“არაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” – ცნობილი ლექსის საიდუმლოს ამოხსნის ისტორია

"არაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ცნობილი ლექსის საიდუმლოს ამოხსნის ისტორია”ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია” – ცნობილი ხალხური ლექსის ამ სტროფის საიდუმლო, რომლის შინაარსიც ყველასთვის გაუგებარი იყო (აბა, ჯერ როგორი წარმოსადგენი და მერე ასახსნელია უზარმაზარ მდინარეში ჩაკიდებული ბებერი, რომელსაც პურის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის, მაგრამ უარს ეუბნება?!), მრავალი წლის და შესაძლოა საუკუნეების მერეც მწერალმა და პროფესორმა თამარ ბუკიამ ამოხსნა. ის ამტკიცებს, რომ ლექსში სიტყვა “ალაზანის” ნაცვლად უნდა იყოს “არაზანი”, რომელსაც კახელები დიდ თონეს უწოდებენ.

თამარ ბუკიას ამ აღმოჩენამ ბევრს შვება მოჰგვარა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მის ვერსიას არ ემხრობიან და მდინარე ალაზანში ჩაკიდებული ბებრის ამბავი სულაც არ ჰგონიათ აბსურდული.

“ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა – პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული. არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.

აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს. ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს, მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, “პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”, – დაწერა ქალბატონმა თამარმა და თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თამარ ბუკია პროფესიით საქონელთმცოდნეა და მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებით. მას მერე, რაც ეს პროფესია ქვეყანაში აღარავის დასჭირდა, ტურიზმს ასწავლის სტუდენტებს. წერს ლექსებსა და რომანებს, ქსოვს, ქარგავს… სიძველეების შესწავლა კი ისე აინტერესებს, რომ ანატორისა და ზარზმის საძვალეში შეაღწია და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

ეს ცნობისწადილიანი ქალი “სარკეს” თავის ცხოვრებასა და, რა თქმა უნდა, ხალხური ლექსის მისეულ ვერსიაზე ესაუბრება.

თამარ ბუკია:

_ თბილისში, ჩემს მეზობელთან ვიყავი და ბავშვი ამ ლექსს სწავლობდა – “ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია…”. ვუთხარი, არა, შვილო, ასე უკუღმა არ ისწავლო, აბა, მითხარი, ალაზანში პურს რა უნდა და პური როგორ უნდა მისცეს მდინარიდან, თევზი ხომ არაა-მეთქი. სახლში რომ ავედი, დავდე პოსტი, აბა, რამდენი დაასრულებთ ამ ლექსს სწორად-მეთქი. მხოლოდ ორმა თქვა არაზანი და მათაც აღნიშნეს, რომ ეს ჩემგან იცოდნენ.

1.300-ზე მეტი კომენტარი და 650-მდე გაზიარება მოჰყვა. ამ პოსტის კომენტარებში დავწერე ჩემი ახსნა-განმარტება, მაგრამ მივხვდი, ამას ბევრი ვერ ნახავდა. ამიტომაც ეს ჩემივე კომენტარი ამოვიღე და ცალკე პოსტად დავდე. აი, იმას მოჰყვა ამბავი თუ მოჰყვა. მოჰყავდათ მაგალითი, რომ წიგნში ასე ეწერა და წყაროს დასახელებას მთხოვდნენ. ჩემი წყარო კი ის კახელი მოხუცი ქალია, რომელმაც თქვა, რომ არაზანი დიდ თონეს ჰქვია.

მე მეგრელი, მაგრამ მე-7 თაობის თბილისელი ვარ. სიღნაღის უნივერსიტეტში 16 წლის განმავლობაში დეკანი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი. ბევრი ოჯახი გვეპატიჟებოდა ხოლმე.

იმ დღეს, დაახლოებით 2005-2006 წლებში, სიღნაღის რაიონის რომელიღაც სოფელში ვიყავით, ეს იყო ან ვაქირი, ან საქობო. თურმე ის ოჯახი პურის ცხობით ირჩენდა თავს. ძალიან გემრიელი პური იყო. რომ გამოვედით, დავინახეთ თონე. ერთი “მარშრუტკა” ხალხი ვიყავით და ყველამ მოვინდომეთ იმ გემრიელი პურის ყიდვა, რომლითაც გაგვიმასპინძლდნენ. ყველას არ შეგვხვდა.

მაშინ მოხუცმა ქალმა თქვა, აქ არაზანი უნდა ჩავდგათ, თორემ ვერ ავუდივართო. ვკითხე, არაზანი რა არის-მეთქი. შემომხედა და კახური დიალექტით მითხრა: “იი, პროფესორი ქალი ხარ და ეს არ უნდა იცოდე?! არაზანი დიდი თონეა”. ამიხსნა, ჩვეულებრივ თონეში 5-6 მწკრივი პური ეკვრება, არაზანი კი ამაზე ორჯერ დიდია, 8-დან 12-მდე მწკრივი პური ჩადისო. წარმოვიდგინე, რომ ეს არის უზარმაზარი თონე, რომელშიც მართლა უნდა ჩაეკიდო ადამიანი.

ღამეში რომ რაღაცამ გაანათოს, ისე გამინათდა ტვინში – “არაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია”. დალაგდა მთელი ლექსი.

– იმიტომ, რომ ამ ლექსზე ბევრს ფიქრობდით?

– ბევრს – არა, მაგრამ მაწუხებდა ეს ამბავი. არც სულხან-საბას, არც კილოკავთა ლექსიკონში ეს სიტყვა არ იძებნება.

– ამიტომაც გამოგიჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომელთაც ალაზნის ვერსია უფრო სწორი ჰგონიათ.

– ცოდვა დაიდო კისერზე და მერე ჩაკიდეს ალაზანშიო… არა, ბატონო, ჯერ დაინახა ჩაკიდებული და მერე სთხოვა პური.

ეს სიტყვა რომ მოვისმინე, იქვე ხმამაღლა ვთქვი, იცით, რა აღმომაჩენინეთ ახლა, მთელი ბავშვობა რომ მაწვალებდა ეს ლექსი, ძლივს მივხვდი-მეთქი. მითხრეს, არც ჩვენ დავფიქრებულვართ ამაზეო. პური რომ აღარ გვეყო, იმის დამსახურებაა ეს აღმოჩენა. მერე გამოვიკითხე და ქიზიყში იციან ეს სიტყვა, თორემ თელავში, გურჯაანის იქით, უკვე აღარ. ქიზიყიდან გურჯაანამდე მცხოვრები მოხუცები მეუბნებოდნენ, რომ დიდ თონეს ჰქვია ასე.

ჩემი ყოფილი სტუდენტი გამომეხმაურა ახლახან – მამაჩემს თონის საყიდლად გავყევი და ერთი იმხელა თონე ვნახე, რომ გამიკვირდა და მერე მამაჩემმა მითხრა, ეს არაზანიაო. ბებიამისს უთქვამს მერე, არაზანი იმხელა თონეა, რომ გაახურებდნენ, მთელი სოფელი თუ არა, ნახევარი მაინც იმ დღეს აცხობდა პურს, ერთ ჩაკვრაზე 90 პური ჩადის, ბევრი შეშა სჭირდებოდა და ერთად ახურებდნენო.

არაზანი წვიმის სიმბოლოდაც მხოლოდ კახეთშია მოხსენიებული. კოკისპირული წვიმა, ანუ ბევრი წყალი მოდის. წვიმას 93 სინონიმი ჰქონია. 64 სინონიმი უფრო პოპულარულია. არაზანი კი მხოლოდ კახელებმა იციან. თავისთავად ეს სიტყვა დიდს, მნიშვნელოვანს ნიშნავს. ანუ იმდენად ხშირი წვიმა მოდის, სავარაუდოდ, დიდ თონეს, არაზანს ავსებს. არც ერთ სხვა კუთხეში ეს სიტყვა არ იციან და მხოლოდ კახეთში ამბობენ, არაზანი მოდის, ისეთი წვიმააო. ლექსიც დაამახინჯეს, რადგან ეს სიტყვა არ გაეგონათ, ალაზანი კი ყველამ იცოდა.

– პროფესიით ვინ ხართ?

– საქონელთმცოდნე ვარ. სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზას ვასწავლიდი, მაგრამ მერე ეს პროფესია აღარავის დასჭირდა. როცა ჩვენს კათედრაზე შემოვიდა ტურიზმი, ამ სფეროში გადავერთე. მე ვიყავი მინის, კერამიკის, ავეჯის, საშენი მასალებისა და საიუველირო ნაწარმის მცოდნე. საკმაოდ საინტერესო იყო.

დღემდე გული მწყდება მინასა და საიუველირო ნაწარმზე. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს და მითხრეს, აღარ არის საჭიროო. ეს, სააკაშვილის დროს რომ მონასტერი აირია, მაშინ მოხდა. ახლა მხოლოდ ის გიმოწმებს ნაკეთობას, ვინც ოქროს ბირჟაზე ზის და როგორი სპეციალისტია, არავინ იცის. დღეს აღარც სამრეწველო და აღარც სასურსათო პროდუქტის სპეციალისტები გვყავს. ამიტომაც ღმერთმა იცის, რას ვსვამთ, რას ვჭამთ, რა გვაცვია.

ჩვილი ბავშვის ჩინური ფეხსაცმელი რომ შემოდის ჩვენთან, იმას რომ ჩააცმევ ბავშვს, იმდენად ერღვევა თბორეგულაცია ფეხში, ისე იჭერს ოფლის სუნს, რომ ორგანიზმი გადაგვარებას იწყებს და დიდობაშიც კი ვერ მოიცილებ იმ სუნს ფეხიდან. სათამაშოებში ისეთი საღებავებია გამოყენებული… აღარაფრის ექსპერტი გვყავს.

ახლა თითქოს “გეპეი”-ში დაუწყიათ სასურსათო ტექნოლოგიების შესწავლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ექსპერტობას. საქონელთმცოდნეები 5 სახის ქიმიას გავდიოდით. შეიძლება აწარმოო, მაგრამ უკვე დამზადებულის შემოწმებაა მთავარი. მე რომ გადავყვები ხოლმე ტორტის ცხობას, ჰა-ჰა, ორი დღე გაძლოს და მესამე დღეს უკვე სხვა გემო აქვს. როგორ შეიძლება ნამცხვარს 6 თვე ჰქონდეს ვადა?!

– მრავალმხრივი, მრავალ ინტერესიანი ადამიანი ჩანხართ.

– ქარგვაც ვიცი, კერვაც, ქსოვაც… ბუნებით კი ნამდვილი ტურისტი ვარ. მამას ხშირად დავყავდი, საქართველო, რუსეთი, ბალტიისპირეთი მაქვს შემოვლილი და მაშინ შემიყვარდა. ახლა ჩემს სტუდენტებთან ერთად დავდივარ.

შარშან სვანეთში პირველად წავედი და იმდენად მომეწონა, ამ კუთხით ვცხოვრობდი კარგა ხანს. სიზმარსა თუ ცხადში, თვალწინ მედგა. ქვემო სვანეთში კი ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ზემო სვანეთში, უშბის ძირიდან ნახევარ კილომეტრში ვცხოვრობდით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეზოში იყო აღმართული ეს უზარმაზარი და ულამაზესი მთა.

ხომ არის ლეგენდა, რომ უშბა და თეთნულდი ვაჟი და ქალი იყვნენ, ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ დაქორწინების უფლება არ მისცეს და მთებად გადააქციეს. თეთნულდი პატარძალივით ლამაზია, უშბა კი ვაჟკაცივითაა.

გარდა იმისა, რომ ტურისტობა მხიბლავს, სულ თავგადასავლებს ვეძებ. ყველა, ვინც მახლავს, მეუბნება, თუ ჩვენ რამე დაგვემართა, შენი ბრალი იქნებაო. მაგალითად, შატილში, ანატორის აკლდამაში, სადაც თავისი ფეხით მიდიოდნენ ჭირით დაავადებულები და სიკვდილს ელოდებოდნენ, ფანჯრიდან გადავძვერი. კარი არ ჰქონდა და, აბა, რა მექნა?! მე რომ გადავძვერი, მას მერე გისოსები დაუყენეს.

– შიგ რა დაგხვდათ?

– უამრავი ძვალი. სამ იარუსად ყრია ძვლები. არსებობდა ლეგენდა, რომ იქ იყო აკვანი, რომელზეც დედის ხელი იყო შერჩენილი, რადგან აკვნის ბავშვს დაემართა შავი ჭირი, ჯანმრთელი დედა ბავშვთან ერთად შევიდა ამ აკლდამაში და მასთან ერთად დაიღუპა. ჩემი და იყო იქ უფრო ადრე და მან მითხრა, რომ შეიხედავ, ჩანს, როგორაა აკვანზე თითები შემორჩენილიო. ვერ მოვითმინე და შიგნით შევძვერი ამ ყველაფრის სანახავად. მართლაც ასეა – ორი თითი აკვანზე სალტესავითაა დარჩენილი.

წელამდე თმა მქონდა. იქიდან რომ გამოვდიოდი, რაღაც წამომედო. ეს იყო ჩონჩხი… ხელით მაცლიდნენ თმიდან ძვლებს და ისევ აკლდამაში ყრიდნენ, რომ იქიდან არაფერი წამომეღო.

ადრე, სანამ დასათვალიერებლად მოაწყობდნენ ზარზმის საძვალეს, იქაც ვარ შესული. ქვემოთ კიბე ჩადიოდა. რომ ჩავიხედე, კარი იყო ღია. ბოქლომიც იქვე იდო. არ ვიცი, რატომ არ შემეშინდა, რომ ვინმეს ჩავეკეტე. დაკუზულიც ვერ შეხვიდოდი, ისეთი დაბალი კედლები იყო. ამიტომ ოთხზე დავდექი და ისე შევედი. ფანარი მუდამ ჩანთაში მაქვს, ახლაც კი. არც ვიცოდი, იქ რა იყო. პირში ჩავიდე ფანარი და ცოცვით შევძვერი. თავიდან ვერც მივხვდი, რა იყო ის თეთრი რაღაცები.

დავჯექი და ისე დავიწყე თვალიერება. მოპირდაპირე მხარეს დავინახე ზუსტად ასევე დამჯდარი ჩონჩხი. გეგონებოდა, სარკეში ვიყურებოდი, იმ განსხვავებით, რომ მე ცოცხალი ვიყავი და ის – უკვე ჩონჩხად ქცეული. ზუსტად იმავე პოზაში იჯდა, როგორშიც მე. დაოთხილი გამოვვარდი, რადგან უცებ რომ ვინმეს ჩაეკეტა, ისეთი კედლები იყო, ხმას ვერავის გააგონებდი. მერე ალბათ გასარკვევი იქნებოდა, საიდან გაჩნდა მამათა მონასტრის საძვალეში ქალის ჩონჩხი.

რამე როცა მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ გავარკვიე, თავს ვერაფერს ვანებებ. მამაჩემი ამბობდა ხოლმე, ამან ტყუილი რომ თქვას, ისიც დაეჯერება, რადგან სანამ არ გაიგებს, არაფერს მოეშვებაო. ჩემი ვაჟიშვილიც ასეთია – სანამ ბოლომდე არ გაიგებს, რა რატომ ხდება, სულ უკირკიტებს.

– რაზე წერთ?

– სიყვარულზე. აბა, სიყვარულის გარეშე როგორ იქნება?! ლექსებს სიყვარულზეც ვწერ და სხვა თემაზეც. გამოვეცი ერთი რომანი “გაცვლა”. ერთი ფაქტობრივად მზად მაქვს და სპონსორს ველოდები, ერთზე კი ისევ ვმუშაობ.

ჩემი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი საქართველოს პატრიარქს ვაჩუქე. მითხრა, არ არსებობს, ამას შენ ვერ შეასრულებდიო. დავიბენი, რას ამბობთ, ჩემი ნაქარგია-მეთქი. მითხრა, კი, მაგრამ უფალი თავად გკარნახობდა, რა და როგორ გაგეკეთებინაო.

 რუსუდან ადვაძე, სარკე