ყოფილი მოდელი, თიკო ნატროშვილი, უკვე სამი ბიჭის დედაა – მათეს, კახის, ლუკასი. მესამე შვილი, ლუკა, გერმანიაში გააჩინა. ეს თიკოს მეგობრებისთვისაც კი სიურპრიზი იყო, რადგან 2 წლის წინ ოჯახთან ერთად გერმანიაში წასული მოდელი თავისი ორსულობის შესახებ არაფერს ამბობდა, ინფორმაციას არც სოციალურ ქსელში დებდა.
თითქმის 5 კილოიანი ბავშვის გაჩენის შემდეგ თიკოს დიდი წონა აქვს მომატებული, მაგრამ ამაზე არ ნაღვლობს. მან “სარკეს” უამბო რომ, მისი ოჯახი გერმანიაში მეორე შვილის, კახის, დიაგნოზის გამო წავიდა. ცოლ-ქმარმა, თიკომ და გიგა ხაბულიანმა, გადაწყვიტეს, ბავშვის სამკურნალოდ გერმანელი მედიკოსებისთვის მიემართათ. მართლაც, იქაური მეთოდით მკურნალობა წარმატებულად მიმდინარეობს, 5 წლის კახიმ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.
თიკო ნატროშვილი:
– ჩემი მესამე შვილის გაჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. ორსულობაზე არ ვლაპარაკობდი, არც სოციალურ ქსელში ვდებდი სურათებს. ლუკა ხაბულიანი 19 სექტემბერს, მთავარანგელოზობას დაიბადა. სახელი ჩემს მეუღლეს ჰქონდა შერჩეული და აღარ შეცვალა. სამივე შვილის სახელი ჩემი ქმრის შერჩეულია. ვხუმრობ კიდეც, ბავშვებს მე ვაჩენ და სახელებს ჩემი ქმარი არქმევს-მეთქი.
უფროსი შვილებისგან განსხვავებით, ლუკა ყველაზე გიგანტი იყო წონით – 4 კილო და 920 გრამი, თანაც ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე.
– ორი შვილი საქართველოში გააჩინეთ, მესამე – გერმანიაში. დიდი სხვაობაა ქართულ და გერმანულ სამშობიარო სახლებს შორის?
– საქართველოში ჩემი მეანი ზურა დარახველიძე იყო და მასთან ურთიერთობით ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი. გერმანიაში მეანის აყვანის ტრადიცია ნაკლებად არის. ორსულობისას როცა დავრეკე კლინიკაში, რომ გამერკვია, ვინ იქნებოდა ჩემი ექიმი, ვისთან მევლო კონსულტაციებზე, მითხრეს, არ არის საჭირო, როცა მუცელი აგტკივდება, მოდი საავადმყოფოშიო. ამით გაოცებული ვიყავი.
პრინციპში, საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული სამშობიარო სფერო. ამ კუთხით დიდი განსხვავება ვერ ვნახე.
– ალბათ ახლა თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ ფორმაში მალე ჩადგეთ.
– არ ვიტყვი, რამდენი კილო ვარ, მაგრამ 34 კილო მოვიმატე. ამდენი არც ერთ ბავშვზე მომიმატია – 25 და 27 კილო მქონდა მომატებული. მშობიარობიდან 3 კვირაში უკვე 11 კილო დავიკელი. ჯერ ფორმაში ჩადგომაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. დარწმუნებული ვარ, 3 თვეში ზედმეტი კილოგრამებისგან გავთავისუფლდები.
– როგორ გადაწყვიტეთ გერმანიაში საცხოვრებლად წასვლა ოჯახმა?
– 2 წელია გერმანიაში გადმოვედით საცხოვრებლად. ძირითადად კახის ჯანმრთელობის გამო წამოვედით, რადგან მას იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს და საქართველოში უბრალოდ არ იციან მისი მკურნალობა. კახის აქვს სპინალური რეგრესის სინდრომი. ეს დიაგნოზი 9 თვის ასაკში თურქეთში დაუსვეს, თბილისში კი ტერფმრუდობა დაუდგინეს, რომელიც შეიძლება ყოველ მეექვსე ბავშვს აქვს.
ეს დაავადება ფიზიკურად იმით გამოიხატება, რომ დამოუკიდებლად ვერ დადის. გერმანიაში ფიზიოთერაპიასთან ერთად მედიკამენტოზურ მკურნალობასაც უტარებენ, რომ შედეგი უფრო ეფექტური იყოს. პროგრესი უკვე შეიმჩნევა, ორ ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამს. საქართველოში 4 წელი დავკარგეთ. ბევრად ადრე რომ წამოვსულიყავით გერმანიაში, ალბათ მკურნალობის შედეგი უფრო აშკარა იქნებოდა.
როგორც კი კახის პრობლემა გავაცნობიერეთ, ყველამ გვირჩია, რომ მისთვის გერმანიაში ცხოვრება და აქაური სამედიცინო სერვისების მიღება ძალიან კარგი იქნებოდა. მე და ჩემი ქმარი დიდხანს ვიკავებდით თავს, რომ ჩვენი კარიერა დაგვეთმო და ყველაფერი ნულიდან დაგვეწყო. ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ გერმანიაში წამოვსულიყავით.
გერმანიის სახელმწიფო ძალიან კარგ პირობებს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ საკუთარი თავის რეალიზება უკეთესად შეძლონ. კახის მალე მოუწევს სკოლაში წასვლა და გადავწყვიტეთ, საჯარო სკოლაში შევიყვანოთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზრუნავს, რომ, რა დახმარებაც სჭირდება სრულფასოვანი სწავლისათვის, ეს იქნება გადაადგილება თუ სხვა რამ, უზრუნველყოს.
– როცა შვილის დიაგნოზის შესახებ შეიტყვეთ, როგორ აღიქვით, როგორი დამოკიდებულება გქონდათ ამ პრობლემისადმი?
– მე ამ მოვლენის მიმართ ისეთი აღქმა მაქვს, რომ კახი აუცილებლად ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო და მისი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. მას ძალიან უნდა, რომ ფეხზე დამოუკიდებლად გაიაროს და ჩვენც ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ.
– პატარა შვილებთან ერთად გერმანიაში თავის დამკვიდრება, ახალი ცხოვრების დაწყება არ იქნებოდა ადვილი, ალბათ რისკიც იყო.
– რა თქმა უნდა, თავიდან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. იყო დეპრესიული ფონი, რადგან არ გვყავდნენ მეგობრები, ოჯახის სხვა წევრები, არ გვქონდა საქმე. ახლა მე და ჩემი ქმარი ვსწავლობთ გერმანულს, რადგან აქ თუ გინდა თავის დამკვიდრება, გერმანული უნდა იცოდე, ინგლისური ენით დიდად ფონს ვერ გახვალ. გერმანულს რომ კარგად ვისწავლი, ჩემი პროფესიით ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვიპოვო.
– მესამე შვილის გაჩენა დაგეგმილი გქონდათ?
– ყოველთვის ვამბობდი, რომ მესამე შვილი მინდოდა. კახის შემდეგ შვილის გაჩენის სურვილი რომ მქონდა, ბევრს უკვირდა. გერმანიაში პირველ ეტაპზე არ ვგეგმავდი შვილის გაჩენას, მაგრამ, როცა გაირკვა, რომ ორსულად ვიყავი, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, არ გამეჩინა.
გერმანიაში ჩემს ექიმს მოვუყევი კახის მდგომარეობა, ბუნებრივია, დავინტერესდი, რამდენად იყო რისკი, რომ მესამე შვილსაც ჰქონოდა გარკვეული პრობლემები. ჩავიტარე გენეტიკური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ კახის და მე ყველა ქრომოსომა გვაქვს და ეს დაავადება რაიმე გენეტიკური პათოლოგიით არ არის გამოწვეული. გარკვეულმა გარემოპირობებმა განაპირობა, რომ კახის ჰქონოდა ეს სინდრომი, შეიძლება ეს იყოს საკვების მიზეზით ან სულაც დაბინძურებული ჰაერის, რომელიც ბოლოს დროს განსაკუთრებულ პრობლემად იქცა თბილისში.
– უფროსი შვილი, მათე, როგორ შეეჩვია გარემოს?
– ძალიან კარგად. მეორე კლასში გადავიდა, გერმანულად ჩვენზე უკეთესად ლაპარაკობს და, რაც მთავარია, უაქცენტოდ. საქართველოში ხრიდოლზე დადიოდა, გერმანიაში ტაიკვანდოზე სიარული დაიწყო. უკვე ორი ტურნირიც მოიგო, ძალიან დამოუკიდებელია. სკოლა ჩვენი სახლიდან ორ კილომეტრშია, მაგრამ ველოსიპედით სრულიად დამოუკიდებლად მიდის. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ გერმანიაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, ბავშვი დამოუკიდებლად, თუნდაც ველოსიპედით უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას.
– თქვენს მომავალს გერმანიაში ხედავთ?
– არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ მომავალზე. ცხოვრებაში რამდენჯერაც რამე დავგეგმე, არაფერი გამომსვლია. 100 პროცენტით რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, არ გამოსულა, ამიტომ აღარც გეგმებს ვაწყობ და, მით უმეტეს, ამაზე აღარც ვლაპარაკობ. დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ბევრი რამ ვისწავლოთ იმისათვის, რომ ცხოვრება უკეთესად მოვიწყოთ. რაც მთავარია, ჩვენი საზრუნავი შვილებია.
ავთო ჩიტიძე, სარკე

