,,მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონი დასრულდა, მაგრამ ორი შოუმენის, ილო ბეროშვილის და ნიკა გრიგოლიას მეგობრობა გრძელდება. ამ ტელეპროექტმა ისინი ეკრანულ ტანდემად აქცია. კარგი იუმორის გრძნობამ ერთმანეთთან ურთიერთობა გაუადვილათ და დღეს ერთიმეორის საუკეთესოდ ესმით.
ილო და ნიკა რადიკალურად განსხვავებულები არიან როგორც ეკრანზე, ისე ცხოვრებაში. ერთს შეუძლია სიმღერა და ხშირად ღიღინებს, მეორე კი აბაზანაშიც ვერ ბედავს ღიღინს; ერთის გატაცება კულინარიაა, მეორე კი თუ რამეს აკეთებს, გაზქურას ტაფიანად ნაგავში აგდებს. მხიარულ და ენერგიულ შოუმენებს “სარკე” ესაუბრა.
ილო: სანამ ტელევიზიაში მოვხვდებოდი, მანამდე ნიკას ვუყურებდი ეკრანზე და მისი ნიჭი მომწონდა. როცა გადაწყდა, რომ ერთად უნდა გვემუშავა, ვიცოდი, არ გაგვიჭირდებოდა. იმ ადამიანთან, რომელსაც კარგი იუმორი აქვს, არც მუშაობა გამიჭირდება და არც ურთიერთობა. ნიკა ხალისიანი, მოწესრიგებულია. ევროპული სტილის ადამიანია, მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები, რომ ხარისხიანი პროდუქტი გაკეთდეს.
ნიკა: ილო ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ერთი სიტყვით ხვდება, რა და როგორ გავაკეთოთ. ამავდროულად ურთიერთობაში ძალიან კომფორტულიც არის.
– ერთად მუშაობამ რა მინუსები დაგანახათ ერთმანეთში?
ნიკა: ერთ ნომერში ცხოვრება უფრო მეტ აღმოჩენას გაგაკეთებინებს ადამიანში. რეგიონებში როცა დავდივართ, ერთად გვიწევს ცხოვრება. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ილოს შეუძლია, თან ეძინოს, თან კალათბურთს უყუროს და თან ილაპარაკოს. ძილის წინ ჩართავდა კომპიუტერს, გაიკეთებდა ყურსასმენებს და ერთ-ორ საფეხბურთო მატჩს უყურებდა თავისი განხილვებით.
ილო: არსებობს სტერეოტიპი, რომ კომიკოსი ცხოვრებაში რთული და მძიმე ხასიათისაა. ადამიანები იუმორისტებისგან და ზოგადად შოუმენებისგან იმდენად მიჩვეულები არიან სულ მაჟორულ ნოტზე ყოფნას, როცა ჩვეულებრივ ხასიათზე ხედავენ, ეჩვენებათ, რომ რთული ბუნება აქვთ. ხშირად მეუბნებიან, სხვანაირი გვეგონეო და ეს “სხვანაირი” რა არის, ვერ გავიგე.
– ამ პროექტში მუშაობისას ყველაზე დიდ სიამოვნებას რაში ნახულობთ?
ილო: ამ პროექტში ვინც არის ჩართული, ყველა პროფესიონალია და მომწონს, რომ საქმე გვაქვს ნიჭიერების გამოვლენასთან. პირადად ჩემთვის დიდი სიამოვნებაა იმ ადგილას ყოფნა, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანია.
ნიკა: არსებობს საქმე, რომლითაც “კაიფობ”, გსიამოვნებს და არსებობს საქმე, რომელსაც ფულის გულისთვის აკეთებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიამოვნებას ნამდვილად ვიღებთ. როგორ შეიძლება სიამოვნება არ მიიღო იმით, რომ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ შოუს აკეთებ და ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად მუშაობ.
– საინტერესოა, თქვენ თუ გიყვართ სიმღერა და რა დროს მღერით.
ილო: შხაპის დროს სიმღერა ძალიან მიყვარს.
ნიკა: ძალიან მომწონს ილოს პაროდიები მუსიკოსებზე. ის არამხოლოდ ხმით ემსგავსება მომღერალს, არამედ მთლიანად მის ხასიათს გადმოსცემს. პირადად მე, სამწუხაროდ, არასდროს ვმღერი, მხოლოდ მოსმენის ნიჭი მაქვს. გიტარის სწავლას ვაპირებდი, მაგრამ ორ აკორდს ვერ გავცდი. შხაპსაც ვერ ვუბედავ სიმღერას.
ილო: ძალიან მიხარია, რომ ახალ თაობაში ქართული სიმღერები პოპულარულია. მომწონს, რომ ის სიმღერები, რომლებიც ბავშვობაში მესმოდა, ახალმა თაობამ სულ სხვანაირად ააჟღერა. მაგალითად, სოფო ბათილაშვილის შესრულებული სიმღერები კარგა ხანი აკვიატებული მქონდა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ქართულად სიმღერა ასე მოდური?
ილო: ეს სწორედ “მხოლოდ ქართულის” დამსახურებაა. თუ აქამდე მოდურად ითვლებოდა უცხოური სიმღერების შესრულება და ჩხავილი, ახლა ყველგან ქართული მელოდიები ისმის. როცა ბიონსეს მოსმენა გინდა, მოუსმენ ბიონსეს და არა მის მეათენაირ ვერსიას. მაყურებელიც მონატრებული იყო, სცენიდან მოესმინა სიმღერა და მისი ტექსტი თავიდან ბოლომდე გაეგო.
– გასაგებია, რომ ნიკა ვერ მღერის, მაგრამ, ილო, თქვენ თუ გიმღერიათ სერენადები ქალისთვის?
ილო: არასოდეს.
– კონკურსანტებისთვის სიმღერა ხშირად გატაცებაა, რომელსაც აქამდე დიდ დროს არ უთმობდნენ. ვიცით, რომ ნიკა ბაიკერია. ილო, თქვენი გატაცება რა არის?
ილო: კულინარია. ამ საქმით სერიოზულად ვარ გატაცებული. საჭმლის კეთების პროცესი ძალიან მომწონს. საქართველოში ქალები იმიტომ მეცოდებიან, რომ უმეტესობა საჭმლის კეთებისას სიამოვნებას ვერ იღებს, იძულებით აკეთებს. ამას ისიც თუ ემატება, რომ საღამოს სახლში მისული ქმარი ან ოჯახის წევრი სადილს უწუნებს… მე ასეთ ადამიანს თავში ტაფას ჩავარტყამდი.
ჩემთვის კულინარია შემოქმედებითი პროცესია. ამ დროს ბევრ რამეზე ვფიქრობ, ბევრ რამეს ვაანალიზებ. ყველა ქვეყნის სამზარეულო მიყვარს და ვცდილობ, რაც მაქვს, იმისგან რამე საინტერესო კერძი გავაკეთო.
ნიკა: მოტოციკლეტი გატაცებაზე მეტია, ის ჩემი დიდი სიყვარულია.
– ყველაზე რთული რა კერძი გაგიკეთებიათ?
ილო: ხორცის ღვეზელი. შვილის დაბადების დღეზე გავაკეთე და ძალიან ვიწვალე. ცომთან პრობლემები მაქვს.
ნიკა: ერთხელ გავაკეთე ბანანი შოკოლადით და ისე დავწვი, რომ ტაფაც კი გადავაგდე. ჩემი ნიჭი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციის დიდოსტატი ვარ.
ილო: ინიკა კარგი ფსიქოლოგიცაა.
– თქვენს ცხოვრებაში ახლა რა ეტაპია?
ნიკა: ჩემს ცხოვრებაში მშვენიერი ეტაპია. ოჯახში კომფორტი, ნარნარი და ფეირვერკები მაქვს. 18 წელია, რაც “რუსთავი 2”-ში ვმუშაობ და ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერაშიც სტაბილურად ვარ.
ილო: შვილები დიდ ადგილს იკავებენ ჩემს ცხოვრებაში. კარიერაშიც კარგი ეტაპი მაქვს. ტელევიზიასთან დაკავშირებით რაღაც იდეები მაქვს და მალე განვახორციელებ.
– ილო, რაც შეეხება თქვენს პირადს?..
ილო: პირად ცხოვრებაზე დიდი ხანია, აღარ ვსაუბრობ და აღარ განვიხილავ, მხოლოდ ბავშვებითა და კარიერით შემოვიფარგლები.
ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სარკე

