ეკა ნიჟარაძე რეზო თაბუკაშვილთან ერთად სოფელში ცხოვრებას აპირებს – “უფრო მშვიდად ვიქნებით, ის დაწერს, მე ვიმუშავებ”

ეკა ნიჟარაძე რეზო თაბუკაშვილთან ერთად სოფელში ცხოვრებას აპირებს - "უფრო მშვიდად ვიქნებით, ის დაწერს, მე ვიმუშავებ"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე სოფლის ცხოვრების პერიპეტიებში ჩაერთო. ამჟამად როლებზე მეტად ყურძნის მოსავლით არის დაინტერესებული. მსახიობი თბილისში დაკარგული სიმშვიდის პოვნას კახეთში, სოფელ ართანაში ცდილობს კავკასიონის ხედების ყურებით. როგორ ებრძვის ის საკუთარ “გაფრენებს”, რატომ უნდა თბილისიდან გაქცევა და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

– როდის მოასწარით ამდენი, გავიგე, კახეთში მიწებიც დაგიმუშავებიათ.

– ვასწრებ შუალედებში. მიწაზე ჯერ ისე ვერ ვმუშაობ, როგორც მინდა. თუმცა, როგორც კი მომენტი გამომიჩნდება, კახეთში მივქრივარ. სამწუხაროდ, სახლი, რომელიც იქ შევიძინე, არ არის კეთილმოწყობილი, ძველია. მინდა, დავანგრიო და ახალი ავაშენო, მაგრამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება. ბანკმა უარი მითხრა კრედიტზე, რითიც ძალიან გამანაწყენეს. თქვეს, რომ ჩემი ხელფასი არ არის საკმარისი კრედიტის გამოსატანად. არადა კეთილსინდისიერი გადამხდელი ვარ. უკვე მაქვს ერთი კრედიტი და წლებია, პატიოსნად ვფარავ.

– კახეთი რატომ აირჩიეთ?

– მიყვარს. ან შეიძლება კახეთი არ გიყვარდეს? სხვათა შორის, ვისგანაც სახლი ვიყიდე, ის ქალიც იმერელია ჩემსავით. როცა ვიფორმებდი, სახლის მეპატრონის ძმაც ესწრებოდა და იხუმრა, ნახეთ ორი იმერელი ქალი, ერთი ყიდის და მეორე ყიდულობს კახეთის მიწასო. სულ ვამბობ, ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველგან მექნებოდა სახლი – იმერეთშიც, მთაშიც, ზღვაზეც და ვიქნებოდი მიწათმფლობელი.

– სამეზობლო უკვე გაიცანით?

– კი. რომ ჩავდივარ, არის გადაძახილ-გადმოძახილები: “ეკა, ჩამოხვედი? როგორ ხარ?”. არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.

– ხალათით ყავის დასალევად სიარულიც დაიწყეთ თუ იქ მხოლოდ ღვინის დასაგემოვნებლად დადიან?

– რასაკვირველია, ყავის დასალევადაც დავდივართ მეზობლებთან და ღვინისაც. ჩემთან ჯერ სამზარეულოც კი სახელდახელოდ არის მოწყობილი და, სამწუხაროდ, ვერავის ვეპატიჟები. ისე, ღუმელი უკვე მაქვს. ზამთრისთვის შეშაც მოვიმარაგეთ. დიდი სვანური ღუმელი დაგვხვდა, როცა აცივდება, შეშას შევყრით და ავაგუგუნებთ. დიდი ეზო გვაქვს – მწვანე, ლამაზი, იქ სულ ბოსტანი უნდა გავაშენო. წელს უკვე მოვიყვანე პომიდორი, ყაბაყი, ცუკინი. ძალიან მოსავლიანი მიწაა, ერთიორად ხარობს ყველაფერი, ვიდრე სხვაგან. სოფელიც ძალიან ლამაზია, კავკასიონის ძირში.

– თქვენი მეუღლე, მწერალი რეზო თაბუკაშვილი როგორ შეხვდა სოფლის მეურნეობის დაწყების იდეას?

– მოსწონს, გიჟდება, ისეთი ვენახი გვაქვს. ჯერ რქაწითელი ჩავყარეთ და ვგეგმავთ, სხვა ჯიშიც გავაშენოთ. პატარა რთველიც გვქონდა, ოცი ყუთი ყურძენი დავკრიფეთ. რეზოს მოსწონს ეს სიტუაცია. როცა სახლიც ნორმალური გვექნება, უფრო მშვიდად ვიქნებით, ის დაწერს, მე ვიმუშავებ. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს.

– ეს ახალი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?

– დიდი ხანია ამის სურვილი მქონდა. ახლა გამოგვიჩნდა ფინანსურად რაღაც მცირედი და ვიყიდეთ. ისე, თბილისში ყოფნა უკვე გაუსაძლისია, საშინელება ხდება. ელემენტარულად ქუჩაში ვერ გადაადგილდები ვერც მანქანით, ვერც ველოსიპედით, ვერც საბავშვო ეტლით. ვითომ არავინ მუშაობს, სად მიდის და მოდის ეს ხალხი, ვერ გავიგე. გარდა ამისა, ჰაერი დაბინძურებულია, ყოველ ნაბიჯზე სტრესული გარემოა. რეზოც მეთანხმება ამაში.

– ანუ მთელი ცხოვრება სოფელში გინდათ, გაატაროთ?

– რეზოც მეკითხება ხოლმე იმავეს და ჩემი პასუხია, რატომაც არა-მეთქი. ხალხი უკვე მარსზე ყიდულობს ნაკვეთებს, ეს სოფელი კი თბილისიდან საათნახევრის სავალზეა. სიმწვანე, სიმშვიდე, ჰაერი… ყველაფერი იდეალურია. იქ ღამე ოთხი საათიც რომ მეძინოს, დასვენებული ვდგები.

– ეს არსებული რეალობიდან გაქცევის მცდელობა ხომ არ არის?

– არა. საკმაოდ ძლიერი ვარ. ჩემი გაფრენები და შფოთვები მეც მაქვს, მაგრამ არავის ვაწუხებ. ასეთ დროს მირჩევნია, სახლში ვიყო, ჩემს ოთახში შევიკეტო ოჯახის წევრებისგან და რეზოსგანაც განმარტოებით და შფოთვები მარტომ გადავიტანო. რეზო პირიქითაა, უფრო აქტიურად გამოხატავს პროტესტს, ლაპარაკობს, რაზეც გაღიზიანდა.

– დიდი ოჯახი გაქვთ – თქვენ და რეზო, შვილები, შვილიშვილები… არ არის ხოლმე დაძაბულობა?

– იმდენი წელია, მე და რეზო ერთად ვართ, ის უცხო აღარავისთვის არის. მასაც ჰყავს ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. ერთმანეთთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. რაც ყველაზე მეტად მიხარია, ჩემს შვილებსაც არაჩვეულებრივი დაძმობა აქვთ. არ ასხვავებენ ერთმანეთს. კლდესავით უდგანან გვერდში, რომელსაც დასჭირდება. მე და ჩემი ძმა დღემდე ვჩხუბობთ. ერთხელ ისე გადავრიე, დანით დამჭრა, თავიც მაქვს გატეხილი. ძველი იარები დღემდე მაქვს შემორჩენილი სახეზეც, თავზეც. ბუნებრივია, რაც გავიზარდეთ, ფიზიკურად აღარ ვეხებით ერთმანეთს, მაგრამ სულ კონფლიქტი გვაქვს, არადა სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი.

– როგორც ამბობენ, თქვენი ვაჟიშვილი, ჯიჯი და მოდელი მარიტა ჯანაშია (მსახიობ მარი ჯანაშიას შვილიშვილი) დაქორწინებას გეგმავენ და კიდევ გაიზრდება ოჯახი.

– სამწუხაროდ, ჯერ ქორწილზე არაფერს ამბობენ. ხუთი წელია ბავშვები ერთად არიან. ფაქტობრივად მარიტა ჩვენი ოჯახის წევრია, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობენ. უნდათ, ფეხზე მყარად დადგნენ და ცალკე ცხოვრება შეძლონ. მე კი მინდა, ყველანი ჩემთან იყვნენ, მაგრამ ბავშვებმა ისე უნდა გადაწყვიტონ, როგორც მათთვის იქნება უკეთესი.

– თეატრში რა ხდება, ახალ როლზე ხომ არ მუშაობთ?

– ახლა რეპეტიციები მაქვს, ძველი სპექტაკლის აღდგენაა “ინსპექტორი მოვიდა”. ამ სპექტაკლს “თეატრალურ სარდაფში” ვთამაშობდით და რომ დაიხურა, მარჯანიშვილში გადმოვიტანეთ. ჯერჯერობით სხვა სიახლე არაფერია.

– თავის მოვლას დიდ დროს უთმობთ?

– გრძელმა თმამ დამღალა და შევიჭერი. ასეთი ვარცხნილობა წლების წინ მქონდა, მაგრამ ახლა სხვა ასაკში ვარ და ცოტა ვღელავდი, მომიხდებოდა თუ არა. ზოგადად თავის მოვლისთვის ბევრს არაფერს ვაკეთებ. პლასტიკური ოპერაციებისა და ისტერიკული ჩარევების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ცოტა შეშხაპუნება, ვთქვათ, ვიტამინების, წლების მატებასთან ერთად ალბათ საჭიროა.

– დაბოლოს, თქვენი ნებართვით სათუთ თემას შევეხები. საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს, ყველაფერი უკან დარჩა?

– ყველაფერი კარგადაა. თავს კარგად ვგრძნობ, პრობლემები არ მაქვს. რა იქნება მომავალში, წინასწარ არავინ იცის და რატომ ვინერვიულო ზედმეტად.

 ხათუნა მაღრაძე, სარკე