,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა”

,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა"ტერენტი გრანელს ქართული პოეზიის ფიროსმანს უწოდებენ. ორივე მარტოობასა და სიღარიბეში ცხოვრობდა და ასევე დალიეს სული. ორივე გარდაცვალებიდან წლების შემდეგ აღიარეს, ორივეზე უამრავი ლეგენდა შეიქმნა…

პოეზიით “დასნეულებული” ტერენტი გრანელი ლექსებს ღია ცის ქვეშ წერდა, საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევდა. დაკონკილსამოსიან, თმააბურძგნულ პოეტს ბევრი შეშლილს უწოდებდა, დასცინოდნენ, ავიწროებდნენ, ლექსებს არ უბეჭდავდნენ. მისი სული თანდათან იმსხვრეოდა და მართლაც სნეულს ემსგავსებოდა. ამიტომაც უწოდებდა სიღატაკეს პატარა ჯვარცმას.

სიცოცხლის უკანასკნელი ოთხი წელი თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. ბოლოს სურამიდან თბილისში გამოიპარა. დაავადმყოფებული პოეტი “არამიანცის” საავადმყოფოში პირდაპირ ქუჩიდან წაიყვანეს, სადაც უპატრონოდ, მარტოობაში, 37 წლისა გარდაიცვალა.

რამდენიმე კაცისგან შემდგარმა პროცესიამ ცხედარი საავადმყოფოდან პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე გადაასვენა. მისი საფლავი ფიროსმანის საფლავის მსგავსად დაიკარგებოდა, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მოძღვარ შიო თურქაძეს რომ არ ეპატრონა.

ტერენტი გრანელის გარდაცვალება არ გაახმაურეს. წლების განმავლობაში მის სახელს არც ახსენებდნენ. პროლეტარი კალმოსნები იდეალისტ პოეტს გარდაცვალების შემდეგაც კი ებრძოდნენ.

,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა"ტერენტი გრანელი (კვირკველია) 1897 წელს წალენჯიხაში დაიბადა. 21 წლის იყო, როცა თბილისში ჩამოვიდა. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა მუშაობა ჯერ თბილისის რკინიგზის სადგურზე ვაგონების გადამბმელად დაიწყო, შემდეგ – კონდუქტორად. რამდენიმე ხნის მერე ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ “სახალხო საქმეში” მივიდა. პირველი ლექსიც სწორედ ამ გაზეთში გამოაქვეყნა.

იმ პერიოდში “სახალხო საქმის” მდივანი სიმონ ყაუხჩიშვილი გახლდათ, რომელიც ერთ-ერთ მოგონებაში წერს:

,,ეს იყო 1918 წელს… იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება… ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე. ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი”.

პირველ ლექსი პოეტმა წალენჯიხელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

პოეტის დების, მაშოსა და ზოზიას გადმოცემით, მის ფსევდონიმს – გრანელს – საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა “გრანუმ”, რაც ქართულად მარცვალს ნიშნავს. “მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ”, – ხშირად იმეორებდა თურმე პოეტი. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ტერენტი იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს ეტრფოდა. მისი სიყვარული უიღბლო აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ მომღერალი სამშობლოში დაბრუნდა. პოეტმა ამ ფსევდონიმით თავისი სიყვარულის ხსოვნა შემოინახა.

ტერენტი გრანელის შემოქმედებას მწერალმა ლერი ალიმონაკმა უდიდესი ამაგი დასდო. რომ არა ის, საზოგადოებას, მათ, ვინც შემდგომში გრანელის პოეზიის თაყვანისმცემლები გახდნენ, პოეტის შესახებ ალბათ ბევრი რამ არ ეცოდინებოდათ. ბატონი ლერი მის წიგნებს წვალებითა და ბრძოლით გამოსცემდა.

,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა"ლერი ალიმონაკი:

– ტერენტი გრანელს სიცოცხლეშიც ებრძოდნენ და სიკვდილის შემდეგაც. იგი დიდი მისტიკოსი პოეტი გახლდათ. იდეოლოგიურად კომუნისტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. გრანელი სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი გახლდათ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩაბმული.

პოეტს ერთადერთი პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდა – ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევა. თავიდანვე ბოლშევიკების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. 1917 წელს ერთ-ერთ გაზეთში წერს, საქართველოს რაც ბოლშევიკური ბანდები შემოესივნენ, საქმე ცუდად წავიდაო. იგი სწორად ერკვეოდა პოლიტიკურ ორიენტაციაში, არასოდეს შემცდარა.

გრანელს სდევნიდნენ, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას დიდი ხნის განმავლობაში სუდარა ჰქონდა გადაფარებული. სწორედ ამიტომ ბევრმა მის შესახებ არაფერი იცოდა. გრანელს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა, რომ კომუნისტური იდეოლოგიის ფარდა ბრძოლით გაერღვია.

,,ლიტერატურის ჟანდარმები” მას იდეოლოგიურ მტრად მიიჩნევდნენ. ტერენტი გრანელი მართლაც აბსოლუტურად საპირისპირო საწყისებზე მდგომი პოეტი გახლდათ. ბოლშევიკურ ლიტერატურას სულ სხვა მხატვრული ტენდენციები ჰქონდა, ტერენტი კი მაღალი იდეალებისთვის იბრძოდა. ,,ჟანდარმები” სხვებსაც ებრძოდნენ, მაგრამ ტერენტი თავის გზაზე ძალიან სუფთად მიდიოდა. სწორედ ამიტომ გახდა იგი პოეტებიდან ყველაზე მეტად ამ ბრძოლის მსხვერპლი.

პოეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ეგუებოდა. ერთ-ერთ წერილში წერს: ,,ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში… დაე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება და არავის ნებას არ მივცემთ, აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლება”.

1924 წელს დაწერილ ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს. გრანელი მავნებელ და შოვინისტ მწერლად გამოცხადდა. მის ლექსებსა და სახელს ტაბუ დაედო.

ლერი ალიმონაკი:

– თბილისის ქუჩებში დაფლეთილი სამოსით მოსიარულე თმააწეწილი პოეტი კომუნისტებისთვის ცოცხალ პროტესტს წარმოადგენდა. არავინ იცის და არც არავის უკითხავს, 15 წლის განმავლობაში სად ათევდა ღამეს, რას ჭამდა. ძალიან მიკვირს, ალბათ ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, რომ 15 წელი სიცივესა და შიმშილს გაუძლო.

ამბობენ, რომ ტერენტი გრანელს ხშირად ხედავდნენ, როგორ მისდევდა უცნობ სამგლოვიარო პროცესიას და გულზე ხელებდაკრეფილი სასაფლაომდე მდუმარედ მიდიოდა. არ კითხულობდა, ვის ან სად ასაფლავებდნენ. ვიღაცას გლოვობდნენ და თავადაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდებოდა.

,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა"მხატვარი კორნელი სანაძე იხსენებს, ერთხელ გრანელს მისთვის უთქვამს:

,,ერთი სათხოვარი მაქვს. თუ კადნიერებად არ ჩამომართმევ, უნდა დამხატო უჩვეულო. სურათს დაარქმევ “აგონიას”, რომელზედაც გამოხატული გექნება სასაფლაო მთვარიან ღამეში, საითკენაც მიმათრევს ჩონჩხი… ისე, უბრალოდ კი არა, სიკვდილს არ ვემორჩილები და სიკვდილი ძალით მიმათრევს”. გავუღიმე, დავპირდი, აუცილებლად დავხატავდი მის მიერ შემოთავაზებულ თემას და შემდეგ გამოფენაზე აუცილებლად გამოვფენდი… 1924 წელს ქართველ მხატვართა დიდ გამოფენაზე გამოფენილი მქონდა სამი მოზრდილი ნამუშევარი: “სასაფლაოზე”, ,,აგონია” და “ჩრდილში”, – იხსენებს მხატვარი.

– ბატონო ლერი, სულიერი დეპრესია როდის დაეწყო პოეტს?

– 1926 წელს ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი პოეტის სულიერი დეპრესია დაიწყო. იმ პერიოდის წერილები, დღიურები და ლირიკა მის სულიერ მსხვრევას მოწმობს. თავადაც გრძნობდა თავის პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. დადიოდა თბილისის ქუჩებში ცოცხალი გლოვა და სევდა. იმ კაცს, ვინც მთელი გაწამებული წუთისოფელი სულის ხსნასა და სიწმინდეს შესწირა, სულის სნეულება დასწამეს…

– ტერენტი გრანელის ბევრი ლექსი დაკარგულად ითვლება. შესაძლებელია, რომ მისი შემოქმედების ნაწილი მაინც უშიშროების ან კერძო პირების არქივებში იყოს შენახული?

– მისი ბევრი ლექსი გაიბნა და დაიკარგა. გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში რომ შესულან, იქაურობა ხელნაწერებით სავსე ფუთებით ყოფილა სავსე. ბევრი მუზეუმს ჩააბარეს, მაგრამ ნაწილი ალბათ დაიკარგა. იმასაც ამბობენ, ვიღაცეებმა მისი ლექსები მიითვისესო… ერთ გამომცემელს ტერენტი გრანელის წიგნი გამოსაცემად ჰქონდა მიბარებული. 1937 წელს ის კაცი დააპატიმრეს და ,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა"მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. გრანელის გამოსაცემად გამზადებული წიგნი ალბათ უშიშროების ხელში აღმოჩნდა. ნაწერებს რა ბედი ეწია, არავინ იცის. შეიძლება დღესაც უშიშროების არქივებშია გაბნეული.

1987 წელს პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს ტაძრის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. მისი პოეზიის თაყვანისმცემლები დღემდე იმედოვნებენ, რომ ტერენტი გრანელის ცხედარს სამუდამო განსასვენებელს მთაწმინდაზე მიუჩენენ.

 ირინე მჭედლიძე, სარკე (ფოტოებზე: ტერენტი გრანელი და გალაკტიონი, ლერი ალიმონაკი, კორნელი სანაძის ,,ტერენტი გრანელი)