არიან ადამიანები, რომლებიც გაიელვებენ და ჩაიფერფლებიან, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრების გზაზე ასწრებენ თავიანთი ისტორიის შექმნას, სხვების გულებში ადგილის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ ამქვეყნიდან სიყვარული, დიდი გულისწყვეტა და წრფელი ცრემლი მიაცილებთ.
ასეთი ბედის აღმოჩნდა მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, ახლობლებისთვის – ზუზუ. 16 აგვისტოს საღამოს ის გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა 41 წლის იყო. მსახიობის ცხოვრებაში ერთი უცნაური დამთხვევაა – მამამისიც 41 წლის ასაკში გარდაიცვალა…
“ხან მგონია, რომ დავბერდი. წლებია ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. წარსულში ქექვა არ მიყვარს, რადგან იშვიათად მახსენდება ჩემი წარსული საამურად. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ყველაფერი კარგი წინ არის. დიდი, ეზოიანი სახლი მინდა. მამობაზეც ვოცნებობ…” – თავის ტკივილსა თუ ოცნებებზე გვიყვებოდა ზაზა ბეჟაშვილი. ბოლოს ერთი წლის წინ შეხვდა “სარკეს”. ვინ წარმოიდგენდა, რომ მალე ინტერვიუებით მოგვიწევდა მისი გახსენება და წარსულ დროში საუბარი.
“არავის უთქვამს, შენგან ორსულად ვარო და ბავშვს მე ხომ არ გავაჩენ?”
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხოვრებაში რთულმა პერიოდმა ჩაიარა, როცა შემოქმედებით-ფინანსური კრიზისი ჰქონდა. “ფეისბუქში” მწვავე სტატუსიც დაწერა, რომ კასტინგებზე ატყუებდნენ, უფულობის გამო ერთ-ერთ ბარში მიმტანადაც დაიწყო მუშაობა, თუმცა მხოლოდ ორი დღით. ახლახან კინორეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისგან შეთავაზება მიიღო. ამ ზარმა ზუზუ ძალიან გაახარა. ასე რომ, სხვა ახალი როლების მოლოდინიც აქვს და უკეთესი განწყობაც.
– ზუზუ, ბოლოს, როცა ინტერვიუ ჩავწერეთ, მიმტანად იწყებდით მუშაობას. ახლა რას საქმიანობთ?
– ეს იყო პროტესტი საკუთარ თავთან, პროფესიასთან. ჩემს მეგობარს ჰქონდა დაწესებულება, მითხრა, კარაოკე წაიყვანეო. არა, ბარემ ოფიციანტად ვიმუშავებ-მეთქი, ვუთხარი და ორი დღე ვიმუშავე.
ახლა კარგი ამბავი მაქვს – როლზე დამამტკიცეს. მგონია, რომ წინ ძალიან საინტერესო რამ მელოდება. იმხელა პაუზა მქონდა, როცა მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, ვერ აგიწერთ, როგორი მაგარი პროფესიული განცდა დამეუფლა. ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა.
პატარა რაღაცას შეუძლია მაფიქრებინოს, რომ ყველაფერი დამთავრდა ან პირიქით, პატარა რამემ მაფიქრებინოს, რომ ყველაფერი მაგრადაა. 4-5 თვე რომ გადის და საინტერესო ზარი არ არის, განცდა მაქვს, რომ ვიღაცას არ ვჭირდები.
– ერეკლე ბადურაშვილის ფილმში როგორ გმირს ითამაშებთ?
– საინტერესო როლი იქნება. სცენარი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რომ დადებით პერსონაჟს არ განვასახიერებ. ცხოვრებაში ძალიან კეთილი ვარ და უარყოფითი როლების თამაში მიყვარს. დიდი მადლობა ერეკლე ბადურაშვილს, რომ დამინახა და როლზე დამამტკიცა.
ერთხელ მანიაკი ვითამაშე და ამაზე უარყოფითი პერსონაჟი არსებობს? დათო ცერიაშვილმა მათამაშა სერიალ “დეტექტივებში”. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როლია. უტექსტოა და საკმაოდ რთული სათამაშოც იყო.
– უცხოეთიდანაც გქონდათ რაღაც წინადადებები. ამ მხრივ რა ხდება?
– შემოთავაზებები დღემდე მაქვს. პეტერბურგში კინოსტუდია “პანორამა” მელოდება, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთში წასვლის გამო არ ჩამქოლავენ. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ არასდროს ვითამაშებ ცუდ ქართველს.
– ცხოვრებაში რთული ეტაპი ბევრჯერ გაიარეთ?
– კი. ემოციური ვარ და ჩემს თავთან ბრძოლები, კითხვები მაქვს, თუმცა მივხვდი, რომ ქვეყანაზე ერთხელ ვცხოვრობ და არავითარ რთულ პერიოდს არ უნდა გადავყვე. მოკლედ, ღმერთმა ცხოვრება იმის გამო არ მოგცა, რომ ის რაღაცით შეიმოკლო.
პროფესიის გარდა, იმდენად არაფერი მაინტერესებს, სხვა სირთულეებს ვუმკლავდები. მყავს მეგობრები, რომლებიც, თუ მომშივდება, მოვლენ და დამეხმარებიან. თუ, რა თქმა უნდა, რთულ პერიოდებს ამას ვეძახით.
– 40 წლის ხართ. არის რამე ისეთი, რაც ამ ასაკში გაშინებთ?
– არაფრის მეშინია, მხოლოდ საქმეზე მეფიქრება. სხვაზე რომ მესმის, 40-41 წლის არისო, ვამბობ: “ვაა!”. მამაჩემი 41 წლის იყო, როცა გარდაიცვალა და ვფიქრობდი, ამ ხალხს რა ატირებს-მეთქი. დღეს ჩემს თავს ამ ასაკში ვერ აღვიქვამ. რამდენი წლის ვარ, არც მაინტერესებს.
– ოჯახის შექმნაზე ისევ არ ფიქრობთ?
– ამაზე როგორ უნდა დაჯდე და იფიქრო?
– ეს ფიქრები ასაკს თავისთავად მოაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ არ გინდა, მარტო დარჩე.
– წარსულში ქექვა არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მყავდა ადამიანი, რომელთანაც 2-3 წელი ვცხოვრობდი. ოჯახის შექმნა შტამპი არ არის. დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, აუცილებლად დავშტამპავ ამასაც.
– არ გინდათ, ახალგაზრდა მამა იყოთ?
– შვილზე როგორ არ ვფიქრობ, მაგრამ არავის უთქვამს, შენგან ორსულად ვარო და მე ხომ არ გავაჩენ? ისე, ახლა შვილი რომ მყავდეს, ალბათ სულ გავაფრენდი. ბავშვები ძალიან მიყვარს.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მამის, ქმრის ამპლუაში?
– როგორიც ვარ, ისეთი ვიქნები ქმარიც, მამაც. პრინციპში, ჩემი მამობა კარგად წარმომიდგენია და მგონია, რომ მთლად დეგენერატი შვილი არ მეყოლება.
– სერიოზულად გყვარებიათ ვინმე?
– როგორ არა, 40 წლის ვარ! რაც შეეხება იმას, როგორი ვარ შეყვარებული, ყოველდღე სხვადასხვანაირი ვარ თავისი კომპონენტებით. ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ეგოისტი ვარ. ეჭვიანობა მეზარება.
– მარტივად გიყვარდებათ?
– კი, იმიტომ, რომ ფუთი მარილის ჭამა არ მჭირდება. ადამიანს რომ შევხედავ, ან ჩემი არის, ან არა. ასეთი ვარ არამხოლოდ სიყვარულში, მეგობრობაშიც.
– რის გამო არ გამოგსვლიათ ურთიერთობები?
– აბსოლუტურად ყველასთან გამომივიდა ურთიერთობა. უბრალოდ, რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. ზიზღით არავის დავშორებივარ. ისე, ჩემთან ცხოვრება ადვილი არ არის.
– რას გულისხმობთ?
– გადახლართული ვერავისთან გავიღვიძებ. ამას თავისებურებას ეძახიან. სხვათა შორის, რბილი ხასიათი მაქვს. ვიღაც ასე არ თვლის, ეს ინდივიდუალურია.
– როგორც მამაკაცს, ამ ასაკში როგორი ეტაპი გაქვთ?
– ამ ეტაპს ყველაზე კარგ პერიოდს დავარქმევდი. როგორც გითხარით, წარსულში ქექვა არ მიყვარს, რადგან იშვიათად მახსენდება ჩემი წარსული საამურად. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ყველაფერი კარგი წინ არის.
– არის რაღაცები, რასაც შეცვლიდით?
– როგორ არ შევცვლიდი! დედას, რამდენიმე მეგობარს არ ვაწყენინებდი. ყველაფერს დავიტოვებდი, მხოლოდ რაღაცებს გამოვასწორებდი.
“სარკე”, 2017 წელი, N37
“სარკის” ამ ინტერვიუთი ბევრ მსახიობს მოვფხან გულს”
ზაზა ბეჟაშვილთან ინტერვიუ მაშინ ჩაიწერა, როცა ქართულ-აზერბაიჯანულ სერიალში “ალი და თეოს” გადაღებებზე მიიწვიეს, მაგრამ პროდიუსერთან კამათი მოუვიდა და გადაღებები მიატოვა.
– ზაზა, ამ ეტაპზე რას აკეთებთ, თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?
– ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვარ. ზაფხულია და ამიტომ სამუშაო არ არის. ქართულ-რუსული პროექტის გაკეთების მოლოდინში ვარ. მანამდე იყო სერიალი “ალი და თეო”, სადაც მიმიწვიეს. სერიალში ჩემი შესვლა უცებ მოხდა და ასევე უცებ წამოვედი, რადგან მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო. დავრწმუნდი, რომ, რომელ პროექტშიც დამიძახებენ, ყველგან არ უნდა წავიდე.
– რა პრობლემა გქონდათ?
– პროდიუსერთან მომივიდა უთანხმოება და ამიტომ წამოვედი. ვერ გეტყვით, რომ დაბრუნება მინდა, მაგრამ იმდენი პროფესიონალიზმი ნამდვილად მაქვს, რომ გადაღებები არ ჩავუშალო. ჩემი გმირი თუ კიდევ იქნება საჭირო, მივალ და ვითამაშებ. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში სხვა არაფერი ხდება.
– ქართულ-აზერბაიჯანულ სერიალში ვის როლს თამაშობდით?
– გამომძიებლის, რომელსაც ფარხადი ერქვა. ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო ტექსტები. ყველა მსახიობმა თვეებით ადრე იცოდა ტექსტები და მე კი წინა დღით მიგზავნიდნენ. ჩემით უკმაყოფილო არავინ იყო, მაგრამ ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ მომეწონა. ასე კარგად და რბილად არასოდეს მოვქცეულვარ, როგორც მათთან, მაგრამ…
– კონკრეტულად რა მოხდა, კონფლიქტი რის გამო დაიწყო?
– ერთ-ერთმა სტუდენტმა მსახიობმა ბიჭმა რაღაცები აურია, სხვა პროექტში გადავიდა. ამის გამო პროდიუსერმაც ძალიან ინერვიულა და მეც. ვიცი, რას ნიშნავს, როცა მსახიობი გტოვებს და სხვაგან მიდის. იმ დღეს ამის გამო მასთან ერთად ვნერვიულობდი, ისიც კი ვუთხარი, მაქვს დრო და ისე გადმოვეწყობი, როგორც თქვენ გინდათ-მეთქი, მაგრამ თურმე ასე ზედმეტად არ უნდა ჩავრეულიყავი. მივხვდი, რომ უბრალოდ შენი საქმე უნდა აკეთო და მორჩა!
ვცდილობ, როგორც შემიძლია, ყველას გავუადვილო საქმე. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა გადაღებაზე მივედი და მანქანიდან გადმოსულს ქართველმა პროდიუსერმა ცუდი ტონით მომმართა, მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. არადა იმ ადამიანს დიდ პატივს ვცემდი. თუ პროდიუსერი ტონის მაღლა აწევით მეუბნება, რომ ის პროდიუსერია, მე იქვე ვახვედრებ, რომ მსახიობი ვარ.
– როგორ ფიქრობთ, ქართველ მსახიობებს ასარჩევად გაქვთ საქმე, რომ რაღაც პროექტები დაიწუნოთ, რაღაც მოიწონოთ?
– 10 უხარისხო პროექტში მონაწილეობას 2 ხარისხიან პროექტში მონაწილეობა მირჩევნია. სადაც არაა საკმარისი ანაზღაურება, სადაც შემოქმედებითად ვერ დავიხარჯები და თანაც ტონს ვერ შეარჩევენ, იქ ჩემი ადგილი არაა. ჩემს პროფესიაში ძალიან განებივრებული ვარ, მეორე კურსიდან ვთამაშობ ცუდ თუ კარგ ფილმებში, სერიალებში. არჩევანის უფლებას ყოველთვის ვიტოვებ.
ძალიან მაგარ აზერბაიჯანულ ფილმში ვითამაშე, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, მაგარი ჰონორარებიც მოგვცეს. სწორედ ამის გამოა, რომ ეს ფილმი სადაც კი მიაქვთ, პრიზის გარეშე არ ბრუნდება. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მეც მივიღე პრიზი. ბედნიერი ვარ, რომ ერთი რეჟისორიც ვერ იტყვის, ზუზუმ საქმე გამიფუჭაო.
– ქართველი მსახიობების ფინანსური მხარე გამოსწორდა? დიდ პროექტებში რომ გიწვევენ სამუშაოდ, შესაფერის ანაზღაურებას გაძლევენ?
– ყველაზე მეტად ფულზე ლაპარაკი მიჭირს და ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზდები. როცა სასაცილო თანხას გთავაზობენ, საშინელებაა. სერიალებს რომ თავი დავანებოთ და რეკლამებზე ვილაპარაკოთ, გეკითხებიან ჰონორარს, პასუხობ, მერე თავისას გთავაზობენ. ჩემს “შებმას” არაფერი უნდა, თუ მომიდგები. სულ უფასოდაც მიმუშავია. უნდა ვიცოდე, რომ იქ, სადაც მე მეძახი, მართლა გჭირდები. არ შეიძლება მსახიობს იმდენს უხდიდე, რომ თუნდაც ერთი ჰონორარით მანქანის ყიდვა ვერ შეძლოს.
გასული საუკუნის 90-იანი წლები აღარ არის, რომ თვითგადარჩენაზე ვიფიქროთ. ყველა ეტაპი გავიარე და ბევრი რამ ვიცი, საზღვარგარეთ შეიძლება დიდი თანხები არ შემოგთავაზონ, მაგრამ იმდენს მაინც მოგცემენ, რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნო თავი.
ზოგს უხარია ტელევიზორში გამოჩენა და ამისთვის იქით იხდის ფულს. კი, ბატონო, აიყვანონ ასეთები, მაგრამ მე აღარ შემიძლია, დავიღალე! ბევრჯერ თანხა რომ დაუსახელებიათ, ტელეფონი მიმითხლეშია, არადა შეიძლება იმ წუთში ჯიბეში ორი ლარიც არ მქონოდა. უმეტეს შემთხვევებში მოლაპარაკება ასეთი ტექსტით იწყება – “ბიუჯეტი არ გვაქვს”. ჩემი პასუხი კი ასეთია: “არც მე მაქვს ბიუჯეტი და ფული მჭირდება”. ზუსტად ვიცი, რომ ამ ინტერვიუთი ბევრ მსახიობს მოვფხან გულს, ბევრი განიცდის იმას, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ.
– პირად ცხოვრებაში რა სიახლეები გაქვთ, დაქორწინებას არ აპირებთ?
– ყველას ჰგონია, რომ კარგად მიცნობს, მაგრამ ამ დროს მეც კი არ ვიცნობ ჩემს თავს კარგად. არასოდეს არაფერს ვგეგმავ. არ ვიცი, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ამას და ამას ვიზამო. ეს ჩემთვის ძალიან სასაცილოა. დაახლოებით მაინც რომ ვიცოდე, ვაპირებ თუ არა დაოჯახებას, აუცილებლად გეტყოდით. თუ ეს მოხდება, პირველად “სარკეს” გავაგებინებ…
ძირითადად სულ ჩემნაირ არანორმალურებთან მაქვს ურთიერთობა, ამიტომ მათთან არასოდეს მაქვს იმაზე საუბარი, როდის უნდა მოვიყვანო ცოლად. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ამისი დროც მოვა.
– როცა ადამიანი დაქორწინებას აგვიანებს, მას ხშირად ეუბნებიან, რომ იმის გამო მაინც უნდა შექმნას ოჯახი, შვილი ჰყავდეს.
– შვილიც მინდა და მეორე ნახევარიც, რომელიც ყოველთვის მყავს. რაც მინდა, ყველაფერი რომ ჩამოვთვალო, მეტყვი, აბა, რა დაოჯახებაზე გველაპარაკებოდიო. შეიძლება ადვილი მისაღწევია ჩემი “მინდა”, თუნდაც რომელიმე პროექტში რომ მოვიგო ბინა, საკუთარი სახლი არ მაქვს. მყავს დედა, ძმა, ვისთვისაც ყველაფერი ისე უნდა მოვაწყო, რომ მათ თავი არაკომფორტულად არ იგრძნონ. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან სასაცილო უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ცოლი მომყავს და ქორწილი მექნება.
– ყველაზე მეტად როდის იყავით იმედგაცრუებული?
– პროფესიაში არ ვყოფილვარ იმედგაცრუებული, რასაც ადამიანებთან მიმართებაში ვერ ვიტყვი. მე თუ ვინმე მიყვარს, მისგან არაფერს ვითხოვ, პირიქით, იქით გავცემ და ამაზე “ვკაიფობ”.
ჩემს ცხოვრებაში ვიღაცები “ადამიანჩიკებად” იქცნენ, ეს კი იმან განაპირობა, რომ მათი ცხოვრება უცებ კარგისკენ შეიცვალა. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრების თეთრი და შავი ხაზებით. ყველაფერი მაქვს განცდილი, ამიტომ მეცინება, როცა ვიღაც მანქანას ყიდულობს და მერე აღარ მირეკავს, რადგან ჰგონია, რომ მისთვის ეს ყველაფერია. ყოფილა პერიოდები, როცა ყველაფერი მქონდა და მერე – აღარაფერი, მაგრამ ვინც მიცნობს, ის გეტყვით, რომ ამას არ შევუცვლივარ. სხვის ცვლილებას რომ ვხედავ, იმედები მაშინ მიცრუვდება.
საბედნიეროდ, ისეთი ხალხიც მყავს გვერდით, ვინც ჩემი ცხოვრება გაიტანა, გვერდით დამიდგა, ცუდად ვიყავი და მდგომარეობიდან გამომიყვანა. ეს კი პომპეზურად ან სხვების საჩვენებლად არ გააკეთეს. ძალიან ადვილად ვივიწყებ ცუდს, არავის ვებუტები, მაგრამ “ადამიანჩიკებთან” ურთიერთობა უკვე აღარ შემიძლია.
“სარკე”, 2013 წელი, N9
“ფსიქოტროპულ პრეპარატს ვსვამ, მძიმე პერიოდებში ტაძარი მიდგას გვერდით”
ზაზა ბეჟაშვილი ხშირად ჩიოდა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა. “სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში გამოგვიტყდა კიდეც, რომ ფსიქოტროპული წამლების მიღება სჭირდებოდა.
ზაზა ბეჟაშვილი:
– მგონი, ჩემს ცხოვრებაში გაურკვეველი ეტაპია და არამხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, ყველგან. მიყვარს იუმორი, მაგრამ არა – ცინიზმი. არადა ცინიზმის დრო მოვიდა. სოციალურმა ქსელებმა ისე გაგვაშიშვლა და ისეთი ღვარძლიანები გაგვხადა, უკვე მეშინია ხალხის.
– რატომ არსად ჩანხართ?
– თუკი სადმე არ ვჩანვარ, ნურავინ იფიქრებს, რომ არსად მეძახიან. კიდევ კარგი, ჩემს ფილმოგრაფიაში რამდენიმე ფილმის არ მრცხვენია… ძალიან მაღიზიანებს ფრაზა – “შენ ისეთი კარგი ხარ, აქედან უნდა წახვიდე”. თუ კარგი ვარ, სად მაგდებ? საშინელება ისაა, რომ ჩემი რეჟისორი არ მყავს.
– “ჩემი რეჟისორი” რას ნიშნავს?
– როცა რეჟისორს სჭირდები, შენზე უნდა “იჩალიჩოს”. ეს მინდა და მორჩაო, რომ იტყვის, ის იქნება ჩემი რეჟისორი.
– საკუთარ თავში არაფერს შეცვლით?
– საკუთარი თავის შეცვლაზე არ მიფიქრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს თავში ყველაფერი მომწონს.
წარსულში რაღაცებს შევცვლიდი. ჩემი საქციელით დედას ნაკლებად ვატკენდი გულს. ამ სიტყვებს მას არასდროს ვეუბნები, მაგრამ ჩემს ინტერვიუებს კითხულობს ხოლმე. ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ ხშირად ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე. ვუყვარვარ, მაგრამ არ მოვწონვარ. როცა ვაწყენინებ, ვცდილობ, ვაგრძნობინო, რომ დანაშაულს ვხვდები, მაგრამ – “გადი აქედან!” – ამ სიტყვებით მიშორებს ხოლმე. კიდევ კარგი, ორ დღეში ავიწყდება წყენა.
– საყვარელი ქალისთვის ხშირად გიტკენიათ გული?
– მეც მიტკენია ქალისთვის გული და პირიქითაც მომხდარა, მაგრამ ყველაფერმა გაიარა. ჩემს ცხოვრებაში უამრავი რთული პერიოდი იყო.
სამარცხვინოა, რომ ტაძარზე ლაპარაკი მოდაში აღარ არის. მე კი მძიმე პერიოდებში ტაძარი მიდგას გვერდით. სულიერება ცინიზმამდე რომ მიჰყავთ, ეს მაგიჟებს! ღმერთზე თანამედროვე ვერასოდეს ვიქნებით! ღმერთი მაძლევს სტიმულს და გვერდით მიდგას, თორემ მთელი ცხოვრება ძალიან ცუდად ვიქცეოდი და ბევრი შეცდომაც დამიშვია.
– დეპრესიული ხართ?
– დეპრესია მეზარება და გადავაგდე. სტრესული უფრო ვარ, შფოთვები მაწუხებს და ფსიქოტროპულ პრეპარატს ვსვამ. ამის გამო შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს. დილით გავიღვიძებ თუ არა, ერთ აბს ვიღებ, რომ შფოთვა მომეხსნას. რა მნიშვნელობა აქვს, ინსულტი მომკლავს თუ ეს პრეპარატი?
“სარკე”, 2016 წელი, N11

