კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ასეთი შეფასებაც მოვისმინე, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები გენერალური რეპეტიციაა საპარლამენტო არჩევნების. როგორ ფიქრობთ, 2020 წლისთვის მმართველი პარტია კვლავ შეეცდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას თუ მართლაც შეიძლება მხოლოდ 20 კაციანი სიით შევიდეს პარლამენტში?
– ახლა ჩვენ ძალაუფლების დათმობა-შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვადევნებთ თვალ-ყურს. რამდენი მანდატით შევა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ამის თქმა ძალიან რთულია და არავის არ შეუძლია, მაგრამ ახლანდელი ძალთა ბალანსი რომ არ იქნება ახალ პარლამენტში, ეს ცალსახა და უპირობოა.
რეალურად კოალიციური მთავრობა რომ არ იქნება დღევანდელი მთავრობისთვის კომფორტი, ესეც ცხადია. მაგრამ შექმნის თუ არ შექმნის, ან როგორ შექმნის, ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ღირს მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ის შეეცდება, მისთვის სასურველი პარტია გააძლიეროს და შეიყვანოს პარლამენტში, რათა სწორედ მასთან შექმნას კოალიცია.
– რომელი პარტია შეიძლება ეს იყოს?
– ეს არის მთავარი კითხვა, ვინ იქნება მისი მოკავშირე პარტია, ვისთან შექმნის ის კოლიციას?! მე ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს მისგან მკვეთრად განსხვავებული პარტია, მით უფრო მკვეთრად ოპოზიციური პარტია, რომელთანაც ერთად შექმნის “ოცნება” კოალიციურ მთავრობას. ასე რომ, მე არ გამოვრიცხავ, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს ერთ-ერთ სცენარად სერიოზულად განიხილებოდეს.
– რას იტყვით იმ მოსაზრებაზე, რომ ამ პროცესების მძევალია ბიძინა ივანიშვილი? თუ ის შემოქმედია?
– მე არც ერთ და არც მეორე მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.
ადამიანს, რომელმაც შექმნა არამხოლოდ პარტია “ქართული ოცნება”, არამედ ეს პოლიტიკური რეალობა, არ მგონია, რომ ახლა ისე გაუჭირდა, რომ ამ პროცესების მძევალი გახდეს.
რაც შეეხება შემოქმედს, ამ იდეასაც ბოლომდე იმიტომ ვერ ვიზიარებ, რომ მთელ ამ პროცესზე 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი იმ გუნდთან ერთად, რომელიც მან შექმნა. ის პოლიტიკური გუნდის შეცდომებზე თუ დანაშაულებზეც არის პასუხისმგებელი.
ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არის ის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს რთული მდგომარეობა აქვს. თუმცა, მან ამ ეტაპისთვის სწორი ტაქტიკა შეარჩია, როდესაც პარტიის მიღმა დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი.
– რას გულისხმობთ?
– პირველი, პარტიას დაღმავალი რეიტინგი ჰქონდა, როდესაც ის პარტიაში დაბრუნდა და მეორე, პარტიაში არსებობდა სულ ცოტა სამი ჯგუფი. რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და საკუთარი კანდიდატის გაყვანას. კალაძის, კვირიკაშვილისა და ე.წ. ძველების ჯგუფი ამას დაუფარავად ცდილობდნენ. შესაბამისად, რომელიმე ერთის მხარდაჭერა ივანიშვილის მხრიდან ნიშნავდა პარტია “ქართული ოცნების” იმ დღესვე დაშლას.
შესაბამისად, ივანიშვილის მხრიდან ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პარტია შეენარჩუნებინა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომავალი წლიდან ჩვენ ვნახოთ “ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა... სტატია სრულად ნახეთ…
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

