ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინა

ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინა,,რა სირცხვილია, ამდენი ადამიანის თვალწინ…” – ეს მხატვარ ელენე ახვლედიანის უკანასკნელი სიტყვებია. 1975 წლის 28 დეკემბერს სცენაზე გავიდა, მაგრამ სათქმელი ვერ დაასრულა, ხელები აუკანკალდა და… მხატვარი 2 დღის შემდეგ, 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ყველაფერი ისეა დატოვებული, როგორც მხატვრის სიცოცხლეში იყო – ოთარ თაქთაქიშივლის ნაჩუქარი შავი როიალი, რომელზეც რიხტერი და როსტროპოვიჩი უკრავდნენ, ნახატები, სპექტაკლების ესკიზები, კოსტიუმები, საწოლი ბევრი ბალიშით, მხატვარი ქალის ხალათიც კი. თითქოს ამ ლამაზ სახლში ისევ დიასახლისობს, მიმსვლელებს ისევ დიდ სითბოს ახვედრებს, თავის ცხოვრებაზე უყვება.

სახლ-მუზეუმის მენეჯერი თამილა თევდორაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ელენე ახვლედიანი პირველად შემთხვევით ნახა და მისით მოიხიბლა. პატარა გოგონამ ქუჩაში დაინახა ქალი, რომელსაც სიარულის განსაკუთრებული მანერა ჰქონდა. სანამ თვალს არ მიეფარა, მანამდე უყურებდა. მერე უთხრეს, ეს ცნობილი მხატვარი ელენე ახვლედიანიაო. გავიდა წლები და მისი ცხოვრება ამ დიდ შემოქმედს დაუკავშირდა.

წლებია ქალბატონი თამილა ელენე ახვლედიანის შემოქმედების მოყვარულთ მხატვრის სამყაროში მეგზურობას უწევს. ,,სარკესაც” მან უამბო ქალბატონი ელენეს ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, მის შემოქმედებასა და პირად ტრაგედიებზე.

ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინაყველას დიასახლისი

– ერთხელ ხელოვნების მუზეუმმა გამოფენა მოაწყო. ჩვენი განყოფილების გამგემ (იმ დროს იქ ვმუშაობდი), ქეთევან ბაგრატიშვილმა, ელენე ახვლედიანისგან ნამუშევრები ითხოვა, მაგრამ თავის დროზე ვერ დაუბრუნა. მე და ჩემს მეგობარს გვითხრა, ეს ნახატები ქალბატონ ელენეს წაუღეთ და, რასაც გეტყვით, შეირგეთო. მხატვარმა კარი რომ გააღო, ახალგაზრდების დანახვამ ძალიან გაახარა. მას ბავშვები და ახალგაზრდები უზომოდ უყვარდა, მაგრამ რომ შეიტყო, ვინ ვიყავით, სახე შეეცვალა. გვეჩხუბა და კართან დაგვტოვა. წყენამ მალევე გადაუარა. შუა ოთახიდან მოტრიალდა და გვითხრა, შემოდითო. ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდა, ჩაი დაგვალევინა გემრიელი კანფეტებით, ბევრი გვესაუბრა და შემდეგ თბილად გამოგვაცილა.

ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლს მისი ძმისშვილი ლელი ახვლედიანი უვლიდა. ქალბატონი ლელი 1995 წელს გარდაიცვალა და აქ გადმოსვლა მე შემომთავაზეს. მას შემდეგ ამ მუზეუმში ვარ, ეს ჩემთვის მეორე ოჯახია. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, სამსახურში მოვდივარ. აქ არაჩვეულებრივი გარემო და ინტერიერია, რომელიც თავად მხატვარმა შექმნა. მის ნახატებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც საოცარ ენერგიას ატარებენ. რადგანაც ეს მემორიალური სახლია, ყველაფერი ისეა, როგორც მის სიცოცხლეში იყო. მაგალითად, მისი საწოლი ისევ ისე დგას და ზედ ბევრი ბალიში ალაგია. აქვე ვინახავთ მის ხალათს და კიდევ ძალიან ბევრ ნივთს.

ელენე ახვლედიანს პირდაპირი შთამომავლები არ ჰყოლია, ამიტომ სახლი სახელმწიფოს გადასცა. ამით გარდაცვალების შემდეგ ძეგლი დაიდგა. 38 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის სახლში სიცოცხლე დღესაც ჩქეფს. დამთვალიერებელი ბევრი გვყავს. დროდადრო საღამოებსაც ვმართავთ. ვცდილობთ, ის ტრადიცია გავაგრძელოთ, რაც ამ სახლს ჰქონდა.

აქ მუდამ თავს იყრიდა უამრავი ადამიანი და საინტერესო საღამოები იმართებოდა. სახლში დგას შავი როიალი, რომელიც ქალბატონ ელენეს ოთარ თაქთაქიშვილმა აჩუქა. მასზე უკრავდნენ მსტისლავ როსტროპოვიჩი, სვიატოსლავ რიხტერი, ჰენრიხ ნეიჰაუზი, მარია გრინბერგი და სხვები. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ისრაელიდან ნეიჰაუზის შვილთაშვილი ჩამოვიდა და ამ მუზეუმში კონცერტი გამართა. ეს გულისამაჩუყებელი დღე იყო.

თელავური საღამოები

– ქალბატონი ელენეს საწოლთან ახლაც კიდია მისი მშობლების ფოტოები. დედა, ელისაბედ ერისთავი, ულამაზესი ქალი იყო. მამა სამხედრო ექიმი გახლდათ. ელენე კახეთში დაიბადა. მამამისი წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო, მაგრამ თელავში სამუშაოდ გაგზავნეს და იქვე დარჩა. ცოლიც შეირთო და შვილებიც შეეძინათ. ელენეს ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა. თავად კი ყველაზე უფროსი იყო. საგულისხმოა, რომ ოჯახში ის ერთადერთი ხელოვანი გახლდათ. დისშვილები და ძმისშვილები ჰყავს. ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე მისი დის შვილიშვილია.

ახვლედიანების ოჯახი თელავში თავისი სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული. მათ სახლში ხშირად მიდიოდნენ მუსიკოსები და კონცერტები, საღამოები იმართებოდა. მათთან ხშირად დადიოდა მომღერალი ანა ვარდიაშვილი. ის მღეროდა, პატარა ელენე კი ფორტეპიანოზე აკომპანემენტს უკეთებდა. რადგან ელენეს მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, მშობლებს სურდათ, მუსიკოსი გამოსულიყო. 1911 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ელენე ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს და სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი.

სკლიფასოვსკის მიერ აღმოჩენილი ნიჭი

– გიმნაზიაში ხატვას ასწავლიდა ცნობილი პოლონელი მხატვარი და პედაგოგი ნიკალაი სკლიფასოვსკი. მან შეამჩნია, რომ პატარა გოგონა ძალიან კარგად ხატავდა. ერთხელ მისი მშობლებისთვის უთქვამს კიდეც, არ ვიცი, ეს ბავშვი როგორი მუსიკოსი გამოვა, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო. პირველი პროფესიული განათლება სწორედ ამ პედაგოგის სასწავლებელში მიიღო.

სკლიფასოვსკი არაორდინარულ გაკვეთილებს ატარებდა – ბავშვებს ღია ცის ქვეშ დასხამდა და ხატვას ისე ასწავლიდა, ხან ფეხით დაჰყავდა სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. ამ ყველაფერმა ელენეზე დიდი გავლენა იქონია, რომ მომავალში პეიზაჟისტი გამხდარიყო.

1919 წელს დიდი გამოფენა მოეწყო, რომელზეც კორიფეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ გვერდით იმ დროისთვის უცნობი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ოთხი გრაფიკული ნახატიც გამოიფინა. ამ ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამით მისი მომავალიც გადაწყდა. 1922 წელს სამხატვრო აკადემია გაიხსნა. ელენემ იქ ჩააბარა და გიგო გაბაშვილის ჯგუფში მოხვდა. ერთი წელი წარჩინებით ისწავლა, შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. 2 წელი იტალიაში იყო, 4 წელი – საფრანგეთში.

კახეთის ზამთრით მოხიბლული პიკასო

პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა პარიზის სამხატვრო აკადემიაში მოაწყო. სხვათა შორის, მისი ნახატები იყიდეს ამადეო მოდილიანიმ და პაბლო პიკასომ. ამ უკანასკნელს თურმე ძალიან მოეწონა ნამუშევარი “კახეთის ზამთარი”, მაგრამ ელენემ არ მიჰყიდა. პიკასოსთვის უთქვამს, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო. ამის მერე ისინი დამეგობრდნენ. მოდილიანის რამდენიმე ნახატი მოეწონა. ელენემ ისინი აჩუქა, მან კი ფული მაინც მისცა.

ამერიკა, შვეიცარია, ჰოლანდია – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მისი ნახატების გამოფენა ეწყობოდა. საქართველოშიც აღიარებული მხატვარი იყო და საზღვარგარეთაც არანაკლებ პატივს სცემდნენ.

1927 წელს ელენემ მოულოდნელად დატოვა პარიზი. ჰოლანდიაში მისი გამოფენა უნდა მოწყობილიყო. მისი ნახატები თვითმფრინავით წაიღეს. თავადაც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოდან ცნობა მიიღო, რომ დედამისი ძალიან ავად იყო. ყველაფერი მიატოვა და დაბრუნდა. სამწუხაროდ, ყველა ნახატი დაიკარგა, მაგრამ ამას არ განიცდიდა – მისთვის მთავარი იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. უცხოეთში სამუშაოდ აღარ წასულა, მხოლოდ მოკლევადიან მოგზაურობებში დადიოდა.

უიღბლო ქორწინება

– 1922 წელს, სანამ იტალიაში წავიდოდა, ელენე გათხოვდა. მისი ქმარი აგრონომი აპოლონ კაკაბაძე გახლდათ. ძალიან პომპეზური ქორწილი გადაიხადეს. ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს, შემდეგ ფაეტონით რუსთაველის გამზირზე ისეირნეს. თავის ქორწილში პოეტი იოსებ გრიშაშვილიც დაპატიჟა. საქმე ის არის, რომ გრიშაშვილს ელენე უყვარდა, მაგრამ მას ცოლად არ გაჰყვა. მოკლედ, გრიშაშვილი მივიდა ქორწილში და მწარე ლექსებიც წაიკითხა. მაგალითად: “სიყვარულის საკითხებში შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს შენი ქმარი კაკაბაძე”.

ელენესა და აპოლონის ქორწინება  ხანმოკლე აღმოჩნდა. თურმე ის ძალიან ეჭვიანი კაცი იყო, ელენემ კი ეს ვერ აიტანა. იტალიაში ყოფნის დროს გაშორდნენ ერთმანეთს. აპოლონი საქართველოში წამოვიდა, ელენე კი საფრანგეთში გაემგზავრა. თურმე მაშინ ორსულად იყო. პარიზში მანქანის მართვის სწავლა დაიწყო. ავტოავარიაში მოყვა და ბავშვი დაკარგა. ეს ტრაგედია საყვარელმა საქმემ გადაატანინა. იმ პერიოდში პარიზში საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. აპოლონთან დაშორების შემდეგ ოჯახის მეორედ შექმნაზე აღარ უფიქრია. მისი შვილები მისივე ნახატები იყვნენ.

თეატრის სამყარო

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელენემ თავისი ე.წ. საანგარიშო გამოფენა გააკეთა, რითიც უცხოეთში სწავლის პერიოდი შეაფასა. გამოფენები თბილისში, თელავსა და ქუთაისში მოეწყო. სწორედ ქუთაისში შეხვდა პირველად კოტე მარჯანიშვილს. აქედან დაიწყო ქალბატონი ელენეს ხანგრძლივი ურთიერთობა ქართულ თეატრთან. მას 80-მდე სპექტაკლი აქვს გაფორმებული არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც. მარჯანიშვილის თეატრში კი წლების განმავლობაში მთავარი მხატვარი იყო. სპექტაკლების ესკიზები, სცენოგრაფიები და კოსტიუმები მის სახლში დღემდე ინახება. ასევე აკეთებდა წიგნის ილუსტრაციებს, კარიკატურებს და საერთოდ ძალიან მრავალფეროვანი მხატვარი გახლდათ.

მეგობარი რიხტერი

– სულ იმას ამბობდა, მე მუსიკა უფრო მიყვარსო, ამიტომ მის სახლში მუდამ მუსიკის ჰანგები ჟღერდა, მით უმეტეს, ხატვის პროცესში. რიხტერი მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო და, როცა თბილისში ჩამოდიოდა, მის სახლში ჩერდებოდა. ამ როიალთან იჯდა და რეპეტიციებს გადიოდა. მეზობლები იხსენებდნენ, ქიაჩელის ქუჩაზე ქვაფენილზე ჩამოვსხდებოდით და რიხტერის უფასო კონცერტებს ვუსმენდითო.

რიხტერი ძალიან კარგად ხატავდა კიდეც. ელენემ სიცოცხლის ბოლო წელს სახლის ერთ კუთხეში თავისი სურათები ჩამოხსნა და რიხტერის ნახატები დაკიდა. გამოფენა მოაწყო, რომელსაც ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. მეგობრებს ასე ედგა გვერდით. თურმე ერთხელ სინანულით უთქვამს, რიხტერი შესანიშნავი მუსიკოსია და ასევე კარგად ხატავს, მე კი ხატვა დავიწყე და მუსიკას თავი დავანებეო.

რიხტერთან მოსკოვში სტუმრად ხშირად დადიოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი მათ სახლში ცხოვრობდა. ერთ დღეს თურმე მხატვრის მეუღლე ნინა დორლიაკი (მომღერალი) რეპეტიციაზე წავიდა. რიხტერმა და ელენემ ჭერი მუქად შეღებეს და ვარსკვლავები დახატეს. საღამოს ნინა რომ დაბრუნდა, კინაღამ გული გაუსკდა.

ნახატებში დარჩენილი ძველი თბილისი

– ელენე ახვლედიანის მთავარი შთაგონების წყარო ძველი თბილისი იყო. ამ თემაზე მთელი სერია აქვს შექმნილი. ძალიან განიცდიდა, რომ დედაქალაქი თავის სახეს კარგავდა. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო და ახლანდელი ძველი უბნები ენახა, არ ვიცი, რა დღეში ჩავარდებოდა. სხვათა შორის, თბილისის მთავარი არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი, როდესაც რომელიმე ძველ უბანს ალამაზებდა, ელენეს ნახატებით ხელმძღვანელობდა. 1971 წელს ელენე ახვლედიანმა ძველი თბილისის თემაზე შექმნილი ნამუშევრებისთვის შოთა რუსთაველის პრემიაც მიიღო.

ერთხელ ვერაზე თუთის ხე მოჭრეს. ამ დროს ელენეს მეგობარი ესტუმრა. შორიდან გაიგონა ხმა, რომ ელენე ვიღაცას ეჩხუბებოდა. თურმე გაიფიქრა, ნეტავ, ვინ არის ის საწყალი, ვისაც ასე ლანძღავსო. ოთახში შესულმა დაინახა, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა. უკითხავს, ვის ელაპარაკებოდიო და, ვასილ მჟავანაძესო, უთქვამს. მჟავანაძე იმ დროს ცკ-ის მდივანი იყო.

სოფიკოს კინტაური

– ვერიკო ანჯაფარიძე და ელენე ახვლედიანი ახლო მეგობრები იყვნენ. ელენესთვის ვერიკო ქალის ეტალონი გახლდათ. ელენეს გარდაცვალების შემდეგ მსახიობმა მეგობარზე ასეთი სიტყვები დაწერა: “როცა შედიხარ ელენეს დარბაზებში და უმზერ კედლებს, მოფენილს მისი ნახატებით, გრძნობ, რომ მხატვრის სიცოცხლეს ბოლო არ უჩანს”.

ასევე ახლოს იყო ქალბატონი ვერიკოს ქალიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან. სოფიკო მასთან სახლში ხშირად დადიოდა. თურმე მის მიერ შესრულებული კინტაური ძალიან უყვარდა. რამდენჯერაც მივიდოდა, სთხოვდა, რომ ეცეკვა, მერე კი თავისი ნახატით ასაჩუქრებდა. ნამუშევრების გაჩუქება ძალიან ჰყვარებია. გასაყიდ ნახატებსაც დიდ ფასს არ ადებდა.

სიცოცხლის გაგრძელება

– ელენე მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მარტო არასდროს რჩებოდა. მასთან დილიდანვე მიდიოდნენ მეგობრები და ახლობლები. სადილი ყოველთვის ჰქონდა მომზადებული, რომ სტუმრებს გამასპინძლებოდა. როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, ის ხშირად ამზადებდა ლობიოს. იმდენად ლამაზად აფორმებდა ხახვით, ბროწეულითა და მწვანილით, რომ შეჭმა დაგენანებოდაო. პროდუქტს რომ ყიდულობდა, აუცილებლად კარგი უნდა ყოფილიყო.

ძველად ვაჭრები ეზოებში დადიოდნენ. ვერაზე ბაღჩო ვაჭრობდა, რომელსაც ელენესთვის განსაკუთრებული პროდუქტები მიჰქონდა. მხატვარს ფული ხან ჰქონდა, ხან – არა, ამიტომ ოთახის კედელზე წერდა, ბაღჩოსთვის ამდენი მაქვს გადასახდელიო. ფულს რომ მისცემდა, მერე წითლად გადახაზავდა. სამწუხაროდ, როცა სახლში რემონტი გაკეთდა, ეს წარწერები წაშალეს.

დასასვენებლად ხშირად დადიოდა ციხისჯვარში, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავდა. განსაკუთრებით მეგობრობდა უკრაინელ ნინა მიხაილოვასთან, რომელიც მარტოხელა იყო. ძალიან ეცოდებოდა და თბილისში წამოიყვანა. 2 წელი თავის სახლში ჰყავდა, უვლიდა. ის ქალი აქ გარდაიცვალა. შემდეგ კიევში გადაასვენა და იქ დაკრძალა.

ელენე ახვლედიანის სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა. გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ ტოვებდა. ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა. ამ დღეს მისი ყველა მეგობარი იკრიბებოდა. ერთხელ უხასიათოდ ყოფილა და დაბადების დღის აღნიშვნა არ უნდოდა. მეგობრებისთვის დაუბარებია, არ მოხვიდეთო. სახლში რომ არავინ მისულიყო, მთელი დღე ძველ თბილისში ისეირნა. იქ შეხვდა ახლო მეგობარი, მხატვარი და რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც იცოდა, ელენე იუბილარი რომ იყო, მაგრამ არ შეახსენა. ბევრი ისეირნეს ერთად და ბოლოს უთხრა, სახლში გაგაცილებო. ელენე შეეცადა, მარტო წასულიყო, მაგრამ ფარაჯანოვი არ მოეშვა. სახლში შესულებს გაშლილი სუფრა და მეგობრები დახვდნენ. ელენე ჯერ გაბრაზდა, მაგრამ მერე სუფრას რომ გადახედა, კარგ ხასიათზე დადგა.

ელენემ 50-იანელი ქართველი მხატვრები შემოიკრიბა, რომლებსაც თავის ბრიგადას უწოდებდა. ისინი მიკროავტობუსებით მთელ საქართველოში მოგზაურობდნენ და ულამაზეს პეიზაჟებს ხატავდნენ. სწორედ ამ ჯგუფმა იქონია დიდი გავლენა ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებაზე.

1975 წლის 28 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ელენეს ბრიგადის” წევრი მხატვარი ქალების გამოფენა მოეწყო. როდესაც ქალბატონი ელენე სცენაზე გავიდა სიტყვის წარმოსათქმელად, ხელი აუკანკალდა. მასთან მისი მეგობარი, ხელოვნებათმცოდნე ნათელა ურუშაძე მივიდა და ჰკითხა, რა დაგემართაო. მან კი უთხრა: “რა სირცხვილია, ამდენი ადამიანის თვალწინ…”. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, ინსულტი დაემართა და გაითიშა. საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 დღე ასე უგონოდ იყო, 30 დეკემბერს კი გარდაიცვალა.

ბოლო 15 წელია ელენე ახვლედიანის დაბადების დღეზე, 18 აპრილს, ერთი საოცრება ხდება. 15 წლის წინ სახლის უკანა აივანზე ქედანმა გაიკეთა ბუდე. მას მერე ყოველ 18 აპრილს მოფრინდება, ბარტყებს დაჩეკავს და ისევ მიფრინავს. თითქოს ამ დღეს თავის სახლში ელენეს სული ბრუნდება.

თეონა კენჭიაშვილი, სარკე

ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინა

 

ელენე ახვლედიანს შვილის დაკარგვის ტკივილი საყვარელმა საქმემ გადაატანინა