“ქმარს ფიქრით ვღალატობდი, სხეულით – არა, მეგონა, განვიტვირთებოდი, მაგრამ შემიყვარდა… “

"ქმარს ფიქრით ვღალატობდი, სხეულით - არა, მეგონა, განვიტვირთებოდი, მაგრამ შემიყვარდა... "ჩვენი რესპონდენტის ისტორია კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ცნობილი ჭეშმარიტებისა, რომ ის, ვინც რეალურ ბედნიერებას ვერ დააფასებს და სხვაგან დაიწყებს მის ძებნას, წაგებული რჩება. მართალია, ცოლ-ქმარს შორის წყლის ამღვრევაში ხშირად დიდ როლის თამაშობს გარემოცვაც, მაგრამ ყველაფერი მაინც “მთავარ გმირებზეა” დამოკიდებული, როგორ გაუფრთხილდებიან და წლების განმავლობაში დაუზიანებლად გამოატარებენ გრძნობას, რომელმაც ისინი თავის დროზე შეაერთა.

ლელა:

– 21 წლის ვიყავი, ვასოს რომ გავყევი ცოლად. სიყვარულით ვიქორწინეთ. გათხოვებას არ ვჩქარობდი, ვასომ დამაძალა, როდემდე უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთსო.

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ჩემთვის სახელს და პატივს მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემს მშობლებს ვასო პიროვნულად მოსწონდათ, მაგრამ ჩემი გათხოვება არ უნდოდათ – ნაადრევად თვლიდნენ. ვასოს 22 წელი უსრულდებოდა, ახალი დამთავრებული ჰქონდა უმაღლესი, მშობლების კმაყოფაზე იყო. მე გამრჯე ვიყავი, საოჯახო საქმე მეხერხებოდა.

– ქორწინებამ რამდენად გაგიმართლათ, როგორი ოჯახი შექმენით?

– თავიდან ვერ ვიაზრებდით, რომ ოჯახი გვქონდა. ამ ქორწინებით მოხდა ჩვენი სიყვარულის რეალიზება, თავისუფლება მოვიპოვეთ, გრძნობებით ვტკბებოდით. მშობლები გვაფინანსებდნენ და ყველანაირ პირობას გვიქმნიდნენ. თანდათან პრაქტიკული ცხოვრებაც ავაწყვეთ. ორივემ დავიწყეთ მუშაობა.

ლიკუნა სამი წლის შემდეგ შეგვეძინა. შვილმა ჩვენს ყოფაში სხვა სხივი შეიტანა. მშობლების დახმარებით ცალკე პატარა ბინაც შევიძინეთ. ბედნიერებას ვასხივებდით, გარშემო ყველა შემოგვხაროდა.

– ბედნიერი, ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში ხინჯი რამ შეიტანა?

– ჩემს მულს, ნაზიკოს, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა და ჩაგვისახლდა. უფრო სწორად, მე შევთავაზე, ჩვენთან ეცხოვრა, სანამ ყველაფერს დაალაგებდა. რომ გავთხოვდი, ნაზიკო ქმარშვილიანი იყო, თუმცა უმეტესად მშობლებთან რჩებოდა. რაღაცნაირად დამიმეგობრდა. ჩვენი ბედნიერება უხაროდა, თავის პირადზე მიამბობდა.

ნაზიკოს ქმარი უჟმური კაცი იყო. თუ უგუნებოდ იყო, არც მოგესალმებოდა. თუ ნასვამი იყო, ენად იკრიფებოდა, გეფერებოდა, გესიყვარულებოდა… ნაზიკოს უჭირდა მასთან ცხოვრება, თუმცა სხვებთან არაფერს იმჩნევდა, არც თავის მშობლებთან. მერე პრობლემები შეექმნა ოჯახში და შევთავაზე, ჩვენთან ერთად ახალ ბინაში ეცხოვრა.

– ქმარს გაეყარა?

– სხვა მამაკაცი შეუყვარდა, ქმრისგან წამოვიდა… არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ვდარდობდი მის გამო, თანავუგრძნობდი. ახალ რომანს მალავდა, არც მისმა მშობლებმა იცოდნენ, ქმარიც ვერაფერს ხვდებოდა.

ქმარს გაყრა არ უნდოდა, ასეთ ცხოვრებას იყო მიჩვეული – ცოლ-შვილი ხომ უმეტესად სიდედრ-სიმამრთან ჰყავდა. ნაზიკოს მშობლები ხვდებოდნენ, რომ შვილს ოჯახი აერია და აიძულებდნენ, ქმართან დაბრუნებულიყო, არადა ნაზიკოს უკვე სხვა უყვარდა.

დედამთილი მეუბნებოდა, გულს ნუ უჩვენებ, აიძულე, შენი სახლი დატოვოს და მეუღლესთან დაბრუნდესო. არადა ნაზიკო ისეთ ამბებს მომიყვა ქმართან დაკავშირებით, თმა ყალყზე დამიდგა, ვერაფრით ვურჩევდი შერიგებას. ამის გამო დედამთილი გამინაწყენდა.

– გამოდის, რომ ხელს უწყობდით ახალ ურთიერთობაში.

– არ შემეძლო, არ თანამეგრძნო. ქვა ხომ არ ვიყავი! თანაც ქალს ქალის ტკივილი უფრო ესმის. მინდოდა, ნაზიკო ბედნიერი ყოფილიყო. თუ ქმართან არ გაუმართლა, იქნებ ახალ შეყვარებულთან მაინც ეპოვა ბედნიერება. მეგონა, ის კაცი ცოლად წაიყვანდა. ნაზიკოს შვილს, ლუკას, ვიტოვებდი, თვითონ პაემანზე რომ მიდიოდა.

– თქვენმა ქმარმა იცოდა ამის შესახებ?

– ნაზიკოს არ უნდოდა, გაემხილა. მართალია, ვასო რბილი ხასიათის და ევროპული აზროვნების იყო, მაგრამ ქართველი კაცის ბუნება ხომ იცით – ითაკილებდა ამ სიტუაციას და დასთან კონფლიქტი არ ასცდებოდა. ვმალავდი და იძულებული ვიყავი, ქმარი მომეტყუებინა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. იმ კაცმა კი ნაზიკო ცოლად არ წაიყვანა, შეხვედრებით დაკმაყოფილდა. ასე შემორჩა შვილთან ერთად ჩვენს ოჯახში.

– პატარა ბინაში მულის შემოსახლებით ცოლ-ქმარს ალბათ ოჯახური მყუდროება დაგერღვათ.

– თავიდან ამას ვერ ვგრძნოდი, ისე ვიყავი ჩართული ნაზიკოს პრობლემებში. მერე მივხვდი, რომ არა მარტო მყუდროება, არამედ ოჯახიც დამერღვა. არ ვეკუთვნი იმ ადამიანების კატეგორიას, სულ სხვას რომ აბრალებს თავის პრობლემას, თუმცა ფაქტია: ჩემი და ვასოს ცოლქმრული ურთიერთობა ორ ეტაპად გაიყო – ნაზიკოს შემოსახლებამდე და შემოსახლების შემდეგ.

ცოლ-ქმარი ერთმანეთთან გავუცხოვდით. ვასო საყვედურებით მავსებდა, ყურადღება რომ აკლდებოდა ჩემგან. დილით, სამსახურში წასვლის წინ, მაინცდამაინც იმ პერანგის ჩაცმა უნდოდა, რომელიც გასარეცხი ან დასაუთოებელი იყო, მაინცდამაინც იმ წინდას ეძებდა, რომლის ცალიც დაკარგული იყო. გადაიქცა ბუზღუნა მამაკაცად, რომელსაც ცოლის გაკეთებული არაფერი აკმაყოფილებს.

მისი ხასიათის ცვლილებას ვეღარ ვიტანდი, თუმცა თავად რომ შევიცვალე მის მიმართ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მივეჩვიე იმას, რომ ქმრისთვის ტყუილი უნდა მეთქვა. სწორედ ტყუილია ბოროტების სათავე. არამარტო ქმარს, საკუთარ თავსაც ვატყუებდი.

– ტყუილთან დაკავშირებით ნაზიკოს ამბავს გულისხმობთ თუ კიდევ ხდებოდა სხვა რამ?

– სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაშიც გაჩნდა სიახლე. საქმე ის იყო, რომ ვეღარ ვუძლებდი იმ სიტუაციას, რაც სახლში მქონდა, ასე ვთქვათ, ყელში მქონდა ამოსული. განტვირთვის მიზნით გარეთ გასვლას ვცდილობდი. ქმართან ერთად აღარსად დავდიოდი, მხოლოდ ნათესავებს თუ ვსტუმრობდი. რაღაცნაირად ისინიც მაღიზიანებდნენ, ყველას ჰქონდა ცხოვრება აწყობილი, ჩემსავით არავის ჰყავდა მული წამოკიდებული…

ნაზიკოს თავისი სამყარო ჰქონდა. სახლში სტუმარივით იყო, ოჯახის საქმეები სულ ჩემს კისერზე გადადიოდა. მეც მომინდა, ჩემი სამყარო შემექმნა. რაც უნდა იყოს, მაგალითს მნიშვნელობა აქვს. ხან ცეკვაზე სიარული ავიხირე, ხან ცურვაზე. მინდოდა, სამსახურის შემდეგ დრო გამეყვანა, ნაზიკოს კი სახლში ხელი გაენძრია, ზოგჯერ მაინც მოემზადებინა ვახშამი, ჭურჭელი გაერეცხა.

ქმარი არაფერს მიშლიდა, მთავარი იყო, კერძი დახვედროდა თავის დროზე და მოწესრიგებული სამოსი.

– გარე-გარე სიარულში სხვა მამაკაცს შეხვდით?

– რაც დამემართა, ამას არანაირი გამართლება აქვს, თუმცა მაშინ სხვაგვარად ვფიქრობდი. ზნეობრივი ადამიანი ამას არ ჩაიდენს. მე კი თავს სრულებითაც არ ვთვლიდი უზნეოდ… გავიცანი თორნიკე, რომელსაც მოვეწონე. ჩემი ქმრისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ბევრად უფრო ვაჟკაცური, ძლიერი ჩანდა. ფლირტით დაიწყო და დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

– ქმარს უღალატეთ?

– ღალატი არ მიფიქრია, მეგონა განვიტვირთებოდი. ამასობაში შემიყვარდა… ფიქრით ვღალატობდი, სხეულით – არა. სანამ ქმართან ვცხოვრობდი, თორნიკესთან სქესობრივი კავშირი არ მქონია. უგონოდ შევუყვარდი, არ მეშვებოდა… რას აღარ აკეთებდა სიყვარულის გამო, ოცნების კოშკებს მიგებდა.

– და თქვენც წამოეგეთ ანკესზე?

– ასე მარტივად არ მომხდარა. საშინელ დღეში აღმოვჩნდი. ბუნებით არ ვარ მოღალატე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, სხვა თუ შემიყვარდებოდა, ვასოზე წინ თუ დავაყენებდი ვინმეს, მაგრამ ასე მოხდა.

თორნიკესთან შედარებით ვასო უსუსურ კაცად მეჩვენებოდა, მის ნაკლოვანებებს უფრო მძაფრად აღვიქვამდი და შევიგრძნობდი. მისი ყველა სიკეთე დავივიწყე, ისიც კი აღარ მახსოვდა, ადრე რომ მიყვარდა. ვფიქრობდი, თორნიკე ჩემი პირველი, ერთადერთი სიყვარულია-მეთქი. ყოვლისშემძლედ წარმომედგინა. იდეალურ მამაკაცად მიმაჩნდა, არ მჯეროდა, რომ ბედმა მისი ღირსი გამხადა.

თორნიკემ ცოლობა მთხოვა. იმ ზომამდე მივედი, რომ თავი ვაიძულე, სიყვარულის გამო ოჯახი დამენგრია. არც ქმარს გავუწიე ანგარიში, არც ოჯახს, არც მშობლებს და არც შვილს. ვიფიქრე, ბავშვი გაიზრდება და გამიგებს-მეთქი.

გაყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ თორნიკეს ცოლად გავყევი. არ მინდოდა, ხალხის ყბაში თავი ჩამეგდო, თუმცა ვგრძნობდი, რომ ყველაფერს ხვდებოდნენ. ამის მიუხედავად, საყვედური არავის უთქვამს ჩემი მშობლების გარდა. დედაჩემი დღემდე ვერ ინელებს, ოჯახი რომ დავანგრიე, არ მინდოდა, ნაადრევად გათხოვილიყავი, მაგის ბრალიაო.

ალბათ ზურგს უკან ბევრი მჭორავდა, მაგრამ მაინც არ გამიგია, ჩემზე ვინმეს აუგი ეთქვას, გარდა ჩემი მულისა. ერთადერთი, ვინც არ დამინდო, სწორედ ნაზიკო იყო. თითქოს თავის ცოდვებსაც მე მომაწერდა. ეწყინა, მე რომ გავთხოვდი, თვითონ კი კვლავ მარტო დარჩა.

– ვასომ როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

– გაყრა არ უნდოდა, თუმცა არც ხუნდები დამადო და ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცა, მითხრა, კარგად დაფიქრდი და შენთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე მოიქეცი, მე ძველებურად მიყვარხარო.

– ახალ ქმართან ოჯახი როგორ ააწყვეთ?

– თორნიკეს მშობლებმა არ მიმიღეს, განათხოვარი, შვილიანი ქალი რძლად არ ინდომეს. წლების განმავლობაში წვალებ-წვალებით პატარა ბინა ავიშენეთ. მანამდე გირაოთი ვცხოვრობდით. ორი შვილი შეგვეძინა. ლიკუნას თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მერე ბავშვებმა გაახალისეს. გიჟდება პატარებზე. თორნიკეც არ გამოდგა ცუდი მამობილი ლიკუნასთვის, ყოველთვის ანგარიშს უწევს…

მაინც ვფიქრობ, რომ პირველი ოჯახი არ უნდა დამენგრია, არ უნდა გამერთულებინა არც ჩემი და არც სხვისი ცხოვრება.

– თორნიკემ თანაცხოვრებისას სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ?

– შეყვარებული კაცი ქმრად რომ იქცევა, იდეალურ სახეს კარგავს და უბრალოვდება. ჩემი ახალი ქმარი სულაც არ გამოდგა ისეთი ძლიერი, როგორიც თავის დროზე მესახებოდა. მთელ ოჯახს ჩემი მხრებით მივათრევ. თორნიკეს ძმაკაცებში სირბილი ყველაფერს ურჩევნია. თავისი ბავშვების ჭიჭყინს ვერ იტანს, თითქოს სხვისი შვილები არიან. ვასოს უწყინარ ბუზღუნსაც კი ვერ ვიტანდი და თორნიკეს სახით უხეში ქმარი შემრჩა ხელში.

– ვასომ თქვენი ახალი ცხოვრება როგორ მიიღო?

– ერთხელ შემხვდა, ნასვამი იყო (ზოგადად არ სვამს, თორნიკესგან განსხვავებით). მითხრა, თუ დამიბრუნდები, შენი შვილებით მიგიღებო… სასმელი არ ალაპარაკებდა, გულწრფელი იყო, ცრემლიც წამოსცვივდა. ძალიან დამენანა, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. ლიკუნას რომ ვატკინე, სხვა შვილებს ვეღარ ვატკენდი ისე. გარდა ამისა, თორნიკე ცოცხალი თავით არ გამიშვებდა, შეიძლებოდა მოვეკალი.

– თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რომელს აირჩევდით: ვასოს თუ თორნიკეს?

– რა თქმა უნდა, ვასოს. მასთან უფრო იმედიანად, სტაბილურად ვიყავი, მეტი სიმშვიდე და თავისუფლება მქონდა, არაფერში მზღუდავდა. მის გვერდით შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია. თორნიკესთან სხვაგვარადაა. რაკი ერთხელ ქმარს ვუღალატე, სულ ჰგონია, რომ მასაც ვუღალატებ და ახლა უკვე 3 შვილით სხვასთან გავიქცევი.

რაც არის, არის. არ მინდა, ვიწუწუნო. ვერაფერს შევცვლი. ყოფილი ქმარი მხოლოდ კეთილად მახსენდება, თავს ვიდანაშაულებ.

– გაყრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ვასოს მეორე ცოლი არ შეურთავს?

– დიდხანს იყო მარტო, ორი წელია სხვა ქალთან წავიდა საცხოვრებლად. ხელი არ მოუწერია. მის ბინაში ნაზიკო დარჩა. ყველაფერი გაითავისა – ვასო იმ ქალისგან რომ წამოვიდეს, შეიძლება ნაზიკომ აღარც შეუშვას ბინაში. ვნანობ, ჩემი წლობით შექმნილი ოჯახი ასე რომ ჩავუგდე ყოფილ მულს ხელში. საერთოდაც არ უნდა მიმეღო, დედამთილისთვის უნდა დამეჯერებინა.

მინდა ვუთხრა ახალგაზრდა ქალებს, რომ მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების მიმართ, დააფასონ მოპოვებული. ნუ ჰგონიათ, რომ სხვაგან იპოვნიან ბედნიერებას. ნუ დაივიწყებენ ცხოვრების სიკეთეებს. ბედნიერება თავად მათშია – ეს უნდა დაინახონ.

ნანა კობახიძე, სარკე