მანანა გოგლიჩიძე: “მე არ ვითვლი ჩემი ქმრის ქონებას და სხვები როგორ ითვლიან?!” – როგორ მეგობრობს ქუთაისელი მილიონერი ქალი თბილისურ ბომონდთან

მანანა გოგლიჩიძე: "მე არ ვითვლი ჩემი ქმრის ქონებას და სხვები როგორ ითვლიან?!" - როგორ მეგობრობს ქუთაისელი მილიონერი ქალი თბილისურ ბომონდთანთბილისურ ელიტაში ხშირად ისმის მდიდარი ქუთაისელი ქალის, მანანა გოგლიჩიძის, სახელი და გვარი, რომელიც ბევრი ადამიანის მთავარი მასპინძელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მისი ქმარი ცნობილი ბიზნესმენი და ყოფილი კალათბურთელი გერმანე გოგლიჩიძეა. მათი სიყვარულის ამბავი უკვე 45 წელს ითვლის და, მიუხედავად იმისა, რომ ამ 45 წლიან გზაზე იყო ბევრი სირთულე, გრძნობები გაუხუნებლად შემოინახეს.

გოგლიჩიძეების ოჯახი ფლობს სასტუმროების ქსელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სიმდიდრეს ქველმოქმედებისთვის არ იშურებენ, უამრავ ხელოვანს გაუწოდეს დახმარების ხელი.

მათ ოჯახს უკავშირდება საქართველოს ეროვნული სამოსის დღის დაარსება, რომელიც 18 მაისს აღინიშნება. ასევე – ქალბატონი მანანა გახლავთ “საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის” პრეზიდენტი, აჭარის მოდის კვირეულის დამფუძნებელი და დირექტორი. თავის ცხოვრებაზე ის “სარკესთან” საუბრობს.

– ქალბატონო მანანა, სანამ საქმესა და ოჯახზე გკითხავთ, მოდით, წარსული გაიხსენეთ, რა გზა გაიარეთ, სანამ აქამდე მოხვიდოდით?

– მე მქონდა ძალიან ტკბილი ბავშვობა. გავიზარდე ოჯახში, რომელიც დიდი სიყვარულით შეიქმნა. მამაჩემი არის ძირძველი თბილისელი, დედაჩემი – რაჭველი ქალი. მე ვარ სააკიანი, დედა მყავს სხირტლაძე. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი თბილისში ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნეს და მალევე შეუღლდნენ. მყავდა ჩემზე 6 წლით უფროსი ძმა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი რატომღაც ქუთაისში გადავიდა. დეიდა ცხოვრობდა იქ. რაჭველებს კი ხასიათში აქვთ, თუ და ან ძმა რომელიმე ქალაქში ცხოვრობს, იქ გადადიან, რადგან აუცილებლად ერთად უნდა იყვნენ.

ხალისიანი წლები გავატარე ქუთაისის მეცამეტე სკოლაში. იმ დროს არც ვიცოდით, რას ნიშნავდა, იყო ქართველი, სომეხი, რუსი, ებრაელი, უზბეკი თუ ა.შ. სკოლაში გვქონდა ანსამბლი, ვმღეროდით, ვცეკვავდით, თეატრალურ წარმოდგენებს ვდგამდით. ჩემთვის ის წლები ყველაზე ფერადი იყო.

– 45 წლიანი სიყვარული გაკავშირებთ ქმართან, ბიზნესმენ გერმანე გოგლიჩიძესთან. როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?

– ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან სასაცილოა. სკოლას რომ ვამთავრებდი, სწავლის გასაგრძელებლად დაბრუნებას ვაპირებდი თბილისში, ავლაბარში, ბებიის და ბაბუის სახლში. ჩემი ოცნება იყო იურიდიულზე ჩაბარება. ჩემი მომავალი მეუღლე იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა, მერე ვოლგოგრადში წაიყვანეს სათამაშოდ და პარალელურად “გეპეი”-ს სტუდენტი გახდა.

ერთ დღესაც მამამ მითხრა, შენ თბილისში აღარ მიდიხარ, ეს გადაწყვეტილება მივიღე და არაფერი შეიცვლება, შეგიძლია სახლში დაჯდე და საერთოდ არ ჩააბაროო. ოთახში ჩავიკეტე, იატაკზე ვიწექი, ვტიროდი, არ ვჭამდი და არ ვსვამდი. თურმე სატირლად არ მქონდა საქმე, რადგან გერმანე გოგლიჩიძემ ზუსტად იმ პერიოდში გადაწყვიტა ქუთაისში დაბრუნება.

მე მჯერა ბედისწერის. ჩვენი გზები არ უნდა გაფანტულიყო, აუცილებლად უნდა გადაკვეთილიყო. ასე შევხვდით ერთმანეთს ქუთაისში. იყო მორიდება, პატივისცემა, ყვავილების გაგზავნა… წელიწადნახევრის შემდეგ დავქორწინდით.

მანანა გოგლიჩიძე: "მე არ ვითვლი ჩემი ქმრის ქონებას და სხვები როგორ ითვლიან?!" - როგორ მეგობრობს ქუთაისელი მილიონერი ქალი თბილისურ ბომონდთან– თქვენს ბედნიერ ცხოვრებასაც ექნებოდა რთული პერიოდები.

– რა თქმა უნდა. სამჯერ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება და ეს არ იყო მარტივი. ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, სიყვარული წლებთან ერთად ქრებაო. პირიქით, როცა ორი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას და ერთად გადიან სირთულეებს, ყველაფერ ერთ სუნთქვად იკვრება. სწორედ იქ იბადება დიდი სიყვარული, ფერები უფრო კაშკაშა ხდება და არასდროს ხუნდება.

– თქვენი უფროსი შვილის, დავით გოგლიჩიძის, ინიციატივით, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე დაარსდა. როგორ გაჩნდა ეს იდეა?

– მოსკოვში როცა გადავედით საცხოვრებლად, დათუნა უკვე მეოთხე კლასში იყო, დათუნა პატრიოტია. როდესაც მოსკოვში დავიწყეთ ცხოვრება, ძალიან განიცდიდა. ერთხელ მითხრა, რა გამიკეთეთ, რატომ წამომიყვანეთო.

მთელი გულით და სულით უნდოდა ამ დღის დაარსება. ძალიან მაგარი ბიჭები დაუდგნენ გვერდით და ეს სურვილი აისრულა, თუმცა აღვნიშნავ, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე დააარსა და არა – ქართული სამოსის. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ყველა არის თავისუფალი უფლებებით შემოსილი. ამ დღეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების ადამიანი იცვამს საკუთარ ნაციონალურ სამოსს და გამოდის ქუჩაში.

ეს დღე ძალიან პოპულარულია ქართველ ემიგრანტებში და სწორედ ამ დღეს იცვამენ ქართულ სამოსს. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი სანახავია.

– თქვენი ოჯახის ირგვლივ ბევრს საუბრობენ, ყველა ხაზს უსვამს, რომ მეგობრობის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევით.

– ძალიან ბევრი დაქალი მყავს და ძალიან ვუფრთხილდები ჩემს მეგობრებს ქუთაისში, თბილისში, რუსთავში, რაჭაში, კახეთში, თუშეთში… სანამ ქართულ შოუბიზნესში აქტიურად გამოვჩნდებოდი, მანამდეც ცნობილი პიროვნება ვიყავი ჩვენი ოჯახის მეცენატობით, სპონსორობითა და ქველმოქმედებით.

აფხაზეთის ომის შემდეგ, კატასტროფა რომ იყო საქართველოში, ჩემმა მეუღლემ უამრავი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს, უამრავი მოხუცი – შიმშილს, ეკლესია, სკოლა და ბაღი – დახურვას.

– თქვენს სამეგობროში ქართული ბომონდის ბევრი წარმომადგენელია. არასოდეს გიფიქრიათ, რომ მათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა იზიდავთ?

– არავითარ შემთხვევაში! ჩვენ აღარ ვართ პატარები და ცხოვრებისგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემი მეგობრების უმეტესობა ფინანსურადაც ძლიერია. ერთმანეთთან სულიერება გვაკავშირებს.

ჩვენი დაქალობა ერთ დღეში არ დაწყებულა, დიდი ხანი ვიცნობთ ერთმანეთს. თუ ვნახავ, რომ ჩემს მეგობრებს რაღაც უჭირთ, მე არ მჭირდება რამის თქმა და იმავეს აკეთებენ ისინი ჩემთვის. დღეს შეიძლება შავი ხიზილალა და ზუთხი მქონდეს სახლში, მაგრამ მეორე დღეს მოხდეს შეფერხება. ასეთ დროს შეიძლება ერთმანეთს ვთხოვოთ: “ჩამირიცხე რაღაც თანხა და დაგიბრუნებ”. ეს არის მეგობრობის მეორე მხარე.

მანანა გოგლიჩიძე: "მე არ ვითვლი ჩემი ქმრის ქონებას და სხვები როგორ ითვლიან?!" - როგორ მეგობრობს ქუთაისელი მილიონერი ქალი თბილისურ ბომონდთან– ახლო წრისგან შური, ღალატი არ გამოგიცდიათ?

– არასოდეს და გეტყვით, რატომ. ჩვენ გვაქვს თავისუფლება მეგობრობაში, არანაირ პირობებსა და ამოცანებს არ ვუყენებთ ერთმანეთს. იცით, ღალატი რა არის? როდესაც შენც ძალიან გეტკინება და მასაც. როცა ასეთი რამ ხდება, ერთმანეთი აღარ უნდა ნახონ.

ვინმესთან გაურკვეველი სიტუაცია თუ შეიქმნება, აუცილებლად დაველაპარაკები და გავარკვევთ. შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ დიდება უფალს, მასშტაბური ღალატი არასდროს მიგრძვნია.

– თქვენი სამეგობრო “მაფიის ღამეს” თამაშობს. ამ გატაცებაზეც მოგვიყევით.

– ეს არის საერთაშორისო თამაში, რომელიც ძალიან საინტერესოა. არ არის გართობა, ეს არის ძალიან ორგანიზებული თამაში, რომელიც ჩვენს სამეგობროში პირველივე დღიდან მიჰყავს ჩვენს ვარსკვლავს და საყვარელ გოგონას, ია ფარულავას. თუ მას არ შეუძლია და ხასიათზე არ არის, თამაში არ შედგება, რადგან ჩვენ სხვისი ხელმძღვანებლობით “მაფიის ღამეს” არ ვთამაშობთ.

– მსმენია, რომ ამ დროს ძალიან ბევრს კამათობთ.

– უიმე, ვკამათობთ კი არა, იქ რა ხდება, იცით? დედის ხოცვა და მამის შიმშილი! იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. “გამოცოცხლდი”, “რას აკეთებ”, “დაფიქრდი”, “სად იყურები”, ვაშლის სროლა… ძალიან აზარტული თამაშია. თამაშის ბოლოს ყველანი ძალიან დაღლილები ვართ, რადგან დიდ ენერგიასა და აზროვნებას მოითხოვს.

– თბილისში ცნობილი ქალები ლამის ლეგენდებს ყვებიან სახის ჯადოსნურ საცხზე, რომელსაც საკუთარი რეცეპტით ამზადებთ. თუ საიდუმლო არ არის, რისგან მზადდება ეს კრემი?

– თუ სადმე უცხო ბალახს დავინახავ, მაჟრიალებს, სანამ არ მივალ, არ დავყნოსავ, არ გავიგებ, რა არის, რისთვის არის კარგი. მამიდაჩემი ძალიან ცნობილი კოსმეტოლოგი გახლდათ. 40 წლის განმავლობაში მასთან თბილისის გამორჩეული ქალები დადიოდნენ.

მე მიყვარს ვერცხლი და არ მიყვარს ოქრო. მიყვარს ალმასი და არ მიყვარს ბრილიანტი. ვერცხლს როდესაც ვეხები, თითქოს მის ძარღვს ვგრძნობ. აი, ოქროს ან ბრილიანტს რომ მოვკიდებ ხელს, საერთოდ არაფერია ჩემთვის.

პირველად თქვენ გეუბნებით, რომ საცხებს, რომლებიც იყიდება გინდა შვეიცარიაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, 5 წლის მერე რომ მოხსნათ თავი, არაფერი ეცვლება, რადგან ქიმიური ნივთიერებებით არის გაჟღენთილი.

მე ყველა ჩემს საცხში ვურევ ალოეს ჟელეს. ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი მყავს ჩართული, რომ, როდესაც ია, ყვარაკუნჩა, ჟასმინი, იასამანი, მუშმალა, მაგნოლია ყვავის, მომიგროვონ და შემინახონ. მე ამ ყველაფერს ვუმატებ ასპირინს.მხოლოდ წელს დაიწერა, რომ ასპირინი კლავს კიბოს უჯრედებს, მაგრამ მე ეს რატომ გამოვიყენე? ჩვენი ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები ხომ მურაბებს ყოველთვის ასპირინს უმატებდნენ, რომ არ გაფუჭებულიყო და გემო შეენარჩუნებინა. გამოდის, ასპირინი არის სიცოცხლის ძალა, რომელიც არ შლის უჯრედებს, არ აფუჭებს, ობი არ უჩნდება და არ ლპება.

– მას მხოლოდ თქვენი მეგობრებისთვის ამზადებთ თუ იყიდება კიდეც?

– არ იყიდება, ეს ჩემი ჰობია. ძალიან ძვირი მიჯდება საცხის გაკეთება. არამარტო ბალახს ვურევ, ვიწერ მარგალიტის, ოქროს და ვერცხლის კოსმეტოლოგიურ ფხვნილს და ისე ვამზადებ. მე სპეციალურად ჩემი გოგოშკებისთვის ჩამომაქვს თბილისში და საჩუქრად ვურიგებ. სულ მეჩხუბებიან, თბილისში გახსენი აფთიაქი, ეს კრემები გავყიდოთ, როდემდე უნდა გვირიგო უფასოდო. მე კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ადამიანებს იმას ვჩუქნი, რაც ყველაზე მეტად ახარებთ. მირეკავენ ხოლმე, გვიშველე, შენი საცხი გვითავდებაო.

– თქვენი თაოსნობით, მეოთხე წელია აჭარის მოდის კვირეული ტარდება. რითია ის გამორჩეული?

– ეს ჩემი შვილია, უკვე 4 წელი შეგვისრულდა. ბათუმში ხშირად მეუბნებოდნენ, პოდიუმზე ფეხის დადგმა არ გვაღირსეს იმიტომ, რომ საშუალება არ გვაქვს, საზღვარგარეთ ვერ გავდივართ, საკუთარ თავს რეალიზებას ვერ ვუკეთებთო. სწორედ ამიტომ აჭარა ფეშენ ვიკი ჩამოვაყალიბე ახალი სახეების გამოსავლენად.

დიზაინერები, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ ბირთვს, სულ მუშაობენ. დავდივართ საზღვარგარეთ, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში. წლევანდელ კვირეულზე ორი უცხოელი დიზაინერი გვყავდა მოწვეული. იყვნენ ახალი სახეებიც.

ეს პროექტი წარმატებულია. გვერდით მიდგანან ჩვენი პრინცი და პრინცესა ბაგრატიონები. პროექტი არის საქველმოქმედო, ერთ კაპიკსაც არ იხდიან. მსოფლიოში ასეთი რამ არ ხდება. ამ ყველაფერს ენთუზიაზმით და ვირული შრომით ვაკეთებ.

– თქვენს ოჯახზე ამბობენ, რომ მილიონერები ხართ და იმდენ ქონებას ფლობთ, ვერც იხსენებთ, რომელ ქვეყანაში რამდენი სახლი გაქვთ შეძენილი.

– მილიონები არავის დაუტოვებია ჩვენთვის, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიეთ. ძალიან ხშირად მქონია მომენტი, როცა უთქვამთ: “მანანა, გილოცავ, შვეიცარიაში გიყიდია სასტუმრო”. ამაზე ვიცინი ხოლმე და ვეუბნები, მისამართი მომწერეთ-მეთქი.

გეფიცებით, თუ ვიცოდე და დამეთვალოს ჩემი მეუღლის ქონება და ეს ხალხი როგორ ითვლის ჩემს ქონებას, ძალიან მაინტერესებს. ჩვენს ოჯახს შეეძლო, კაპიკი არ ჩაედო საქართველოში და რაც აქ ვაკეთეთ, ის რომ უცხოეთში გაგვეკეთებინა, ახლა მილიარდელები ვიქნებოდით.

– რაზე ოცნებობთ?

– თითქმის ყველა ოცნება ავისრულე, მეტი რა უნდა მინდოდეს? უკვე პენსიაზე ვარ, ცოტა ხანში 66 წლის გავხდები. დილით როგორც კი ავდგები, ხატებთან მივდივარ და მადლობას ვუხდი უფალს ყველაფრისთვის, რაც მაქვს ცხოვრებაში. ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ერთ ადამიანს სჭირდებოდეს.

ქალისთვის რა არის ბედნიერება? გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც გიყვარს და ყოველდღე გიყვარდება, მისგან გყავს უსაყვარლესი შვილები და მერე შვილიშვილები. ფული, კარგი ცხოვრება, სიმდიდრე – ეს საჭიროა, რომ შედგე. ბედნიერება არის სიყვარული. სიყვარულიდან, ღიმილიდან კი იწყება მშვიდობა. შეიძლება სიმდიდრე არ გქონდეს, მაგრამ უნდა გიყვარდეს, თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო.

ლევან ქემოკლიძე, სარკე