მსახიობ ეთო გუგავას კოსმეტიკა საერთოდ არ გააჩნია, რადგან მაკიაჟს არასოდეს იკეთებს. სცენასა და ეკრანზე გრიმს ხმარობს, ოღონდ ძალიან მსუბუქს. 38 წლის ასაკში ჯერ კიდევ აქვს იმის ფუფუნება, რომ კოსმეტოლოგებთან ხშირად არ ირბინოს, თუმცა გარკვეულ პროცედურებს მაინც მიმართავს. არც ვარჯიშსა და სწორ კვებაზე იკლავს თავს. ღამით, როცა ორ შვილს, 13 წლის ნიას და 4 წლის მელანია-მიას დააძინებს, საჭმელს მაშინ გეახლებათ გემრიელად.
– ეთო, 21-ე საუკუნის ადამიანებს იმდენად მძიმე რიტმით უწევთ ცხოვრება, სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გარკვეულ რეჟიმში ჩადგომა, მაგალითად, ვარჯიში. ახერხებთ ამას?
– ამ მხრივ, ზოგადად ძალიან უწესრიგოდ ვცხოვრობ – არ ვვარჯიშობ. ვცდილობ, შვილებს სწორი კვების რეჟიმი ჰქონდეთ, მე კი არ მივყვები ამ წესს, დღეში 2-3-ჯერ ვჭამ და ღამით მიყვარს ჭამა, როდესაც ბავშვებს დავაძინებ ხოლმე. ეს ჩემს წონასა და ფიგურაზე არ აისახება და ალბათ ამით უფრო ვსარგებლობ.
– რისგან შედგება თქვენი საუზმე?
– ჩემი დილა რიტუალით იწყება – ყავა და სიგარეტი. ეს პროცესი დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. ამ დროს არავინ უნდა შემეხოს, რადგან ვზივარ აივანზე, ვსვამ ყავას, ვსუნთქავ სუფთა ჰაერს და ვეწევი სიგარეტს.
– გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას აზიანებს, სიგარეტი კანსაც აბერებს. ამის არ გეშინიათ?
– არც ეს მოქმედებს ჩემზე და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. 38 წლის ვარ და ჯერჯერობით ვინარჩუნებ კარგ კანსაც და კარგ ფორმებსაც. და მაინც, ჩემი ოცნებაა სიგარეტისთვის თავის დანებება. მგონია, გაცილებით უკეთესად ვიქნები, თუ არ მოვწევ.
– სახის კანს როგორ უვლით?
– კოსმეტოლოგთან ძალიან იშვიათად მივდივარ და გამაჯანსაღებელ პროცედურას ვიტარებ – მეზოთერაპიას. მიყვარს ბუნებრივი ნიღბები, მაგალითად, ხილი ან ბავშვის ფაფა თუ მორჩება, სახეზე იმას წავისვამ ხოლმე. არანაირ კოსმეტიკას არ ვხმარობ და არც გამაჩნია. გადაღებების ან სპექტაკლის დროს ძალიან მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.
– მაკიაჟი რატომ არ გიყვართ?
– საკუთარ თავზე მაკიაჟი არ მომწონს. ეკრანზე რომ ვუყურებ, მაშინ მომწონს, რადგან ეკრანს სულ სხვა ხედვა აქვს. ცხოვრებაში კი ვერ წარმომიდგენია.
გაოცებული ვიყავი, როდესაც ჩემი შვილი დილით სკოლაში მიმყავდა და დილის 9 საათზე უკვე გამოწკეპილ მშობლებს ვხედავდი – მაკიაჟით, დავარცხნილი თმით. ამაზე მეცინებოდა, რადგან პირის დაბანას ძლივს ვახერხებდი. ასეთი ცხოვრება არ შემიძლია, არც წარმომიდგენია. ალბათ ისე დავბერდები, ასე ვერ ვიცხოვრებ.
– თმას როგორ უვლით?
– თმას იშვიათად ვიღებავ, ისიც იმიტომ, რომ ჭაღარებმა ჩემთანაც დაიწყეს სტუმრობა. მიყვარს თმის ნიღბები და სხვადასხვანაირს ვყიდულობ. ძალიან მომწონს, როდესაც ქალის თმა ბზინავს. ამიტომ ვცდილობ, თმა სულ ფორმაში მქონდეს.
– როგორ შეხვდით პირველ ჭაღარას?
– ძალიან განვიცადე, ვიფიქრე, ახლა დაიწყება ყოველ კვირას თმის ძირების შეღებვა-მეთქი. საბედნიეროდ, ცოტა მაქვს და იშვიათად ვიღებავ. იცით, რა არის? ჩემი ფიზიკური მონაცემები ჩემს ასაკს არ შეესაბამება, ამიტომ ქალობას არ ვეგუები, შესაბამისად, ჩემს ასაკსაც ვერ აღვიქვამ. მგონია, რომ გოგო ვარ, რომელსაც შეუძლია სულ იაროს დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით, “აკოსილი” თმით, მაისურით და მორჩა.
მიყვარს კომფორტული ტანსაცმელი – ჯინსები, მაისურები, ბოტასები, კედები. ძალიან ბევრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაქვს, რომლებიც ყუთებიდან არ ამომიღია, ჩაუცმელები მიწყვია.
– როდესაც სარკეში იყურებით, გიჩნდებათ სურვილი, გარეგნობაში რამე შეცვალოთ?
– უფრო ლამაზი ტუჩები მინდა.
– დღეს ეს უკვე შესაძლებელია.
– კი, მაგრამ, როდესაც ვუყურებ იმ ქალებს, რომლებმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, ისე მეცინება… საკუთარი თავი რომ წარმოვიდგინე გაბუშტული ტუჩებით… მგონია, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. შერონ სტოუნი, რომელსაც თხელი ტუჩები აქვს, გაცილებით მაგარი ქალია, ვიდრე გაბერილტუჩებიანი ქალები.
– ანუ ქირურგიული ჩარევის მომხრე არ ხართ?
– მომხრე ვარ, მაგრამ ხარისხიანის. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ბევრი სტატია წავიკითხე და გავიგე, რომ, როდესაც ქალი საკუთარი სხეულის კორექტირებას იწყებს, აზარტში შედის. შემდეგ უკვე მიდიან შორს და ტუჩები უკვე სახეზე დიდი აქვთ, ცხვირს იპატარავებენ, სახის კანს ისწორებენ და რატომღაც ყველა ერთნაირი ხდება. აზარტში შედიან, ვეღარ ჩერდებიან და ამის მეშინია. თან მე ძალიან აზარტული ვარ.
– როგორ ფიქრობთ, როდის არის ქალი ყველაზე მეტად მიმზიდველი?
– როდესაც შეყვარებულია. ამ დროს საკუთარ თავს მეტ ყურადღებას აქცევს. უფრო დავარცხნილია, უფრო უბრწყინავს თვალები. როგორი გადაპრანჭულიც უნდა იყოს ქალი, ის თუ ცუდ ხასიათზეა, ჩამქრალი თვალები აქვს. ქალი თუ ბედნიერია, მაშინ ლამაზად გამოიყურება.
– ხშირად პირიქითაც ხდება, როცა ქალი მიტოვებულია ან პირადი პრობლემები აწუხებს, მაშინ დგება გარეგნობის შეცვლის ხასიათზე, ამ დროს ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. გქონიათ ასეთი მომენტი?
– კი, როდესაც მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით, წელამდე თმა მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ მას უყვარდა გრძელი თმა. როდესაც ვიჩხუბე, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ წავედი და თმა გადავიპარსე, ოღონდ არამარტო მისი ჯიბრით, მეც მესიამოვნა. როდესაც დეპრესიული პერიოდი მაქვს, სულ მინდა, რომ ვარცხნილობა შევიცვალო.
მარი მგალობლიშვილი, სარკე

