თბილისის მერის, კახა კალაძის სიდედრი ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ჭუმბურიძე გახლავთ. ქალიშვილზე, დიზაინერ ანუკი არეშიძესა და ოჯახურ ურთიერთობებზე მან ,,გზასთან” ისაუბრა:
-ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი, ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი… ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, – როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო…
ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს… როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ ,,გამომდის” გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი-მეთქი.
…
-ამას წინათ ერთ ღონისძიებაზე, სადაც როგორც წარმატებული ქალი, ისე დაგაჯილდოვეს, წამყვანის წარდგენის შემდეგ თქვენ განაცხადეთ: მე კი არ ვარ კალაძის სიდედრი, ის არის ჩემი სიძეო.
– უხერხულობა შემიქმნა საქვეყნოდ იმის განცხადებამ, რომ მე ვიყავი კალაძის სიდედრი. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანს ამშვენებდეს, ეს თავმდაბლობაა, არ მიყვარს სახალხოდ რამით ტრაბახი. ასეთი წარდგენა ჩემთვის მოულოდნელი იყო – მე თუ იმ სცენაზე ვიდგებოდი, როგორც კალაძის სიდედრი, ეს ჯილდო სულ არ მჭირდებოდა, იქ სიდედრებს ხომ არ აჯილდოებდნენ?..
ჩემს მეუღლეს, ბადრი არეშიძეს სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორჯერ ვადამდე ადრე აქვს წოდება მიღებული – აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისთვის და კრიმინალებთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90-იან წლებში. ამ ყველაფრის მერე სრულიად უცნობი ადამიანები უსამართლოდ რომ გტკენენ გულს, დასანანია. უფლებაც არ გაქვს, საკადრისი პასუხი გასცე მათ. ბევრი თუ გიცნობს და იცის შენი ღირებულებები, ბევრი ხომ არ გიცნობს და იოლად იჯერებს ტელევიზიითა და პრესით გაჟღერებულ ამბავს…
გზა

