საქართველოში და მის გარეთ, მრავალრიცხოვან ქართველ ემიგრანტებში, პოპულარული და საყვარელი იუმორისტი ქალის, მზია კვირიკაშვილის გარდაცვალებიდან 2018 წლის ივლისში, 8 წელი შესრულდა. საქართველოს სიცილის დედოფალი – ასე შეარქვა მას მაყურებელმა და ამ სახელითვე შევიდა ქართული ესტრადის ისტორიაში.
მსახიობი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე სენით.
სიკვდილამდე 1 თვით ადრე “სარკეს” შეხვდა. აგვისტოში ამერიკაში მწვანე ბარათის მიღებას ელოდა. ისე ოპტიმისტურად და იმედიანად იყო, ისე სწყუროდა სიცოცხლე, ასე მალე მის წასვლას ვერც კი ვიფიქრებდით. ამერიკიდან სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო და სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს. მანამდე 2 კვირა ქალაქ სტენფორდის საავადმყოფოში გაატარა, სადაც გასტროლების დროს ჯანმრთელობის მოულოდნელად გაუარესების შედეგად მოხვდა – ფეხზე თრომბი გაუსკდა.
მზიას ოთახის ფანჯრიდან 22 ნაძვი მოჩანდა. გვითხრა, მინდა, ამ სილამაზეს კიდევ დიდხანს ვუყუროო.
მზია კვირიკაშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე “სარკეს” უამბობდა:
– ვიცოდი, რომ ხალხს ვუყვარდი, მაგრამ ამ დონეზე არ მეგონა. ყველა მირეკავს, ყველა ტირის… მეც ყველა მიყვარს და მინდა, მათ სამსახურში ცოტა ხანს კიდევ ვიყო.
ამერიკელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ღვიძლზე სიმსივნე მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა დოზითაა, კეთილთვისებიანია თუ არა, ექვემდებარება თუ არა მკურნალობას. როგორც მეუბნებიან, ჯერ თრომბის ამბები უნდა ჩამთავრდეს.
– მანამდე თავს ცუდად გრძნობდით თუ ყველაფერი უცებ დაიწყო?
– გასული წლის დეკემბერში ოდესაში ჩავედი კონცერტის ჩასატარებლად. იქიდან ამერიკაში წავედი. ძირითადად რესტორნებში მიწვევდნენ, მხოლოდ ერთი კონცერტი ჩავატარე მაიამის თეატრში. ვიყავი ბრუკლინში, ნიუ ჯერსიში, ფილადელფიაში… ვაშინგტონი და ჩიკაგოც იყო გეგმაში, მაგრამ ვეღარ მოვასწარი.
აგვისტოში მწვანე ბარათი მექნება, მაგრამ მე ვიქნები თუ არა, აღარ ვიცი. ვიფიქრე, სანამ ამ მწვანე ბარათს მივიღებ, ტყუილად ხომ არ ვიჯდები-მეთქი და მუშაობა გადავწყვიტე.
– მუშაობა მომვლელად თუ სადმე სხვაგან?
– დიახ, მომვლელად. ამის თქმის სულაც არ მრცხვენია. თუ იცი, რომ შენს ოჯახს რაღაცით დაეხმარები, რა პრობლემაა?! ვიფიქრე, თუ ძალიან რთული იქნება, დავანებებ თავს-მეთქი. ბანკის ვალი მაქვს 11 ათასი ლარი. სანამ ამერიკაში წავიდოდი, 14 ათასი იყო და 3 ათასი გადავიხადე.
ჩემი შვილი არ მუშაობს. ორი ანგელოზივით შვილიშვილი მყავს და მათ რჩენა არ უნდოდათ?! ორ მოხუცთან მომიწია რამდენჯერმე მისვლა. თან ვწერდი, იმდენი “პრიკოლი” ხდებოდა. ვიფიქრე, ამას ოდესმე “იუმორინაში” გამოვიყენებ-მეთქი.
მწოლიარეს ვწევდი. კუნთები მაშინვე ცუდად დამეჭიმა და არ მომეწონა ეს ტკივილი. ფეხი გამისივდა და ვეღარ წავედი იმ მოხუცთან. ყველას კუნთის ანთება ეგონა. ზოგმა მიზილა, ზოგმა კომპრესი გამიკეთა. თურმე თრომბია და არაფრით შეიძლება დაზელა. პროფესორმა თქვა, ამის დაზელა და კომპრესი სიკვდილს ნიშნავსო. გასკდა თრომბი და ფილტვები დამიცხრილა, ვეღარ ვსუნთქავდი.
იმ დღეს სტენფორდში ჩემს მეგობარ ნანასთან ვიყავი სტუმრად. კლინიკაში გამაქანა. საშინელი ფასები იყო. 5 ათასი დოლარი რომ ღირს ერთი გაძრომა, იმ აპარატში სამჯერ გამაძვრინეს. კატეგორიული უარი განვაცხადე ღვიძლის იქ მკურნალობაზე, რადგან ამას თვეები უნდოდა და ისედაც საშინელი დეპრესია მქონდა.
არ მეძინა, არ ვჭამდი. ცოცხალ-მკვდარი ვიყავი, წვეთოვანებზე და ჟანგბადზე შეერთებული. ნახეთ, რა კარგი ვენები მაქვს, მაგრამ ვერ შედიოდნენ. დღეს იყვნენ ქართველი ექიმები და არც გამიგია, ისე მიჩხვლიტეს. იმათ აპარატურა აქვთ ძლიერი, თორემ ვენაცვალე ჩვენებს!
როგორც იქნა, დაწერეს, რომ შემეძლო თვითმფრინავში ჩაჯდომა. 16 საათი გზაში ვიყავი. ქალი კი არა, ალბათ ქაჯი ვარ, ისეთ რამეებს გავუძელი! ამერიკელებმა თქვეს, იმდენად ძლიერი ორგანიზმი აქვს, რომ უცებ შევძელით თრომბის გაწოვაო. რომ გაიგეს, სტენტირება მქონდა გაკეთებული, გაუკვირდათ, ამდენ რამეს რომ გავუძელი.
ვერასოდეს გადავიხდი იმას, რაც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ჩემთვის გააკეთეს. საიდან არ ჩამოდიოდნენ ჩემ სანახავად და დასახმარებლად. მთელი საავადმყოფო საჭმელებით გატენეს. როგორც კი სახლში შემოვედი, ჩემს რძალს შეკვეთები მივეცი – ეს და ის გამიკეთე-მეთქი. იქაურ კერძებს ვერ ვიტანდი.
პირველად იმდენი ვჭამე მწვანე ლობიო, რძალი მეხვეწებოდა, აღარ გინდა, ცუდად არ გახდეო, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხომ ყველაფერს იტანს! იქნებ იმ ღვიძლის ამბავიც გადაიტანოს – შეიძლება არ იყოს სავალალო ზომამდე მისული და მეშველოს.
შიგადაშიგ ტკივილები მაქვს. ეტყობა, ჯერ არ არის ეს სიმსივნე ორგანიზმში იმ დოზით გავრცელებული, რომ ტკივილები მგრიხავდეს. შეიძლება ოპერაცია დამჭირდეს, შეიძლება – ღვიძლის გადანერგვა ან ქიმია.
ჯემალ ბაღაშვილმა დამირეკა ახლა და საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აპირებენ ჩემთვის. არასოდეს არავისთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ ახლა სიცოცხლეს ვებღაუჭები. სიცოცხლე მინდა! ბევრისთვის მზესუმზირის ფულია ჩემი ვალი თუ მკურნალობის თანხა.
– ინფარქტი გაქვთ გადატანილი. ნერვიულობის გამო დაგემართათ?
– დედაჩემის სიკვდილს მოჰყვა ჩემი ინფარქტი. დედის კალთას ბავშვობიდან მიწებებული ვიყავი. 2002 წელს გარდაიცვალა. ზედმეტად ემოციური ვარ. ამას ემატება ის ემოციები, რაც სცენაზე გამოსვლის წინ მაქვს ხოლმე.
მარტომ გავზარდე ჩემი შვილი ზუსტად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი – პატიოსანი, მამაკაცური თვისებებით, ერუდიციით. ფეხბურთსაც კი ვეთამაშებოდი, რომ კაცური თვისებები ჰქონოდა.
ვგიჟდებოდი მის სწავლა-განათლებაზე – მინდოდა, ყველა სფეროში რაღაც სცოდნოდა. რუსული და ინგლისური იცის კარგად. ის კაცი დადგა, რომელიც თითით საჩვენებელი უნდა იყოს, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს და ამანაც იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე.
– პირველმა ქორწინებამ არ გაგიმართლათ. მეორედ რატომ აღარ სცადეთ ბედი?
– ჩემს მეორე სიყვარულს შედეგი იმიტომ არ ჰქონდა, რომ მას ოჯახი ჰყავდა. ვერ ვიკადრებდი, ისინი დამეშორებინა. სხვათა შორის, მეუბნებოდა, რომ ცოლს მიატოვებდა და ჩემთან იცხოვრებდა. მე კი თავს ამის უფლება არ მივეცი. ამანაც გადაიარა ჩემს გულზე და ტკივილი მომაყენა. უსიყვარულოდ ცხოვრება გამიჭირდა.
ინფარქტმა რომ დამარტყა, ექიმმა მკითხა, კაცი თუ გყავსო. არა-მეთქი, რომ ვუთხარი, გამეხუმრა, ჰოდა, მოგიხდება მასე, ტემპერამენტიანი და ჯანსაღი ორგანიზმი გაქვს, მაგრამ კაცის გარეშე იწვის და არ შეიძლება ჩვარივით მიაგდოო. თურმე ბევრი რამ იმიტომ გვტკივა, რომ გვერდით მეგობარი მამაკაცი არ გვყავს და არ გვაქვს ის სითბო, სიყვარული…
– ბევრ რამეს ნანობთ?
– ბევრ რამეს ვნანობ. საშუალება მქონდა, კარგად მეცხოვრა, მაგრამ არ წავედი საქართველოდან. როცა გავთხოვდი, ბევრ შვილზე ვოცნებობდი. ქალიშვილობაში ისეთი მთხოვნელები მყავდა, კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი ტვინი დამეყოლებინა და ნაკლები გრძნობა.
შემეძლო, კარგი პიანისტი ვყოფილიყავი და ახლა ამასაც ვნანობ. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არანორმალურად მიყვარდა ხატვა. ჩემი ნახატები უჩა ჯაფარიძეს წაუღეს და თურმე ჩხუბობდა, ეს ბავშვი მომიყვანეთო. ვოკალიც ისეთი მქონდა, რომ იულია ფალიაშვილმა და ნადეჟდა ხარაძემ იკამათეს, რომელი ამიყვანდა… რომელიმეში აუცილებლად მივაღწევდი უზარმაზარ წარმატებას. ტვინი არ მქონდა!
ადრე ლექსებსაც ვწერდი. სტუდიებთან ვთანამშრომლობდი და ბავშვებს სიმღერებს ვუწერდი. ეს არასოდეს გამიმჟღავნებია. ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე ერთმა გოგომ ჩემი ლექსით მომილოცა დაბადების დღე ისე, რომ არც იცოდა, ჩემი დაწერილი რომ იყო. იმ ლექსით ჯემალ ბაღაშვილსაც ექსპრომტად მივულოცე დაბადების დღე:
“დაბადების დღის ბედნიერ ღამეს
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
“დიდხანს იცოცხლე!” – ცოტაა შენთვის,
დიდი სიცოცხლე დამილოცნია!”.
ძირითადად პესიმისტურ ლექსებს ვწერდი. ვერავინ დაიჯერებს, რომ ის შეიძლებოდა სიცილის დედოფალს დაეწერა. სულ ნატო გელაშვილის სიმღერა მახსენდება – “ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარო”… ამ სიმღერას ერთ-ერთ “იუმორინაში” მღეროდა. მე ვიდექი კულისებში და ვტიროდი. ერთხელ ისე გავითიშე ამ სიმღერის დროს, რომ ყვიროდნენ, სცენაზე მზია კვირიკაშვილიაო, მე კი არ მესმოდა. არ გიკვირთ, ამ დონის ემოციური ქალი კიდევ ცოცხალი რომ ვარ?!
სულელი უნდა იყო, რომ თქვა, დავიღალე სიცოცხლითო. მინდა, ჩემს შვილიშვილებს ვუყურო კიდევ ცოტა ხანს. ჩემი ფანჯრებიდან 22 ნაძვი ჩანს. როგორ შეიძლება ამას უყურო და სიკვდილი გინდოდეს?! არ მინდა! ზემოთ კი ახლა ბჭობენ, წამიყვანონ თუ არა.
ერთხელ კირა კვეიძემ დამიწერა ლექსი “სევდიანი ხუმარა” და ამით ვამთავრებდი ჩემს სოლო კონცერტებს. ხალხი ცრემლმორეული მეხვეწებოდა, ამ ლექსით ნუ ამთავრებ, გვინდა, სიცილით დავტოვოთ დარბაზიო… სევდიანი ხუმარა მღერის:
“გაუღიმებელი სული დამაქვს,
ქვეყანა ჩემთვის ცივია.
სხვა რა ვთქვა, თვითონ გულიანად
ერთხელ არ გამიცინია.
მე ცაში ვისვრი სამეფო ნიღაბს,
თვალებს ცრემლებით ვივსებ.
ერთხელ გამაცინეთ,
თუ ღმერთი გწამთ,
მე რომ გაცინებდით, ისე!”
“სარკე”, 2010 წელი, N24

