ელგა ფორჩხიძე: ,,ჯონი დეპი გაშეშებული იდგა და თვალს არ მაშორებდა”

ელგა ფორჩხიძე: ,,ჯონი დეპი გაშეშებული იდგა და თვალს არ მაშორებდა"მომღერალი ელგა ფორჩხიძე უკვე წლებია, პარიზის ძალიან ცნობილი, ისტორიული კაბარეს ვარსკვლავია, რომლის მოსასმენადაც ბევრი ადამიანი დადის. ცოტა ხნის წინ მათ კაბარეს ცნობილი კინოვარსკვლავი ჯონი დეპი ეწვია, რომელიც ელგას ნამღერით მოიხიბლა, მასთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ელგასთან არაერთი ფოტოც გადაიღო.

ელგა ფორჩხიძე: ჩვენი კაბარე პარიზში საკმაოდ ცნობილია, თან, ისე, ხალხიდან ხალხში რომ გადადის ხოლმე. 45 წელია, არსებობს როგორც კაბარე და 75 წელია, როგორც ჯაზ-კლუბი. განებივრებულები ვართ ვარსკვლავებით – მსახიობებით, წამყვანებით, სპორტსმენებით.

რაც შეეხება ჯონი დეპს, ის ერთი კვირის ჩამოსული იყო პარიზში, თავისი საქველმოქმედო ასოციაცია აქვს – დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, მათთან ხშირად მიდის „პირატის“ ფორმაში გამოწყობილი და ახარებს. არავინ ველოდებოდით – ჩვენს კაბარეში მისი მოსვლა არ იყო დაგეგმილი.

იმ ღამესაც დავიწყე სიმღერა, ჩემს ამპლუაში ვარ და მაგიდა, რომელზეც სცენის ბოლოს გავდივართ ხოლმე, ცოტა ჩაბნელებულია და დგას ვიღაც ცილინდრით, რომელიც მიყურებს. გავიფიქრე: ვიღაცას ძალიან მაგრად უნდა, რომ ჯონი დეპს ჰგავდეს-მეთქი.

ისედაც არ მაწუხებს კომპლექსები, მაგრამ როცა სცენაზე ვარ, საერთოდ არ მაქვს. ის არ მაშორებს თვალს და არც მე ვაშორებ. ვიცი, არ არის ჯონი დეპი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიღაცას ძალიან მოვწონვარ, ამომირჩია, პირდაპირ ხაზზე ვართ. იმდენად მაგნიტური მზერა აქვს, რომ გულგრილს ვერ დაგტოვებს. მოკლედ, დგას გაშეშებული და მიყურებს. ეს მსახიობს ძალიან სიამოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ბევრი სევდა და ტკივილი მაქვს, ვცდილობ, ეს სხვებს არ გადავცე. ამიტომ მუდმივად პოზიტივს გავცემ და შემდეგ ვიღებ კიდეც. რომ დავუბრუნდეთ თემას, დავასრულე სიმღერა, სცენაზე ამოვიდნენ სხვა მომღერლებიც, ჯგუფური სიმღერა დავიწყეთ და ვამჩნევ, როგორ ცქმუტავენ. ერთი მეუბნება: ელგა, აქ ჯონი დეპიაო. არ დავიჯერე, ვიღაც ძალიან მაგრად ჰგავს-მეთქი. ბოლოს მივხვდი, მართლაც ის იყო.

ვგრძნობდი, რომ შიგნით ჩუმი ისტერიკა მემართებოდა. თან, რომ დავაფიქსირე, იმის გააზრება, ვინც ამდენი ხანი თვალს არ მაშორებდა და ჩემი მთელი კონცერტი ნახა, ჯონი დეპია, ძალიან გამიჭირდა. გავიარე ხალხის რიგი, მივედი მაგიდის ბოლოს, გავუსწორდი ჯონი დეპს, გვერდულად გამომხედა – საკონტროლო გასროლა გააკეთა, თავი დამიკრა, გამიღიმა, ტაში დამიკრა.

გავედი და ვფიქრობ: ელგა, ახლა ის მომენტია, უნდა დაივიწყო რომ ელგა ხარ, კაბარეს ვარსკვლავი, ჯონი დეპი აქედან ისე არ უნდა გავიდეს, რომ არ დაელაპარაკო. თან, არ მინდოდა, რომ შემეწუხებინა. კაბარეს ქვემოთ გვაქვს გოგონების გასახდელი და პლუს დარბაზი, სადაც ჩვენი მუსიკოსები სიგარეტს ეწევიან, ყავას სვამენ. ჯონი ჩემს ერთ-ერთ დაცვასთან ერთად გამოვიდა და ჩავიდა ამ დარბაზში, როგორც ჩანს, სიგარეტის მოწევა უნდოდა. ვიფიქრე: მიდი, ელგა, ეს ის მომენტია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ჩავედი მეორე შესავლელიდან, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმექცია. მისკენ არც გამიხედავს, წყალი ავავსე.

– მგონი, ცოტა ქართულად მოიქეცი.

– კი, ცოტა ქართულად მოვიქეცი, არ მინდოდა, პირდაპირ მივსულიყავი. ქართული სიდარბაისლე გამომადგა და გაჭრა კიდეც. არ მინდოდა, პირველი ნაბიჯი მე გადამედგა – ამაზე კარგად ვიცინე. რა დროს ეგ იყო, უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო. ასეც მოვიქცეოდი. მთავარია, მშვენიერი სიტუაცია შეიქმნა: მე, დაცვა, ჯონი და ერთი მუსიკოსი.

ამ დროს ჩემმა დაცვამ დამიძახა: ელგა, მოდი ჩვენთანო. როგორც კი შევტრიალდი, მაშინვე წამოდგა ფეხზე. კარგად აღზრდილია, ჯენტლმენი, თავაზიანი, ნაზი. ქალს დიდ პატივს რომ სცემს. როგორც კი მივუახლოვდი, მომესალმა, ჩემი ხელი აიღო, მეამბორა და ჩამეხუტა.

ვუთხარი: დიდი პატივია, რომ აქ ხართ, მადლობა-მეთქი. ეს ჩემთვის არის დიდი პატივი, რომ თქვენთან ერთად ვარ. ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა, გილოცავთ, განსაკუთრებული ხმა გაქვთო. ამ დროს დაცვა გვეუბნება: არ გინდათ, ფოტო გადაგიღოთ. არ მინდა შევაწუხო-მეთქი და რა შეწუხებააო, – მეუბნება ჯონი.

მანამდე ვიცოდი, რომ დაცვა გააფრთხილა, ფოტო არ გადამიღოთო. მაშინ სელფი გადავიღოთ-მეთქი. დავდექი და უცებ ვგრძნობ, როგორ მომეხვია და მინდა, ეს წამი გაიყინოს, არასდროს დასრულდეს. შემდეგ დაცვამ გამომართვა ტელეფონი და დაიწყო ფოტოების გადაღება, ხან წელზე მომხვია ხელი, ხან ხელი ხელზე მომკიდა, მზერას ცვლიდა – კარგად მეარტისტა, მემაიმუნა. გამოხედვა აქვს ისეთი, ორ წუთში ხარ მონუსხული, თან დაბალი ტემბრით საუბრობს. დავსხედით, გავისაუბრეთ: ძალიან მომწონს აქაურობა, განსხვავებული ადგილიაო.

მუდმივად აფიქსირებდა იმას, რომ მისთვის პატივი იყო აქ ყოფნა და ასეთი რანგის მუსიკოსების მოსმენა. ძალიან თავშეკავებული, თავმდაბალი ადამიანია. სანამ არ ვუთხარი: დავსხდეთ-მეთქი, მანამადე არ ჯდებოდა. სიგარეტის მოწევაც უნდოდა, მაგრამ სანამ იქ ვიყავი და ვსაუბრობდით, არც მოუწევია და არც დაულევია. ისიც მკითხა: საიდან ხართო. საქართველოდან-მეთქი და უცებ რუსეთი ახსენა. არ მესიამოვნა, შევუსწორე და მეუბნება: არა მე ამის თქმა არ მინდოდა, უნდა მეთქვა, „რაშასთან“ ახლოს რომ არის ტერიტორიულადო.

თბილისი კარგად იცოდა. განათლებული ადამიანია და როგორც ჩანს, ბევრი რამ იცის. ვუთხარი: პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს გვესტუმრებით-მეთქი. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია, დიდი მადლობა გაცნობისთვისო. დაცვამ უთხრა ჩემზე: ეს ჩვენი დიდი ვარსკვლავია საქართველოდანო. ვხედავო, – ასეთი იყო ჯონის პასუხი.

– როგორ დაემშვიდობეთ ერთმანეთს?

– მაშინ არ დავმშვიდობებივართ. სამ საათზე მეტი იყო ჩვენს კაბარეში, სხვაგან ნახევარ საათზე მეტ ხანს არ ჩერდება. კარგად დაისვენა, გაერთო. ერთი მექსიკელი მუსიკოსი გვყავს, გიტარაზე უკრავდა გასახდელში და ჯონისაც შესთავაზა, ხომ არ გინდათ, ჩვენთან ერთად დაუკრათო. ის არა მხოლოდ კარგი მსახიობია, არამედ კარგი მუსიკოსიც არის და ხშირად გამოდის ცნობილ როკ-ჯგუფთან ერთად.

ავიდა სცენაზე და ბლუზის დაკვრა დაიწყო – უცებ აინთო ყველას აპარატი. მომღერლებიც ავედით სცენაზე და წავიდა სრული იმპროვიზაცია. ჩვენს რეპერტუარს ვმღეროდით და ის აკომპანირებას გვიწევდა. 45 წუთი იდგა სცენაზე და კონცერტი ჩვენთან ერთად ჩაატარა. სცენიდან რომ ჩამოვიდა, წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, კარგად დაიღლა. რომ მიდიოდა, რამდენიმე ადამიანს დაგვემშვიდობა: მენეჯერს, ერთ მუსიკოსს, დაცვას და მე. თან, როგორ, ჩამეხუტა: ძალიან ნასიამოვნები მივდივარ და ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად დაკვრა.

ალია