ბერია და ქალები – ,,ძალას არავის ატანდა, გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა ბევრს უნდოდა”

ბერია და ქალები - ,,ძალას არავის ატანდა, გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა ბევრს უნდოდა"ლავრენტი ბერიას ქორწინებაზე მის სიცოცხლეშივე ლეგენდები დადიოდა. ამტკიცებენ, რომ მან ნინო გეგეჭკორი მოიტაცა­ და ცხენზე ამხედრებული მთაში გაიქცა, რაზეც მოგვიანებით ნინომ განაცხადა, რომ თავისი ნებით გაჰყვა ბერიას. ქალმა კატეგორიულად მოითხოვა, ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთო. ლავრენტიმ სატრფოს თხოვნა შეუსრულა.

ნინო ცნობილი ბოლშევ­ი­კის, ალექსანდრე გეგეჭკორის ნათესავი­ იყო. ის და ლავრეტი ერთმანეთს პირველად 1920 წელს, ქუთაისის ციხეში შეხვდნენ. წითელი­ რუსეთის ჯაშუში ბერია და ქართველი ბოლშევიკი საშა გეგეჭკორი ერთ საკანში ისხდნენ. ნინო საშას სანახავად ხშირად მიდიოდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი­.

საბჭოთა­ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საშა თბილისში გადასახლდა. ობოლი­ ნინო მის ოჯახში ცხოვრობდა. მაგრამ ნინოსა და საშას ცოლის, ვერას ურთი­ერთობა ვერ აეწყო, ქალი რამდენჯერმე ფიზიკურადაც შეეხო. ,,ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ოკუპანტების წინააღმდეგ დემონსტრაციაში­ მივიღე მონაწილეობა. დემონსტრაცია ბრანდსპოინტებით დაშალეს. შინ ერთიანად­ გალუპული მივედი. ვერას ყველაფერი ვუამბე, მან კი ქამა­რი აიღო და ლაზათიანად მიმტყიპა,” – ყვება ნინო.

ამის შემდეგ ნინომ სახლიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სად?! სწორედ ამ დროს ჩნდება ახალგაზრდა, პერსპექტიული ჩეკისტი ლავრენტი­ ბერია… ერთმანეთს ნაძალადევის სკვერში შეხვდნენ. ლავრენტი აშკარად შეცბუნებული იყო. არ იცოდა, საუბარი როგორ დაეწყო. ნინომ გაიცინა:

– გინდა მითხრა, რომ გიყვარვარ?
– არა.

– რაო?!
ნინო დაუფარავი გაოცებით მიაჩერდა. ბერიამ ჩაახველა:
– ცოლად გამომყევი.

– არ გიყვარვარ და ცოლად გამოგყვე?
– ჰო, ზოგჯერ ასეა საჭირო.

– ვისთვის, ჩემთვის თუ შენთვის?
– ალბათ უფრო ჩემთვის. კარგად იცი, საქართველოში რაც ხდება! მზადდება საშინელი სასაკლაო. რუსები აქაურობას გად­აუვლიან, შაჰ აბასის შემოსევები მოგონილი იქნება!.. მე ჩეკისტი ვარ. ჩემი მოვალეობაა, ამ საშინელებაში მონაწილეობა მივიღო. მე ეს არ მინდა! მეც ხომ ქართველი ვარ!

– ჰოდა, წამოდი “ჩეკადან”! – ნინომ თავს ძალა დაატანა და გაიცინა.
– მინდა, სასწავლებლად ბელგიაში წავიდე. ცეკაში უკვე ვიყავი. მითხრეს, ცოლი რომ გყავდეს, გაგგზავნითო, ჰოდა…
ლავრენტი გაჩუმდა… ნინოც დუმდა…

წითელი დროშის ორდენი

ნინოზე დაქორწინებამ ლავრენტის ვერ უშველა – ის ,,ჩეკადან” არ გაუშვეს.

ბერიას შეეძლო, პარტბილეთი მაგიდაზე დაეგდო და ეთქვა, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, ქართველების გენოციდში მონაწილეობას არ მივიღებო. არსებობდა მეორე ვარიანტიც – ლავრენტი ქართველ პარტიზანებს უნდა შეერთებოდა და მათთან ერთად ოკუპანტებთან ებრძოლა. ამ შემთხვევაში მას გარდაუვალად სიკვდილი ელოდა.

ლავრენტი ,,ჩეკაში” დარჩა. 1924 წლის აჯანყების ჩახშობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ამის გამო წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოეს. ლავრენტიმ საკუთარი ერის სისხლი დაღვარა და ამან მისი შემდგომი კარიერაც განსაზღვრა.

ქალები, ქალები…

ლავრენტი ცოლს, როგორც მისი შვილ­ის დედას, მოწიწებით ეპყრობოდა,­ თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, საყვარლები ჰყოლოდა. ბერიას სამიჯნურო თავგადასავლებზე­ ლეგენდები დადიოდა. მისი ვაჟი სერგო წერს, რომ ლავრენტი რამდენჯერმე მართლაც იყო შეყვარებული. საქმე ისე შორს წავიდა, რომ ნინომ ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობა გაყრას ცუდად­ უყურებდა. ლავენტიმ ცოლს დაუჩოქა და ემუდარა, არ წასულიყო.

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბერიას სატრფოებს შორის საბჭოთა კინოვარსკვლავი ლიუბოვ ორლოვაც იყო, თუმცა­ ფაქტებით ეს არ მტკიცდება. ასევე არ დასტურდება ბერიას კავშირი ცნობილ ჯაშუშთან, პოლონელ მატა ჰარიდ წოდებულ ლიდია­ ლისოვსკაიასთანაც. ეს ქალბატონი საბჭოთა უშიშროებამ როვნოში დააპატ­იმრა, მოსკოვში ჩაიყვანეს და დამუშავების შემდეგ ისევ როვნოში დააბრუნეს. პანი ლიდია სუკ-ის აგენტი გახდა. ფიქრობენ, რომ მის გადაბირებაში უდიდესი წვლილი ბერიას მიუძღვის და ლავრენტიმ მასთან რამდენიმე ვნებიანი ღამეც გაატარა.

ოლგა ჩეხოვა (კნიპერი) გერმანიაში 20-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა. ის ცნობილი მსახიობი გახდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. ჩეხოვას ტალანტით თვით ჰიტლერი იყო მოხიბლული. არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი საბჭოთა აგენტი გახლდათ.

ბერია და ოლგა ჩეხოვა­ ერთმანეთს 1945 წელს შეხვდნენ. მესამე რაიხი უკვე განადგურებული იყო. ჩეხოვა სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში ჩამოიყვანეს. მას ბერია შეხვდა… მათ ერთად ფრიად ვნებიანი ღამე გაატარეს… ჰიტლერის პრიმადონა ბერიასთვის მუშაობას განაგრძობდა…

ბერიას სასიყვარულო თავგადასავლებზე­ მთელი ტომებია დაწერილი. ზოგი ავტორი მას გარყვნილებაში სდებს ბრალს, მაგრამ ეს არ დასტურდება. უამრავი ფაქტი მეტყველებს, რომ ლავრენტის ქალისთვის ძალა არასოდეს დაუტანებია – ძლიერი, გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა ხომ ბევრს უნდოდა. ბერია კი თავის საყვარლებზე­ ზრუნავდა – ეხმარებოდა ფულით, აწყობდა სამსახურში, შოულობდა მათთვის დეფიციტურ წამლებს.

ნიკა თევზაძე, ისტორიის დოქტორი, კვირის პალიტრ