისპირ არასოდეს შევჯახებივარ ძაღლების წამების ფაქტს, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება მე თვითონ ჩავჯდე ციხეში, რადგან არ ვიცი, მოძალადე ადამიანს რას ვუზამ. ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელი არის სუსტი არსების დაჩაგვრა.

ადამიანი ვერ ხვდება, რომ ამ დედამიწაზე როგორც ჩვენ გვაქვს ცხოვრების და არსებობის უფლება, ასევე აქვთ ძაღლებსა და სხვა ცხოველებს. ჩვენი ვალდებულებაა, მათ მოვუაროთ.

ქუჩაში როგორც ადამიანს სჭირდება დახმარება, ისე სჭირდება ძაღლსაც. მანქანაში ყოველთვის მაქვს საჭმელი, რომ მშიერ ძაღლს თუ დავინახავ, გამოვკვებო. თუ საჭმელი არ მაქვს, მაშინვე შევდივარ მარკეტში და მათთვის პროდუქტებს ვყიდულობ. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ცხოველებზე ძალადობაა და კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.

 ავთო ჩიტიძე, სარკე