ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა – ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე”

ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა - ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე"ქართველი დიზაინერი ლელი ცისკარაული უკვე 12 წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მისი მომსახურებით ცნობილი ოჯახები სარგებლობენ. მაგალითად, ლელის ნამუშევრები მრავლადაა ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესის, პოპულარული ჟურნალისტებისა და მსახიობების სახლებში.

უცხო ქვეყანაში წარმატებამდე განვლილ გზასა და თავის ესპანურ-ქართულ ოჯახზე ლელი ცისკარაული ,,სარკესთან” სიამოვნებით საუბრობს იმ იმედით, რომ მისი ცხოვრების მაგალითი ქართველ ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს.

ლელი ცისკარაული: საქართველოდან 2008 წელს წავედი. მაშინ 22 წლის ვიყავი. 19 წლიდან ვმუშაობდი, როგორც გრაფიკული დიზაინერი. სარეკლამო დიზაინს ვაკეთებდი. 2 წელი დღე და ღამე ვიმუშავე, მაგრამ ვერც ეკონომიკურად ვიდექი ფეხზე და ვერც პერსპექტივას ვხედავდი.

– ძალიან ახალგაზრდა ასაკში წასულხართ სამშობლოდან. ეტყობა, გაბედული ხასიათი გაქვთ.

– დიახ, ბავშვობიდან ამბიციური და მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. ვიფიქრე, რომ ჯობდა, საზღვარგარეთ დამემთავრებინა მაგისტრატურა. წამოვედი ბარსელონაში და ვისწავლე მაგისტრატურაში. ენის კურსებზე დავდიოდი, თან ვმუშაობდი. ინგლისურად ვსწავლობდი, მაგრამ იმ ქვეყნის ენა, სადაც ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე.

– სად მუშაობდით?

– ბავშვები გამომყავდა სკოლიდან. დილით ვსწავლობდი. სკოლა საღამოს 5 საათზე მთავრდება და 5-ზე რომ გამოვიყვანდი ბავშვებს, 1-2 საათი პარკში ვასეირნებდი. სულ 4 საათი ვმუშაობდი მათთან. ეს საშუალებას მაძლევდა, სწავლის ფულიც გადამეხადა და მეცხოვრა კიდეც. მაგისტრატურა რომ დავამთავრე, სამსახურის ძებნა ჩემი პროფესიით დავიწყე და ვიპოვე კიდეც. ფრანგი დიზაინერის ატელიეში დამხმარე დიზაინერად დავიწყე მუშაობა.

სანამ ჩემს კომპანიას გავაკეთებდი, ნახევარ განაკვეთზე პურის საცხობ მაღაზიაშიც ვმუშაობდი – პურს ვყიდდი. დილიდან 4 საათამდე თარგებსა და დიზაინზე ვმუშაობდი და მერე პურის მაღაზიაში მივდიოდი საღამოს 8 საათამდე.

– როგორ შეძელით საკუთარი კომპანიის შექმნა უცხოეთში?

– მაგისტრატურას სანამ დავამთავრებდი, იქ მოითხოვეს, რომ ბიზნესპროექტი წარმედგინა. რაც მაინტერესებდა, იმ თემაზე ვიმუშავე. თან ვფიქრობდი, რომ პროფესიონალი გაეცნობოდა ამ ჩემს პროექტს და მომცემდა შენიშვნასა თუ რჩევას და თუ მართლა გადავწყვეტდი, ჩემი კომპანია მქონოდა, ბიზნესგეგმა უკვე მექნებოდა.

ძალიან მცირე თანხით დავიწყე მუშაობა. ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდი და იქ გავაკეთე პირველი თარგი. ონლაინმაღაზიით დავიწყე გაყიდვა და თავიდან მხოლოდ 5 პროდუქტი მქონდა – საბავშვო დეკორატიული ბალიშები, წინსაფრები, საწოვარას ზონრები… მერე თანდათან დავამატე სხვადასხვა პროდუქცია.

დიზაინერის დამხმარედ სადაც ვმუშაობდი, იქ მივდიოდი და მათ საკერავ მანქანებს ვიყენებდი. ვქირაობდი საკერავ მანქანებს და ისე ვკერავდი. შეკერილს სოციალურ ქსელში ვათავსებდი.

თანდათან იმდენი პროდუქტი დავამატე, რომ ჩემს ოთახში შეუძლებელი იყო ამდენი ქსოვილისა და თარგის დატევა. ამიტომ ფართის დაქირავება გადავწყვიტე. რა თანხაც შემომდიოდა, ჩემთვის იქიდან არაფერს ვხარჯავდი. მთელ ფულს კომპანიის გაფართოებას ვახმარდი – ახალ ქსოვილს ვყიდულობდი, ახალ პროდუქტს ვამზადებდი. მერე საკერავი მანქანებიც შევიძინე და ახლა უკვე 7 ცალი მაქვს.

– ახლა რა პროდუქციას ამზადებთ, როგორი ასორტიმენტი გაქვთ?

– ჩვილი ბავშვის და საბავშვო ოთახის დეკორაციისთვის საჭირო აქსესუარებს – ბალიშებს, თეთრეულს, კონვერტებს, წინსაფრებს, საბავშვო ეტლების ჩანთებს, ორსული დედის ჩანთებს… აბსოლუტურად ყველა პროდუქტი პერსონალიზებულია – ხელით ვქარგავთ ბავშვების სახელებს, ინიციალებს… ძირითადად დედები გვიკვეთავენ და თვითონ წყვეტენ, როგორი ქსოვილი უნდა იყოს და ზედ რა ეწეროს.

აქაური ბაზრის შესწავლა როცა დავიწყე, მხოლოდ იმის საშუალება იყო, რომ ასეთი აქსესუარები, პერსონიფიცირების გარეშე, უკვე დამზადებული შეგეძინა მაღაზიაში. ჩვენ კი დედები გვიკავშირდებიან და თავად არჩევენ, როგორი უნდათ თავიანთი შვილებისთვის.

ყველაზე დიდ მნიშვნელობას, იცით, რას ანიჭებენ? ქსოვილიც და დამზადებულიც ესპანური უნდა იყოს. ჩემი მარკაა Dუსწთცუუეისტ, სადაც ბოლო სამი ასო ბარსელონას ნიშნავს. სწორედ ამას აქვს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

– თურმე ცნობილი ესპანური ოჯახები ყოფილან თქვენი კლიენტები.

– დიახ, 3 წლის წინ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარის, იკერ კასილასის მეუღლე, სარა კორბონერო იყო ორსულად, მეორე ბავშვს ელოდებოდა. ის აქ ძალიან ცნობილი ტელეწამყვანია. მისი მეილი რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი – სიხარულისგან ვწიოდი და ვკიოდი. მოგვწერა, რომ შემთხვევით გვიპოვა “ინსტაგრამზე”, ძალიან მოეწონა ჩვენი პროდუქცია, სურდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზება მოეხდინა და გვერდით დაგვიდგებოდა. გამოთქვა სურვილი, შეეძინა ორი ბალიში და საბავშვო საწოლის მოწყობილობა.

იმ მომენტისთვის პორტუგალიაში ცხოვრობდა და მეკითხებოდა, შეგვეძლო თუ არა, რომ გაგვეგზავნა. რა თქმა უნდა, დავუმზადე და გავუგზავნე. როცა გზავნილი მიიღო, “ინსტაგრამზე” გააზიარა და დაწერა, რომელი კომპანიისაც იყო. იმ დღეს გადაიწვა ჩემი მეილები და სოციალური ქსელები – უამრავი ორსული მწერდა, უამრავი შეკვეთა მივიღე და მაშინ გადავწყვიტე, სხვებიც დამესაქმებინა, თორემ მარტო ვერ გავუმკლავდებოდი.

იმ თვეში 280 შეკვეთა მივიღე. მაშინ გახდა ჩემი მარკა ცნობილი. მერე “ბარსელონას” ფეხბურთელის, ჯორდი ალბას, მეუღლე დაგვიკავშირდა. უნდოდა ბავშვის ბალიშები, საწოლის აქსესუარები… ატვირთა სოციალურ ქსელში და დაწერა, დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი პროდუქციის დამზადებისთვისო. მეორე დღეს კი მივიღე ლიონელ მესის მეუღლის, ანტონელა როკუციოს, მეილი. ალბას და მესის მეუღლეები ახლო მეგობრები არიან. დიდი შეკვეთა მოგვცა – ბალიშები, ჰოსპიტლის ჩანთა, ორი კონვერტი… ყველაფერზე მათი მესამე ბავშვის სახელი, სირო, უნდა დაგვეწერა. საოცარი სისწრაფით დავამზადეთ. ასეთი კლიენტები ყოველთვის ხომ არ გვყავს!

ანტონელამაც ატვირთა თავის “ინსტაგრამზე” და ჩვენი კომპანია მონიშნა. ვერ გადმოგცემთ, რა მოჰყვა ამ ამბავს! არგენტინიდან, სამხრეთ ამერიკიდან და საიდან არ მოგვწერეს. სამხრეთ ამერიკაში არ ვაგზავნით, რადგან გზავნილის ფასიც მაღალია და თან არ არსებობს გარანტია, რომ დანიშნულების ადგილამდე ჩავა.

ანტონელას მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოების შემდეგ ჩემი მეუღლე მთელი დღეები მეილებსა და მესინჯერში პასუხების გაცემით იყო დაკავებული. მესის მეუღლემ მალე კიდევ მოგვცა დიდი შეკვეთა – მისი და იყო ორსულად და დისშვილისთვის აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენგან იყიდა.

ბოლო შეკვეთა მესის მეუღლეს იანვარშიც გავუგზავნეთ – ვიღაცისთვის საჩუქრად უნდოდა და ინიციალებით პერსონიფიცირებული აქსესუარები სჭირდებოდა. გვთხოვა, 3 დღეში იქნებ დამიმზადოთო. რა თქმა უნდა, დავუმზადეთ. სხვა შემთხვევებში 10 დღეს ვითხოვთ შეკვეთისთვის. შეკვეთები გვაქვს ასევე აქაური ტელეწამყვანებისგან, მსახიობებისგან…

– თქვენი ქმარი ქართველია?

– არა, ესპანელი. მაგისტრატურა რომ დავამთავრე, მერე გავიცანი. კატალონიელია. ის რომ არ დამდგომოდა გვერდით მორალურად, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი. ჯერ გათხოვილი არ ვიყავი, ბიზნესი რომ დავიწყე და სულ გვერდით მედგა. ახლა კომპანიაში ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს.

– ადვილია ესპანელებთან ურთიერთობა?

– ძალიან თბილი ხალხია და რამით თუ შეუძლიათ დაგეხმარონ, უკან არ დაიხევენ. არასოდეს მიგრძვნია, რომ აქ ემიგრანტი ვარ. ძალიან ადვილია აქაურებთან ურთიერთობა. არ აქვთ ისეთი ტრადიციები, რომლებსაც ვერ შეეგუები. პატივს სცემენ შენს შეხედულებებს და შენც უნდა სცე პატივი. ჩემს ქმართან თუ ვკამათობ, ეს მხოლოდ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ქსოვილისთვის თუ კონკრეტული თანხაა გამოყოფილი და მე უფრო მეტი მინდა. ის აგვარებს ადმინისტრაციულ საკითხებს.

ქართველი კაცის სტერეოტიპი არასდროს მომწონდა. სულ გაკონტროლებენ, სად წახვიდე თუ წამოხვიდე… ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის სრული ნდობა და თავისუფლებაა. რადგან შენთან ვარ, ე.ი. მინდა, შენთან ვიყო, თორემ ავდგები და წავალ, არაა პრობლემა.

– ოჯახური ტრადიციები როგორია, ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრება ხომ არ გიწევთ?

– არა. მამა დაღუპული ჰყავს ჩემს მეუღლეს და დედამთილს წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ, სადღესასწაულო დღეებში ვხვდები. მაგალითად, შობადღეს, დაბადების დღეებზე. აქ არავინ გაწუხებს. ყველას თავისი საქმე აქვს და არავის სცალია შენთვის.

აქ შენი ოჯახი გაქვს და მორჩა. დეიდაშვილ-მამიდაშვილებს არც იცნობს ჩემი მეუღლე. ორი წლის წინ გაიცნო ბიძაშვილი, რომელიც 36 წლისაა. იცის, რომ მამამისის ძმისშვილია და მორჩა. ჩემზე იცინის ხოლმე, რამდენი დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილი გყავს, მთელი საქართველო შენი ბიძაშვილი როგორააო.

თავიდან ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა ეს ამბავი, მაგრამ ახლა მივეჩვიე. ყოველ წელს ჩამოვდივართ საქართველოში და იმდენი ხალხი მოდის ხოლმე სანახავად, აქ რომ ასეთი მიმოსვლა მქონდეს, შეიძლება გავგიჟდე. ქმარი ჩემი დის ქორწილში ჩამოვიდა პირველად და გაგიჟებული წამოვიდა.

– რატომ?

– რამდენი საჭმელი იყოო, გადაირია. დიდი ყურადღება მიაქციეს ჩვენებმა და იმაზეც გადაირია, სად დამალულიყო, აღარ იცოდა. თან ენა არ იცოდა და რას ეუბნებოდნენ, ვერ იგებდა. იყო შეშინებული, სასმელს აძალებდნენ… ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი.

ბარსელონაში სხვა ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?

– ერთი ქართველი ქალი მყავს მკერავად, რომელიც შემთხვევით ვიპოვე. საიტზე ვაკანსია დავდე და გამომეხმაურა. არ მქონდა მინიშნებული, რომ ქართველი ვიყავი. მომწერა, რომ 56 წლის იყო და ეხერხებოდა კერვა. ქართული გვარი რომ ვნახე, მაშინვე დავურეკე და უკვე 3 წელია, ჩემთან მუშაობს.

აქ ბევრ ქართველს არ ვიცნობ. ვისაც ვიცნობ, ინტეგრაცია უჭირთ. გამიცვნია ქართველი, რომელიც 10 წელია აქ არის და ესპანური ენა კარგად არ იცის. არადა თუ გინდა, ამ ქვეყანაში რამეს მიაღწიო, ჯერ ენა უნდა ისწავლო კარგად.

მონდომებაა მთავარი და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მიაღწევ მიზანს, სამწუხაროდ, ქართველებში სწორედ ეს ინტერესია ძალიან დაბალი. თუმცა 50 წლის ასაკისა რომ ჩამოდიან, რთულია, რამე ისწავლონ, ისინი მხოლოდ მოხუცებთან ან ოჯახში თუ იმუშავებენ, მაგრამ ახალგაზრდებიც ვიცი, რომლებიც წლებია აქ არიან, მხოლოდ ქართველებთან აქვთ ურთიერთობა და საკუთარი თავის განვითარებაზე უარს ამბობენ. დაიწყებენ ოჯახში მუშაობას და 8-9 წელი იქ არიან, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ. ეს კი ის ქვეყანაა, თუ შენი პროფესია კარგად იცი, ისეთ სამსახურს იშოვი, როგორიც გინდა.

რუსუდან ადვაძე, სარკე

ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა - ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე"

ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა - ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე"

ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა - ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე"