ნებისმიერი ქალი თხოვდება იმ რწმენით, რომ ქმართან დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს, მაგრამ ოჯახური ცხოვრება შეიძლება კოშმარად იქცეს, თუ საყვარელი მამაკაცი ტირანი აღმოჩნდება. გამოსავალი ერთია – უკანმოუხედავად გაიქეცით. თუმცა ასეთი მამაკაცისგან თავის დაღწევა არც ისე იოლია.
ურთიერთობის დასაწყისში ტირანი თავს მზრუნველ პარტნიორად გაჩვენებთ. ზრუნვა თანდათან მოთხოვნაში, ეჭვიანობაში, სიმკაცრეში, შემდეგ კი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში გადადის. იმედი ნუ გექნებათ, რომ ტირანი შეიცვლება, თუ ქალი “სწორად” მოიქცევა: კოჭებამდე ქვედატანს ჩაიცვამს, ყველა მოთხოვნას შეასრულებს და ქმარს სიტყვას არ შეუბრუნებს.
ტირანი ყოველთვის იპოვის საბაბს, რომ ცოლი დაადანაშაულოს, მასზე თავისი ბოღმა და ცუდი განწყობა გადმოანთხიოს. გაყრა ერთადერთი გამოსავალია. საკუთარ მომავალსა და უსაფრთხოებაზე იფიქრეთ.
პირველი ნაბიჯი – ახლობლებს დაელაპარაკეთ
დაელაპარაკეთ ყველაზე ახლობლებს – მშობლებს, საუკეთესო მეგობარს. ესაუბრეთ თქვენთვის მტკივნეულ თემაზე, რომ ოჯახის შენარჩუნებას ყოველნაირად ცდილობთ, მაგრამ ამისთვის არც მორალური და არც ფიზიკური ძალა აღარ შემოგრჩათ. ახლობლები ისედაც კურსში არიან თქვენი ოჯახური უთანხმოების შესახებ, კარგად ესმით პრობლემების მასშტაბურობა და ალბათ თქვენ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.
მათი თანადგომა ძალას შეგმატებთ ტირან ქმართან ურთიერთობის გაწყვეტაში. მაგრამ, თუ პრობლემასთან მარტო, პირისპირ აღმოჩნდით, მაშინ ძალადობასთან ბრძოლის ქალთა უფლებების დაცვის ცენტრს მიმართეთ.
მეორე ნაბიჯი – ფინანსურად დამოუკიდებელი გახდით
სანამ ცოლი ქმარზე მატერიალურად დამოკიდებულია, თუ საკუთარი შემოსავალი არ აქვს, თავსა და შვილებს ვერ უზრუნველყოფს, უბრალოდ, ვერსად წავა. კარგია, თუ მშობლები და სხვა ახლობლები დახმარების ხელს გამოგიწვდიან, მაგრამ ადრე თუ გვიან სამუშაოზე გასვლა მაინც მოგიწევთ. ამას რაც უფრო ადრე გააკეთებთ, მით უფრო ახლოს იქნება თავისუფლების დღე.
ხშირად ტირანი ქალს გააზრებულად ფულით იჩვევს: “რაში გჭირდება მუშაობა, თვითონაც შემიძლია ოჯახის გამოკვება”. მოითხოვს, რომ ცოლი ოჯახს გაუძღვეს და შვილები აღზარდოს. ნებისმიერი საშუალებით ეძებეთ სამსახური, თუნდაც ნახევარი დღით უახლოეს მაღაზიაში!
მესამე ნაბიჯი – მოიფიქრეთ უკან დასახევი გზები
დაშორებისას ტირანი ქმრის კეთილშობილების იმედი ნუ გექნებათ. საერთო ბინიდან წასვლა ალბათ თქვენ მოგიწევთ. სახელდობრ, სად? კარგია, თუ ქმარს თქვენი ახალი თავშესაფრის შესახებ არ ეცოდინება. მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გვერდით იქნება მამაკაცი (მამა, ძმა, მეგობარი), რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დაგიცავთ და ყოფილს კინწისკვრით გააგდებს.
ტირანებს მხოლოდ საპასუხო ძალის ესმით. მის წინაშე პასიური ხდებიან. მაგრამ ბინიდან წასვლა სულაც არ ნიშნავს, რომ საერთო ქონებიდან თქვენ წილის უფლებაზე უარი თქვათ. ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს გზით ხდება.
მეოთხე ნაბიჯი – შეარჩიეთ მომენტი
უმჯობესია, დაუმშვიდობებლად წახვიდეთ. როდესაც ქმარი თქვენი გაქცევის შესახებ შეიტყობს, გარისხებული ალბათ არაადეკვატურად მოიქცევა (შეიძლება ბინაში დატოვებული თქვენი ძვირფასი ქურქი, სამოსი და ნივთები ნაკუწებად აქციოს), ამიტომ ყველაფერი ფასეული თან წაიღეთ.
დასაწყისში ქმართან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეთ. ეცდება, დაპირებებით, მუქარით დაგიყოლიოთ, მაშინ თქვენი ტანჯვა ახალი ძალით გაგრძელდება. დაუტოვეთ წერილი, აუხსენით თქვენი ქცევა, ხოლო შემდეგში მასთან მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ან მესამე პირის თანდასწრებით იკონტაქტეთ.
ხშირად ტირანი ქმრები გარეგნულად ინტელექტუალური, გონებადამჯდარი, მზრუნველი მამაკაცები ჩანან, რაც გარშემომყოფებს თავგზას უბნევს. ფიქრობენ, რომ უბრალოდ ქალმა “თვითონაც არ იცის, რა სურს”, უცნაურად იქცევა და ასეთ შესანიშნავ მამაკაცს ვერ აფასებს.
თუ თქვენი ქმარი ასეთი “არისტოკრატიული გარემოდან” არის და გარშემომყოფებთან მის მანიპულაციებს არაერთხელ შეეჯახეთ, ახლობლები და ნაცნობები გააფრთხილეთ მისი გარდასახვის უნარის შესახებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქმარმა მოახერხა, ყველა ახლობელი და მეგობარი ქალის წინააღმდეგ განეწყო, თავი უბედურად და მიტოვებულად წარმოეჩინა.
რჩევა. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან. არასდროს დაბრუნდეთ უკან. ალბათ ქმარი ყოველნაირად ეცდება თქვენს გადარწმუნებას, პირობას დადებს, რომ თქვენზე ხელს აღარასოდეს აღმართავს, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ერთად ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრებთ, რომ გაღმერთებთ… არ დაუჯეროთ! ძალიან მალე ყველაფერი განმეორდება და გამორიცხული არ არის, უფრო მეტი ძალითა და აგრესიის გამოვლენით.
ჟურნალი სარკე

