გოგა ჩანადირი: ,,მთელი ღამე შიშში გავატარე, შევკარი ბარგი და აბაზანაში ჩავწექი, რადგან მითხრეს, ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო”

გოგა ჩანადირი: ,,მთელი ღამე შიშში გავატარე, შევკარი ბარგი და აბაზანაში ჩავწექი, რადგან მითხრეს, ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო''ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობს. ძირითადად მისი სამოგზაურო ჟანრი ფოტოდოკუმენტალისტიკაა. ბევრი ეგზოტიკური ქვეყანა აქვს მოვლილი, რადგან ყველაზე მეტად ეთნოგრაფია და ადამიანთა ყოფა აინტერესებს. მოგზაურობისას ყოველთვის თან აქვს მაისური, რომელზეც მისივე კამერით აღბეჭდილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოებია დატანებული. ზედ აქვს წარწერა: ,,შემოიარე საქართველო!”. ასე ცდილობს, უცხოეთში საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინოს. ეს იდეა მადრიდის “რეალის” სტადიონზე მოსახვედრი ბილეთების რიგში მოუვიდა. ამბობს, ჩემი ზურგის ყურებას ჯობია, საქართველოს ლამაზ ფოტოებს უყურონო.

გოგას სამოგზაურო დღიურში შავი სიაც არსებობს, სადაც ის ქვეყნები და ქალაქებია შესული, რომლებმაც იმედები გაუცრუა. მოგზაურობისას კომუნიკაბელურია, არასოდეს ხვდება გაუგებრობებში, უყვარს წიგნების კითხვა, ფრენის შიშის დასაძლევად კი ერთ საინტერესო მეთოდს მიმართავს – ბორტგამცილებლებს უყურებს და მათი სახის მშვიდი გამომეტყველება თავადაც სიმშვიდეს ანიჭებს.

გოგა ჩანადირი:

– საქართველოს გარეთ მე მოგზაური უფრო ვარ, ვიდრე დამსვენებელი. მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში დავისვენო და სხვაგან რაც შეიძლება მეტი ვნახო და დავათვალიერო. განსაკუთრებით მიტაცებს ეთნოგრაფია, ამიტომ ჩემი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში ცენტრალური ქალაქების გარდა, ღრმა სოფლების მონახულებისგანაც შედგება. არატურისტული მარშრუტები უფრო მხიბლავს. ბევრს დავდივარ ფეხით, რომ ტრანსპორტზე ფული დავზოგო და ახალ-ახალი აღმოჩენები გავაკეთო. ფოტოგრაფიამაც განაპირობა ჩემი ამ ტიპის მოგზაურად ჩამოყალიბება. შეიძლება მოგზაურობიდან ისე დავბრუნდე, საკუთარ თავს ერთი ფოტოც არ გადავუღო. ცოტა ხნის წინ თვენახევარი ვიმოგზაურე აღმოსავლეთ ევროპაში ჩემი ფოტოაპარატით და მხოლოდ 4 ფოტო მქონდა საკუთარი თავისთვის გადაღებული, ისიც იმიტომ, რომ შეიძლება სტატიებისთვის დამჭირვებოდა.

– პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილება ალბათ დაუვიწყარია.

– 11 წლის ვიყავი, როგორც კარგი მოსწავლე, ვოლგოგრადში ექსკურსიაზე რომ წამიყვანეს, მაგრამ ჩემს პირველ მოგზაურობას მაინც 16 წლის ასაკში ოდესაში წასვლას ვუწოდებ. რედაქციებში კროსვორდებს ვაბარებდი, რომ სამოგზაუროდ ფული შემეგროვებინა. კარგად მახსოვს, ჩემი კროსვორდებით 81 ლარი ავიღე, დავჯექი მატარებელზე და ჩავედი ბაქოში. იქ გავიცანი ქართველების ოჯახი, ხაჭაპურებს აცხობდნენ და ფული რომ არ გადამეხადა, მათი სტუმარმასპინძლობით ვისარგებლე. შემდეგ მახაჩკალაში აღმოვჩნდი, მერე როსტოვში და ბოლოს ოდესაში. მატარებლებში მესამე სართულზე, ყველაზე იაფფასიან ადგილზე ვწვებოდი.

ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი ოდესაში უკრაინელი გოგონების გაცნობა იყო. მას შემდეგ უამრავ ქალაქში ვიმოგზაურე, მაგრამ ოდესა მაინც განსაკუთრებულად მახსენდება. საოცრად იუმორისტული ქალაქია. სხვაგან ამგვარ იუმორს ვერსად შეხვდებით.

– პირველი შოკი რომელ ქვეყანაში მიიღეთ?

– ძნელია, რომელიმე ქვეყანაზე ამ კუთხით ვისაუბრო, უბრალოდ დაუოკებელი ჟინი მაქვს, მთელი მსოფლიო მოვიარო. უკვე რამდენიმე პასპორტი მაქვს გამოცვლილი შტამპებითა და ვიზებით გადავსების გამო. ყველაზე შორეული წერტილი, სადაც ვიყავი, არგენტინის ქალაქი უშუაია. ეს დედამიწაზე ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია. იმის იქით უკვე დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს და ანტარქტიდა იწყება. ძალიან მინდოდა, ამ ქალაქიდან ანტარქტიდაში წავსულიყავი, მაგრამ ძვირი ჯდებოდა.

ბოლო დროს რამაც გამაკვირვა, ეს იყო იტალიის ქალაქი ბარი, სადაც შარშან სექტემბერში ვიყავი და წმინდა ნიკოლოზის საფლავი მოვილოცე. ბარიდან 45 წუთის სავალზე არის პატარა ქალაქი ალბერობელო, რომელსაც საოცარი არქიტექტურა აქვს. თეთრი, პატარა დასახლებაა. ქალაქში სახლები მშრალი წყობის მეთოდითაა (დუღაბის გარეშე) აშენებული და კონუსისებური სახურავები აქვს. ლეგენდის თანახმად, პროვინციის ხელისუფლებამ კაპიტალური საცხოვრებელი სახლებისათვის შემოიღო გადასახადი. ქალაქის მოსახლეობას არ უნდოდა ამ გადასახადის გადახდა და, როდესაც მთავრობა შემოწმებაზე ჩამოივლიდა, სახლებს შლიდნენ. როგორც კი წავიდოდნენ, თავიდან აწყობდნენ.

ასევე აღფრთოვანებული დავრჩი საბერძნეთის კუნძულებით.

– როგორ ახერხებთ, ტურისტებისათვის დაგებულ კომერციულ მახეებში არ გაებათ?

– ყველგან და ყოველთვის ვეძებ ისეთ ადგილებს, რომლებითაც არაფოტოგრაფი ტურისტი არ დაინტერესდება. ბევრს ვკითხულობ იმ ქვეყანაზე, სადაც უნდა ჩავიდე. მაგალითად, კანარის კუნძულებზე წაკითხული მქონდა, რომ სწორედ იქ მდებარეობდა ესპანეთის ყველაზე მაღალი მთა. იქაურ ტურისტულ სააგენტოში ამ მარშრუტის გავლა 45 ევრო დამიფასეს, მე ფულის დაზოგვა გადავწყვიტე და ჩემით წავედი, მაგრამ მაინც 39 ევრო დამიჯდა. დიდი ეკონომია ვერ გავაკეთე.

საერთოდ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ. სასტუმროში უცხოებს შევთავაზებ ხოლმე ჩემთან ერთად რომელიმე მარშრუტზე გამგზავრებას და ასე გზის ხარჯებს მნიშვნელოვნად ვამცირებ, რადგან უმეტესად მთანხმდებიან. მაგალითად, ტაილანდში ასეთი წესით ვნახე მოტივტივე ბაზარი. ტაქსი 105 დოლარი ჯდებოდა. დილით სასტუმროში ორი რუსი გოგო დავითანხმე, 35-35 დოლარი დავდეთ და ძალიან კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა. ტაილანდი მაგარი ქვეყანაა ტურისტულადაც და ეთნოგრაფიულადაც.

– მობილიზებული ტურისტი ხართ?

– არ მიყვარს, როდესაც ყველაფერი წინასწარაა გათვლილი. პირიქით, ჩემთვის მოგზაურობას ხიბლი მაშინ აქვს, როდესაც ბევრი რამ იდუმალებითაა მოცული. რუკებით სიარული არ მიყვარს. მიყვარს, როცა გზას ჩემით ვიგნებ. სხვათა შორის, არასოდეს არსად დავკარგულვარ.

– რა გამოცდილება დაგიგროვდათ მოგზაურობებიდან?

– განსაკუთრებით აღმოსავლურ ქვეყნებში ფრთხილად უნდა იყო ტაქსის მძღოლებთან, რომ არ მოტყუვდე. ამ ქვეყნებში ტაქსებში ხშირად მრიცხველი არ არის, ამიტომ ზუსტად უნდა გაიგო, რამდენად წაგიყვანს. სტამბულში ერთხელ ტაქსისტმა მაგრად მომატყუა. ორი 50 ლირიანი მივეცი, მაგრამ დამაჯერა, რომ 50 ლირა და 5 ლირა მივეცი. ისე ოსტატურად მომატყუა, იძულებული გავხდი, კიდევ ერთხელ გადამეხადა ფული. მას შემდეგ ძალიან ფრთხილად ვარ. სანამ უცხო ქვეყანაში ტაქსში ჩავჯდები, მინიმუმი სამ ტაქსს ვაჩერებ და მგზავრობის საფასურს ვაზუსტებ. ყოველთვის გულდასმით ვსწავლობ იმ აკრძალვებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ან რომელიმე ისტორიულ ძეგლთან მიმართებაში არსებობს.

ჩემი ბარგი ყოველთვის კომპაქტურია. მხოლოდ ის მიმაქვს, რაც ვიცი, რომ დამჭირდება. ხელბარგში აუცილებლად უნდა მქონდეს წიგნი.

– განსხვავებულია თქვენთვის სამოგზაუროდ წასაღები ლიტერატურა?

– არა. ბოლო დროს ძალიან გამიტაცა სამეცნიერო სახის ლიტერატურამ. ბოლო მოგზაურობისას წაღებული მქონდა აკა მორჩილაძის “ქართულის რვეულები”, რომელიც მე-19 საუკუნის ქართველთა ცხოვრებას ასახავს.

– გაქვთ ქვეყნების შავი სია, ანუ სადაც იყავით და აღარასოდეს წახვალთ?

– იმ ქვეყნების სია მაქვს, სადაც იმედგაცრუებული დავრჩი. მაგალითად, ბევრი ვიწვალე, კუნძულ მავრიკზე მოვხვედრილიყავი, რომელიც მადაგასკარის მახლობლადაა. მეგონა, საოცარ სამყაროში მოვხვდებოდი, ხელში კი ჩვეულებრივი ინდური კულტურის დასახლება შემრჩა. ამ კუნძულმა ვერც ეთნოგრაფიულად მომხიბლა და ვერც ბუნებით. ასევე იმედები გამიცრუა იამაიკამ, თან იმ პერიოდში გრიგალი “გუსტავი” ბობოქრობდა, რომლის გამოც 4 დღე სასტუმროში ვიყავი გამოკეტილი.

სამაგიეროდ, კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით წავიდოდი ვიეტნამსა და კუბაში. მინდა, ციმბირი მოვიარო, იქაური ხალხის ცხოვრება და ყოფა მაინტერესებს. ციმბირში მოგზაურობის ჟინი უფრო გამიმძაფრა წიგნმა “ექიმი ჟივაგო”. ერთ-ერთი ულამაზესი და ჩემთვის საინტერესო ქვეყანა, რაც მინახავს, თურქეთია, განსაკუთრებით მისი ცენტრალური ნაწილი.

– რაიმე საშიშროების წინაშე აღმოჩენილხართ მოგზაურობის დროს?

– ადამიანებისგან საფრთხე არასდროს შემქმნია. რატომღაც ყველაზე ხშირად გრიგალის ეპიცენტრში ვხვდები ხოლმე. კუბაში ყოფნისას გრიგალმა “ჰაიტმა” გადამიარა. მთელი ღამე შიშში და პანიკაში გავატარე. შევკარი ბარგი და აბაზანაში ჩავწექი, რადგან გვითხრეს, ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო. მთელი ღამე უშუქობაში და საშინელი ნგრევის ხმაურში ასე გავატარე. სამაგიეროდ გრიგალის შემდეგ საქმე გამიჩნდა და რამდენიმე დღე სტიქიისგან განადგურებულ ქალაქებსა და სოფლებს ვიღებდი.

– ფრენის შიში რა მეთოდით დაძლიეთ?

– თავიდან ცოტა მქონდა ფრენის შიში, მაგრამ ერთი კარგი მეთოდი გამოვიმუშავე – ჯერ გავიაზრე, რომ თვითმფრინავების კატასტროფების რაოდენობა გაცილებით ჩამოუვარდება ავტოკატასტროფების რიცხვს და მეორეც, ფრენისას ყოველთვის ვყურებ ბორტგამცილებლებს. მათი მშვიდი სახე მაძლევს საშუალებას, მეც მშვიდად ვიყო.

სტამბულიდან სინგაპურში მივფრინავდი და რამდენიმე წუთი ისეთ საშინელ რყევაში მოვყევი, მეგონა, აუცილებლად ჩამოვვარდებოდით. მაშინაც ბორტგამცილებლის მშვიდი სახის იმედით ვიყავი. საერთოდ, ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ. მაგალითად, როცა გემით ჩილე დავტოვე, მოკლე დროში ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ვცხოვრობდი, საშინელი მიწისძვრა მოხდა. ეს ის მიწისძვრაა, რომელმაც, როგორც ამბობენ, დედამიწის ღერძის დახრაც კი შეცვალა.

– უნებლიეთ ამა თუ იმ ქვეყანაში კანონი ან ტრადიცია ხომ არ დაგირღვევიათ?

– არასოდეს ვქმნი კონფლიქტის წინაპირობას. ყოველთვის ვიცი, სად რა არ შეიძლება. მაგალითად, ტაილანდში პატარა ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება, არაბულ ქვეყნებში კი – ქალებისათვის ფოტოს გადაღება. ეს წესი განსაკუთრებით მაროკოში უნდა გახსოვდეთ.

როდესაც ამსტერდამში პირველად ვიყავი, დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი, წითელი ფარნების უბანში ფოტოების გადაღება რომ დავიწყე. მეძავების ზედამხედველებმა ლამის ფოტოაპარატი დამიმტვრიეს. მეორედ რომ ჩავედი, უკვე წინასწარ ვიღებდი ნებართვას მათგან და ისინიც სიამოვნებით მაღებინებდნენ თავიანთ ქალებს.

უცხოელ პოლიციასთან ერთადერთხელ მქონდა შეხება და ისიც თურქეთში. სტამბულში ვიყავი, შოთა არველაძის თამაში იყო, ავიღე ბილეთი და სტადიონზე შევედი. მინდოდა, რამდენიმე კადრიც გადამეღო. როგორც კი აპარატი ამოვიღე, პოლიცია მოვიდა და აპარატის ჩამორთმევა მოინდომა. მე არ ვთმობდი. პოლიციელებმა აგრესიულად ჩამავლეს ხელი და პოლიციის ავტობუსში ჩამსვეს. 2 საათი, ანუ მთელი მატჩის განმავლობაში, დამაკავეს და მაშინ გამომიშვეს, როცა სტადიონზე ერთი გულშემატკივარიც აღარ იყო.

ყოველთვის ვცდილობ და ვახერხებ, მოგზაურობიდან მხოლოდ დადებითი წამოვიღო. 2004 წელს მუმბაიდან დელიში მივფრინავდი და გვერდით მჯდომ კაცს გამოველაპარაკე. გავუზიარე ჩემი აზრი, რომ საშინლად არ მომეწონა ის ქალაქი იმის გამო, რომ სიბინძურე და ჭუჭყი იყო. მან რჩევა მომცა, რომელსაც დღემდე ვითვალისწინებ – ხშირად ის ჭუჭყი და ნაგავი იმ ქვეყნის კულტურაა, სადაც მოგზაურობ, მაგრამ ბევრი რამ არსებობს მათ გვერდით, რომლითაც შეგიძლია სასიამოვნო განწყობა შეიქმნაო. ეს რჩევა განსაკუთრებით გამომადგა, როდესაც მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუში ვიმოგზაურე. ეს იყო ქალაქი-ნაგავსაყრელი, მაგრამ მაინც მშვენიერი ემოციებით წამოვედი იქიდან.

მოგზაურობისას ბევრი საინტერესო იდეა მომდის თავში. მაგალითად, ბულგარეთში მოგზაურობისას გადავწყვიტე, წიგნი დამეწერა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და იმედია, კარგი წიგნი გამომივა. წიგნში მოთხრობილია ერთი ამბავი, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისში მოხდა და ქალაქის განვითარებაზეც კი იქონია გავლენა.

– იმდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, კულინარიული შთაბეჭდილებებიც უხვად გექნებათ დაგროვილი.

– ასეთი წესი მაქვს, სადაც ჩავდივარ, აუცილებლად უნდა გავსინჯო იქაური კერძები. ძალიან შემიყვარდა ჩინური, იაპონური და ტაილანდური სამზარეულო. მიყვარს აზიური სამზარეულო, მაგრამ ქართულის უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებ. ყველანაირი ხორცი მაქვს გასინჯული ძაღლის გარდა. არადა კორეაში და ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში ძალიან პოპულარულია. ცოცხალი კალიებიც კი მიჭამია, გველისა და კუს წვნიანმაც საოცარი გემო დამიტოვა.

– კალიები რამ გაჭამათ, თანაც ცოცხალი!

– სანაპიროზე ვიყავი და ბიჭი ქილაში დაჭერილ კალიებს ჭამდა. დამაინტერესა და მეც გამასინჯა. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ნაჭამი მაქვს მოხრაკული ხოჭოები და ბუზები. კალიის გემო ჯონჯოლის გემოს წააგავდა. ხოჭოები კი ცომში იყო გახვეული და მეგონა, კარტოფილის ხრაშუნას ვჭამდი.

– რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურთ, მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადონ?

– მთავარია, მოგზაურობა სწორად დაგეგმო. ვენეციისთვის ერთი დღე საკმარისია, არადა ხშირად 3-4 დღე ჩერდებიან. ლონდონში რომ ჩახვალ, აუცილებლად ერთი დღით სხვა ქალაქშიც უნდა შეიარო. ევროპაში მოგზაურობა გაცილებით იაფია, როდესაც მის ტერიტორიაზე რომელიმე სპორტული ჩემპიონატი თუ კინოფესტივალი არ არის. უფრო მეტი შთაბეჭდილებისათვის, როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიხარ, უნდა ეცადო, იქიდან სხვა გზით წამოხვიდე, თუნდაც უფრო გრძელი იყოს. ჯობია, წრიული მარშრუტით იმოძრაო.

ავთო ჩიტიძე, სარკე