,,კარგი ცოლ-შვილი მყავს, მაგრამ მაინც ვიღაცის ცოლს მივტირი”

,,კარგი ცოლ-შვილი მყავს, მაგრამ მაინც ვიღაცის ცოლს მივტირი"სიტყვის დიდ ძალას ადამიანები ზოგჯერ ძალიან ბოროტად იყენებენ და სხვების ცხოვრებას რადიკალურად ცვლიან. ასე იქცევიან მკითხავებიც, ე.წ. ბედის შემცნობები და თავიანთ მსხვერპლს ხაფანგში აქცევენ, თითქოს აპროგრამებენ. სამწუხაროდ, ჩვენი რესპონდენტი, ბატონი ნიკაც მარჩიელის მსხვერპლი აღმოჩნდა, ერთმა დღემ მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა.

ნიკა:

– ახალგაზრდა ვიყავი, ხათუნა რომ შემიყვარდა. თავმომწონე გოგო იყო, თავს იფასებდა. მისი გულის მოსაგებად ათასგვარ სიგიჟეს ჩავდიოდი. მის სახეს კედლებზე ვხატავდი, ღამით ავძვრებოდი მესამე სართულზე, მის აივანზე და ყვავილებით ვამკობდი. ჩემი თაყვანისცემა სიამეს ჰგვრიდა და მორიგ სიურპრიზებს ელოდა, თუმცა სიყვარულზე თანხმობას არ მაძლევდა.

ეს ჩემი მშობლების ყურამდე მივიდა. დედა წუხდა ჩემ გამო, შვილს ვეღარ ვცნობო. ხათუნას თავის დაფასებამ კი გააგულისა. საქმე ის იყო, რომ ჩვენი ოჯახი სოციალურად მაღლა იდგა ხათუნას ოჯახთან შედარებით. წესით, უნდა გახარებოდათ ჩვენს ოჯახთან დანათესავება, მაგრამ ასე არ მოხდა.

ორი წლის შემდეგ ხათუნამ სიყვარულით მიპასუხა, მაგრამ ჩვენ შორის დატრიალებულ ენებს არაფერი ეშველა. მეზობლები და უბნელები თავს უფლებას აძლევდნენ, ჩვენი ამბები განეხილათ: იმ ოჯახმა თქვენზე ეს და ის თქვაო და ასე შემდეგ. დედაჩემი ყოველ ჯერზე ნაწყენი რჩებოდა და ხათუნასკენ გული ვერაფრით მოიბრუნა.

– ამ ენების მიტან-მოტანაში როგორ ვითარდებოდა თქვენი სიყვარული?

– ნორმალურად, თუმცა მერე რაღაც შეიცვალა. ჩვენს ახლობელს რუსეთიდან მკითხავი ქალი ესტუმრა. მაშინ ადამიანებს გაცნობიერებული არ ჰქონდათ, რომ მკითხაობა ცოდვა იყო. იმ ქალთან ბევრი მიდიოდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ერთხელ დეიდაშვილმა ნელიკომ მთხოვა, წავყოლოდი – მეშინია, რამე ცუდი არ მითხრას, გასამხნევებლად მჭირდებიო. უარი ვერ ვუთხარი.

მკითხავმა ნელიკოს ბევრი კარგი რამ უთხრა, მერე კი მეც მომმართა, შენს ცხოვრებაში გადაუჭრელ პრობლემებს ვხედავ და სურვილი თუ გექნება, გიმკითხავებო. დამაინტერესა. ნელიკომაც მირჩია და დავთანხმდი. მკითხავმა მითხრა, შენ და შენი შეყვარებული სხვადასხვა ბედის ხართ და ტყუილად გაგყავთ დრო, ის გათხოვდება და მერე შენც სხვა ქალს შეხვდები, ვისთანაც ოჯახს შექმნიო. გუნება გამიფუჭდა, ძალიან დავმძიმდი.

– შეყვარებულს უამბეთ ამის შესახებ?

– ხათუნას ვუთხარი, ერთი მაგარი მკითხავია, ნელიკო გაგყვება და საინტერესოა, რას გეტყვის-მეთქი. ხათუნას არ უნდოდა, მეუბნებოდა, მათი არ მწამსო, მაგრამ არ მოვეშვი. მართლაც წავიდა და მასაც იგივე უთხრა, რაც მე. აქვე ვიტყვი, რომ მკითხავისთვის არ გვითქვამს, რომ ხათუნა ჩემი შეყვარებული იყო.

– რა გავლენა მოახდინა მკითხავის “წინასწარმეტყველებამ” შეყვარებულებზე?

– ძალიან ცუდი. ახლახან გავიგე, რომ მკითხავთან დედაჩემს ჩაუწყვია, რა უნდა ეთქვა ჩვენთვის. ნელიკო კი “აგენტის” როლში აღმოჩნდა. სიმართლის გაგებამ შოკში ჩამაგდო. სამწუხაროდ, მაშინ მკითხავის ნათქვამი ჩვენს ცნობიერებაში ჩაიბეჭდა და ჩვენი ურთიერთობა შეარყია.

,,ჩვენ არ ვართ ერთმანეთის ბედი, მაინც უნდა დავშორდეთ” – ასე ვფიქრობდით და ამან გაუცხოება წარმოშვა. მანამდე თუ ურთიერთობას ვუფრთხილდებოდით, მერე ხშირად ვჩხუბობდით, ერთმანეთს აღარაფერს ვუთმობდით. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, რატომ გავხდი ასე აგრესიული გოგოს მიმართ, რომელსაც ადრე სათუთად ვექცეოდი. მერე ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ ხათუნაში პოტენციურ მოღალატეს ვხედავდი, რომელსაც ჩვენი სიყვარული სხვა კაცში უნდა გაეცვალა. მკითხავის მიერ გაწერილი “ბედის” ტყვეობაში აღმოვჩნდით.

– თქვენი ბედი იმგვარად წარიმართა, როგორც მკითხავმა განგისაზღვრათ?

– ფაქტია, რომ ჩვენ შორის ჰარმონია დაირღვა. ერთმანეთს ვერ ვთმობდით, მაგრამ ვერც ერთად ვძლებდით მშვიდად. ერთხელაც ჩხუბის შემდეგ ხანგრძლივი დროით დავშორდით. მშობლებმა ამით ისარგებლეს და ხათუნა გაათხოვეს. ბედისწერად ჩავთვალე, თუმცა უზომოდ განვიცადე. ხათუნასთან საუბარი აღარ მოვინდომე, მის ამბებს სხვებისგან ვიგებდი. ხათუნა ყველასთან ამბობდა, რომ თავისი ნებით გათხოვდა.

– სინამდვილეში ძალა დაატანეს?

– ცნობიერებაში ხომ ჰქონდა ჩაბეჭდილი, რომ სხვას მისთხოვდებოდა. ის ბიჭი რომ გამოჩნდა და მშობლებმაც დააძალეს, ხათუნამ ბედის გზავნილად მიიჩნია და ცოლად გაჰყვა. ასე დამთავრდა ჩვენი სიყვარული, რომელმაც დიდი ტკივილი დამიტოვა.

– თქვენს მეორე ნახევარს როდის შეხვდით?

– ხათუნას გათხოვებიდან 2 წლის შემდეგ. მე და ლიკა გარიგებით შევუღლდით. ამ ქორწინებით ჩვენ ირგვლივ ყველა გავაბედნიერეთ, მაგრამ ჩვენ ორს შეგვექმნა პრობლემა, ურთიერთობის აწყობა გაგვიჭირდა.

ლიკა კეთილი, სამართლიანი, პრინციპული ადამიანია, მისი თვისებები მომწონდა, მაგრამ ჩემ მიმართ გამოვლენილ პრინციპულობას ვერ ვეგუებოდი. ერთ წელიწადზე მეტი ხასიათების ჭიდილში გავატარეთ, ულტიმატუმების ენით მელაპარაკებოდა, ასე თუ არ გააკეთებ, ურთიერთობას დავასრულებო. ჯიუტი არ ვარ, მაგრამ ცოლისგან ასეთ მომართვას ვაპროტესტებდი და ვამბობდი: “დაე, დასრულდეს!”. სასურველია, ქალებმა იცოდნენ, კაცებს როგორ ელაპარაკონ.

– ამ შემთხვევაში ცოლთან რა გაკავებდათ?

– პასუხისმგებლობა ოჯახის, მშობლების წინაშე. შვილი არ გვყავდა. ერთხელ შემთხვევით ხათუნას შევხვდი და მას შემდეგ ტვინი ამერია. მასაც არ ჰყავდა შვილი. სიყვარული გამიახლდა, მისგანაც რაღაც ვიგრძენი, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

– ხათუნამ შეიკავა თავი ურთიერთობაზე თუ თქვენ დაიხიეთ უკან?

– რაკი ჩანერგილი გვქონდა, რომ ერთმანეთის ბედი არ ვიყავით, “დროებითი” კავშირისკენ ვეღარ გადავდგით ნაბიჯი, უფრო სწორად, ხათუნამ არ გარისკა. თავდაპირველად, მაგრძნობინა, რომ, ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, გულით მაინც მე მეკუთვნოდა. მერე კი ტექსტი შეცვალა, მითხრა, ქმართან ბედნიერი ვარ და სისულელეს არ ჩავიდენო. არც დამიშვია, ცოლი მყოლოდა და ხათუნა საყვარლად გამეხადა. თუ გამომყვებოდა, ოჯახს დავანგრევდი და მასთან ვეცდებოდი ცხოვრების აწყობას.

– ამით ხომ ცოლსაც გააუბედურებდით და მშობლებსაც, რომლებიც თქვენი ოჯახით ხარობდნენ. იქნებოდით კი ბედნიერი სხვათა უბედურების ხარჯზე?

– ლიკასთვის რომ მეთქვა, გამიგებდა და თვითონვე შეიტანდა განცხადებას გაყრაზე, ანუ სამართლიანობას აღადგენდა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. მე და ჩემი ცოლი ანგარიშს ვუწევდით მშობლებს და გაყრაზე არ ვფიქრობდით. ზოგჯერ ლიკა საბაბს ეძებდა გაყრისთვის, ისე წამეკიდებოდა ხოლმე. მეჩვენებოდა, რომ ჩემგან ელოდა ამის თქმას, გადამწყვეტ სიტყვას.

– ასეთი განწყობით და დამოკიდებულებით როგორ შეინარჩუნეთ ოჯახი?

– იმ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლიკა დაორსულდა. შვილის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. უკვე არც ერთს გვეპატიებოდა გაყრაზე ფიქრი და აღარც შევხებივართ ამ თემას.

– შვილი რომ არ შეგძენოდათ, როგორ ფიქრობთ, გაიყრებოდით?

– იმ ეტაპზე მხოლოდ ხათუნას თანხმობის შემდეგ გავეყრებოდი, ისე არ ვიცი, როდემდე გავძლებდით ერთად. ცოლთან ურთიერთობა შვილის გაჩენამ დამილაგა. ახლა ორი შვილი და ერთი შვილიშვილი გვყავს. მე და ლიკა ერთმანეთის ავ-კარგს მივეჩვიეთ. საერთო საქმემ და პრობლემებმა გაგვაერთიანა და ურთიერთობაშიც გაგვაძლიერა.

– როგორც ჩანს, ბედით მაინც კმაყოფილი ხართ.

– შვილებით და შვილიშვილებით ბედნიერი ვარ. ცოლის მადლიერი ვარ, რომ შვილები მაჩუქა, ერთგულად მოიტანა ოჯახი და კეთილსინდისიერად უძღვება საქმეს. თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა მქონდეს. უმადურობასა და გაუმაძღრობაში ნუ ჩამომართმევთ. ამის გაგება გარეშე პირისთვის ძნელია, მაგრამ… გყავდეს ოჯახი, ჯანმრთელი ცოლ-შვილი და მაინც ძველ სიყვარულს, ვიღაცის ცოლს მისტიროდე… კაცისთვის და ზოგადად ადამიანისთვის, ძალიან ძნელია, ცალკე ოჯახი გყავდეს და ცალკე დიდი გრძნობები გქონდეს სხვის მიმართ.

– ხათუნას თუ შეუვსო თავისი ცხოვრება შვილის სიყვარულმა?

– ერთი გოგონა ჰყავს, მოგვიანებით შეეძინა. როგორც ვიცი, გადარეული დედაა. შვილი მისი ცხოვრების საზრისია. შეყვარებულები რომ ვიყავით, ამ თემაზე ბევრს მესაუბრებოდა, დედობაზე ოცნებობდა. გული მწყდება, რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, საერთო შვილი არ გვყავს.

– როდის შეიტყვეთ, რომ დედათქვენი იყო ჩარეული, როცა მკითხავმა შეყვარებულებს სხვადასხვა ბედი “გიწინასწარმეტყველათ”?

რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალა. დედამ მეუღლის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან შედარებით მხნედ გამოიყურებოდა, ქმრის შემდეგ ერთბაშად მოტყდა და მალევე ცუდად გახდა. გვირჩიეს, საზიარებლად მოძღვარი მიგვეყვანა. დედამ ზიარებაზე უარი არ თქვა, ეტყობა, გრძნობდა, რომ მისთვის ბოლო ჟამი დგებოდა.

ზიარების შემდეგ ნელიკო დაიბარა და მასთანაც მოინანია. დედა რომ გარდაიცვალა, ნელიკომ მაშინ გამიმხილა სიმართლე.

– მას შემდეგ, რაც სიმართლე შეიტყვეთ, თქვენში რა შეიცვალა?

– მშობლის სიკვდილით გამოწვეულ მძიმე განცდას იმაზე ფიქრიც დაერთო, რომ ძალით დამანგრევინეს სიყვარული. ის, რომ გაბრიყვდი და ანკესს წამოეგე, კაცისთვის საკუთარი არარაობის შეგრძნების ტოლფასია. რა გადავიტანე, იმას ვერ აღვწერ.

– ხათუნამ იცის სიმართლე?

– მისთვის არ მითქვამს. ყოველთვის სიმშვიდისკენ ისწრაფვოდა და რატომ ავუმღვრიო ცხოვრება?! აწი ამას აღარაფერი ეშველება. ხაფანგში გაბმის და სინანულის განცდა რატომ ავკიდო? იმასაც ვნანობ, რატომ ვაიძულე, მკითხავთან მისულიყო და ამით თავი ყულფში გაეყო. დღემდე ხათუნაში ვხედავ ჩემს ნამდვილ მეორე ნახევარს.

– დედას აპატიეთ თქვენს გულში?

– საფლავზე რომ გავდივარ, ვეფერები და თან პასუხს ვთხოვ, რა დაგიშავე, რატომ გამწირე-მეთქი. ამას ალბათ ვერასდროს მოვინელებ.

– ნელიკოსთან ურთიერთობაში ბზარი გაგიჩნდებოდათ.

– ნელიკო თვითონვე მარიდებს თავს, ჩემი რცხვენია. ცუდი ადამიანი არ არის, ახალგაზრდული სიბრიყვით მოუვიდა და ახლა ალბათ თავადაც იტანჯება. წარსულის შეცდომაზე პასუხს ვერ მოვთხოვ…

– სამწუხაროდ, ჩვენს საუკუნეშიც არიან ადამიანები, რომლებიც მომავლის გასაგებად მკითხავებს მიმართავენ. მათ რა რჩევას მისცემთ?

– ჩემი ცხოვრება ნათელი მაგალითია, რომ ადამიანმა თავად განსაზღვროს თავისი ბედი, მკითხავს ნუ ენდობა და ნურც ნურავის ჩარევს. თუ მაინცდამაინც კისერს წაიტეხს და დამარცხდება, გამოცდილებას შეიძენს, რაც სამომავლოდ გამოადგება, ხოლო განცდა იმისა, რომ სხვის ხელში სათამაშო გახდი, ძალიან მძიმეა. შენი გზა და შენი აზრი არ უნდა დაკარგო.

ნანა კობახიძე, სარკე