ნინი ბადურაშვილი: “რატომღაც საერთოდ არავინ მომწონს”

ნინი ბადურაშვილი: "რატომღაც საერთოდ არავინ მომწონს"მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა, მართალია, მთელი ზაფხული იმუშავა, ჰქონდა კონცერტები, ჩაწერა სამი ახალი სიმღერა, მაგრამ მაინც მეტი დრო ჰქონდა შვილთან, პატარა ელენესთან გასატარებლად. მან შვებულება გაატარა ოჯახთან ერთად მცხეთაში, აგარაკზე. რამდენჯერმე იყო ბათუმში და გასვლითი კონცერტებიც ჰქონდა სხვადასხვა ქალაქში.

– რაიმე სიახლე ხომ არ შეინიშნება თქვენს პირადში?

– არა, საერთოდ არანაირი სიახლე არ შეინიშნება პირად ცხოვრებაში. გულწრფელად გეტყვით: რატომღაც საერთოდ არავინ მომწონს.

– ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევთ საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, რატომ იზიდავს თქვენი ცხოვრებას საზოგადოებას, რომ ასე ადევნებენ თვალს?

– ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი, ვმღეროდი, ცნობილი ადამიანების ოჯახიდან ვარ, ზოგს ჩემი გარეგნობა ხიბლავს, ჩემი სიმღერები მოსწონთ, ზოგს ძალიან ვუყვარვარ და ა.შ. ერთგვარი კარმა დამყვება. ჩემ ირგვლივ ყოველთვის არის ისეთი რაღაც, რაც ადამიანების ინტერესს იწვევს. ხშირად ისეთ რაღაცებში ვეხვევი… საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მოვხვდე ყურადღების ეპიცენტრში, მაგრამ რატომღაც ასე ხდება ხოლმე.

ვფიქრობ, მაინც ოჯახიდან გამომდინარეა ეს და ახლა უკვე ჟურნალისტის ამპლუა მოვირგე, რაც მგონია, რომ ცუდად არ გამომდის.

– დამღლელია პოპულარული ადამიანის სტატუსი?

– დამღლელი ნამდვილად არის, ძალიან რთულია და დიდი პასუხისმგებლობაა, ვიღაცისთვის მისაბაძი ხარ. ძალიან სწორად უნდა იცხოვრო. სასიამოვნოა, ადამიანებს უყვარდე და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მათი სიყვარული შეინარჩუნო.

– საკუთარ ცხოვრებას 100%-ით თქვენ აკონტროლებთ თუ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მოახდინონ?

– რა თქმა უნდა, მე ვაკონტროლებ, თუმცა ოჯახის წევრების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ შენიშვნას ალბათ დედისგან (მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი. ავტ.) ვიღებ. ეკა ყოველთვის მიკონტროლებს ყველაფერ იმას, რაც შეიძლება საჭირო იყოს მისი მხრიდან, რომ გამიკონტროლოს, თუმცა არის რაღაცები, რაშიც არ ვეთანხმები და ეს ბუნებრივია.

– ბებიათქვენი, ქალბატონი ლალი ბადურაშვილი ხშირად ჩანს ეკრანზე, ტოქ შოუებში მწვავე და მკვეთრი განცხადებებით. ისიც ხომ არ გაძლევთ შენიშვნებს ჩვეული პირდაპირობით?

– ბებიას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაძლევს შენიშვნებს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ – არა ისეთს… ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, როცა ეკრანზე ხედავს მის მწვავე გამოსვლებს, რომ სახლშიც ასეთია. სინამდვილეში სახლში ძალიან სხვანაირი, თბილი და მოსიყვარულეა.

– თქვენ როგორ აფასებთ მის გამოსვლებს? ეთანხმებით, მოგწონთ თუ ეწინააღმდეგებით?

– მე არ ვიჭრები მის პირად სივრცეში, თუმცა ხშირად ვთხოვ, მშვიდად იყოს და თავისი მოსაზრებები წყნარად გამოთქვას. ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევუცვლი. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მიჯერებს.

– თქვენი გოგონა ელენე რაც იზრდება, როგორ ხასიათს ამჟღავნებს?

– ელენე არის ძალიან კეთილი, თბილი და მოსიყვარულე ბავშვი.

– როგორ ატყობთ, ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

– ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ, სხვადასხვანაირი ხასიათი გვაქვს. ის არის კირჩხიბი, მე ვარ თხის რქა. ალბათ მე უფრო ცივი ვარ, არ მიყვარს ემოციების გამოხატვა, ელენე კი პირიქით არის. მას ის თვისებები აქვს, რომლებსაც მე ვისურვებდი, რომ მქონდეს.

– გადაღებები, კონცერტები, რეპერტუარზე ზრუნვა – ეს ბევრ დროს მოითხოვს თქვენგან. პოპულარული, წარმატებული ქალისთვის რთულია დედობა?

– ელენე ჩემგან უყურადღებობას ვერ გრძნობს, მისთვის დრო ყოველთვის მაქვს. როდესაც კონცერტები, გასვლითი გადაღებებია, ასეთ დროს გენატრება შვილი და თითქოს დანაშაულის გრძნობა გაქვს.

– რამდენიმე ვიდეო ვნახე, სადაც ელენე მღერის და აშკარად აქვს მუსიკალური ნიჭი. უკვე ხომ არ ფიქრობთ, რომ დედის და ბებიის გზას გააგრძელებს?

– ვნახოთ. ელენემ რა გზაც უნდა აირჩიოს, ყველგან გავყვები და ბოლომდე გვერდით დავუდგები. შეიძლება ეს იყოს სიმღერა, ცეკვა, მსახიობობა და ა.შ.

– თქვენს მუსიკალურ საქმიანობაში რაიმე ახალს უნდა ველოდოთ?

– სამი ახალი სიმღერა ჩავწერე და მალე მსმენელს ახალ ვიდეოკლიპს შევთავაზებ. კიდევ მაქვს გეგმები, რომლებსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.

ლევან ქემოკლიძე, სარკე