თამარ ორაგველიძე: “ზუზუ მსაყვედურობდა, ჩემ გვერდით არ ხარო” – მსახიობის ცოლი დიდ სიყვარულსა და ტრაგედიაზე

თამარ ორაგველიძე: "ზუზუ მსაყვედურობდა, ჩემ გვერდით არ ხარო" - მსახიობის ცოლი დიდ სიყვარულსა და ტრაგედიაზემსახიობმა ზუზუ ბეჟაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ცოლი შეირთო. მან და თამარ ორაგველიძემ ერთმანეთი 2 წლის წინ გაიცნეს. თამარი მაშინ თურქეთში მუშაობდა. დაქორწინებას ხელი არ შეუშლია, ისევ სამსახურს დაბრუნებოდა, მალე ზაზაც აპირებდა თურქეთში მასთან წასვლას, მაგრამ…

– დაახლოებით 2 წლის წინ საერთო მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი. ამის მერე ვმეგობრობდით, – გვიამბობს თამარ ორაგველიძე, – მე სტამბულში ვცხოვრობ და ინტერნეტის საშუალებით მუდამ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. როცა ჩამოვდიოდი, ვხვდებოდით და ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. რომ გითხრათ, დავინახე და შემიყვარდა ან დამინახა და შევუყვარდი-მეთქი, ასე არ ყოფილა. იმდენად კარგი მეგობრები ვიყავით, ჩემს პირადსაც ვუყვებოდი.

მერე მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო. ჩემს თავშიც დავიჭირე ეს მომენტი და მისგანაც ვიგრძენი… უცებ დაიწყო, იცით, როგორი შეგრძნება? ტელეფონს რომ დახედავ, სულ რომ ელოდები და ფიქრობ, ზარი არ გამოგრჩეს.

მერე ორივე კარგად ვგრძნობდით ერთად თავს და გრძნობაც იყო. გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა. ჩემი მორიგი ჩამოსვლა იყო საქართველოში და მითხრა, მოდი, ბარემ მოვაწეროთ ხელიო. მე ცოტა ოფიციალურად მინდოდა – მეგობრებთან ერთად, სუფრა, მაგრამ, რადგან მას ასე სურდა… თითქოს ჩქარობდა და მოსწრება უნდოდა. მეც აღარ გავუძალიანდი, კარგი, მოვაწეროთ-მეთქი. უცებ მოვნახეთ მეჯვარეები და წავედით საჯარო რეესტრში.

დილა იყო. ხელი მოვაწერეთ და მე ჩემს საქმეზე წავედი. სუფრა არ გვქონია. ამ შემოდგომაზე ჯვრისწერა და პატარა ქორწილის გადახდა გვინდოდა, მაგრამ ასე ცუდად დასრულდა ყველაფერი.

– ერთ ინტერვიუში ამბობს, იუსტიციის სახლი დავიმხეთ ამ დღეს თავზეო.

– როგორც ცნობილმა სახემ, ყველას ყურადღება მიიქცია. ყველა იღიმოდა და უხაროდათ. თან ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ გაგვიხმაურებია. ხალხი ისე გრძნობდა თავს, თითქოს შოუში იყო.

– მთვრალი ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთო, თქვა.

– წინა დღეს დალია და იმ დღეს იუსტიციის სახლთან ლუდის ბოთლით ხელში დამხვდა. მითხრა, ყვავილების მაგივრად ლუდი ვიყიდეო. იცოდა, მოწყვეტილი ყვავილები რომ არ მსიამოვნებდა, ქოთნის ყვავილები რომ უფრო მიყვარდა და ქოთნით ხომ არ მოვიდოდა?! ჰოდა, ლუდი იყიდა.

იმდენად დაუგეგმავი იყო ეს ხელის მოწერა, რომ… შავი სამოსი მეცვა მაგ დღეს. არადა მაინცდამაინც არ ვარ შავის მომხმარებელი, ფერადი ტანსაცმელი მიყვარს. 2-3 კვირა რომ გავიდა და ფოტოებს ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, შავი რატომ ჩავიცვი-მეთქი. აღარ მესიამოვნა, შავი რომ მეცვა.

იმ დღეებში ძმისშვილი მყავდა ცუდად და ექიმებში დავდიოდით, არ ვიცოდით, რა სჭირდა. დილით რომ მითხრა, უკვე ღიაა იუსტიციის სახლიო, სწრაფად ჩავიცვი. კი გავიფიქრე, რა ჩაშავებული ვარ-მეთქი და ყვითელი შარფი მოვიგდე, სულ შავებში რომ არ ვყოფილიყავი. მერე ამას სულ განვიცდიდი და ჩემს თავზე ვბრაზდებოდი.

– ეს წინათგრძნობა იყო?

– იცით, რა მჭირდა? როგორც კი თვალს ვახელდი, ვნახულობდი, მესინჯერში თუ ენთო მწვანედ ზუზუ. თუ ენთო, ვმშვიდდებოდი. თუ არ ჩანდა, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, რაღაც მაწუხებდა. ასეთ საშინელებას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ რაღაცნაირად გული მტკიოდა ხოლმე. დეპრესიაც მქონია და სხვა უამრავი პრობლემა, რადგან რთულია, შენს ქვეყანას მოსწყდე და ამხელა სტამბულში დაიმკვიდრო თავი, მაგრამ ჩემს გოგოებს ვეუბნებოდი, რაღაც სხვანაირად მტკივა-მეთქი.

ბოლო დღესაც ვილაპარაკეთ. ინტერნეტი სულ ჩართული მქონდა, რადგან შეიძლებოდა ღამის 3 საათზე დაერეკა და გველაპარაკა. რატომღაც იმ საღამოს გავთიშე. დილით რომ გავიღვიძე, სამძიმრის ესემესები დამხვდა… გადმოცემა არ შემიძლია, ეს იმხელა შოკი იყო.

– ბოლო დღეს რაზე ისაუბრეთ?

– ოჯახურ ამბებზე. დედამისი ოპერაციისთვის ემზადება. თვალზე ერთი ოპერაცია გაიკეთა, მეორე სჭირდება და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რიგია და არ ვიცი, როდის მოუწევსო. ოპერაციის მერე უნდა ჩამოსულიყო ჩემთან.

– ზუზუ გარეშე თვალისთვის მუდამ მხიარული ჩანდა. ცხოვრებაშიც ასეთი იყო?

– იუმორით იყო სავსე და ჩემშიც ეს მოსწონდა. მეუბნებოდა, კარგი იუმორი გაქვს და შენთან თავს კარგად ვგრძნობო. შეგვეძლო, საათობით გველაპარაკა. ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭი იყო. იუმორს არასოდეს კარგავდა, მაგრამ ეკრანზე რომ ჩანდა, ისეთი მხიარული არ იყო ცხოვრებაში, ბევრად სერიოზული გახლდათ. პასუხისმგებლობის ძალიან დიდი გრძნობა ჰქონდა. პირად ურთიერთობაში, სახლში სულ სხვა ზაზა იყო, ვიდრე გარეთ და ეკრანზე ჩანდა. თუ რამეს ვაკეთებდი, მომეხმარებოდა. მივლიდა, თუ ცუდად ვიყავი.

– სულ შაკიკი აქვს და ღამის კლუბებში არ დამყვებაო, თქვენზე ჩიოდა.

– დიახ, შაკიკი მაქვს საკმაოდ რთულ ფორმებში და ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ამ დროს პატარა ბავშვივით მეფერებოდა, სადილს მიმზადებდა და სულ ცდილობდა, ესიამოვნებინა ჩემთვის.

მე არ მიყვარს ღამის ცხოვრება. იშვიათად, ზაზას ხათრით თუ წავიდოდი და მალევე გამოვრბოდი. მას უყვარდა ღამის ცხოვრება. მეც არ მქონდა გართულება, რომელ საათზე მოვიდოდა სახლში. ზუზუ უნდა გაგეცნო კარგად და მიგეღო ისეთი, როგორიც იყო. თუ კარგად გაიცნობდი, მასთან ურთიერთობა რთული აღარ იყო.

არასოდეს შემიზღუდავს. მე ცოლი ვარ და არ მსიამოვნებს, ღამის 2 საათზე რომ მოდიხარ-მეთქი, არ მითქვამს. დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა და არ იქნებოდა ლამაზი, რამე დამეშალა. მე ვიცოდი ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში. ვენდობოდი და არც უაზრო ეჭვიანობა დამიწყია.

– ერთმანეთისგან შორს ყოფნა ურთიერთობაში ხელს არ გიშლიდათ?

– ჩვენი სიყვარული ძალიან ლამაზი იყო და კარგად ვგრძნობდი თავს მის გვერდით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ეს სიშორე ძალიან ცუდი იყო. ყველაზე მეტად იმ დაკარგულ დღეებსა და დროს ვნანობ, როცა მის გვერდით არ ვიყავი.

კამერას ჩავრთავდი ხოლმე თურქეთიდან და ვიტყოდით, მოდი, ყავა დავლიოთ-მეთქი. ის აქ იდუღებდა ყავას, მე იქ. ვსვამდით და თან ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ვხუმრობდით, სამომავლო გეგმებს ვაწყობდით. მიყვებოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. არც ის იყო ეჭვიანი, მაგრამ მესაკუთრე იყო. მესაკუთრე მეც კი ვარ. რამდენჯერმე კი მისაყვედურა, მანდ ხარ და არა ჩემ გვერდითო.

პერიოდულად ჩამოვდიოდი. იქ რომ სამსახური მიმეტოვებინა, საქართველოში სამსახურის შოვნა არ არის ადვილი, თორემ ერთი დღე არ გავჩერდებოდი. ზუზუს კი თავისი საქმე იმდენად უყვარდა, მე ვერ დავაძალებდი, მიატოვე ყველაფერი და წამოდი-მეთქი. სულ ჰქონდა იმედი, რომ რაღაც გამოჩნდებოდა.

ბოლოს დიდი პაუზა ჰქონდა შემოქმედებაში და ამას ძალიან განიცდიდა. იმედს არ კარგავდა, ვიცი, ჩემი ფილმი მალე გამოჩნდება და საოცრებას მოვახდენო, ამბობდა. შემოდგომაზე ჩემთან აპირებდა ჩამოსვლას ალბათ 10 დღით. მერე ალბათ მეც ჩამოვიდოდი.

– კანადაში გვინდა წასვლაო, ამბობდა.

– კი, ვგეგმავდით კანადაში წასვლას და გარკვეული კავშირებიც გვქონდა. მე სამსახურს მპირდებოდნენ იქ და ზუზუს სურვილი იყო, დროებით წამოსულიყო. ახლა აღარაფერი მინდა. კანადაში ერთად წასვლა ორივეს იმიტომ უფრო გვინდოდა, რომ ბინის პრობლემა მოგვეგვარებინა. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ალბათ აღარც თურქეთში გავჩერდებოდი.

ქირის გადახდის გარდა, კიდევ უამრავი რამ გინდა ადამიანს, რაც საქართველოში პრობლემაა. ზუზუ სხვაგან დიდხანს გამჩერებელი რომ არ იყო, ზუსტად ვიცოდი. გვინდოდა, ერთად გვემუშავა ცოტა ხანს კანადაში და ასე უფრო შევძლებდით სახლის პრობლემის მოგვარებას.

თურქეთში ნაცნობი მყავს, რომელიც მეუბნებოდა, აქ იქნებ თავის სფეროში ჩავრთოთო. მისი სიმღერების, როლების ნაკრები ავაწყვე და, რომ ჩამოვიდოდა, მისვლას ვაპირებდით კინოსტუდიაში. იმუშავებდა თუ არა, არავინ იცის, რადგან ამ სფეროში მოხვედრა ადვილი არ არის. თან ზუზუმ ენა არ იცოდა. ყველაზე მეტად დედის დატოვება უჭირდა და მეც არ ვაძალებდი, რადგან ვიცოდი, მისთვის დედა რამდენად მნიშვნელოვანი იყო.

– დიდი ხანია, რაც თურქეთში ხართ?

– 7 წელია. წლების განმავლობაში ძიძად ვმუშაობდი. მერე ენას სწავლობ, მუშაობის უფლებას იღებ და ასე, ეტაპობრივად აღწევ რაღაცას.

– გავრცელებული ინფორმაციით, ზუზუ ნარკოტიკებმა იმსხვერპლა. თქვენ რას გვეტყვით მისი ცხოვრების წესზე?

– არ ვეთანხმები ამ ვერსიას.

– დამამშვიდებლებს სვამდაო…

– კი, დამამშვიდებელ წამლებს სვამდა. დღეს, მგონი, ყოველი მეორე დეპრესიულ მდგომარეობაშია, ამ ცხოვრებიდან გამომდინარე. მეც მქონდა პრობლემები, როცა საქართველოდან წავედი და რაღაც პერიოდი მეც ვსვამდი დამამშვიდებელ წამლებს. ვინც იცის, მიმიხვდება, რას ნიშნავს, მარტო წახვიდე უცხო ქვეყანაში. ზუზუ უმუშევრობას განიცდიდა და ამის გამო იღებდა ასეთ წამლებს, მაგრამ ნარკოტიკებთან კავშირი არ ჰქონია.

– რა შეიძლებოდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი?

– ალბათ გული. მამამისიც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის პრობლემით. ალბათ ვერც ზუზუს გულმა გაუძლო.

– ჰქონდა გულის პრობლემები?

– ვერ გეტყვით, ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რომ გული აწუხებდა. შეიძლება ჰქონდა და არ ვიცოდით ან ეს ამბავი დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტის უკუჩვენების ბრალია.

– ვინ არის ის მეგობარი, რომელთანაც ზუზუ სიკვდილის წინ იმყოფებოდა დოლიძის ქუჩაზე?

– ვერ გეტყვით. ვიცოდი, მისი რომელი მეგობარი სად ცხოვრობდა, მაგრამ არასოდეს უხსენებია, რომ დოლიძის ქუჩაზე ვინმე მეგობარი ჰყავდა. არც ზუზუს რომელიმე მეგობარმა იცის ამის შესახებ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავებიც არაფერს გვეუბნებიან.

 რუსუდან ადვაძე, სარკე