“ქვეყანა აირია” – დუეტში შესრულებულმა ამ სიმღერამ პატარა მომღერალი მარიკა თხელიძე და ტელესახე სოსო თოლორაია 2000-იანების დასაწყისში ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებად აქცია. თუმცა მანამდე იყო ბასა ფოცხიშვილის გადაღებული მუსიკალური კლიპი, რომელიც მაყურებლის მეხსიერებაში ძველ სამკერვალო დაზგებზე მომუშავე ქალებითა და ტექსტის მაგივრად ნამღერი “ტაკატა-ტაკატა”-თი ჩარჩა და რომლითაც პატარა მარიკამ ფურორი მოახდინა.
ის თიკა ჯამბურიასა და ნინი ქარსელაძის თაობის წარმომადგენელია და ამ სამეულიდან დღეს ყველაზე ნაკლებად აქტიურობს. ამის მიზეზიც ჰქონდა, მის პირად ცხოვრებაში დიდი ძვრები მოხდა, რომლებმაც შემოქმედებითი პაუზა გამოიწვია – გათხოვება, შვილის გაჩენა, ქმართან გაშორება. 30 წლის მომღერალი ამჟამად კულტურის სამინისტროში პროექტების მართვისა და მონიტორინგის განხრით მუშაობს.
მარიკა თხელიძემ და გიგა ანდრიაძემ 2014 წელს შექმნეს ოჯახი, ორ წელიწადში ნიკოლოზი შეეძინათ, მერე კი მათი გზები გაიყარა, რაზეც მარიკა ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა. თავისი ცხოვრების ამ პერიოდზე, დაგროვილ გამოცდილებაზე, ახლანდელ ეტაპსა და სიურპრიზზე, რომელსაც მაყურებელს უმზადებს, ის “სარკესთან” ალაპარაკდა.
– მარიკა, ისეთი აქტიური და პოპულარული ბავშვი იყავით, ვერავინ იფიქრებდა, ჩრდილში თუ გადაინაცვლებდით. ეს შეგნებული არჩევანია?
– მე, ნინი ქარსელაძე და თიკა ჯამბურია დღემდე ვმეგობრობთ და ხშირად ვიხსენებთ იმ წლებს. როცა პოპულარული გავხდი, ძალიან პატარა ვიყავი და ალბათ ბოლომდე ვერც ვიაზრებდი. რაც უფრო იზრდები ადამიანი, უფრო ხვდები, რას ნიშნავს აღიარება, პოპულარობა და ხალხის სიყვარული.
ბავშვური ხედვით ბევრი რამ არ მომწონდა თუნდაც იმ შოუბიზნესში, ამიტომ შეგნებულად ვარჩიე ჩრდილში ყოფნა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ სიყვარულისთვის, რასაც დღემდე ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თუნდაც ეს პოპულარობა ბავშვობაში უფრო მაღიზიანებდა, ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა.
ბავშვი ვიყავი და არ მინდოდა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. მერე იყო სწავლის პერიოდი, წავედი ინგლისში, ვისწავლე. შემდეგ კულტურის სამინისტროში დავიწყე მუშაობა და უბრალოდ აღარ მეცალა სიმღერისთვის.
წლებთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება მუსიკალური გემოვნებაც. კარგა ხანი ვერ ჩამოვყალიბდი, რა იყო ჩემი ჟანრი, რისი სიმღერა მინდოდა. ახლა უკვე ვიცი, რა ჟანრში მინდა ვიმღერო და ინტენსიურ მუშაობას ვიწყებ. ამერიკაში მცხოვრებმა მუსიკოსმა ჯონი ტიტირაშვილმა 2 წლის წინ დამიწერა სოულის ჟანრის ინგლისურენოვანი სიმღერა. მხოლოდ ამ სიმღერაში და ამ ჟანრში ვიპოვე საკუთარი თავი. ვაპირებ, რომ ეს სიმღერა ჩავწერო და კლიპიც გადავიღო.
– ანუ მაყურებლის წინაშე ახალი მარიკა წარდგება?
– კი, აუცილებლად იქნება იმიჯის ცვლილებაც. დღემდე ხალხისგან იმხელა სტიმულს ვიღებ, არ შეიძლება ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და დიდხანს იყო ჩრდილში. ჩემთვის მთავარი იყო, რომ უბრალოდ არ გამოვჩენილიყავი. მინდა, მაყურებელს სიახლე შევთავაზო. გადაცემებში მონაწილეობაზეც მომიწია უარის თქმა იმის გამო, რომ ისევ ჩემი ძველი სიმღერების შესრულება უნდოდათ.
რა თქმა უნდა, ჩემი სავიზიტო ბარათია “ქვეყანა აირია” და, სხვათა შორის, ბოლო დროს უფრო აქტუალური გახდა. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან საყვარელია, მაგრამ არ მინდა, ამდენი წლის შემდეგაც კიდევ ეს ვუმღერო მსმენელს და მაყურებელს.
– შემოქმედებითი პაუზა თქვენს ცხოვრებაში ბევრმა სხვა მოვლენამ შეავსო, მათ შორის, ბედნიერმაც და სამწუხარომაც. რთული იყო ამ ყველაფრის გამოვლა?
– ოჯახი 2014 წელს, 27 წლის ასაკში შევქმენი, 2 წლის შემდეგ შემეძინა ნიკოლოზი და ისე მოხდა, რომ ბავშვის დაბადებიდან მალე ქმარს გავშორდი. ყოველთვის ვცდილობ, ამ თემაზე ნაკლები ვილაპარაკო.
– არადა ამბობდნენ, რომ ოჯახი დიდი სიყვარულით შექმენით.
– რა თქმა უნდა, ჩვენი შვილი წრფელი სიყვარულის ნაყოფია. ნიკუშა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში და მან ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სწორედ შვილის დაბადების შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან გავიზარდე, სხვანაირად ფიქრი ვისწავლე.
ძალიან ბევრს ვფიქრობ ნიკოლოზის მომავალზე. იმაზეც კი გამიტაცებს ფიქრი, სად უნდა ჩააბაროს, როგორი სამეგობრო წრე ეყოლება. მოკლედ, ათას სისულელეზე ვფიქრობ.
რაც შეეხება ჩემს ყოფილ ქმართან ურთიერთობას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიყავი კარგი ან ცუდი, ან ნიკუშას მამა იყო კარგი ან ცუდი. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ სხვადასხვა ინტერესები გვქონდა. გიგა არაჩვეულებრივი მამაა, მამა-შვილი ერთმანეთზე გიჟდება.
– ქმართან გაშორებამ სიყვარულზე გული ხომ არ აგიცრუათ?
– შეუძლებელია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება ცხოვრებაში, სიყვარულზე წარმოდგენა არ შეგეცვალოს. ახლა ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპია, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ არანაირ სიყვარულზე.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული შეცდომა იყო, რადგან ამ სიყვარულის შედეგია ნიკოლოზი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, ჩემთვის, რომელიც უმამოდ ვიზრდებოდი, ძალიან მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება. ყოველთვის ვოცნებობდი კარგ, მოსიყვარულე ოჯახზე.
– მარტოხელა დედის ტვირთს ვინ გიმსუბუქებთ?
– დედაჩემს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, რადგან ყოველთვის ორმაგ როლს თამაშობდა – დედაც იყო და მამაც. დღემდე გვერდში მიდგას და ყველანაირად ცდილობს, პრობლემები მომარიდოს.
– ბევრს გაუკვირდება ის ფაქტი, რომ მარიკა თხელიძე უკვე 30 წლის ქალია. გარეგნობით უფრო პატარა ასაკის გოგოს ჰგავხართ.
– როცა მე, თიკა და ნინა ვიკრიბებით, ამ თემაზე ყველაზე ბევრს ვხალისობთ. სულ ვამბობთ, რაღაც განსაკუთრებული კლიპი უნდა შევქმნათ, რომ მაყურებელმა რეალური ასაკის ქალებად აღგვიქვას-თქო. როცა ქუსლებზე ვდგები, მაშინ ვგრძნობ, რომ 30 წლის ვარ. როცა სპორტულად მაცვია, ძნელია ვინმე დავარწმუნო ჩემს ასაკში. ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც კონცერტებზე გვაცხადებენ, საყვარელი ბავშვები გამოვლენ სცენაზეო.
– გემოვნება საგრძნობლად შეგეცვალათ?
– რა თქმა უნდა, ახლა ჩემი ჩაცმის სტილი უფრო დახვეწილია და უფრო გააზრებულია, ვიდრე ადრე იყო. სხვათა შორის, ჩაცმულობაში ახლა უფრო თამამი ვარ. რაც მიხდება, ყველაფერს ვიცვამ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მოკლე კაბა მიხდებოდა, მაგრამ ადრე მის ჩაცმაზე უარს ვამბობდი. ჩაცმულობაში კომპლექსები დავძლიე და გადავლახე, უფრო ლაღი და მხიარული გავხდი.
– შეიძლება დღეს ნაადრევია საუბარი ახალი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ, როცა ეს ეტაპი დადგება, რა შეცდომებს აღარ დაუშვებთ?
– ამაზე ალბათ ჯობია, მხოლოდ ჩემთვის ვიფიქრო. ადამიანი არ არის დაზღვეული ერთი და იმავე შეცდომის დაშვებისგან. შეუძლებელია დაგეგმილი და გათვლილი ცხოვრებით იცხოვრო. ამ წუთს არ ვარ მოლოდინის რეჟიმში და არაფერს ველოდები.
ავთო ჩიტიძე, სარკე

