გურანდა გაბუნია: ,,მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, ახლა აღარაფერი მინდა”

გურანდა გაბუნია: ,,მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, ახლა აღარაფერი მინდა" ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მსახიობ გურანდა გაბუნიას ტკივილს დრო ვერ მოერია. მისი დიდი სიყვარულის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გარდაცვალების შემდეგ მწუხარება ერთი წუთითაც არ განელებულა, ისინი ხომ განუყოფლები იყვნენ.

ერთხანს სიცოცხლის სურვილიც დაკარგა, მაგრამ საყვარელმა საქმემ უშველა, რეჟისორებმა მისთვის დადგეს სპექტაკლები და ახალმა როლებმა ცხოვრებას ისევ დაუბრუნა. თუმცა გარდაცვლილ მეუღლეზე დარდი ვერაფერმა გაუნელა. მისი ფიქრები ისევ ოთარ მეღვინეთუხუცესის გარშემო ტრიალებდა, რომელთან ერთადაც 56 ბედნიერი წელი გაატარა. 4 თებერვალს კი თავის დიდ სიყვარულთან გაემგზავრა, რამდენმეთვიანი ავადმყოფის შემდეგ მარადისობაში გადაინაცვლა.

,,ხშირად დავდივარ ოთარის საფლავზე და ვეკითხები: “რას ფიქრობდი, რომ წახვედი და დამტოვე? მე ხომ უშენოდ არ შემიძლია”. ივან ბუნინს აქვს ერთი პატარა მოთხრობა “ცივი შემოდგომა”. მამაკაცი კვდება და თავის საყვარელ ქალს უბარებს – ,,შენ იცოცხლე, შეხედე ქვეყანას, შემდეგ მოდი, მე შენ დაგელოდები”. ჩემი პასუხია: მალე მოვალ!”, – გვითხრა ქალბატონმა გურანდმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.

მისი სიტყვები აცხადდა – 7 თებერვალს ის მეუღლის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გურანდა გაბუნია თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე ,,სარკეს” ყოველთვის გულახდილად ესაუბრებოდა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუებიდან.

გურანდა გაბუნია:

– სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იქ, იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…

არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ფაქტია, ჩავაბარე.

– სადაც თქვენ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა ერთმანეთი გაიცანით.

– დიახ. მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.

მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: “მე გაგაცილებთ”. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით.

– როგორ დაიწყეთ ახალგაზრდებმა ცხოვრება?

– როგორც ყველას, ჩვენც გვიჭირდა. არ გვქონდა ბინა, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ მოგვცეს პატარა ბინა, სამჯერ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი.

– ახალგაზრდა წყვილი, ლამაზები, მომხიბლავები, პოპულარულები, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულნი… არ ეჭვიანობდით ერთმანეთზე?

– მე – არა, რადგან ოთარი იყო ერთგული, ოჯახის ღირსების დამცველი კაცი. თავად ოთარი კი გახლდათ ცოტა ეჭვიანი, მე არც ერთ სპექტაკალში მითამაშია, სადაც პარტნიორთან ისეთი სასიყვარულო სცენა მექნებოდა, რომ ან კოცნა, ან მოხვევა იყო საჭირო.

ერთ სასაცილო შემთხვევას მოგიყვებით. რუსთაველის თეატრში ვთამაშობდი. პიესას ერქვა ,,ქარიშხალი”. ერთი ასეთი ეპიზოდი იყო – გული მიმდიოდა და იატაკზე ვეცემოდი. ბატონი სერგო ზაქარიაძე, რომელიც ჩემი პარტნიორი იყო, ხელში ამიყვანდა და დივანზე მაწვენდა.

პირველივე დღეს გავიგონე ხმაური, ჩოჩქოლი და საოცარი ხმა – მძიმე ბათინკების ბრახაბრუხი. მაშინვე მივხვდი, ეს ოთარი იყო, რომელიც მორბოდა. უცებ მოახერხეს და სხვა მიმართულებით წაიყვანეს, მე თეატრალურად კი არა, მართლა შემიწუხდა გული. რა თქმა უნდა, შემდგომში სერგო ზაქარიაძე ოთარის დიდი მეგობარი იყო. მერე ამ ეპიზოდზე ყველანი და მათ შორის ოთარიც, გულიანად ვიცინოდით. წლებმა დააცხრო, ეჭვიანობაც გაქრა. ჩვენ ვიყავით უბედნიერესი წყვილი, რომელიც ერთმანეთით ვსუნთქავდით და ვსულდგმულობდით.

– როგორ გაუძლო თქვენმა ქორწინებამ 56 წელს, თქვენი მყარი ოჯახის საიდუმლო რაშია?

– სიყვარული და კიდევ, იცით, რა? ცოლ-ქმარი უნდა იყოს ერთმანეთის დასაყრდენი. მე ბედნიერი ქალი ვიყავი, მყავდა მეუღლე, რომელიც მიყვარდა. გარდა იმისა, რომ იყო უნიჭიერესი მსახიობი, იყო ჭეშმარიტი რაინდი, მაღალი მორალის, თბილი გულის, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, საუკეთესო მეგობარი, პატრიოტი.

მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში, მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი. ოთარი რომ ცოცხალი მყოლოდა, შეიძლებოდა პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმემართა. ახლა აღარაფერი მინდა. ვისთვის? სცენაზე გრიმი ისედაც მიკეთია.

– არის რამე ისეთი, რასაც ნანობთ და, რომ შეიძლებოდეს, წარსულიდან რას დაიბრუნებდით?

– დედას, მამას და ჩემს საყვარელ ბებიას. მახსოვს, ბებია როგორ ჩამიკრავდა გულში და მაძინებდა. დედ-მამა სულ თეატრში იყვნენ და მე ბებიასთან ვიყავი. სამი წლის იყო ჩემი შვილი, როცა დედაჩემი გარდაიცვალა.

– თქვენი შვილი, მარიამი, პროფესიით ეკონომისტია, რატომ არ გაჰყვა მშობლების კვალს?

– ძალიან კარგი შვილი გავზარდე, ყოველთვის კარგად სწავლობდა. ღამის პირველ საათამდე იჯდა და მეცადინეობდა. ჩემგან განსხვავებით, სწავლა უყვარდა. მარიამი ეკონომისტი და ინგლისური ენის მცოდნეა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს. ძალიან ნიჭიერია და მინდოდა, მსახიობი ყოფილიყო. ერთ-ერთ ფილმში – “ფაცურა” – ითამაშა და მორჩა. გათხოვილია. მყავს შვილიშვილი – ლუკა.

 ია ქუთათელაძე, სარკეგურანდა გაბუნია: ,,მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, ახლა აღარაფერი მინდა"

გურანდა გაბუნია: ,,მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, ახლა აღარაფერი მინდა"