ვანო პავლიაშვილი: “ჩემი მეუღლეც ჩემსავით გადარეული უნდა იყოს” – როგორ უტკბობდა ენას კახა თარგამაძე წვერიან კაცს

ვანო პავლიაშვილი: "ჩემი მეუღლეც ჩემსავით გადარეული უნდა იყოს" - როგორ უტკბობდა ენას კახა თარგამაძე წვერიან კაცსვანო პავლიაშვილი 25 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში მუშაობს. ძირითადად ბეჭდურ მედიაში ბობოქრობდა, ტელეკომპანია “იბერიის” ხელახლა გახსნის შემდეგ კი არხზე რამდენიმე საავტორო გადაცემა მიჰყავდა – “ინტერვიუ ვანიჩკასთან”, “X-ზონა” და “პოლიტიკური ალგორითმი”. ტელეკომპანიის დახურვის მიუხედავად, გადაცემებზე წარსულ დროში არ საუბრობს, ფიქრობს, რომ ეს პროფესია ბრძოლაა და აგრძელებს ბრძოლას ეკრანზე დასაბრუნებლად.

ინტერვიუ 2018 წლის შემოდგომაზეა ჩაწერილი.

– ვანო, “იბერიაში” რამდენიმე გადაცემა მიგყავდათ. მას შემდეგ, რაც არხი დაიხურა, ბევრს აინტერესებს, ახლა სად ხართ და რას აპირებთ.

– “იბერიაზე” რამდენიმე გადაცემა კი არ მიმყავდა, არამედ მიმყავს. ცხადია, მკითხავთ, არხი დაიხურა და გადაცემები როგორღა მიგყავთო. მარტივად გიპასუხებთ: ჯერ ერთი, ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ “იბერიის” მაუწყებლობა ადრე თუ გვიან განახლდება. მეორეც, ჟურნალისტიკა ჩვეულებრივი ბრძოლაა. ბრძოლის მიტოვება კი, მინიმუმი, არაეთიკურია.

ყველამ იცის, რომ სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ჩემი უახლოესი ადამიანი იყო. აქამდე არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვამბობ – მე ჯანსუღის ჯილა ვიყავი! დიახ, თუ თავისუფების ფასი არ იცოდი და თავისუფალი არ იყავი, ჯანსუღი თავისიანად არ მიგიღებდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ ის მგონია, რომ ადამიანებს თავისუფლების ეშინიათ. იცით, ამას რატომ გეუბნებით? “იბერია” ის ადგილია, სადაც მე, როგორც ჟურნალისტს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, თავისუფლებას არავინ მიზღუდავს.

არხის მაუწყებლობა შეწყდა, მაგრამ მე და ჩემი ბევრი კოლეგა იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომლებმაც 90-იანი წლები გამოვიარეთ. მახსოვს, მაშინ ქალაქში ტრანსპორტიც კი არ მოძრაობდა და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით მივდიოდით, მასალა რომ მოგვეპოვებინა და ჩვენი პროფესიული მოვალეობა შეგვესრულებინა.

ხშირად ვამბობ, ჟურნალისტები კი არ ხდებიან, ჟურნალისტებად იბადებიან და მართლაც ასეა – როცა ჟურნალისტი შინაგანად ხარ, ყურადღებას არაფერს აქცევ, მათ შორის არც ანაზღაურებას. იმას არ ვამბობ, რომ ალტრუისტი ვარ, მაგრამ პოეტს ლექსის წერაში ჰონორარს ხომ არ უხდიან ან კომპოზიტორს, რომელიც მუსიკას წერს? ასეა ჭეშმარიტი ჟურნალისტიკაც.

რაც შეეხება იმას, სად ვარ და რას ვაპირებ, ისევ იქ ვარ, სადაც აქამდე ვიყავი, ანუ ჟურნალისტიკაში. ბოლო წლებში ჟურნალისტიკად რატომღაც მხოლოდ ტელევიზია ითვლება. ჩემზეც გამიგია, არასატელევიზიო სახეაო, მაგრამ ჟურნალისტობა არამხოლოდ მიკროფონის დაჭერა და კამერის წინ თავის მოწონებაა, კარგ ტელეჟურნალისტს კალამიც უნდა უჭრიდეს და ენაც. მოკლედ, წერაზე უარი არც მაშინ მითქვამს, სანამ “იბერიას” მაუწყებლობას დროებით შეაჩერებინებდნენ და, ბუნებრივია, არც ამის მერე ვიტყვი.

ისე, ამის აფიშირებას არასოდეს ვახდენ, მაგრამ პროფესიონალი პიარმენეჯერიც ვარ. ასე რომ, დღესაც, სანამ “იბერია” ეთერში დაბრუნდება, უამრავი საქმე მაქვს და ხანდახან ძილიც კი მენატრება.

– თქვენი გადაცემები საკმაოდ რეზონანსული და ხმაურიანი იყო. როგორც ვიცი, სხვა არხებისგან განსხვავებით, პროდიუსერიც კი არ გყავდათ, ანუ მარტო გეგმავდით, შემდეგ სტუმრებს ითანხმებდით და რეიტინგსაც წინასწარ თვლიდით.

– რომ გითხრათ, რეიტინგი არ მაინტერსებს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ წინასწარ არასოდეს ვთვლი, რომელი ინტერვიუ როგორ რეიტინგს დაწერს. ობიექტური რეიტინგი, იცით, რა არის? ადამიანები ქუჩაში რომ გაჩერებენ და გეუბნებიან, შენ გვერდით ვართო.

პროდიუსერის ინსტიტუტისაც არ მესმის და ალბათ ვერასოდეს გავიგებ. როგორ შეიძლება სტუმარი სხვამ შემირჩიოს ან შეხვედრაზე შემითანხმოს?! სხვისი მოფიქრებული კითხვების დასმა ხომ საერთოდ მიუღებელია. თუ ყველაფერ ამას სხვა გააკეთებს, მაშინ მე რაღა საჭირო ვარ?

ეს კი არადა, 25 წელია ჟურნალისტი ვარ და არ მახსოვს, ამ ხნის განმავლობაში რომელიმე რესპონდენტისთვის წინასწარ შემეთანხმებინოს, ამას გკითხავ და იმას არა-მეთქი. მეტსაც გეტყვით: როგორც წესი, ისიც კი არ ვიცი ხოლმე, ინტერვიუს როგორ დავიწყებ.

თავის დროზე ასლან აბაშიძესთან კონფლიქტი სწორედ ამის გამო მომივიდა – მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბათუმში ჩავედი და აბაშიძემ მომთხოვა, კითხვები დამიწერე და პასუხებს წერილობით გაგცემო. უარი ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. ბოლოს ინტერვიუ მაინც ცოცხლად ჩავწერე!

სხვათა შორის, “ინტერვიუ ვანიჩკასთან” ჩემი საგაზეთო ინტერვიუების სატელევიზიო ვერსიაა, ანუ იმას, რასაც საზოგადოება აქამდე მხოლოდ კითხულობდა, ახლა ხედავს.

– თქვენი გადაცემებიდან, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ყურებადი “ინტერვიუ ვანიჩკასთან” იყო, სადაც რესპონდენტებს პირდაპირ კითხვებს უსვამდით და ეთერში დაუმონტაჟებელი მასალა გადიოდა. გქონდათ ისეთი შემთხვევები, რომ კამერების გამორთვის შემდეგ სტუმარს საყვედური უთქვამს მძაფრ და პირდაპირ კითხვებზე?

– “ინტერვიუ ვანიჩკასთან” ბრენდია, თუმცა “X-ზონას” და “პოლიტიკურ ალგორითმსაც” სერიოზული რეიტინგი აქვს. “X-ზონა” ჩემთვის, როგორც ამ გადაცემის ავტორისა და წამყვანისთვის, საინტერესო იმიტომაა, რომ პირდაპირ ეთერში ხალხის ხმა ისმის და მაყურებელს რეალური საქართველოს რეალურ ამბებს შელამაზების გარეშე ვუყვები, თან ამ გადაცემაში ხალხი კი არ მოდის სტუდიაში, მე მივდივარ ხალხთან. დიახ, ესაა სტუდია ღია ცის ქვეშ. სხვათა შორის, როცა ამ პროექტის შესახებ “იბერიის” ხელმძღვანელობას ვუთხარი, უყოყმანოდ დამთანხმდა.

“პოლიტიკური ალგორითმიც” ქართული ტელესივრცისთვის, ვფიქრობ, უცხო ფორმატია, სადაც სტუმარს ხან ოპონირებას ვუწევ, ხან ვეთანხმები და, ცხადია, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი შეხედულებების გამოთქმისგანაც არ ვიკავებ თავს.

რაც შეეხება რესპონდენტის საყვედურს, არ მაქვს ილუზია, რომ აუცილებლად ყველას უნდა მოვწონდე. მე სულიერი მოძღვარი არ ვარ, რესპონდენტის სულიერ სიმშვიდეზე რომ ვიზრუნო. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და რესპონდენტს სწორედ იმას ვეკითხები, რასაც ნებისმიერი ადამიანი ჰკითხავდა.

ისეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია, კამერების გამორთვის მერე ვინმეს ეთქვას, ეს ან ის კითხვა რატომ დამისვიო. ორ ათეულ წელზე მეტია, საჯარო პირები შეჩვეულები არიან, რომ თუკი ინტერვიუზე დამთანხმდებიან, ესე იგი მოულოდნელობისთვისაც მზად უნდა იყვნენ, თუმცა არის ხოლმე მომენტები, როცა ჩემი დასმული კითხვა კარგა ხანს არ ავიწყდებათ.

– ცოტა ხნის წინ თქვენმა ყოფილმა თანამშრომელმა, არჩილ გამზარდიამ, დაწერა, რომ “იბერიის” დახურვის შემდეგ არ გამორიცხავს, პოლიტიკაში წავიდეს. თქვენც ხომ არ ფიქრობთ იმავეს?

– ჟურნალისტიკაზე დიდი პოლიტიკა რაღა უნდა იყოს? ხომ არ გავიწყდებათ, რომ ჩვენ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები ვართ!

– ჟურნალისტიკაში ყოფნის პერიოდში მიგიღიათ შეთავაზება პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით?

– დიახ, მიმიღია.

– ვისგან?

– ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ, პრაქტიკულად რევოლუციამდე იყო.

– ახლა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

– წინასწარ არაფერს ვგეგმავ და შესაბამისად, ახლა როგორ გიპასუხოთ, ხვალ რა იქნება? გააჩნია, ასეთი შემოთავაზების დღეს როგორ განწყობაზე ვიქნები.

– როგორ ფიქრობთ, ის “წვერებიანი კაცი” თქვენ ხართ, რომელზეც ფარულ ჩანაწერებში ლევან ყოფიანი საუბრობს?

– “იბერიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, ღიად თქვა, რომ “იბერიიდან” ჩემს გაშვებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ჩვენს არხზე აკაკი გოგიჩაიშვილის გამოჩენაც არ მოეწონათ. შესაბამისად, კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლა სწორედ იმ “წვერიან კაცს” ესაუბრებით, რომელიც პოლიტიკურ ელიტას ნერვებს უშლის.

ისე, არც წვერის გაპარსვას ვაპირებ და ვიღაცებს ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ აწი თაფლად და შაქრად დავიღვრები. ძალიან ბევრი წლის წინ ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც მაშინდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანად ითვლებოდა, მახსოვს, შოკოლადი მაჭამა, ეგებ ენა დაიტკბოო, მაგრამ სულ ტყუილად, მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ახლა კი მხოლოდ შავ შოკოლადს ვჭამ. შავი შოკოლადი კი მწარეა.

– ენის დასატკობაბად შოკოლადი რომელმა გავლენიანმა თანამდებობის პირმა გაჭამათ?

– თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ გეტყვით: კახა თარგამაძემ, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და რომელსაც რკინის კაცს ეძახნდნენ.

– ამბობთ, რომ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. როდის ისვენებთ, თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

– დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია” ხომ გახსოვთ? ჰოდა, მთავარი განწყობაა, თორემ თუ ადამიანს უნდა, თავისუფალ დროსაც ყოველთვის გამონახავს და თავსაც გაირთობს. რამე განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, არც მოდას მივყვები, შესაბამისად, კლუბებსა და ბარებში არ დავდივარ. როცა მცალია, მეგობრებთან ვსაუბრობ – თაკო ჩარკვიანთან, მაია ფურცელაძესთან და გოჩა მირცხულავასთან საუბარი ყველაზე კარგი დასვენებაა. აი, მაკა მოსიაშვილს კი შეუძლია, დაგირეკოს და დილიდან საღამომდე გელაპარაკოს.

– საოჯახო საქმეები თუ გამოგდით, ვგულისხმობ კერძების მომზადებას, დაუთოებას და ა.შ.

– როცა შინ მარტო ვარ, მშიერი ნამდვილად არ ვკვდები – “ჰერკულესი” და მისი ჯანი.

– ახლა რასაც გკითხავთ, მინდა, გულახდილად მიპასუხოთ. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში და როდის გეგმავთ ოჯახის შექმნას?

– კიდევ კარგი, არ მკითხეთ, რამე კურიოზი გაიხსენეთო. წეღან ხომ გითხარით, წინასწარ არაფერს ვგეგმავ-მეთქი. ჰოდა, შეიძლება თავში დამარტყას და ოჯახის შექმნა ამ საღამოსვე დავაპირო.

– თქვენი წარმოსახვით, თქვენთვის იდეალური მეუღლე როგორია?

– ჩემი მეუღლეც ჩემსავით გიჟი და გადარეული უნდა იყოს.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე