ნუკა კვალიაშვილი: “ჩემი და ნიკუშას გაშორება აღარავის სჯერა – დიდი სისულელეა, რომ შვილი ოჯახს ამყარებს”

ნუკა კვალიაშვილი: "ჩემი და ნიკუშას გაშორება აღარავის სჯერა - დიდი სისულელეა, რომ შვილი ოჯახს ამყარებს"მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ოჯახური მდგომარეობის გამო შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, ორი ბიჭი მიყოლებით გააჩინა, ბავშვებს ყველაფერს თავად უკეთებდა, მარტო ზრდიდა, ამიტომ კარიერა დროებით გვერდზე გადადო. ახლა კი აქტიურად მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, უცხოეთისთვისაც არის გათვლილი.

ახალგაზრდა ქალს პირად ცხოვრებაში, გარდა ისეთი ბედნიერი მოვლენისა, როგორიც დედობაა, დიდ სირთულესთან შეჭიდებაც მოუხდა. ხმები ქმართან, ნიკუშა კობახიძესთან, გაყრის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა. ნუკა ამ ჭორს ყოველთვის უარყოფდა, თუმცა, როგორც მასთან ინტერვიუდან ჩანს, საქმე ცოლ-ქმარს შორის არცთუ მარტივად ყოფილა და კვამლი უცეცხლოდ არ გაჩენილა.

– ნუკა, უბრუნდებით სცენას? რა ხდება თქვენს მუსიკალურ კარიერაში?

– კარიერაში ჩავარდნები მქონდა, რადგან ბავშვებს ვერავისთან დავტოვებდი. ახლა ეკა (დედა, მომღერალი ეკა კვალიაშვილი. ავტ.) მიწყობს ხელს და ლუკა მას ჰყავს, სანი კი ორშაბათიდან პარასკევამდე ძიძასთანაა.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, ამჟამად ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. ისეთი რაღაცის კეთება დავიწყეთ, რაც აქამდე არ გაკეთებულა. გათვლა არამხოლოდ საქართველოზე გვაქვს, გვინდა, უცხოეთშიც გავიდეთ. მხოლოდ საკუთარი სიმღერები გვექნება.

– რომელი ქვეყნისკენ გაქვთ გეზი აღებული?

– კონკრეტულად ერთ ქვეყანაზე არაა საუბარი. ჯერ უნდა დავიწყოთ მუშაობა და მიმართულებაზე მერე ვიფიქრებთ.

– თქვენ ამ ბენდის სოლისტი იქნებით?

– დიახ, სოლისტი ვარ, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი როცა შეიფუთება, მერე გავასაჯაროებთ.

– ბევრი მომღერლისთვის ბენდთან ერთად სიმღერა დიდი ფუფუნებაა. თქვენ როგორ დაიწყეთ ბენდის წევრებთან თანამშრომლობა?

– 2015 წელს ვიყავი ამ ბენდში, შემდეგ დავფეხმძიმდი და წამოსვლა მომიწია. ახლა ისევ შევიკრიბეთ, მოვილაპარაკეთ და დავიწყეთ მუშაობა.

ნუკა კვალიაშვილი: "ჩემი და ნიკუშას გაშორება აღარავის სჯერა - დიდი სისულელეა, რომ შვილი ოჯახს ამყარებს" როგორც ვიცი, გიტარაზე დაკვრას სწავლობთ.

– ვსწავლობ და ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე. თავიდან მასწავლებელი მყავდა, ძირითადი ამიხსნა, განმიმარტა და ახლა ჩემით ვსწავლობ, ვაწყობ, ვუკრავ. გიტარისთვის დრო სულ მაქვს.

– საკმაოდ პატარა ასაკში, 21 წლისა გახდით დედა. ალბათ გაგიჭირდათ.

– სწორედ ამიტომაც ყველაფერი გადავდე გვერდზე. საერთოდ, როცა აჩენ ბავშვს, ძალიან ბევრი რამ უნდა გქონდეს გააზრებული. ყველაფერი მეორე ადგილზე გადადის და პირველ ადგილს იკავებს შვილი. არაფერს ვნანობ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე ცხოვრებაში, რაზეც ხალხი დღემდე ოცნებობს და მინდა, ეს ოცნება ღმერთმა ყველას აუსრულოს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი.

– რა შეცვალა თქვენში დედობამ?

– უფრო ჩამოვყალიბდი. მაშინ კიდევ არ ვიცოდი, რა მინდოდა, როგორ და რანაირად, ამ მხრივ ბავშვებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს.

– დედობა დიდი და რთული პასუხისმგებლობაა. როგორ უმკლავდებით ამ როლს?

– ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ლუკაზე უფრო გამიჭირდა, ვიდრე ალექსანდრეზე. მეორე ბავშვზე უკვე გამოცდილება მქონდა, მომზადებული ვიყავი. არავინ მყავდა გვერდით, რომ აეხსნა, რა და როგორ გამეკეთებინა. თუ რამე მაინტერესებდა, ინტერნეტში შევდიოდი და ისე ვიგებდი.

უბრალოდ შინაგანად ისეთი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია ხელი ჩავიქნიო იმაზე, რაც საკუთარ თავზე ავიღე. ეს არამხოლოდ ბავშვებს ეხება, ზოგადად, თუ რაღაცაზე ვიტყვი, რომ გავაკეთებ, იმას აუცილებლად გავაკეთებ.

– ბავშვის აღზრდაში არავინ გეხმარებოდათ?

– 5-6 თვემდე ლუკა მარტომ გავზარდე. ახლა სანისთან ძიძა მყავს დილის 10-დან 7-მდე, შაბათ-კვირას ორივე ჩემთან და ეკასთან არიან.

საერთოდ, ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. ადამიანს არ ვგავდი, ჩემი თავისთვის ვერ ვიცლიდი და ერთ მშვენიერ დღეს ვთქვი, რომ ეს ყველაფერი დეპრესიამდე მიმიყვანდა, ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის მიმეხედა.

– რა გააკეთეთ?

– შევიღებე თმა, გავხდი, წავედი და ვიყიდე ახალი ტანსაცმელი, შევიცვალე იმიჯი, თმა ავიპარსე. ტიპი ვარ ისეთი, რომელსაც ერთფეროვნება ძალიან მალე ბეზრდება. ერთი და იმავე ადგილმდებარეობაც არ შემიძლია. შინაგანად ძალიან ძლიერი ვარ და ძლიერი გავხდი იმის ფონზე, რა პრობლემებიც გამოვიარე ცხოვრებაში.

ხელი არასოდეს ჩამიქნევია. არ ვარ მეოცნებე, რეალისტი ვარ. აქამდე თუ მეგონა, რომ ყველაფერი თავისით ხდებოდა, თურმე ასე არ ყოფილა. დიდი მუშაობა და წვალებაა საჭირო, რომ მოგეცეს ის, რასაც იმსახურებ, თუმცა გამართლებაზეც არის, ან მოგეცემა, ან არა.

– თქვენ აღნიშნეთ, რთული პერიოდის დროს იმიჯი შევიცვალეო. გიშველათ, გარეგნობაში ცვლილებები რომ შეიტანეთ?

– მიშველა. ერთხელ ძალიან გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა მინდოდა. საშინელი დისკომფორტი მქონდა და ისიც არ ვიცოდი, რისგან იყო ეს ყველაფერი გამოწვეული, მაგრამ მერე მივხვდი. ქერად მქონდა თმა და ვარდისფრად გადავიღებე. მომენტალურად ვიყავი სხვა ხასიათზე.

ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ცვალებადი ხასიათი მაქვს. ვერც ერთი ანტიდეპრესანტი და ფსიქოლოგი ვერ დამეხმარებოდა ისე, როგორც ეს სიახლეები და მრავალფეროვნება.

– ეს რთული პერიოდი რისგან იყო გამოწვეული?

– პირველად ორსულობის შემდგომ პერიოდში მქონდა, ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებდი. ამას თან დაერთო სხვა პატარ-პატარა პრობლემები ურთიერთობებში, კონფლიქტები და ა.შ. ვფიქრობ, რომ ყველა წყვილს გავლილი აქვს ეს პერიოდი. თუ რეაქცია არ გაქვს შენს საყვარელ ადამიანზე, ე.ი. არ გიყვარს. რეაქციაში არ ვგულისხმობ ეჭვიანობას ან სხვა სისულელეებს.

– ეჭვიანი ხართ?

– ვიყავი, ახლა აღარ ვარ.

– ჭორაობდნენ, ნუკა ქმარს გაშორდაო. მართალია?

– ტყუილია. მე და ნიკუშა ერთად ვართ. ჩვენი გაშორების უკვე არავის სჯერა. რაღაც რომ ხდება, ჩემს დაქალს ვეუბნები, ყველაფერი მორჩა-მეთქი და ეცინება ხოლმე. ეგრევე მეუბნება, რაო, რა თქვა, როდის ვბრუნდებიო. 11 წელი ერთად ვართ და ძალიან ბევრი რამ გავიარეთ. 13 წლიდან ვმეგობრობდით, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.

– ერთად გაიზარდეთ, გიყვარდათ და შემდეგ ოჯახი შექმენით. ძირითადად რაზე მოგდით ხოლმე კამათი?

– კამათი ყველა ოჯახშია. წყვილი არ არსებობს, ვინც არ კამათობს. ჩვენ ერთმანეთს 10 თითივით ვიცნობთ. უბრალოდ არ ვიყავით ბავშვისთვის მზად. გვინდოდა, მაგრამ ამისთვის პატარები ვიყავით. ვისაც კი ბავშვი შეეძინა, აბსოლუტურად ყველა წყვილს პრობლემა აქვს. მეგონა, მარტო ჩვენთან იყო ეს პრობლემა, არადა ეს ყველაფერი მამაკაცის ბრალია.

– რატომ?

– ძირითადად უპასუხისმგებლოები არიან. ქალი როგორც აღიქვამს თავის შვილს, კაცი ისე ვერ აღიქვამს. ჩვენ პატარები და გამოუცდელები ვიყავით. ადრე თუ გავდიოდით და ვერთობოდით, ახლა ნაკლებად ვახერხებთ.

– ანუ ნიკამ უფრო გვიან გაიაზრა მშობლის ფუნქცია-მოვალეობა?

– შედარებით გვიან, ვიდრე მე. თავიდან საერთოდ ვერ აღიქვამდა, რომ შვილი ჰყავდა. პასუხისმგებლობა ვერ გაიაზრა, თორემ შვილი სიგიჟემდე უყვარს.

– ამბობენ, შვილი ოჯახს უფრო ამყარებსო.

– ეგ არის დიდი სისულელე. არაფერიც არ მყარდება. მაგას თუ ვიღაცის დეიდები და ბებიები ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რა ხდება სხვის ოჯახში და ვერც ვერავინ ხედავს. ან რომ იძახიან, ორსულობაზე კარგი არაფერიაო, სწორედ ორსულობამ შეიწირა ჩემი ნერვები, ისე დამტანჯა, ეგრე არაფერს დავუტანჯივარ. ორსულად დარჩენის მეშინია, ფობია ავიკიდე.

აბსოლუტურად ყველაფერი გემართება, რაც კი შეიძლება დაგემართოს: წელის ტკივილი, ფეხების ტკივილი, წონაში მომატება, დამახინჯება… რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

– დამახინჯების ან წონის პრობლემა თქვენ არ გექნებოდათ.

– იმიტომ, რომ ეგრევე ფორმაში ჩავდექი. ბავშვს რომ უვლი და საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩება, ეგ გამამართლებელი საბუთი არ არის. ბავშვიც გავაჩინე, მარტოც ვიყავი, არც დამხმარე მყოლია, მაგრამ სულ მოწესრიგებული ვიყავი. რატომ უნდა მოუნდე მამაკაცს მოუვლელი, დაუბანელი, ოფლიანი და ა.შ.

სხვათა შორის, გამხდარი ორსული არ ვიყავი. 43 კილო ვიყავი, ლუკაზე რომ დავრჩი ორსულად და გავხდი 68 კილო, სანიზე 50 კილო ვიყავი და გავხდი 69 კილო.

– წონაში ადვილად დაიკელით?

– არა. დიეტების დაცვა და ფიზიკური დატვირთვა მომიწია. ვინ იკლებს ადვილად? არავინ. ყველაფერი მონდომებაზეა, ორსულობისას ეგო გივარდება და ეს ეგო შენ თუ არ აიმაღლე, სხვისი იმედი არ გქონდეს.

– ამ დიეტებს სტრესამდეც მიჰყავს ადამიანი.

– მე არ მივყავდი სტრესამდე, რადგან ყოველი სასწორზე დადგომა მაძლევდა სტიმულს და მოტივაციას. ვწვალობდი, მაგრამ შედეგს რომ ვხედავდი, სტიმული მეძლეოდა. ერთხელ 55 კილოზე გავჩერდი, ვერაფრით დავიკელი, ამიტომ გადავწყვიტე დიეტა და ვთქვი, ერთი კვირის განმავლობაში ერთ ლუკმას არ შევჭამ-მეთქი. ზუსტად 7 დღე მხოლოდ ყავას და წყალს ვსვამდი.

– რამდენი დაიკელით?

– 55-დან 46 კილოზე ჩამოვედი.

– თავს როგორ გრძნობდით, ეს ხომ შიმშილია?

– დაბალწნევიანი ვარ და ყავა მშველოდა. ყავას ვაყოლებდი 3 ნატეხ შავ შოკოლადს, რომელიც ენერგიას მაძლევდა. ყავა კოფეინს შეიცავს და ძალიან თუ მომშივდებოდა, მაშინვე დიდი ჭიქით წყალს ვსვამდი.

გიორგი საკარული, სარკე