გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა”

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის, გოგი გეგეჭკორის გარდაცვალება ყველაზე მძიმე ტრავმა მისი თანამეცხედრის, თეატრთმცოდნე ნათელა ურუშაძისთვის იყო. ზუსტად პანაშვიდის დღეს მათი შეუღლებიდან 50 წელი შესრულდა. თეატრალურ ინსტიტუტში დაწყებული მათი მეგობრობა მარადიულ სიყვარულში გადაიზარდა, რომელსაც დრომ არათუ ვერაფერი დააკლო, პირიქით, განამტკიცა. ამ ურთიერთობას ის სამყარო ადუღაბებდა, რომლითაც ორივე სუნთქავდა – ეს თეატრი იყო.

ქალბატონი ნათელა მეუღლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის 89 წლის გახლდათ.

სიყვარულის უღელი

ნათელა ურუშაძე თავის მოგონებებში წერს:

“რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო. ჩემი ბუზღუნა ძალიან მოწესრიგებული და სხვისგანაც ამის მომთხოვნია (თუმცა საკუთარ სათვალეს განუწყვეტლივ ეძებს). იშვიათი მეოჯახეა, ცარიელი ხელით შინ მოსვლა არ უყვარს. აქვს კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებს. ხშირად მეკითხებიან – რაშია გოგის ასეთი ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლოო.

არ გვაქვს აგარაკი, რომლის ასაშენებლად არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ გვქონია. მაშასადამე, ოჯახის მამა თავისუფალია უძრავ ქონებაზე მუდმივი საზრუნავისგან. არ გვყავს საკუთარი მანქანა, მაშასადამე, საჭესთან არ ზის, ფეხით მოსიარულეა. მოსიყვარულეა ძალიან, ბევრი ადამიანი უყვარს. მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული წამყვანია ჩვენს ოჯახში. ეს უღელი გვადგას…

ცნობილია, რომ მსახიობები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ოჯახს. ეს წმინდა ფსიქოლოგიური ამბავია. ჩვენ კი ეს შევძელით… მე და გოგი ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. მართალია, ხშირად უწევდა გასტროლებზე წასვლა, მაგრამ ჭორადაც კი არ მოსულა “სხვა ამბავი” ჩემს ყურამდე. არ ვიცი, ფლირტი ჰქონდა თუ არა ვინმესთან, მაგრამ თუ ამას ისე აკეთებდა, რომ მე ვერ ვიგებდი, მაშინ ბარაქალა მის კაცობას”.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"თუ როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა და როგორ იცხოვრეს ერთად 5 ათეული წელი, ამ ყველაფრის გახსენება ,,სარკემ” ლეგენდარული წყვილის ქალიშვილს, მანანა გეგეჭკორს სთხოვა.

მოგებული სიყვარული

– დედამ და მამამ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. თავიდან მეგობრობდნენ. შემდეგ კი მათი დიდი მეგობრობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა.

დედას მონაყოლიდან ერთ ამბავს გავიხსენებ. მამას და დედას საერთო მეგობარი ჰყავდათ, ნინელი ჩიქოვანი. ერთხელ ჩემი მშობლები ქალბატონი ნინელის აგარაკზე სტუმრად იყვნენ (მაშინ მათ შორის სიყვარული ჯერ არ იყო). ერთი ახალგაზრდა ქალი ყოფილა სტუმრად და უნდოდათ, რომ ის რაღაცნაირად გოგისთან დაეახლოებინათ. ამ მიზეზით ბანქოს თამაში წამოიწყეს. სხვებმა იცოდნენ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ამ ქალს მოეგო და გოგის მოსწონებოდა. ნათელა კი თურმე სერიოზულად ჩაერთო თამაშში და მოიგო, არადა ბანქოს კარგად ვერ თამაშობდა.

სულ მალე გოგი და ნათელა ცოლ-ქმარი გახდნენ. დედა ხშირად ხუმრობდა, გოგი ბანქოში მოვიგეო.

ბედნიერება გლოვის დღეს

– დედა და მამა სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდნენ. მათი პედაგოგები დიმიტრი ალექსიძე და გიორგი ტოვსტონოგოვი იყვნენ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დედა სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, სადაც თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 3 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მალევე დაქორწინდნენ.

1953 წლის 14 მარტს შეუღლდნენ. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომ ჩემმა მშობლებმა ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე იქორწინეს. მაშინ დედა თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო, სადაც ანონიმური განცხადება შევიდა, ნათელა ურუშაძემ და გიორგი გეგეჭკორმა ისეთ დროს იქორწინეს, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი დიდ ბელადს გლოვობდაო. ამ ანონიმური წერილის გამო, ინსტიტუტის პრორექტორმა აკაკი ფაღავამ დედაჩემი დაიბარა და ჰკითხა, რა პასუხი გავცეთო. დედამ უპასუხა: “ასე გადაეცით, რომ გლოვის დღეებში მმაჩის ბიურო ღია იყო, შევედით და დავქორწინდით”.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"რომანტიკული გოგი

– მამას ბედმა გაუღიმა და რუსთაველის თეატრში მისვლისთანავე დატვირთული იყო. საინტერესო რეჟისორებთან უწევდა ურთიერთობა და როლებიც ასეთივე კარგი ჰქონდა. ჯერ თავის პედაგოგ დიმიტრი ალექსიძესთან მუშაობდა სპექტაკლებზე, შემდეგ უკვე რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილი მივიდა.

მამას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როლი იყო გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ნათამაშევი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესა “ბედი მგოსნისა”, რომლის რეჟისორიც დიმიტრი ალექსიძე გახლდათ. ყოველთვის, როდესაც ჩემი მშობლების თაობის ხალხი მხვდებოდა და გაიგებდნენ, რა გვარი ვიყავი, მაშინვე ეს სპექტაკლი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ახსენდებოდათ. ამ როლით მამაჩემმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, გოგონებს ძალიან მოსწონდათ. ხალხი დაჟინებული მზერით აკვირდებოდა, თუ ვის აირჩევდა ცხოვრების თანამგზავრად.

დედას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მახსოვს, მამაზე ამბობდა, როდესაც გოგის გავყევი ცოლად, ბარათაშვილს, დონ კიხოტს და სხვა რომანტიკულ გმირებს თამაშობდა, მერე კი ხელში შემრჩა მეგრელი მგელი (სპექტაკლი “ჭინჭრაქა”. ავტ.) და რეციდივისტი ტიგრან გულოიანიო (სპექტაკლი “საბრალდებო დასკვნა”. ავტ). თავიდან მამა რომანტიკულ პერსონაჟებს ასახიერებდა, მერე – უფრო სახასიათო როლებს. ბოლოს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, უილიამ შექსპირის “მაკბეტში” კუდიანის როლი ითამაშა. ამის შემდეგ დედა ხუმრობდა, მგელი რეციდივისტად გადაიქცა, ბოლოს კი კუდიანადო.

ერთი სახალისო ისტორია გამახსენდა, რომელიც დედამ მიამბო. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ჩემი მშობლები 40 წელს ახალი გადაცილებული იყვნენ. თურმე იმ პერიოდში მათი რამდენიმე ახლობლის ოჯახი დაინგრა. მამას ასეთი ჩვევა ჰქონდა, რომ დღის განმავლობაში თავისუფალ დროს სახლში მოდიოდა, ცოტას დაისვენებდა და შემდეგ თეატრში ბრუნდებოდა. დივანზე წამოწვებოდა, ბალიშზე თავს დადებდა და მეორე ყურზე თავის პატარა ყურთბალიშს დაიდებდა. ერთ დღესაც მამა ასე ისვენებდა, დედა კი იქვე იჯდა და ასეთი რამ უთხრა: “გოგი, ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სიყვარულით შექმნილი ოჯახები დაინგრეოდა. აი, მაგალითად, უცებ ჩვენც რომ გავშორდეთ, მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, პირად ცხოვრებას ვეღარ ავაწყობ. შენ კიდევ ვინმე ახალგაზრდა გოგო აუცილებლად გამოგყვება”. დედა თურმე ელოდებოდა, რომ გოგი ეტყოდა, რას ამბობ, ეს არ მოხდებაო ან რამე მსგავსს. დიდი პაუზის შემდეგ მამამ თვალები გაახილა და ცოლს უთხრა: “რას ამბობ, ნათელა, ახლა მე კიდევ იმის ნათესავების გაცნობის თავი მაქვს?!”.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"მკაცრი კრიტიკოსი და სათუთი მსახიობი

– ჩემი მშობლების ოჯახის სიმტკიცე, გარდა დიდი გრძნობისა, სხვა რამეებზეც იყო დამყარებული. სიყვარულს მუდმივად სჭირდება საკვები, გაძლიერება, რომ არ ჩაქრეს და პირიქით, უფრო გაღვივდეს. ნათელასა და გოგის სიყვარულს მათი საერთო საქმეც აძლიერებდა. როდესაც ქმარი მსახიობი გყავს და თვითონ ამ სფეროსთან შეხება არ გაქვს, ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ რატომ აქვს მას სრულიად არანორმირებული სამუშაო დღე – მთელი დღე რეპეტიცია, გადაღება, გახმოვანება… საღამოს ცოტა განტვირთვა სჭირდება და საქეიფოდ მიდის. ამ ყველაფრის გაგება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც მსახიობის საქმე კარგად ესმის.

არის კიდევ ერთი ფაქტორი – მსახიობი საკმაოდ სათუთი ბუნების ადამიანია. ამიტომაც ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება, ოჯახში შესაბამისი ფსიქოლოგიური კლიმატი უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრემიერისთვის ემზადება. მსახიობის მეუღლე როდესაც ხარ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და მას ისეთი გარემო შეუქმნა ოჯახში, რომ თავი კარგად იგრძნოს. ზოგჯერ ის სახლში უხასიათოდ ბრუნდება და უნდა გაუგო, მოითმინო. ჩვენს ოჯახში ასე იყო, არამარტო დედა უწევდა მამას პროფესიას ანგარიშს, მამაც ძალიან აფასებდა იმ საქმეს, რასაც დედა აკეთებდა.

დედას ძირითადი საქმიანობა რეცენზიების წერა იყო და, ბუნებრივია, იმ სპექტაკლების შეფასებაც უწევდა, სადაც მამა თამაშობდა. ნათელა ხუმრობდა, რუსთაველის თეატრზე ვერაფერს ვწერ, რადგან გოგი იქ მუშაობს და მარჯანიშვილის თეატრზეც ვერ ვწერ, რადგან გოგი იქ არ მუშაობსო. ეს ფაქტი რთული იყო მისთვის, რადგან ობიექტური წერილები უნდა დაეწერა. დედას და მამას თავიანთი საქმიანობის გამო ხშირად უწევდათ ბეწვის ხიდზე გავლა.

სხვათა შორის, ყოფილა ერთი საინტერესო შემთხვევაც, რომელიც მე არ მახსოვს და ამას წინათ მეგობარმა მიამბო. ერთ-ერთ სპექტაკლში მამა მთავარ როლს ასრულებდა, დედამ კი ამ დადგმაზე გამანადგურებელი სტატია დაწერა. მამას კრიტიკა ყოველთვის აინტერესებდა, თვითკრიტიკული იყო და ყველა შეფასებას ყურადღებით ისმენდა, მათ შორის – ოჯახის წევრებისასაც.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"ჩემს მშობლებს აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, ცხოვრებისეული პოზიცია და შეხედულებები კი – საერთო, ამიტომაც უგებდნენ ერთმანეთს ასე კარგად. დედა ძალიან მშვიდი იყო, მამა – უფრო ბობოქარი. დედა ოჯახში ერთგვარი დირიჟორი იყო, ანუ ურთიერთობების მომგვარებელი. ნებისმიერ ოჯახში არის კონფლიქტი, კამათი, მაგრამ უნდა იყოს რაღაც, რაზეც ოჯახის მთლიანობა იქნება დაფუძნებული.

მამაშვილობა

– მშობლები შვილების მიმართ მკაცრები არ ყოფილან, რბილად გვექცეოდნენ. მეც და ჩემს ძმას, გიორგისაც ყველგან გვიშვებდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვეგვიანა, უნდა გვეთქვა, სად ვიყავით და რას ვაკეთებდით. ამ მხრივ ძალიან თავისუფლად გვზრდიდნენ. დედა ხშირად გვეუბნებოდა, ყველგან გაგიშვებთ, რადგან გენდობითო.

მამა კიდევ უფრო რბილი იყო ასეთ საკითხებში, თუმცა ჩვევა ჰქონდა, რომ თავიდან აუცილებლად უარს გვეტყოდა, მერე კი ყველაფერს გვისრულებდა. კვირაობით ისვენებდა და ამ დღეს ვთხოვდით, კინოში წავეყვანეთ. აუცილებლად უარს გვეტყოდა და ბუზღუნს იწყებდა, ძლივს ერთი დღე მაქვს თავისუფალი და მინდა, ეს დრო სახლში გავატაროო. ამ დროს დედა თვალით გვანიშნებდა, აცადეთო. მართლაც, ზუსტად 5 წუთში მოგვიბრუნდებოდა და გვკითხავდა, რომელსაათიან სეანსზე წავიდეთო.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"მამასთან ურთიერთობა მაშინ იყო რთული, როცა როლზე სამუშაო არ ჰქონდა. თუ სპექტაკლში არ იყო დაკავებული, ამაზე ნერვიულობდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ მახსოვს, რომ ან მე, ან ჩემს ძმას მასთან რაიმე სახის დაძაბულობა გვქონოდა. ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან ისეთი დღე არ მახსოვს, დილით მამას ხმა არ გამეგონა. თავისი კაბინეტი არ ჰქონდა, ამიტომ ყოველდღე სააბაზანოში ან საძინებელში ვარჯიშობდა მეტყველებაში.

მე და ჩემი ძმა კულისებში გაზრდილი ბავშვები ნამდვილად არ ვყოფილვართ, რადგან მამას რეპეტიციებს არ ვესწრებოდით. მხოლოდ “ჭინჭრაქაზე” დავყავდი ხშირად, რადგან დილის სპექტაკლი იყო, ამიტომ კულისებში ყოფნაც მიხდებოდა და საგრიმიოროშიც. შემიძლია ვთქვა, რომ “ჭინჭრაქა” დარბაზის და სცენის ყველა წერტილიდან მაქვს ნანახი.

1976 წელს მოსკოვში რუსთაველის თეატრს გასტროლი ჰქონდა. ძალიან მინდოდა, მამას გავყოლოდი და ძლივს დავითანხმე. დასი მატარებლით წავიდა, მე კი ორი დღის შემდეგ თვითმფრინავით გადავფრინდი. სასტუმროში სხვასთან ერთად ვცხოვრობდი და არა – მამასთან. ასეთ რაღაცეებში პრინციპული იყო. მიაჩნდა, რომ თეატრი სულ სხვა იყო, ოჯახი – სხვა. წესრიგის მოყვარული გახლდათ და ამით ქართველი მსახიობის სტერეოტიპებს ანგრევდა. ბოჰემურად არ ცხოვრობდა. მართალია, ქეიფი და დროსტარება უყვარდა, მაგრამ ამის გამო რეპეტიციაზე მოუწესრიგებელი არასოდეს წავიდოდა. მე ასეთი მამა მახსოვს.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"“ვინც მართალია, ოჯახში ის თმობს”

– გათხოვებაზე მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მქონია, პირიქით, ეს ამბავი გაუხარდათ. ჩემი მეუღლე, კოტე მირიანაშვილი, დედაჩემის სტუდენტი იყო, ჩვენ კი ერთმანეთს ტელევიზიიდან ვიცნობდით. ისე მოხდა, რომ ჩემი მშობლები თელავში ჩავიდნენ, სადაც კოტეს მშობლები ცხოვრობდნენ და შემთხვევით მათ ოჯახში სტუმრად აღმოჩნდნენ. ამის პარალელურად ჩემი და კოტეს ურთიერთობა ვითარდებოდა. როდესაც ჩვენი ამბავი გაიგეს, ორივე მხარეს ძალიან გაუხარდა, რადგან ერთმანეთს უკვე იცნობდნენ. დედა სულ მარიგებდა, გათხოვებას დიდი დაფიქრება სჭირდება, შენ მარტო იმ ადამიანს არ მიჰყვები, მას უკან შლეიფივით მოჰყვება ოჯახი და ყველა უნდა მიიღოო.

დედა ჩვენს ქორწილში ადგა, დაგვლოცა და ასეთი რაღაც გვითხრა: “ჩემი და გოგის ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა ძირითადად იმას ეფუძნება, რომ როცა რაიმე უთანხმოება გვქონდა, თმობდა ის, ვინც მართალი იყო”.

ეს სიტყვები მისგან პირველად მოვისმინე და მათ მნიშვნელობას მხოლოდ წლების მერე ჩავწვდი. კოტე დედაჩემს ხშირად ეუბნებოდა, ქალბატონო ნათელა, ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც დაგვარიგეთ, სულ მანანაა დამნაშავე და მე ვთმობო.

ორსულად რომ ვიყავი, ბიჭის მუცელი მქონდა და მამასაც ეგონა, ვაჟს გავაჩენდი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვყავდი და სულ იმეორებდა, ბიჭი არ შემიწუხოთო. გოგონა შემეძინა.

მე ერთი ქალიშვილი მყავს, ჩემს ძმას კი – ქალ-ვაჟი. ჩემი ქალიშვილი, ანანო, მათი პირველი შვილიშვილია. მამა ჩვენთან რომ მოდიოდა, საუთოებელი მაგიდის უკან ჩაიმუხლებდა, თოჯინების თეატრს აწყობდა და ანანოს იქიდან ეთამაშებოდა. დედაჩემი შვილთაშვილსაც (ჩემს შვილიშვილს) მოესწრო. პატარა ანდრიას და ნათელას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ბავშვი სულ გვეკითხება, ბიბა სად წავიდაო.

გოგი გეგეჭკორის შვილი: ,,ექიმებმა გვითხრეს, რომ მამა ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა"განშორება 50 წლის შემდეგ

– 2002 წლის ოქტომბერში მამას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობა უკვე შორს წასული იყო და ოპერაციასაც აზრი აღარ ჰქონდა. თან უკვე ასაკში გახლდათ. ექიმებმა გვითხრეს, რომ ერთი წელი იცოცხლებდა, მაგრამ უფრო ადრე გარდაიცვალა – მარტის თვეში.

ჩვენ მხოლოდ ის მოვასწარით, რომ ფილმი გაგვეკეთებინა და წიგნი გამოგვეშვა. ისეთ მდგომარეობაში იყო, სცენაზე ვეღარ ითამაშებდა. თანაც რუსთაველის თეატრში რემონტი იყო. კინოთეატრ “რუსთაველში” საღამო მოვუწყვეთ და ვუჩვენეთ ფილმი “ხელოვნების ქურუმი”, რომელიც მამას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა. 80 წლის იუბილე გადავუხადეთ და ერთ თვეში გარდაიცვალა კიდეც. მამაჩემის პანაშვიდის დღეს შესრულდა მათი შეუღლების 50 წელი.

მამამ არ იცოდა, რა სჭირდა. ბოლო დღეებში ალბათ უკვე ხვდებოდა, მაგრამ თავის ავადმყოფობაზე არაფერი უთქვამს. მიხარია, რომ ისე გარდაიცვალა, არ დატანჯულა. ამქვეყნიდან მშვიდად წავიდა. მამას პანაშვიდის დღეს შესრულდა მათი შეუღლების 50 წელი. დედამ ამის შემდეგ 10 წელი იცოცხლა. 89 წლის იყო.

რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს შორის დავაც იყო, შეკამათებაც, როგორც ყოფით საკითხებზე, ასევე საქმეზე, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდნენ, ერთმანეთისა და ოჯახის სიყვარულით ყველაფერი გადაელახათ. მჯერა, მათი სულები იმქვეყნადაც შეერთდებოდნენ.

 თეონა კენჭიაშვილი, სარკე