თამრიკო დათუაშვილი: ,,45 წელია ქმარი კომპლიმენტებით მანებივრებს”

თამრიკო დათუაშვილი: ,,45 წელია ქმარი კომპლიმენტებით მანებივრებს"მსახიობმა თამრიკო დათუაშვილმა თავისი ცნობილი მშვენიერი ქერა თმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” შესწირა. უნდოდათ, მისი პერსონაჟი, მერი, რომელიც კატოს მამას ეპრანჭება, მუქი ჩალისფერი თმით ყოფილიყო და მსახიობიც სერიალის შემქმნელების სურვილს დაემორჩილა.

ახლა ეს ცვლილება მასაც ძალიან მოსწონს და მის ქმარს, მსახიობ ზურაბ ცინცქილაძესაც. ზოგადად როგორ ინარჩუნებს მომხიბვლელობას, ქალბატონმა თამრიკომ თავისი პატარ-პატარა საიდუმლობებები “სარკის” მკითხველებს გაანდო.

— ქალბატონო თამრიკო, რისი დამსახურებაა, რომ ასეთ კარგ ფორმაში ხართ?

– გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე იმას, თუ როგორი ცხოვრების წესი გაქვს, თორემ მერე ბოლოს, ასაკში რომ დაიწყო თავის მოვლა, შეიძლება არც გიშველოს. მე ასეთი ცხოვრების წესი მაქვს: სულ ცურვაზე დავდივარ. შეიძლება ითქვას, რომ თევზივით ვარ, წყლის გარეშე ვერ ვარსებობ. მუდმივად დავდივარ აუზზე ან ზღვაზე. რაც უნდა მოხდეს, ცურვას არ გავაცდენ.

კიდევ ასეთი “ავტომატიკა” მაქვს თავში – ცუდს ვივიწყებ და ცუდზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ კარგი მახსოვს. ხომ კარგია?

— რა თქმა უნდა. ჯანსაღ ცხოვრებას პატარაობიდანვე მისდევთ თუ წლების შემდეგ მიხვედით ამ დასკვნამდე?

– ეს მოთხოვნილება თავიდანვე მქონდა, დედა ასე მზრდიდა. პატარაობიდანვე დავდიოდი ცურვაზე.

თამრიკო დათუაშვილი: ,,45 წელია ქმარი კომპლიმენტებით მანებივრებს"— კვებას აკონტროლებთ?

– გურმანი არ ვარ. ზამთარში შეიძლება მიყვარდეს ჭამა, ზაფხულში – ნაკლებად. ამ სიცხეში, მგონი, არც არავინ ჭამს ბევრს. ხილი, საზამთრო მიყვარს.

სასტიკად არ მიყვარს დიეტა. იცით, დაკლება როგორ უნდა? ცოტა უნდა ჭამო და მორჩა! თუნდაც წყალზე იყო. ამბობენ, ვერ ვხდები, ვერ ვხდებიო. აბა, წყალი დალიეთ, როგორ ვერ გახდებით, ნახავთ.

— სახლიდან სანამ გახვალთ, რა პროცედურებს იტარებთ?

– ზაფხულში დილას მზესთან ერთად ვიწყებ. ასე ვამბობ ხოლმე: “წავედი, მელოდება”. ვინო, რომ მკითხავენ, მზე-მეთქი, ვპასუხობ.

დილის მზის სხივები არაჩვეულებრივია, წყალიც – ზღაპარი. ჩემთვის გარეგნობაზე ზრუნვა ეს არის. ცურვა, აკვაერობიკა ტანს ამკვრივებს. როცა მკვრივი, ფერადი ხარ, მზის სხივებს იღებ, ეს ყველაფერი აუცილებლად ჩანს.

— მაკიაჟს იყენებთ?

– არა, სულ რუჯი მაქვს, ეს არის ჩემი მაკიაჟი. მხოლოდ ტუჩსაცხს ვისვამ, დანარჩენს არაფერს.

— არც ზამთარში?

– ზამთარშიც მაქვს რუჯი.

— სოლარიუმში დადიხართ?

– ზაფხულის რუჯი მიმყვება და შესანარჩუნებლად შეიძლება რამდენჯერმე სოლარიუმში შევიდე.

— გარუჯვა კანისთვის არცთუ ისე კარგია. როგორ უვლით მას?

– ამ შეხედულებას არ ვეთანხმები, თუმცა ალბათ კანზეც არის დამოკიდებული. ეტყობა, ჩემი კანი ძალიან კარგად იღებს რუჯს.

— საცხებს არ იყენებთ?

– ნაირ-ნაირ ზეთებს ვიყენებ, ეს ჩემს კანს ძალიან უხდება.

— გრძელი ქერა თმა თქვენი იმიჯის ნაწილი იყო. ახლა კი ფერი შეიცვალეთ. ეს ნაბიჯი ადვილად გადადგით?

– სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებისთვის” შევიცვალე ფერი და მუქი ჩალისფერი მაქვს. ჩემი თმის ნატურალური ფერი ცოტათი ღიაა იმასთან შედარებით, რაც ახლა მაქვს. დიდი ხანი მქონდა ქერა. შეცვლას საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ გადაღების წინა დღეს შემაცვლევინეს ფერი. შოკში ჩავვარდი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველას მოსწონს და მეც უცებ შევეგუე.

— რა რეაქცია გქონდათ, როცა სარკეში ჩაიხედეთ?

– გარშემო ისეთი კმაყოფილების შეძახილები ატყდა, მეც მომეწონა, მაგრამ იმ ძველ თამრიკოს ვეძებდი. სარკეში რომ ვიხედებოდი, ვამბობდი, ეს გოგო სად წავიდა-მეთქი.

— თქვენმა მეუღლემ, ბატონმა ზურამ, რა გითხრათ?

– ძალიან მოეწონა. მას ყოველთვის მოსწონდა ეს ფერი.

– განებივრებთ კომპლიმენტებით?

– რა თქმა უნდა, 45 წლის განმავლობაში ამით განებივრებული ვარ.

— რას ნიშნავს თქვენთვის ქმრის აზრი და კომპლიმენტი?

– ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. ეს ქალისთვის ძალიან დიდი სტიმულია, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელთან ერთადაც 45 წელია ხარ. ზუსტადაც რომ მისი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო ხდება. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ, მეტი საერთო გიჩნდება – შვილები, შვილიშვილები და ა.შ.

— სერიალში თქვენი პერსონაჟი ძალიან პრანჭიაა, ამ ასაკშიც კი ეპრანჭება მეზობელ მამაკაცს.

– ეპრანჭება, რადგან ის კაცი გაეპრანჭა, თავი ქალად აგრძნობინა. დაინახა იმ კაცმა, რომ კარგი, სანდომიანი ქალი იყო, ამასაც მისი ჯენტლმენობა მოეწონა. ქალს ყოველთვის მოსწონს ჯენტლმენობა, ყურადღება. ამ ქალის ასაკი არაფერს ნიშნავს, ზოგი 80 წლის ასაკშიც ქალად თვლის თავს. ყოველთვის შეიძლება ეს გრძნობა მოვიდეს.

— წლების მატებაზე გეფიქრებათ?

– მე მყავს 23 წლის შვილიშვილი. ორი ქალიშვილი მყავს და ოთხი შვილიშვილი. მე რომ შემდგარი ცხოვრება არ მქონდეს, მაშინ შეიძლება ეს ასაკი მტკივნეული იყოს. ამხელა შვილები, შვილიშვილები მყავს, ამხელა ცხოვრება მაქვს გავლილი და ასაკზე რატომ უნდა მეფიქრებოდეს?

ეკა ლემონჯავა, სარკე