მაია ყუფარაძე: “ზამთარში მქონდა ერთადერთი ჩექმა, რომელშიც წყალი შედიოდა” – ქუთაისელი ჟურნალისტი ბნელი 90-იანების შოუბიზნესიდან

მაია ყუფარაძე: "ზამთარში მქონდა ერთადერთი ჩექმა, რომელშიც წყალი შედიოდა"  - ქუთაისელი ჟურნალისტი  ბნელი 90-იანების შოუბიზნესიდანგასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველოში ყველაფერი სიბნელეში იყო გახვეული, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, ქუთაისელმა ჟურნალისტმა მაია ყუფარაძემ მიკროფონი აიღო ხელში და ხელოვანების ჩაწერა დაიწყო. აშუქებდა ყველა კულტურულ მოვლენას, რაც მის მშობლიურ ქალაქში და ზოგადად საქართველოში ხდებოდა. ასე შემოინახა მისმა არქივმა ლეგენდარული სახეები – ჯანსუღ კახიძე, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე…

– მაია, 25 წლის წინ დაიწყეთ არტისტების, ხელოვანთა ცხოვრების, მათი შემოქმედების გაშუქება, არადა იმ დროს ქვეყანაში ურთულესი ვითარება იყო, საზოგადოება ომითა და პოლიტიკით იყო შეპყრობილი, მუზები კი დუმდნენ. თქვენ რით მოგხიბლათ ამ სფერომ?

– ტელეკომპანია “რიონში” 1991 წელს დავიწყე მუშაობა. ბადრი კაპეტივაძემ (პირველი ქართული ტელე-რადიო კომპანია “რიონის” დამაარსებელმა) ქუთაისსა და იმერეთს აჩუქა საკუთარი მემატიანე ტელეკომპანიის სახით. ამ არხმა შექმნა ის სივრცე და ტრიბუნა, რომელმაც შემაძლებინა, ყველაზე ბნელი პერიოდის შინაარსიანად და დიდი ნათებებით გადატანა. ალბათ ამიტომაც შემოვრჩი ამ ქალაქს.

1994 წელს ჩემი პირველი საავტორო გადაცემა “კოლაჟი” გავიდა ეთერში.

– მსგავსი გადაცემები სხვა ტელეარხებზე არსებობდა?

– მახსოვს სერგი გვარჯალაძე თავისუფალი აზროვნებით და ტელერევოლუციით, მახსოვს მაია დათუნაშვილის “ალიონი” და მისი საინტერესო მიმოხილვები, მოგვიანებით თეა გვასალიას გადაცემები…

1995 წელს “პირველ არხზე” დაიწყო ამავე შინაარსის გადაცემა, ამავე სახელით და ძალიან მეწყინა, თუმცა “გავატარე”. არც ეს სიტყვა იყო ჩემი მოგონილი, რომ ამეკრძალა და იმ დროს არც საავტორო უფლებები იყო დაცული.

– როგორ გარემოსა და ტექნიკურ პირობებში გიხდებოდათ გადაცემების მომზადება?

– ეუჰ, რა გამახსენე! დავიწყებ იმით, რომ ტრანსპორტი არ იყო და მე და ოპერატორი ფეხით დავდიოდით. ზამთარში მქონდა ერთადერთი ჩექმა, რომელშიც წყალი შედიოდა.

ჩემი ტექსტების ჩაწერა იყო ცალკე გადასაღები. დავდგამდით მაგიდას, მაგიდაზე სკამს, შუაში იყო წიგნები და მე სადღაც ცაში ვიყავი, რომ ნახატები მქონოდა ფონად. ძალიან მარცხიანი ვარ, დღემდე მიკვირს, რატომ არ ვვარდებოდი. კადრში კი გეგონებოდა, სადღაც სუპერ სტუდიაში ვიყავი. მიკროფონი იყო ისეთი, ორსაათიანი მასალიდან შეიძლებოდა 10 წუთის მასალა გადარჩენილიყო, ღამის განათებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.

– რა ხდებოდა იმ დროს ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში?

– ოოო, მაგარი ამბები ტრიალებდა! თავისუფალი, დაუფინანსებელი, მაგრამ მაგარი პროექტების შემოტევა იყო ქალაქში. მუსიკოსები ქმნიდნენ საოცარ პროდუქტს. “აუტსაიდერი” თავისას უბერავდა, იყო ჯგუფები “ბოიფრენდი”, “ბიჭები მომავლიდან”, “ტეტრაქორდი”, “ბაგრატი”…

“ქუჩის ბალეტით” ახალი ქორეოგრაფია და რიტმი შემოვარდა ქალაქში. ოპერის თეატრში ფინანსური პრობლემები იყო, შენობა დანგრეული იყო, მაგრამ შემოქმედებითი ფეიერვერკები ეწყობოდა.

1994 წელს გერმანელმა რეჟისორმა ჰერმან ვედეკინდმა დადგა “ფიდელიო”. ბატონმა ვედეკინდმა გაოცებულმა მითხრა, ასეთი უბედური პირობები გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ იყო. არ გაქვთ წყალი, არ გაქვთ შუქი და თქვენ, ქუთაისელი გოგონები, როგორ ახერხებთ, ასე მოწესრიგებულები და ლამაზები იყოთო.

იმ პერიოდში საოცარი შოუ-დეფილეები მოეწყო, შეიქმნა “მოდებისა და პლასტიკის” თეატრი.

ავთანდილ ცქვიტინიძე მეგობრობდა ქუთაისის სამკერვალო საწარმოსთან. ამ პერიოდში დაიწყო მისი წარმატებები. საგაზეთო წერილს ვამზადებდი მასზე. იმ დროს რადიო “ძველ ქალაქში” ვმუშაობდი საინფორმაციოს წამყვანად და ავთანდილი იქ დავიბარე. პრესის სახლის ბნელ დერეფანში საკუთარი “დვიჟოკით” მომაგნო და ინტერვიუ ამ განათების შუქზე ჩაიწერა.

მოგვიანებით გადაცემა გავაკეთე მასზე, რაღაც დრო გვქონდა თავისუფალი და იქვე, ოპერის თეატრში შევედით. ნათურები დასკდა და თავზე დაგვეყარა.

ბედმა ლეგენდარულ ადამიანებთან დამაკავშირა. მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ რეპეტიცია შეწყვიტა. გაყინული სარეპეტიციო დარბაზი დამხვდა, საოცარი ადამიანებით – თენგიზ არჩვაძე, ელენე ყიფშიძე, გურანდა გაბუნია, დათო დვალიშვილი… საოცრად გაუხარდათ, გალაღდნენ, გაბედნიერდნენ. ბოლოს ბატონმა თენგიზმა სადღაც ერთი ბოთლი შამპანური, შოკოლადი იშოვა და ბავშვებივით ხარობდნენ.

ერთხელ მაღალი ტემპერატურა მქონდა, მაგრამ მითხრეს, რომ რობერტ სტურუა უნდა მყოლოდა პირდაპირ ეთერში. ბატონი რობერტი რაღაცაზე განაწყენებული იყო  და გამაფრთხილეს, საშინელი ხასიათი აქვსო. შეშინებული მივუახლოვდი. საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. რაზეც იყო სამართლიანად უკმაყოფილო, იმის მიზეზიც ავუხსენი და ბევრ სხვა თემაზეც ვისაუბრეთ. ისე გავთამამდი, საქმიანი კითხვებიდან გადავედი, ნაძვის ხეს როგორ რთავდა და ა.შ.

ლეილა აბაშიძე საოცრად განიცდიდა, რომ როლებს არ აძლევდნენ. მომიყვა, თურქეთში, როგორ წავიდა სავაჭროდ შვილთან ერთად და როგორ ჰქონდა სახეზე თავსაფარი აფარებული, რომ არავის ეცნო. თურმე მაინც იცნეს და ერთი ამბავი ატყდა, დიდი ქართველი მსახიობიო, გაჰყვიროდნენ.

ძალიან განვიცადე, მინდოდა, რაღაცით გამეთბო და ისე მოვინდომე, “აბეზარა” და “ჭრიჭინა” გადამავიწყდა და ვუთხარი, მე თქვენი “კრაზანა” ძალიან მიყვარს-მეთქი. ჯერ გაოცდა, მერე კი ორივემ ერთად ვიცინეთ.

ჯასუღ კახიძეს საგრიმიოროში შევუვარდი. გამაფრთხილეს, უჟმურია და ჟურნალისტებს ვერ იტანსო. თმას ივარცხნიდა. ჯერ გაუკვირდა ჩემი სითამამე, მაგრამ აშკარად მოვეწონე და თბილი ინტერვიუც დარჩა ისტორიას…

ბევრის გახსენება შემიძლია, რაღაცნაირად გადმოლაგდა ბევრი საინტერესო ამბავი ჩემს მეხსიერებაში და ამისათვის დიდი მადლობა ჟურნალ “სარკეს”.

– პირადზეც მოგვიყევით. აქტიური ჟურნალისტიკის გამო ოჯახის შექმნა ხომ არ გადაგავიწყდათ?

– არ დამვიწყებია, არ მომინდომებია. ახლაც ვამბობ, რომ საინტერესოდ ვცხოვრობ. გავალ პენსიაში და მერე დავქორწინდები. დროს ევროპულად ვაფასებ.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე