სამცხე-ჯავახეთში ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს ძეგლი დაუდგეს

სამცხე-ჯავახეთში ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს ძეგლი დაუდგეს,,რა დამოკიდებულება ექნებოდა საქართველოს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც ვინმე ვლადისლავ არძინბას ძეგლს დადგამდა?” – ამ კითხვით იწყებს სტატიას საერთოკავკსიური გაზეთი “კავკასპლიუსი” რომელიც ეძღვნება სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ბუგაშენში, ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური მონაწილის, მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის დადგმის საკითხს. ძეგლი 20 იანვარს გაიხსნა, რასაც სტატიის ავტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს:

“ძეგლის გახსნის თარიღი შემთხვევითი არ არის – 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება, როდესაც დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე,” – ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ძეგლის გახსნას დაესწრნენ სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართვეკლოს პარლამენტის წევრები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირა ირიციანი.

მიხეილ ავაგიანი ბუგაშენში დაიბადა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ იგი სომხეთში, ქალაქ რაზდანში გადავიდა პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მან დაამთავრა სვერდლოვსკის შინაგან საქნეთა სასწავლებელი და სამუშაოდ აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში გადავიდა.

სწორედ აფხაზეთის სუკსა და შსს-ში მომუშავე სომხებისგან შეიქმნა მომავალში ე.წ. “ბაგრამიანის ბატალიონი”, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზეთის ომის დროს.

“როდესაც დაიწყო ყარაბახის კონფლიქტი, მიხეილ ავაგიანი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში გორადიზში, ხოჯალიში, გედრუთში, ფიზულიში. იგი ცნობილი იყო მეტსახელით “კობრა”. მან კარგად იცოდა აზრბაიჯანული, რაც მას დაზვერვის დროს ეხმარებოდა – წერენ სომხური წყაროები.აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, ავაგიანი აქტიურად მონაწილეობდა ხოჯალის მოვლენებში, რომლის დროსაც ასეულობით აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მალე მიხეილ ავაგიანი გორადიზის ხიდისთვის ბრძოლაში დაჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადვილი გასაგებია, რომ აზერბაიჯანულ;მა პრესამ მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის გახსნის ფაქტი უარყოფითად შეაფასა, ისევე როგორც ამ ცერემონიაში სომხეთი ელჩისა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სომხური ეროვნების არიან.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია მოჰყვება ამას თავად აზერბაიჯანში და მის პოლიტიკურ წრეებში.

“კავკასპლიუსის” სტატიაში ავაგიანის ძეგლის გახსნას ქართველების დაცინვად და მეტად სახიფათო მოვლენად აფასებენ.

“სომეხი ნაციონალისტები უბრალოდ დასცინიან ქართველ ხალხს, როდესაც სეპარატისტების განდიდებას ეწევიან. ამავდროულად ამზადებენ საქართველოში მცხოვრებ სომხებს ანალოგიური სეპარატისტული “გმირობისათვის”.

დაუშვებელია ჯალათი-სეპარატისტის ასეთი განდიდება ქვეყანაში, რომელმაც სეპარატისტების გამო თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა, დაიღუპა ათიათასობით მოქალაქე და და ჰყავს ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი (რომელთა დაბრუნების წინააღმდეგაც რეგულარულად აძლევს ხმას სომხეთი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე),” – ნათქვამია სტატიაში.

ნიუპოსტი