,,რძალმა ჩემს შვილს ღალატი ვერ აპატია, არადა მანამდე ქმარს თვითონაც ღალატობდა”

,,რძალმა ჩემს შვილს ღალატი ვერ აპატია, არადა მანამდე ქმარს თვითონაც ღალატობდა"ოჯახის დანგრევა ცხოვრებისეული მარცხია, რომელიც დიდ ტრავმებს იწვევს. ამ დროს ზარალდება ყველა, ვინც კი წყვილის გარშემოა – მათი მშობლები, შვილები… გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლ-ქმარს ურთიერთობის დაბალანსებაში შეუწყოს ხელი, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და ოჯახი დანგრევისგან გადაარჩინოს. ამ დროს კი ისმის კითხვა: ღირს კი ბზარგაჩენილი ურთიერთობის შენარჩუნება, იქნებ უბრალოდ მოვლენების დინებას უნდა მიჰყვე? ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი ციცინო დღეს ამ ყველაფერზე ბევრს ფიქრობს. თავისი დარდი მან “სარკეს” გაუზიარა.

ციცინო:

– რატომ ვაფარებდი რძალს ხელს? ეს კითხვა არაერთგზის დამისვამს ჩემი თავისთვის. იქნებ იმიტომ, რომ 18 წლის ასაკში შემოვიდა ჩემს ოჯახში და შვილივით გამოვზარდე, იქნებ იმიტომ, რომ ქალიშვილების პატრონი ვარ და მათზე წარმოვიდგინე იგივე, იქნებ იმიტომაც, რომ ჩემს ვაჟს ოჯახი არ არეოდა და შვილიშვილებიც არ დამეზარალებინა.

ასეთი არაერთი “იქნებ” ჩნდებოდა ჩემს ფიქრებში და ვცდილობდი, ჩემი საქციელი გამემართლებინა, ცხოვრებამ კი მიჩვენა, რომ არ უნდა მომეთმინა, მისაგებელი მიმეგო. ჩემმა მოთმინებამ არ გაამართლა, ცუდად მომიბრუნდა უკან, ცხოვრება დამენგრა და ნანგრევებში მოვყევი. ახლა ვცდილობ, თავი სხვაგვარად დავიჭირო, მსხვერპლად არ წარმოვაჩინო, არადა სინამდვილეში ასეა.

– რატომ დაგჭირდათ რძლისთვის ხელის დაფარება, ასეთი რა ხდებოდა?

– შევესწარი, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც კაცს ტელეფონზე. ასე არ ესაუბრებიან არც მეგობარს, არც ნათესავს, არც ნაცნობს… ისე კამათობდნენ, მათ შორის უთუოდ სხვა სიახლოვე იყო – სხვას ვერ იფიქრებდი. ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, არ დავიჯერებდი.

– იმ ერთი საუბრით გამოიტანეთ ასეთი დასკვნა თუ გქონდათ სხვა სამხილიც, რამაც დაგაეჭვათ?

– იმ ხანებში უცნაურად იქცეოდა. სულ სადღაც მიიჩქაროდა, გარბოდა, სახლში არ ჩერდებოდა. ჩემი ვაჟი მუშაობდა, რძალმა კი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შესაფერისი სამუშაო ვერ ნახა. შვილებს დაჰყვებოდა სკოლაში, წრეებზე.

– შვილების პატრონი როგორ ახერხებდა გარე-გარე სირბილს?

– სკოლა მოშორებით იყო. ამბობდა, რომ სხვა მშობლებთან ერთად გაჰყავდა დრო სკოლის დამთავრებამდე. ვინ გააკონტროლებდა?! მერე უკან მოჰყავდა ბავშვები, ხან სხვას ატანდა და საქმეებს იმიზეზებდა, ვითომ დახმარება სჭირდებოდა მეგობარს. მიზეზები არ ელეოდა. შინ ვეგულებოდი, იცოდა, ბავშვებს სადილი და ყურადღება არ მოაკლდებოდათ.

– არ საყვედურობდით, ასე რომ იქცეოდა?

– არა. ვცდილობდი, ისე მოვქცეოდი, როგორც ჩემს ქალიშვილებს, რომლებსაც ვაძლევდი განტვირთვის და გართობის საშუალებას, შვილიშვილებს ვიტოვებდი… თანაც რძალს ვენდობოდი, მჯეროდა, რომ მართლა ახლობლებისთვის ირჯებოდა. ვფიქრობდი, გოგო უმუშევარია და საკუთარი თავის რეალიზებას სხვების დახმარებით ცდილობს-მეთქი. ასეთი რაღაცები რომ ხშირად განმეორდა, უკვე აღარ მომეწონა, თუმცა როგორ ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა ქმრისთვის ეღალატა!

ეჭვი მაშინ გამიჩნდა, სატელეფონო საუბარი რომ მოვისმინე. გინდა, არ გინდა, მაგ დროს გაფაციცებული უსმენ, დეტექტივივით ხდები.

მას შემდეგ მობილურზე იმ კაცის ზარებს აღარ პასუხობდა, თიშავდა. ნაჩხუბრები იყვნენ. ზარს თუ გათიშავდა, უკვე ვხვდებოდი, რომ ის კაცი აწუხებდა. მერე მან ბინის ტელეფონზე ატეხა რეკვა. ყურმილს თუ ავიღებდი, თიშავდა. ასევე იქცეოდა, ოჯახის სხვა წევრები რომ უპასუხებდნენ, ხოლო თუ ჩემი რძალი აიღებდა ყურმილს, სხვაგან მოხვდითო, სწრაფად ეტყოდა და ყურმილს უკიდებდა. მერე ელვის უსწრაფესად ჩაიკეტებოდა საძინებელში, იმ კაცს მობილურით უკავშირდებოდა და საქმეს ურჩევდა.

– იქნებ ის კაცი უბრალოდ გადაეკიდა და ქალს მისი მოშორება სურდა?

– კაცი უსაფუძვლოდ არ გადაკიდებია. მძიმე ფაქტია, მაგრამ ასეა – ისინი ერთად იწვნენ, მერე კი, მცდელობის მიუხედავად, გოგომ ვეღარ მოიშორა.

– ცოლი რომ სხვა კაცთან ტელეფონით ურთიერთობას არკვევდა, მაგ დროს სად იყო თქვენი ვაჟი?

– ზოგჯერ სამსახურში იყო, ზოგჯერ კი სახლში, მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ანუ საქმეს მაშინაც ურჩევდა, ქმარი რომ შინ ჰყავდა.

– ქმარი ვერ ხედავდა ცოლის უცნაურ ქცევებს?

– ცოლის ერთგულებაში ეჭვს ვერ შეიტანდა. თვითონ რომ იყო პატიოსანი, ირგვლივ ყველას ასეთად აღიქვამდა, შინაურებს ვგულისხმობ, თორემ ჩემი შვილი ბრიყვი ნამდვილად არ ყოფილა. ალბათ ფიქრობდა, საძინებელში ჩაკეტილი ცოლი დაქალებს ელაპარაკებაო. სადაქალოში სულ რაღაცას ფუთფუთებდნენ, არჩევდნენ. თავიდან ხომ მეც ასე მეგონა, სანამ არ მოვისმინე.

– იმ ერთი მოსმენით გამოიტანეთ დასკვნა, რომ რძალს საყვარელი ჰყავდა თუ კიდევ განმეორდა მსგავსი შემთხვევა?

– რძალს მობილური გაუფუჭდა და შესაკეთებლად ჰქონდა მიბარებული. ბინის ტელეფონზე ატყდა რეკვა. რძალი აწრიალდა, ადგილს ვერ პოულობდა. კაცს ვერ მიახვედრა, რომ მარტო არ იყო, ჩემი შინ ყოფნა ხელს უშლიდა. დავინახე, როგორ გადადო ყურმილი გვერდზე. მივაძახე, მეზობელთან გავდივარ-მეთქი და კარი ხმაურით დავხურე. სინამდვილეში მეორე ოთახში გავედი, პარალელური ტელეფონი ჩავრთე და ყურმილი ავიღე.

– უსმინეთ დიალოგს?

– სხვისი საუბრის მოსმენა რა საკადრისია, მაგრამ ვერ მოვითმინე. იმით, რაც მოვისმინე, ყველაფერი დადასტურდა. ერთადერთი ნუგეში იყო, რომ რძალს იმ კაცის ჩამოშორება სურდა. მიხვდა, ოჯახს საფრთხეს შეუქმნიდა და სახელსაც შეირცხვენდა. ძალიან გავნერვიულდი და ყურმილი დავკიდე. რძალმა იგრძნო და საძინებლიდან გამოვიდა. ოთახში რომ დამინახა, შეცბა, მეზობელთან მეგონეთო. წნევამ ამიწია და წამლისთვის მოვბრუნდი-მეთქი, ვუპასუხე.

– მაინც არაფერი უთხარით?

– ავწონ-დავწონე და გაჩუმება ვამჯობინე. რაკი ჩემი რძალი იმ კაცს სამუდამოდ ემშვიდობებოდა, ესე იგი შეგნებული ჰქონდა თავისი დანაშაული. მივეცი საშუალება, მარტო დარჩენილიყო საკუთარ ცოდვასთან და აბეზარი კაცი მოეშორებინა.

– რძალი დაეჭვდა, რომ მეორე ტელეფონით საუბარი მოისმინეთ და არაფერი აგიხსნათ?

– თავისი ახლობლის პრობლემაზე დამიწყო ლაპარაკი, ვითომ იმ საქმეს განიხილავდა ტელეფონით, მაგრამ მოსმენა ვერ შევძელი და ჩემს ოთახში გავედი. მართლა ამიწია წნევამ და ცუდად გავხდი.

– თქვენი ვაჟი და რძალი თავის დროზე სიყვარულით შეუღლდნენ?

– ერთმანეთი უყვარდათ, ამიტომ მივეცი უფლება, ადრეულ ასაკში ექორწინათ. ახალგაზრდა დავქვრივდი. შვილები სიმწრით გამოვზარდე და მერე უკვე მათი ბედნიერებით ვხარობდი.

– როცა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში სიცრუე და ღალატი ჩნდება, ბალანსი ირღვევა, თუნდაც მეორე მხარემ, ანუ მოტყუებულმა მეუღლემ სიმართლე არ იცოდეს. თქვენმა რძალმა შეძლო ქმართან ურთიერთობის დაბალანსება?

– მათი ურთიერთობა აირია. ჩხუბი ჩვევად ექცათ. რძალი შვილებს მოიწვენდა გვერდზე და ისე იძინებდა, ქმართან წოლას გაურბოდა. შედეგად ჩემმა ვაჟმა სხვა ქალთან გაიარა. ეს ჩემი რძლის ყურამდე მივიდა – სადაქალომ ამცნო. ამის გამო ისეთი ამბავი აუტეხა ქმარს, კინაღამ სახლი გადადგა, არც მე გამიწია ანგარიში, არც შვილებს და არც მეზობლებს. ქვეყანა შეყარა. ქმარი უკანასკნელი ნაძირალა და არამზადა გამოიყვანა.

ჩემი ვაჟი თავს იდანაშაულებდა, ინანიებდა, ლამის თვითგვემას მიეცა. მისი ცოლი კი მეზობლებსა და ნათესავებში გამარჯვების ბაირაღს აფრიალებდა და ქმარს აძაგებდა. ურთიერთობა ვეღარ დაალაგეს. ქმარი ეხვეწებოდა, მაპატიეო, ცოლი კი დაუნდობლად ექცეოდა. ბოლოს გაიყარნენ, ჩემი რძალი შინიდან წავიდა. ქმრის ღალატი თითქოს კოზირად გამოიყენა.

– შვილები? დედა ხომ უპირველეს ყოვლისა შვილებზე ფიქრობს. რძლისთვის რატომ გახდა გაყრა ხელსაყრელი?

– ერთი შეხედვით ქმარს ღალატი ვერ აპატია. იქნებ საკუთარ თავთანაც წინააღმდეგობაში ჩავარდა, იგივე რომ ჰქონდა ჩადენილი? პირველმა ხომ მან უღალატა…

– ასეთ დროს ხომ უფრო უნდა მიეტევებინა მეუღლისთვის.

ფაქტია, რომ რაღაც ვერ გადახარშა საკუთარ თავში და ოჯახი დაანგრია. ბავშვები ხან ჩვენთან იყვნენ, ხან დედასთან. ჩემი ვაჟი ნერვიულობდა, ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა შინ და მოთქვამდა. მის ტანჯვას ვერ ვუძლებდი. მულები შუამავლის როლს ასრულებდნენ, რძალს ოჯახში დაბრუნებას სთხოვდნენ, ის კი უტეხად უარზე იდგა. მე ვერ ჩავერიე, თავს უფლება ვერ მივეცი, ჩემი შვილის გამო რძლისთვის პატიება მეთხოვა. ვერ ვითვალთმაქცე, მე ხომ სიმართლე ვიცოდი.

– დრომ რა როლი ითამაშა?

– რძალი მიეჩვია თავის გემოზე ცხოვრებას, სამსახურიც გამოძებნა. ბავშვები რომ ჩვენთან იყვნენ, მაშინ ქალაქგარეთ გადიოდა განსატვირთად და გასართობად. ერთი სიტყვით, თავისუფალ ცხოვრებას გაუგო გემო და ოჯახს რატომღა დაუბრუნდებოდა?

წლებმა ჩემს ვაჟზე უარყოფითი გავლენა იქონია, სულ უკან-უკან მიდიოდა. მისი შინაგანი მდგომარეობა მაშფოთებდა. მეც დავუძლურდი. ჩემს ქალიშვილებს თავიანთი ოჯახები ჰყავდათ მისახედი. გამიჩნდა შიში, ჩემ მერე რა ეშველებოდა ჩემს ვაჟს, ამიტომ ხელი შევუწყვე, ხელმეორედ ექორწინა.

– თქვენი ჩარევით მოიყვანა მეორე ცოლი?

– ეს ჩემმა შვილმა თავისით გადაწყვიტა, მე მხოლოდ თანხმობა მივეცი. ახალ რძალს ჩემი ვაჟი ბავშვობიდან უყვარდა. ოჯახის გოგოა, ერთგული, წესიერი… ალბათ ჩემმა შვილმაც ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი. ის სიყვარული, რაც პირველ ცოლთან დააკლდა, მეორემ შეუვსო.

– ყოფილმა ცოლმა და შვილებმა როგორ მიიღეს ეს ქორწინება?

– ჩემმა პირველმა რძალმა, იმის შიშით, რომ შვილებს ბინა არ დაეკარგათ, ორივე ბავშვი ჩვენთან დატოვა. თვითონ მხოლოდ შაბათს ან კვირას მიჰყავდა. ამით იმასაც ცდილობდა, ჩემი ვაჟი და მისი ახალი ცოლი გაემწარებინა, შეეზღუდა, დაძაბულობა შემოეტანა ოჯახში.

– ამით ხომ ბავშვების ნერვებსაც ვნებდა, ნუთუ შვილებს არ უფრთხილდებოდა?

ამდენს არ ფიქრობდა. მთავარი იყო, თავისი გაეტანა. მეტისმეტი რომ მოუვიდა, დედამისს, ჩემს ყოფილ მძახალს დაველაპარაკე – ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მოზარდებს ვდიო, შვილები დედასთან უნდა იზრდებოდნენ-მეთქი. ძლივს წავაყვანინე. შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ, ბებომ სახლიდან გამოგყარათო, ბავშვებს ეუბნებოდნენ და ჩვენთან აღარ უშვებდნენ. ამ დარდს კინაღამ გადავყევი. შვილს უკანასკნელი სიტყვებით მილანძღავდნენ, მე კი ენა ვერ მოვაბრუნე, ყოფილი რძლისთვის მეთქვა ის, რასაც იმსახურებდა.

შვილთან შეთანხმებით სახლი დავშალეთ და ორი პატარა ბინა ვიყიდეთ, ჩემი ვაჟის ოჯახს გამოვეყავი, რომ ეს ბინა შვილიშვილებისთვის დამეტოვებინა. ახლა არავინაა მადლიერი. ჩემი ვაჟი სულ მსაყვედურობს, ბინიანად ჩემი მოსავლელი ხარ და ორმაგი პრობლემა შემიქმენიო. ყოფილი რძალი მადანაშაულებს, შვილს რომ ცოლი მოვაყვანინე. შვილიშვილებიც გაიზარდნენ და იმავეს მიმეორებენ – იმის ნაცვლად, რომ ჩვენი დედ-მამა შეგერიგებინა, სხვა მოიყვანე რძლადო.

ჩემს დანაშაულს ვერ ვხვდები. ერთადერთი, რაც დავაშავე, ისაა, რომ თავის დროზე პირში წყალი ჩავიგუბე და პირველი რძალი ღალატში არ ვამხილე. ამ შემთხვევაშიც გამოაბამდნენ კუდებს და იტყოდნენ, შვილს ოჯახი დაანგრევინაო. სიმართლეს ვერც ახლა ვამბობ და ამის გამო ვიტანჯები.

 ნინია კახიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი