ოთარ გაბელიას ფეხბურთელობის გამო შეყვარებულის მშობლები იწუნებდნენ – “გენრიეტამ მითხრა, ახლავე დავიწეროთ ჯვარი, თორემ ეს აღარასოდეს მოხდებაო”

ოთარ გაბელიას ფეხბურთელობის გამო შეყვარებულის მშობლები იწუნებდნენ  - "გენრიეტამ მითხრა, ახლავე დავიწეროთ ჯვარი, თორემ ეს აღარასოდეს მოხდებაო"ოთარ გაბელია – ეს სახელი და გვარი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც საუკეთესო მეკარის სინონიმი. ის იმ ვარსკვლავური თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გულშემატკივრებს უამრავი სიხარული აჩუქა და ფაქტობრივად ქართული ფეხბურთის ლეგენდა შექმნა.

ოთარ გაბელიას ტიტულებიც ვარსკვლავური აქვს. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ყველაზე დიდ წარმატებას 1981 წელს მიაღწია, როდესაც თბილისის “დინამოსთან” ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.მწვანე მინდორზე აქტიური სპორტსმენის რანგში 20 წელი გაატარა. სპორტის დამსახურებული ოსტატია, დაჯილდოებულია ღირსებისა და სპორტის რაინდის ორდენებით.

თბილისის “დინამოს” გარდა, თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში”, ზუგდიდისა და სოხუმის “დინამოში”. იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ 23 წელი მწვრთნელი გახლდათ. ქართულ საკლუბო გუნდებთან ერთად საქართველოს 21 წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებსაც ავარჯიშებდა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის დირექტორია ზუგდიდში.

ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან აირჩია მეორე ნახევარი, რომელიც მისი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად იქცა. სამი ვაჟი გაზარდეს – გიორგი, ირაკლი და ვახტანგი. ოთხი შვილიშვილის ბედნიერი ბებია-ბაბუა არიან, რომელთაგან ერთი უმცროსი ოთარ გაბელიაა და ფეხბურთს თამაშობს! დიდი ფეხბურთი თუ ითამაშა, ხომ კარგი, თუ არა და, ჯანმრთელი მაინც იქნებაო, გვითხრა უფროსმა ოთარ გაბელიამ.

– ოთარ, ფეხბურთით დაინტერესებული ბავშვების უმეტესობა თავდამსხმელობაზე ოცნებობს. თქვენ რატომ აირჩიეთ მეკარეობა?

– თავიდან მეც თავდასხმაში ვთამაშობდი. კარში დგომა ძალიან იშვიათად მიწევდა. ეტყობა, მწვრთნელს მოვეწონე და ტყავის ბურთის პირველობაზე კარში ჩამაყენა. არ მინდოდა კარში დგომა, მაგრამ მწვრთნელმა მაინც თავისი გაიტანა. როდესაც პირველობის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე და მეკარედ დავრჩი.

– თამაშის დროს ყოველთვის ძალიან ემოციური იყავით. ხშირად უყვიროდით იმ მცველებს, რომლებიც შეცდომებს უშვებდნენ. ამდენს რატომ გითმენდნენ?

– წინასწარ იცოდნენ, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ჩემგან მკაცრ შენიშვნებს მიიღებდნენ და ამიტომ იძულებულები იყვნენ, მოეთმინათ.

– ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდ წარმატებას თქვენმა თაობამ ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით მიაღწია. რა იყო მისი პლუსი, სხვა მწვრთნელებისგან რითი განსხვავდებოდა?

– ბატონ ნოდარს ბევრი პლუსი ჰქონდა, მათ შორის აღსანიშნავია დისციპლინა. გუნდში დისციპლინა დაამყარა და შედეგიც მიიღო. მთავარი მწვრთნელის რანგში რომელ ტურნირშიც სცადა ბედი, თითქმის ყველა მოიგო.

– სახელმწიფომ რითი დაგიფასათ “დინამოს” მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება?

– თითოეულს მოგვცეს 600-600 ამერიკული დოლარი, სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება და ურიგოდ, თავის ფასში “ვოლგის” ყიდვის უფლება. შემდეგ ეს მანქანები თითქმის ყველამ გაყიდა, რადგან ნასესხები ფულით გვქონდა შეძენილი.

– “დინამოს” მოთამაშეებისათვის სხვა შეღავათები თუ იყო?

– რაიონიდან ჩამოსულებს ბინას გვაძლევდნენ, მაგრამ აქაც რიგი იდგა და დამსახურების მიხედვით არიგებდნენ. მაგალითად, მე ორი წელი ვცხოვრობდი “დინამოს” ბაზაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ბინა.

– ხელფასი რამდენი იყო “დინამოში”?

– მინიმუმი – 130 მანეთი, მაქსიმუმი – 250 მანეთი. 10 მანეთს – სპორტის ოსტატებს, ხოლო 20-ს – სპორტის დამსახურებულ ოსტატებს უმატებდნენ. თითოელი მატჩის მოგებისათვის 150-150 მანეთს გვაძლევდნენ პრემიის სახით.

– ფრეს შემთხვევაში?

– ხანდახან ფრეს დროსაც ვიღებდით პრემიას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუმრად ვთამაშობდით და ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით.

– მოდით, გაიხსენეთ ისტორია, როდესაც გორელმა ქალმა თქვენს სახელზე უფალს მამალი შესწირა.

– 1979 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის “დინამოს” ვხვდებოდით. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა პენალტების სერია. ერთი ბურთის სხვაობით დავწინაურდით. გადამწყვეტ პენალტს მოსკოველი ვალერი გაზაევი ასრულებდა.

ამ დროს თურმე გორში, ტელევიზორთან მჯდარი ქალბატონი, ჟენია გუგუშვილი, უფალს შეჰპირდა, თუ ამ პენალტს მოიგერიებს, მის სახელზე მამალს შევწირავო. მართლაც მოვიგერიე ბურთი და თასი მეორედ მოვიპოვეთ.

– თქვენ როგორ გაიგეთ ქალბატონი ჟენიას ამბავი?

– ეს ისტორია სპორტულ გაზეთ “ლელოში” დაიბეჭდა და ასე გავიგე. ამის შემდეგ ჩავედი გორში, გავიცანი ქალბატონი ჟენია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მეორე დედას ვეძახდი.

– ის როგორ იყო, მოედანზე შემოჭრილ ფოტოგრაფს წიხლით რომ გაუმასპინძლდით?

– საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ქალაქ ხარკოვში, ჩემი სიდედრის ქალაქში ვატარებდით, სადაც ადგილობრივ “მეტალისტს” ვხვდებოდით. ცუდად ვითამაშეთ და 0:3 წავაგეთ.

ძალიან გავბრაზდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი სიდედრი ტრიბუნაზე იჯდა და გვიყურებდა. მესამე გაშვებული ბურთის შემდეგ მოედანზე შემოვარდა მასპინძელთა ფოტოგრაფი და უცენზურო სიტყვებით მომმართა, თან ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა. გაბრაზებული გავეკიდე და უკანალში ისე ძლიერ ამოვარტყი წიხლი, რომ ჰაერში რამდენიმე მეტრი იფრინა და მინდორზე დაეცა.

ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ სხვა ფოტოგრაფმა ჩემი და მისი კოლეგის ამ სცენის გადაღება მოახერხა. მოგვიანებით ამ ფოტომ ერთ-ერთი კონკურსში გაიმარჯვა.

– ფოტოგრაფის გაპანღურებისათვის არ დაგსაჯეს?

– პირიქით, ფოტოგრაფი იყო დასასჯელი, რადგან მას არ ჰქონდა მოედანზე შემოსვლის უფლება.

– რადგან სიდედრი ახსენეთ, მეუღლეზეც მოგვიყევით. როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– მე და გენრიეტა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლაში პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ასე რომ, ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობ. სიყვარული ასე ავუხსენი: წერილი მივწერე და კალამი ვაჩუქე, რომელიც სკოლაში ახალი შემოღებული იყო. წერილის შესახებ სხვებმაც გაიგეს. სასწავლო ნაწილმა ჩემი მშობლები დაიბარა და მკაცრად დამსაჯეს.

– რას გერჩოდნენ, სიყვარულისთვის დაგსაჯეს?

– ასე გამოვიდა, სიყვარულის გამო დავისაჯე.

– წერილის ადრესატმა რა გადაწყვეტილება მიიღო?

– გენრიეტას გული ძნელი მოსაგები აღმოჩნდა. კარგად სწავლობდა და ყურადღებას არავის აქცევდა. ბოლომდე სწავლის ერთგული დარჩა, სკოლა მედალზე დაამთავრა და სწავლა მოსკოვში, პირველ სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა.

– ასეთ გოგონას თაყვანისმცემლებიც ეყოლებოდა.

– ჰყავდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით ყველა ჩამოვაშორე.

– გენრიეტა მოსკოვში სწავლობდა, ერთმანეთს როგორ ხვდებოდით?

– არდადეგებს საქართველოში ატარებდა და მაშინ ვხვდებოდით ერთმანეთს. გენრიეტას ნახვის შანსს არც მაშინ ვუშვებდი ხელიდან, როცა მოსკოვში გვიწევდა თამაში.

– მისი მშობლები მხარს უჭერდნენ თქვენს ურთიერთობას?

– წინააღმდეგები იყვნენ. არც ახლაა ცუდი, მაგრამ მაშინ ექიმობა ძალიან პრესტიჟული სპეციალობა იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ გენრიეტას მშობლებს ფეხბურთელზე უკეთესი სპეციალობის სასიძო სურდათ.

– თქვენი და თქვენი მეუღლის ამბავი ძალიან ჰგავს ცნობილი ქართული ფილმის “პირველი მერცხლის” პერსონაჟების ისტორიას, სადაც საფეხბურთო გუნდის მეკარეს სასიმამრო ფეხბურთელობის გამო იწუნებს. ფილმის პერსონაჟისგან განსხვავებით, თქვენი ამბავი კარგად გაგრძელდა. დაითანხმეთ შეყვარებულის მშობლები?

– ჩვენი ჯვრისწერა ქართული ტრადიციებისაგან განსხვავებული სცენარით დაიწყო. ერთ-ერთი არდადეგების დროს გენრიეტამ შემატყობინა, თუ გსურს, ახლავე დავიწეროთ ჯვარი, თუ არა და, ეს აღარასოდეს მოხდებაო. მეგობრების დახმარებით სწრაფად ვიშოვე მანქანა და აფხაზეთში, კონკრეტულად კი გალის რაიონში წავედით, სადაც ჩემი დედულეთია. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი მეუღლის მშობლებს განქორწინება გადაუწყვეტიათ და დედამისი, რომელიც წარმოშობით ხარკოვიდან იყო, მას უკრაინაში უპირებდა წაყვანას. გენრიეტამ ამიტომ დააჩქარა ქორწინება.

მისი მშობლები განქორწინდნენ. ჩემი სიმამრი მეორედ დაქორწინდა და ორი ბიჭი შეეძინა. რაც შეეხება სიდედრს, უკრაინაში წავიდა.

– თქვენი შვილებიდან მამის გზას არც ერთი გაჰყვა?

– სამივემ სცადა ბედი. მათგან ყველაზე კარგი შედეგი უფროსმა შვილმა, გიორგიმ, აჩვენა. თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და რამდენიმე შეხვედრა ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაატარა. ამჯერად ოჯახურ ტრადიციას 13 წლის შვილიშვილი, ოთარ გაბელია აგრძელებს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ბავშვთა გუნდში თავდამსხმელად თამაშობს.

– მეკარეობა რატომ არ ისურვა?

– უნდოდა, მაგრამ მე არ ვურჩიე. მეკარეობა ყველაზე უმადური და დაუფასებელია ფეხბურთში. ნათქვამია, კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო, მაგრამ მისი შრომა სათანადოდ მაინც არ ფასდება. ამიტომ ვურჩიე შვილიშვილს, რომ მეკარეობის ნაცვლად შემტევ ნახევარმცველად ეთამაშა. დიდი ფეხბურთი თუ ითამაშა, ხომ კარგი, თუ არა და, ჯანმრთელი მაინც იქნება.

– მეკარის შრომა რატომ არ ფასდება?

– თვითონაც არ ვიცი და რა გითხრათ. ფაქტია, რომ სატრანსფერო ბაზარზე სხვა მოთამაშეებთან (მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი) შედარებით, მეკარის ფასი ყველაზე დაბალია. არადა გუნდს მეკარის შეცდომა ყველაზე ძვირად უჯდება, რადგან უკან კარის ბადეა და მის შეცდომას ვეღარავინ გამოასწორებს.

– ქართული ფეხბურთის ახლანდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ, რატომ გაიწელა კრიზისი? სავალალო მდგომარეობაა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. არადა საუბარია იმ ქვეყნის ფეხბურთზე, რომელმაც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი აღუზარდა – მიხეილ მესხი, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი…

– თუ ინფრასტრუქტურა არ განვითარდა და ეროვნული ჩემპიონატის დონემ არ აიწია, არაფერი გამოვა.

 როლანდ ლაბუჩიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი