ანა კოშაძე: “ტოშამ პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო – არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ”

ანა კოშაძე: "ტოშამ პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო - არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ"2000-იანების პოპულარული მოდელი, ანა კოშაძე, 10 წელია პოდიუმზე აღარ გამოსულა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და სამოდელო სფეროდან გაქრა. ახლა ის 30 წლისაა, ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიას ცოლი და ორი პატარა გოგონას დედაა, ხოლო მის სამსახურებრივ სტატუსს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი ჰქვია.

“სარკესთან” ინტერვიუში პოპულარული ლამაზმანი მოდელობის პერიოდს იხსენებს და თავისი ცხოვრების 30 წელს აჯამებს.

– ანა, პოდიუმზე გატარებული პერიოდიდან ყველაზე ხშირად რა ემოციები გახსენდებათ?

– ერთ რამეს ვიტყვი, რომ საქართვლეოში არც ისე მძიმეა მოდელის პროფესია, მით უმეტეს, ჩემს პერიოდში არ ყოფილა. ჩემი თაობის მოდელებსა და დღევანდელ მოდელებს შორის დიდი განსხვავებაა. რატომღაც ჩემს თავს დიდად არ ვუვლიდით, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ მე ასე ვიყავი, ამიტომაც ვიყავი ცოტა პუტკუნა მოდელი. მაშინ რა წონაც მქონდა, დღეს იმ წონის გოგო პოდიუმზე არ გამოჩნდება.

ძალიან კარგად მახსენდება ის წლები, რომლებიც პოდიუმზე გავატარე, ეს იყო ერთი დიდი გართობა. მოდელობას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია.

წარმოუდგენელია, ახლა რამე საქმისთვის ღამე გავათენო, მაშინ კი, როცა კლიპებში გვიღებდნენ, ძირითადად ეს ღამის საათებში ხდებოდა. რატომღაც ღამე აპარატურის დაქირავება იაფი იყო. ყოფილა შემთხვევა, სამი ღამე გადაბმულად გვიმუშავია, ამ ყველაფერს კი თან ანაზღაურებაც ახლდა, რომელიც მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

– ალბათ დღევანდელთან შედარებით ძალიან დაბალი იყო.

– ეს არ ვიცი, მოდელებს რამდენს უხდიან ჩვენებაში, მაგრამ მახსოვს, მაშინ ერთ ჩვენებაში 100 დოლარს გვიხდიდნენ. დღეში სამი ჩვენება თუ მქონდა, უკვე კარგი შემოსავალი იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ფული ყოველთვის მქონდა.

როცა საქართველოში მოდის კვირეულები დაიწყო და ეს სფერო სხვა სტანდარტებზე გადავიდა, სწორედ მაშინ დავტოვე. დღეს ბევრი რამ სასაცილოდ ჩანს, რაც იმ დროს მოდის სფეროში ხდებოდა. ხალხი ჩვენებებზე ისე დადიოდა, როგორც კონცერტებზე, დღეს კი სულ სხვა სტანდარტია.

– საბოლოო ჯამში, ფიქრობთ, რომ მოდელობა იყო მხოლოდ თქვენი გატაცება?

– არ მწყდება გული, რომ პოდიუმზე დიდხანს არ დავრჩი, არც იმაზე მწყდება გული, რომ საკუთარი ძალები საზღვარგარეთ არ მოვსინჯე. იმ პერიოდში ეს ყველაფერი გართობა იყო. ჩემი ოჯახიც თვლიდა, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი ძირითადი პროფესია. შეიძლება საქართველოში ვიყავი პოპულარული მოდელი, მაგრამ იმ პარამეტრებით, რაც მქონდა, გამიჭირდებოდა, საზღვარგარეთ კონკურენციაში თავი დამემკვიდრებინა.

– სამაგიეროდ, როცა ამბობდნენ, ქართველი ლამაზმანები პოდიუმზე იმიტომ ადიან, რომ კარგად გათხოვდნენო, თქვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა.

– კი, ჩვენი სიყვარულის ისტორიაში სამოდელო სფერომ დიდი როლი ითამაშა. ჩემს მომავალ მეუღლეს სანამ გავიცნობდი, მის დას ვიცნობდი, რომელიც ამ სფეროში სულ ტრიალებდა. ტოშამ პირველად პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო.

– 18 წლის ასაკში გათხოვებამ გაამართლა? 12 წლით უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ამ ნაბიჯს ისევ გადადგამდით თუ ცოტას მოიცდიდით? შეყვარებულობის პერიოდს არ ვგულისხმობ, არამედ ოჯახის ოფიციალურად შექმნას.

– მაშინ 18 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთვის ლამაზი და ბედნიერი იყო. ამ გადმოსახედიდან, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი, განვვითარებულიყავი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემიადგილი ცხოვრებაში.

რასაც ვუყურებ ხოლმე, ბევრი ქმარი ასე არ იქცევა. ჰგონიათ, რომ მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის. გათხოვების შემდეგაც გამოვიდოდი პოდიუმზე, უბრალოდ მერე თავისთავად დალაგდა პრიორიტეტები.

არც კი მჯერა, რომ 12 წელი გავიდა, რაც ოჯახი შევქმენით. ჩვენი უფროსი გოგონა, მაშო, 10 წლისაა და ცოტა ხნის წინ საჭესთან დავსვი. უკვე გავაცნობიერე, რომ ჩემი შვილებიც გაიზარდნენ.

– ამ 12 წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობამ და სიყვარულმა რა ცვლილება განიცადა, როგორი ფორმა მიიღო?

– ურთიერთობა მუდმივად იცვლება. ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ ერთმანეთისგან და წლებთან ერთად ჩვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდა. კარგად მახსოვს, როდესაც ერთად გადავედით საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორთან დაჯდომისას ქმრისთვისაც უნდა მეკითხა, რომელ გადაცემას ვუყუროთ-მეთქი. პირველი შოკი მაშინ მივიღე. რა თქმა უნდა, ასეთი ბარიერების გადალახვა მუდმივად გვიწევდა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს უფრო ჰარმონიულია ჩემი ოჯახი, ვიდრე 12 წლის წინ. ჩვენ, ორივეს, გვაქვს საკუთარი საქმე, ვაფასებთ ოჯახურ სიმყუდროვეს, ერთად გვეხალისება წასვლა-მოსვლა. პატივს ვცემთ ერთმანეთის ინტერესებს, მაგალითად, ტოშკასთვის ნადირობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ამ ინტერესს პატივს ვცემ, როგორც ფიტნესით ჩემს გატაცებას – ის.

– ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცები შეყვარებულობის დროს უფრო რომანტიკულები არიან, ხოლო როცა საყვარელ ქალს სახლში დაიგულებენ, მერე თავს აღარ იწუხებენ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის, ცოლის განებივრებისთვის…

– ტოშკა დიდად რომანტიკული არასოდეს ყოფილა, ისე როგორც მე. დისკომფორტს განვიცდი, როდესაც ვიღაც სიურპრიზს მიმზადებს. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი რომანტიკული სიურპრიზიც მღლის, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ზედმეტი რაღაცების გარეშე. ამ მხრივაც ერთმანეთს გავუგეთ, მირჩევნია, ყოველთვის მკითხოს, რა მინდა საჩუქრად, ვიდრე სიურპრიზად მომიტანოს.

– როგორი დიასახლისი დადექით, საოჯახო საქმეები, ვთქვათ, სამზარეულო, თქვენთვის სასიამოვნო მოვალეობაა თუ იძულებითი?

– ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩემგან კულინარი არ დადგა, ტოშკაა კარგი კულინარი და ამიტომ სამზარეულო მისი პრეროგატივაა. როცა რაღაც გემრიელი გვინდა სახლში, ტოშკას ვთხოვთ ხოლმე, რომ მოგვიმზადოს.

შვილებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მიყვარს. მაშო 10 წლის არის, ტასო – 7 წლის. ძალიან დიდი სხვაობა იყო პირველი და მეორე შვილის გაჩენისას. პირველად რომ გავხდი დედა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გავაცნობიერე, მაგრამ მეორე შემთხვევაში პასუხისმგებლობას უკვე სიამოვნებაც დაემატა.

მგონია, რომ უფროს შვილს მაინც რაღაცები დავაკელი. მაგალითად, როცა ტირილს იწყებდა, ერთი სული მქონდა, ვინმეს გამოერთმია ჩემთვის და დაემშვიდებინა. ტასოს შემთხვევაში კი ასეთი მომენტები აღარ მქონდა. ვცდილობ, ჩემს შვილებს მეტი თავისუფლება მივცე და დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ პრობლემები მაშინ იწყება, როცა საქმე ჭამას ეხება. ხანდახან ვიჭერ ჩემს თავს, რომ მკაცრი ვარ, ხანდახან ვგრძნობ, რომ ჩემი ეშინიათ.

– სიმკაცრეში რას გულისხმობთ?

– თვალებს ვაბრიალებ და ვყვირი.

– თქვენს თაობაში სტაბილური და ბედნიერი ოჯახი იშვიათია. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცა გაყრა ჩვეულებრივ მოვლენად, მოდურ ტენდენციადაც კი?

– არ ვიცი, ყველა ოჯახი ინდივიდუალურია. უბრალოდ, დღეს შეიძლება უფრო მარტივია ოჯახის დანგრევა, ვიდრე 30 წლის წინ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენთან არ არის ქორწინებამდე თანაცხოვრების კულტურა. შეუძლებელია მხოლოდ პაემნებით მიხვდე, როგორი იქნება შენი მომავალი. როცა შეყვარებულები ცალკე გადადიან საცხოვრებლად, მერე იწყება ერთმანეთის ნამდვილი გაცნობა, სწორედ ამის შემდეგ ხვდები, გინდა თუ არა იმ ადამიანთან ცხოვრება. ამიტომაც ხშირად ოჯახები ინგრევა იმ მიზეზის გამო, რომ ქორწინების შემდეგ ხდება ერთმანეთის რელაური გაცნობა.

– თქვენი 12 წლიანი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში ყოფილა კრიზისი?

– ასე კონკრეტულად რა და როდის არ მახსენდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახშიც იყო რთული პერიოდები. იმ დონემდე რთული პრობლემებიც არ გვქონია, რომ გვეფიქრა, რაღაც სერიოზული ხდებოდა.

– თქვენი გამოცდილებით, 30 წელი რა ეტაპია ზოგადად ქალის და პირადად თქვენს ცხოვრებაში?

– სულ მაქვს შეგრძნება, რომ 30 წელზე პატარა ვარ. 10 წლის წინ 30 წელი ბევრი მეგონა, ახლა მგონია, რომ ყველაზე კარგი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. კარგი სამსახური, სასიამოვნო საქმე, ბავშვები გაიზარდნენ… ასე მგონია, რომ თუ ასაკთან ჰარმონიულად ვიქნები, მაშინ ყველა ეტაპი ჰარმონიული იქნება. სხვათა შორის, სახეზე პირველი ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის, ვერც ერთი ასაკი შემაშინებს.

– ცხოვრების ყველაზე მწარე გაკვეთილად რა გახსენდებათ?

– ყველაზე მწარე გაკვეთილი დედაჩემის გარდაცვალება იყო, როცა მივხვდი, რომ არ შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გადადო ხვალინდელი დღისთვის. მივხვდი, რომ ცხოვრებაში არაფერზე უნდა ინერვიულო, რადგან სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება.

– დედასთან ურთიერთობაში რამეს ნანობთ?

– ვნანობ, რომ, როცა დედა ავად იყო, იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მეტი დრო ვერ დავუთმე. მასთან ცოტა დროს არ ვატარებდი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი იყო საჭირო.

ავთო ჩიტიძე, სარკე