კახა თოლორდავა: “ლარისა გუზეევასთან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, შვილი ჩემი გაზრდილია”

კახა თოლორდავა: "ლარისა გუზეევასთან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, შვილი ჩემი გაზრდილია"კახა თოლორდავა, რომელიც ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს და მუსიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ფილოსოფოს ბაჩოს როლით გამოჩნდა. მას ვაკის საზოგადოება ჭკუას ეკითხება, ისიც სრული სერიოზულობით იძლევა აბსურდულ რჩევებს და შაგუსა და ჩიკას წრე მისი მითითებებით მოქმედებს.

58 წლის კახა თოლორდავა 35-40 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, რომლის გატაცების – მუსიკის – შესახებ ყველამ იცოდა. უნივერსიტეტის შემდეგ მისი საქმიანობა მრავალმხრივად გაგრძელდა, თანამშრომლობდა სარეკლამო სააგენტოებთან, მუშაობდა ბუნების დაცვის სფეროში, წერდა მუსიკაზე, 6 წელი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “უცნობი მუსიკა” მიჰყავდა…

კახა თოლორდავას ერთადერთი შვილი გიორგია. კახამ და ლარისა გუზეევამ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. რუსეთში 8 წელი ცხოვრობდნენ ერთად. მერე გაშორდნენ და ბატონი კახა თბილისში დაბრუნდა, მაგრამ ყოფილ ცოლთან და ვაჟთან ურთიერთობა არასოდეს გაუწყვეტია. გიორგი ხშირად სტუმრობდა საქართველოს და მამა ამბობს, რომ სიშორეს ხელი არ შეუშლია, შვილი თავად აღეზრდა.

გიორგის ქორწილში სექტემბერში ლარისა გუზეევა საქართველოში თავის გოგონასთან, ლელესთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მას მეორე ქორწინებიდან ჰყავს. საქართველოში ლელესთვის ეს პირველი სტუმრობა არ არის. თბილისს ხშირად სტუმრობს მისი მამაც, რომელმაც ამჟამად გერის ქორწილში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ამით კახა თოლორდავას გულიც დასწყვიტა.

– ბატონო კახა, პირველ რიგში, გილოცავთ ვაჟის გაბედნიერებას. როგორ და რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა რჩეულმა ქორწილის გადახდა საქართველოში?

– უკვე 9 წელია ჩემი ვაჟიშვილი და ამჟამად უკვე მისი ცოლი ერთად არიან. ორივე მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, თბილისში ჰქონოდათ ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გრანდიოზული ქორწილი და სულ რაღაც 75 ადამიანი ესწრებოდა, საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა მის მოსამზადებლად.

გიორგი ძირითადად აქ გაიზარდა. მას ფეხით აქვს მოვლილი მთელი საქართველო, კარგად იცნობს აქაურობას და უამრავი ახლობელიც ჰყავს, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს მის ჩამოყალიბებაზე. ამიტომაც ბუნებრივად მოხდა, რომ თბილისში მოუნდა ქორწილის გადახდა.

– თქვენი წვლილი როგორია შვილის გაზრდა-აღზრდაში?

– შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჩემი გაზრდილია. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ დედის როლს. სკოლაში აქ არ სწავლობდა, მაგრამ მთელ ზაფხულს და ყველა არდადეგებს აქ ატარებდა. ორივემ ერთნაირად მივიღეთ მის აღზრდაში მონაწილეობა და მე არ ვარ ცუდი მამა. პატარ-პატარა შეცდომებს ალბათ ყველა ვუშვებთ, მაგრამ შვილის მიმართ ჩემ მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

– რას საქმიანობს გიორგი?

– მოსკოვში პატარა მარკეტინგული ფირმა აქვს. რაც შეეხება მის ინტერესებს, ჩემნაირი გახდა. მისი სერიოზული ინტერესის სფერო მუსიკაა – უკრავს, მღერის, თავისი ბენდიც ჰყავს.

– ქართული კარგად იცის?

– დიახ, ჩვენსავით იცის ქართული და ამის მიზეზი ის არის, რომ დიდ დროს ატარებდა თბილისში. სწრაფად აითვისა ენა და მას მერე აღარც დაუკარგავს ეს ცოდნა.

– მოდით, გაიხსენეთ ის წლები, როცა გიორგის დედა, მსახიობი ლარისა გუზეევა გაიცანით და იქორწინეთ.

– საქართველოში ფილმის გადაღებაზე გავიცანით ერთმანეთი. მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა ფილმს “რჩეული” და მეც ამ ფილმის ნაწილი ვიყავი, როგორც მსახიობი. დავახლოვდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი.

– რუს გოგონაზე დაქორწინდით მაშინ, როცა თბილისში ძალიან პოპულარული იყავით და თურმე თქვენზე უამრავი ქართველი გოგონა იყო შეყვარებული.

– ეს იყო ქიმია. ეს არის ერთი ნახვით შეყვარება. ეს არ ყოფილა ისე, რომ თითქოს დავჯექი, ავწონ-დავწონე, იქით ქართველი ქალები და აქეთ რუსი-მეთქი…

– მერე კი რუსეთში ცხოვრობდით.

– დიახ, რუსეთში წავედით. ლენინგრადში ვცხოვრობდით, რომელიც მერე სანკტ-პეტერბურგად გადაიქცა. მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო. მას კი სპეციფიკური პროფესია ჰქონდა, ამიტომაც რუსეთში გადავედი და გიორგიც იქ დაიბადა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაც ცოტა დრო არ არის.

– 8 წელი რას საქმიანობდით რუსეთში?

– ძირითადად შვილის გაზრდით ვიყავი დაკავებული და ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი. შეკვეთებსაც ვიღებდი ჟურნალისტიკის კუთხით, ძირითადად თარგმანებს ვაკეთებდი. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო რთული რუსეთისთვის. მახსოვს, იქ 7 თვით დახლებიდან როგორ გაქრა ყველაფერი, სანამ ამერიკამ არ მისცა სესხი, რამაც ცოტა წამოაყენა ფეხზე რუსეთი.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა ლარისა გუზეევასთან?

– დიდებული. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ კარგ მეგობრებად დავრჩით. მასაც უყვარს საქართველოში სტუმრობა ისე, როგორც ჩემს შვილს.

– საკმაოდ თბილი წერილები აქვს დაწერილი საქართველოზე…

– დიახ, რადგან ამ ქვეყნიდან კარგის გარდა არაფერი მიუღია. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია…

– ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლარისა მეორე ქმარსაც გაშორდა.

– არ გაშორებია. მისი ქმარი, სამწუხაროდ, ახლა ვერ ჩამოვიდა, რადგან კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი.

– ლარისას მერე დაქორწინდით?

– არა.

– მარტო ცხოვრობთ?

– როცა მინდა, კი, მარტო ვცხოვრობ.

– აღარ დაოჯახდით იმიტომ, რომ თავისუფლება გინდოდათ?

– არა, უბრალოდ ასე მოხდა. ბოლო წლები საკმაოდ დაკავებული ვიყავი. დილიდან საღამომდე არ მეცალა. დედაჩემთან ვსადილობ ყოველდღე და დედა ყოველდღე მელოდება. მარტო ვცხოვრობ, თორემ მარტოხელა არ ვარ. არ მახსოვს მომენტი, როცა მარტოს მომეწყინა. შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით ეს არის მიზეზი, რომ ასე ვარ.

– მსახიობობა თქვენი ერთ-ერთი პროფესია?

– მე მსახიობი არ გახლავართ. უბრალოდ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი რეჟისორი იყო და ახალგაზრდობაში ხშირად მთხოვდნენ, პატარ-პატარა ეპიზოდებში მიმეღო მონაწილეობა. ხშირად ვხუმრობ, ჩემი ყველა მეგობრის ფილმში ერთხელ მაინც ვარ მკვდარი-მეთქი. სულ ძალადობრივი სიკვდილით მკლავდნენ.

უამრავ სადიპლომო და საკურსო ფილმში ვარ ასე გადაღებული. რეჟისორებს უყვართ, პერიოდულად ესა თუ ის ნაცნობი შეაგდონ ფილმში.

– დაბოლოს, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებამდე” მიხვედით. თქვენს ფილოსოფოს გმირს ჭკუას ეკითხებიან. როგორ ფიტრობთ, მასთან რაიმე მსგავსება გაქვთ?

– არა. ეს როლია, რომელსაც დავთანხმდი იმიტომ, რომ იმ მომენტში მქონდა პაუზა და ამის გაკეთება შემეძლო. თან მაინტერესებდა, თორემ ამ პერსონაჟს არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან. სრულიად განსხვავებული ვარ. თურმე ნახევარი საქართველო უყურებს ამ სერიალს.

– ახლა რას საქმიანობთ?

– რადიოში მიმყავს გადაცემა “უცნობი მუსიკა”. შემდეგ წელს კი გამოვა ჩემი წიგნი, რომელიც იქნება დამატება იმისა, რაც 2009 წელს გამოვიდა – “საუბრები ჯაზზე”, სადაც მომეცა საშუალება, დამეწერა საუბრები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ჯაზ-მუსიკოსებთან. ეს ძალიან მძიმე სამუშაოა და ჯერჯერობით მხოლოდ ამით ვარ დაკავებული.

– მშვიდი ხასიათი გაქვთ თუ ფეთქებადი?

– საკმაოდ მშვიდი და წყნარი ვარ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება. წყობიდან გამოვყავარ სიბრიყვეს. იდიოტებთან ურთიერთობას ნაძირლებთან ურთიერთობა მიჩევნია. მაგალითად, ძალიან ვბრაზდები, როდესაც მეკითხებიან, სავარცხელი თუ გაქვთო. შემომხედეთ თავზე – რად მინდა სავარცხელი?!

– თქვენი თაობის ბევრი წარმომადგენელი ნარკოტიკმა გადაიყოლა. თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ მასთან?

– არანაირი შეხება არ მქონია, რადგან არ მიყვარდა, როცა საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი.

რუსუდან ადვაძე, სარკე