მომღერალი მარიტა როხვაძე ისევ შეყვარებულია და ისევ არ ამხელს თავისი რჩეული ვინაობას, თუმცა ასეთი ამბები თავს დიდხანს არ მალავენ, თუნდაც სოციალურ ქსელებში. “სარკემაც” შეიტყო, ვინ არის მამაკაცი, რომელზეც მარიტა ყურებამდე შეყვარებულია და ეს გრძნობა ორმხრივია.
“ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბუბა ჟორჟოლიანს მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და წყვილს მეგობრები ულოცავენ, ბედნიერებას უსურვებენ. იმავე “ფეისბუქიდან” ჩანს, რომ ამ ზაფხულს მარიტა და ბუბა ბარსელონაშიც ერთად იყვნენ და, რაც მთავარია, ქორწილიც არც ისე შორია. ამის შესახებ მარიტა როხვაძემ “სარკეს” თავად გაუმხილა.
– მარიტა, ცნობილია და “სარკესთანაც” არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ უკვე რამდენიმე წელია შეყვარებული გყავთ, მაგრამ უფრო კონკრეტულად თქვენს რჩეულზე არაფერს ამხელთ. ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა, დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, თანაცხოვრების ახალ ეტაპზე და ძალიან მალე ქორწილიც გვექნება. სერიოზულად ვფიქრობთ, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხვალ ან უახლოეს დღეებში.
– სასიამოვნო სიახლეა, ხელი როდის გთხოვათ?
– ჩვენ ყველაფერი ნათხოვი გვაქვს ერთმანეთისთვის, უბრალოდ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი და ხელი მოწერილი! ჩემთვის ქორწინებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთად ვართ და ყველაფერში გამოვცადეთ ერთმანეთი. ზუსტად ვიცით, რა გვინდა. აქედან გამომდინარე, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს ოჯახის შექმნა.
– რატომ არ ამხელთ მის ვინაობას საჯაროდ?
– ნათქვამია, სიყვარულსა მალვა უნდაო და მეც ბოლო წუთამდე ვმალავ. პრინციპში, არც არაფერს ვმალავ, უბრალოდ ტელევიზიებში არ დავდივარ და არ ვსაუბრობ მასზე. დაველოდოთ იმ დღეს, როცა თავად იტყვის საჯაროდ ამ ყველაფრის შესახებ.
– რას ემყარება თქვენი ურთიერთობა?
– ურთიერთგაგება, პატივისცემა, ყველაზე მთავარი ეს არის და სიყვარული, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
– ამდენი წლის მანძილზე ერთმანეთზე არასოდეს გიეჭვიანიათ?
– ძალიან საყვარელი და კარგი ვარ, თუმცა ჩემს ხასიათს ვერაფერს ვუხერხებ. მაქვს გამოხდომები და გაგიჟებები! ჯიუტი ვარ, სიჯიუტის გამო პატარ-პატარა კონფლიქტები მაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ისევ ურთიერთპატივისცემა აბალანსებს.
არ ვეჭვიანობთ, მას უყვარს ჩემი ცხოვრების წესი, ჩემი პროფესია. კარგად იცის, რომ ჩემ ირგვლივ თაყვანისმცემლები ყოველთვის იქნებიან, რადგან სცენაზე ვმღერი, წარმატებული ვარ. აქ მთავარია ნდობა! არასოდეს გვიკამათია, ვიღაცამ რატომ შემომხედა და ა.შ.
– ყურადღებიანი მამაკაცია, რომანტიკით განებივრებთ?
– საჩუქრები და რაღაცები ურთიერთობის დაწყების დროს იყო. არ ვამბობ, რომ ახლა არ მჩუქნის. ახლახან მაგარი ფეხსაცმელი მომეწონა და მიყიდა. რამდენიმე დღის წინ ერთ კაბაზე გადავირიე, დილით გავიღვიძე და საწოლთან დამხვდა. სხვათა შორის, მეც ვუკეთებ საჩუქრებს. ჩვენთან ის არ არის, რომ მარტო კაცმა უნდა იყიდოს საჩუქრები და ქალმა – არა. კაცსაც ძალიან უხარია ყურადღება.
– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით შეყვარებულ წყვილებს?
– აუცილებლად იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და არასოდეს ითამაშონ, მით უმეტეს, საყვარელ ადამიანთან! ეს ყველაზე ცუდი რაღაც არის. ქალებს ასევე ვურჩევდი, საყვარელ მამაკაცთან ხშირად მაკიაჟის გარეშე ჰქონდეთ ურთიერთობა. გადაჭარბებული და შელამაზებული არაფერი ვარგა, პირად ურთიერთობებში არასოდეს უნდა მოიტყუო, ეს ყოველთვის იჩენს თავს და ამიტომ მთავრდება ურთიერთობა.
– “ჯეოსტარის” შემდეგ, რომლის გამარჯვებულიც გახდით წლების წინ, თქვენი ცხოვრება, გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ამისთვის?
– გარდატეხა აუცილებლად მოხდებოდა. ვიცი, ჩემს წონას გულისხმობთ. დიდი დრო გავიდა და ბუნებრივია შეიცვლებოდა ადამიანი. უბრალოდ ჩემს გარეგნობას შევუწყვე ხელი ვარჯიშით და დიეტებით, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო!
სიმართლე გითხრათ, არასდროს მაწუხებდა ჩემი წონა და არც ახლა მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოვიმატე. უბრალოდ ვცდილობ, ხელოვნური პროცედურების და ჩარევების გარეშე ეფექტურად გამოვიყურებოდე. ამ ყველაფერს წყლის საშუალებით ვახერხებ.
– ძალიან ხშირად იცვლით ვარცხნილობას და თმის ფერს… ეს რას მივაწეროთ, მრავალფეროვნება გიყვართ?
– ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. ხშირად მეცვლება ხასიათი და, აქედან გამომდინარე, სურვილი მიჩნდება, რაღაც შევცვალო ჩემს გარეგნობაში. თმებს გადავეკიდე, ვიცვლი ფერს, ვარცხნილობას, ეს პროცესი მახალისებს და მამხიარულებს.. ჩემგან მიჩვეულია ხალხი ასეთ ექსპერიმენტებს.
– როგორ ფიქრობთ, სექსუალური ხართ?
– ვფიქრობ, რომ ყველა ქალი სექსუალურია და რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?
– თქვენ მიმართ ინტერესი დიდია, ხშირად ხართ ყვითელი პრესის ფურცლებზე, ჭორები, სკანდალები… ეს ყველაფერი არ გაღიზიანებთ?
– რას ამბობთ?! პირიქით, ვგიჟდები ჟურნალისტებზე, ხშირად შემაწუხეთ! მე გამოცდილი მაქვს რესპონდენტებთან ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, არასოდეს ვამბობ უარს, თამამად ვისაუბრო ჩემს ცხოვრებაზე. შესაბამისად, ინტერესიც დიდია ჩემ მიმართ და ეს ბუნებრივია.
ლევან ქემოკლიძე, სარკე

