ვიქტორ სანიკიძე: “ჩემი და მაიას თაფლობისთვე ცოტა გაიწელა”

ვიქტორ სანიკიძე: "ჩემი და მაიას თაფლობისთვე ცოტა გაიწელა"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, მფრინავი ქართველის სახელით ცნობილმა მსუბუქმა ფორვარდმა, ვიქტორ სანიკიძემ, აქტიურ სპორტს ევრო 2017-ის დასრულების შემდეგ, 31 წლის ასაკში დაანება თავი. კარგი კალათბურთელისთვის 31 წელი ბევრი არ არის, ის შესანიშნავ ფორმაში იყო და ქართული კალათბურთის ქომაგებისთვის დიდი იმედი გახლდათ, ამიტომაც მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველას გული დასწყვიტა.

ამ პერიოდს დაემთხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვიქტორის ცხოვრებაში, ის მხატვარ მაია ბიწაძეზე დაქორწინდა. ვიქტორს, პირველ რიგში, ვკითხეთ, თუ როგორ მიდის მათი –  ხელოვანისა და სპორტსმენის, ოჯახური ცხოვრება.

– ვიქტორ, მოგვიყევით მეუღლეზე, თქვენი გაცნობის ისტორიაზე, სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი.

– ჩემი მეუღლე, მაია, პროფესიით მხატვარია. ის ცნობილი სპორტსმენის, კარატე კიუკუშინკაიში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ამირან ბიწაძის შვილია. ჰყავს უმცროსი ორი და და ერთი ძმა. სხვათა შორის, ჩემი ცოლისძმაც კალათბურთელია. იმერული გვარი კი აქვთ, მაგრამ სოხუმიდან არიან და გასაგები მიზეზების გამო ახლა რუსთავში ცხოვრობენ.

მაია რუსთავში, ჩემს მეგობარ კალათბურთელ ანატოლი ბოისასთან ერთ-ერთი სტუმრობის დროს გავიცანი. შეიძლება ითქვას, რომ ტოლიკამ ვალი გამისტუმრა, რადგან მომავალი მეუღლე მას მე გავაცანი.

– რამდენი ხანი გრძელდებოდა შეყვარებულობის პერიოდი?

– გაცნობიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ. წელიწადნახევრის წინ კი დავოჯახდით.

– რა გახდა თქვენი ერთმანეთთან იმდენად დაახლოების მიზეზი, რომ დაქორწინება გადაწყვიტეთ, ერთი ნახვით შეყვარება ხომ არა?

– ჩვენი დაქორწინების მიზეზი ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. თავიდან იყო მოწონება. გაცნობის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, უამრავ თემაზე ვსაუბრობდით. ჩვენი შეხედულებები თითქმის ყველაფერში დაემთხვა ერთმანეთს და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ შეუღლება.

– ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ოჯახის გარეთ სხვანაირად იქცევიან, თავის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებენ, ახლობლებთან კი სხვანაირები არიან. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, დაოჯახების შემდეგ ერთმანეთში რა აღმოჩენები გააკეთეთ?

– მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაქორწინების შემდეგ ერთმანეთი კიდევ უფრო შეგვიყვარდა.

– საოჯახო საქმეებში თუ ეხმარებით მეუღლეს?

– დიახ, ვეხმარები.

– ალბათ სამზარეულოშიც. ყველაზე მეტად რომელი კერძის გაკეთება გეხერხებათ?

– კერძების გაკეთება საერთოდ არ მეხერხება. აქტიურ სპორტში ყოფნის დროს, როდესაც მარტო ვცხოვრობდი, ოჯახში კერძი არასოდეს გამიკეთებია. თითქმის ყოველთვის რესტორანში მივდიოდი.

– აბა, რაში ეხმარებით მეუღლეს?

– ერთად დავდივართ მარკეტში. ასევე ვეხმარები ჭურჭლის რეცხვასა და სახლის დალაგებაში.

– თაფლობისთვე სად გაატარეთ?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თითქმის მთელი მსოფლიო შემოვიარეთ. გამიმართლა, რადგან მოგზაურობა მაიასაც უყვარს. აქტიურ სპორტში ყოფნის დროს, ანუ დაქორწინებამდეც ბევრს ვმოგზაურობდი, მაგრამ გართობისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად ცოტა დრო მქონდა. ძირითადად ვარჯიშითა და კალათბურთის თამაშით ვიყავი დაკავებული. ახლა სიტუაცია შეიცვალა, მეტი დრო მაქვს დასვენებისა და გართობისათვის.

– ყველაზე კარგი დრო რომელ ქვეყანაში გაატარეთ?

– ჩემ მიერ ნანახი ქვეყნებიდან ყველაზე უფრო იტალია მომწონს. ჩემი და ჩემი მეუღლის გემოვნება აქაც დაემთხვა ერთმანეთს – მაიასაც ყველაზე უფრო იტალია, განსაკუთრებით კი ვენეცია და ფლორენცია მოეწონა.

– ოჯახის მესამე წევრს ხომ არ ელოდებით?

– ჯერჯერობით – არა.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენი თაფლობისთვე ჯერაც არ დასრულებულა.

– მართალია, ცოტა გაიწელა, მაგრამ ასეა, ჩვენი თაფლობისთვე გრძელდება.

– მოულოდნელად წახვედით კალათბურთიდან. რა გახდა აქტიური სპორტიდან თქვენი წასვლის მიზეზი?

– საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის დროს მუხლის მყესი გამიწყდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიში განვაახლე, მაგრამ მუხლმა ისევ შემაწუხა. საექიმო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუხლის ხრტილები იმდენად მქონდა დაზიანებული, ოპერაცია მჭირდებოდა, თუ არა, კალათბურთისათვის თავი უნდა დამენებებინა.

გამოჯანმრთელების შანსი რადგან 30/70-ზე იყო, ოპერაციის გაკეთება აღარ გავრისკე და იძულებული გავხდი, აქტიური სპორტისათვის თავი დამენებებინა.

– 12-13 წლის ასაკში დაინტერესდით კალათბურთით. კალათბურთში ვარჯიშს თუ აპირებდით, ასე რატომ დააგვიანეთ?

– შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთში შემთხვევით მოვხვდი. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 4 წლით უფროსია, შემთხვევით, სიმაღლის გამო აიყვანეს კალათბურთში სავარჯიშოდ. ზურა ვარჯიშებზე დადიოდა, მე მარტო დავრჩი და მოვიწყინე, ამიტომ მშობლებს კატეგორიულად მოვთხოვე, ჩემს ძმასთან ერთად მევლო კალათბურთის სექციაზე.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კალათბურთში შემთხვევით მოხვედრილმა ძმებმა სანიკიძეებმა ბოლომდე ვუერთგულეთ სპორტის ამ სახეობას. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ზურა კალათბურთში დარჩა და ერთ-ერთი გუნდის დირექტორია.

– 2004 წელს, ნბა-ს დრაფტის დროს თქვენით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი “სან ანტონიო სპურსი” დაინტერესდა, მაგრამ ამ გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრაც კი ვერ ჩაატარეთ. რა იყო ამის მიზეზი?

– ნბა-ს დრაფტზე ფრანგულმა კლუბმა “დიჟონმა” წარმადგინა. ჩემით დაინტერესების შემდეგ “სან ანტონიოში” სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა ჩამიტარეს და აღმოჩნდა, რომ მუხლის ტრავმა მქონდა. უკან გამომიშვეს და მითხრეს, რომ მინიმუმი 3 თვე არ უნდა მეთამაშა.

კლუბში გამოცხადების შემდეგ “დიჟონის” ხელმძღვანელობამ ეს რჩევა არ გაითვალისწინა და ერთი კვირის შემდეგ ვარჯიში დამაწყებინა. სამწუხაროდ, 18 წლის გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი და დავთანხმდი.

– რომ თამაშობდით, ტრავმირებული მუხლი არ გაწუხებდათ?

– მაწუხებდა, მაგრამ გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ. საკალათბურთო სეზონის დასრულების შემდეგ “სან ანტონიოში” გამომიძახეს, სამედიცინო გამოკვლევა ჩამიტარეს და ძველი ტრავმა იმდენად გართულებული აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს.

– როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

– ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი გამოჯანმრთელებისათვის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ განვიკურნე.

– ამერიკელებმა კონტრაქტი ამის გამო არ გაგიფორმეს?

– “სან ანტონიოს” ხელმძღვანელობამ, ფორმის აღდგენის მიზნით, საზაფხულო ლიგაში თამაში შემომთავაზა. ერთი სეზონი ვითამაშე, მაგრამ არ მომეწონა, ევროპის გუნდებიც კარგ კონტრაქტებს მთავაზობდნენ და ბებერ კონტინენტზე დაბრუნება გადავწყვიტე.

– საზაფხულო ლიგაში მონაწილეობაზე რატომ თქვით უარი?

– რადგან ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, პასს არ იძლეოდნენ და ამიტომ აღარ ვითამაშე.

– თუ ტრავმირებული იყავით, როგორღა თამაშობდით?

– მთელი დატვირთვით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი, მაგრამ მუხლის ტრავმა თავს ყოველთვის მახსენებდა. საბოლოოდ, ტრავმა გახდა ჩემი სასპორტო კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზი.

აქვე მინდა, რჩევა მივცე ახალგაზრდა, დამწყებ კალათბურთელებს. პირველ რიგში, გაითვალისწინონ ექიმის რჩევა და მოუშუშებელი ტრავმის გამო კარიერას ნუ გაიფუჭებენ.

– თქვენს შემთხვევაში ვინ იყო დამნაშავე თქვენი სასპორტო კარიერის ნაადრევად დასრულებაში – მწვრთნელები თუ იღბალი?

– ორივე ერთად.

– იღბლის თუ გჯერათ?

– მჯერა, რომ იღბალი არსებობს. მართალია, სასპორტო კარიერა ნაადრევად დავასრულე, მაგრამ ჩემი იღბლით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. 15 წელი ვითამაშე პროფესიული კალათბურთი, თითქმის მთელი მსოფლიო შემოვიარე. ხომ შეიძლებოდა, სასპორტო კარიერა უფრო ადრე დამესრულებინა? ამიტომ არ ვარ უკმაყოფილო.

– რომელ გუნდს გამოარჩევდით, სადაც გითამაშიათ?

– იტალიის “ბოლონიას”, სადაც სამი სეზონი გავატარე და გუნდის ლიდერი ვიყავი.

– ნაკრებში თამაშის დროს ყველაზე კარგად ვისთან იყავით შეთამაშებული?

– გიორგი ცინცაძესთან, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას მიწევდა ბურთის კალათში ჩატენვის დროს.

– ყველაზე კარგი ურთიერთობაც ცინცაძესთან გქონდათ?

– ნაკრების ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც ასე გრძელდება.

– სად და როდის შეგარქვეს “მფრინავი ეარ ჯორჯია”?

– ვერ ვიხსენებ, სად და როდის, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს სახელი კალათში ბურთის ხშირი და ეფექტურად ჩატენვისთვის შემარქვეს. ჩატენვების კონკურსი რამდენჯერმე მაქვს მოგებული.

– სამომავლოდ რას აპირებთ?

– განათლებით იურისტი ვარ, მაგრამ არა მგონია, ამ პროფესიით ვიმუშაო. გადავწყვიტე, კალათბურთში დავრჩე, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა სტატუსი მექნება.

 როლანდ ლაბუჩიძე, სარკე