გორის მფარველ ოქონის ხატს ოსები გვედავებიან – ქართველების სიწმინდე კრისტის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეფასდა

გორის მფარველ ოქონის ხატს ოსები გვედავებიან -  ქართველების სიწმინდე კრისტის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეფასდაგასულ წელს ჟენევის საერთაშორისო  დისკუსიების მორიგ რაუნდზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული ოქონის ხატის ცხინვალში დაბრუნების საკითხი დააყენა.

უკვე რამდენიმე წელია, ოსური მხარე თბილისისგან ითხოვს 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატის დაბრუნებას, ამ საკითხს წლების განმავლობაში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სხვადასხვა შეხვედრების დროს აყენებს.

ოსური მხარის მოთხოვნით, ხატი, რომელიც ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა, ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდეს. საუბარია ოქონის ტრიპიკონზე, რომელიც 2001 წელს რუსეთის მოქალაქემ, ოლეგ ზემლიანიკოვმა კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარადგინა.

შვეიცარიელ ექსპერტებს ხატის წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ და თითქმის სამწლიანი კვლევის შემდედ დადგინდა, რომ ხატი ქართული წარმომავლობის იყო. მიუხედავად ოფიციალურად დამტკიცებული კვლევისა, რომ ხატი ქართული წარმოშობისაა, ოსური მხარე მის დაბრუნებას მაინც ითხოვს. მათი მტკიცებით, ხატი ცხივნალის მუზეუმიდან მაშინ დაიკარგა, როცა ქალაქს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებნენ.

2002 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი აცხადებდა, რომ ეს ხატის „სამხრეთ ოსეთის ხალხის მონაპოვარი და კულტურული მემკვიდრეობაა“ და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მათ.

ოსური მხარის ვერსია

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი მერაბ ზოსეევი ამბობს, რომ ხატი, ლეგენდის მიხედვით, მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა, ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი სემტხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთ ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა”, – ამტკიცებს ზოსიევი.

ისტორიული ცნობები

ამ ხატის ირგვლივ სხვადასხვა ისტორიული ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხატი საქართველოში ბაგრატ მეოთხის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა.

1923 წლის შემდეგ, როდესაც სიწმინდეების განადგურება დაიწყო, ხატი ცხინვალის მუზეუმში გადაიტანეს და იქ 1992 წლამდე ინახებოდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ხატი ცხინვალის მუზეუმში სოფელ ოქონას მოძღვარმა მიიტანა.

ისტორიული ცნობების მიხედვით, თამარ მეფემ ოქონის ტაძარი გორში მე-12 საუკუნეში ააშენა და ოქონის ტრიპიკონის ეკლესიაში დასვენება ბრძანა. თუმცა მას შემდედ ხატმა ადგილი ბევრჯელ შეიცვალა.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება. კრისტის აუქციონზე ხატი 2 მილიონ დოლარად შეფასდა.

ოქონის ხატი გორის მფარველად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ოქონობის დღესასწაული გორში ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.

შვეიცარიამ 2004 წელს ოქონის ტრიპიკონი საქართველოს დაუბრუნა. ხატი თბილისის მუზეუმის საგანძურს გადაეცა.

რადიო მოზაიკა