სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ გელი, იცოდე, ასე არსად გელიან.
ყველა ფერზე ლამაზი მაინც შენი ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ ვმღერი, იცოდე, ასე არსად მღერიან.
ყელს შეგაბამ მარგალიტებს, ყველა ჩემი ცრემლია,
სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია.
ეს ლექსი კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის დედას, ქალბატონ ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის, მუსიკა – მამუკას, ხოლო თავად სიმღერა ირინოლა ჩარკვიანს ეძღვნება, მამუკას უფროს ქალიშვილს.
ირინოლას ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს, არადა პოეტ ბაბუას, ჯანსუღ ჩარკვიანს და მამას, მამუკას, ბევრი ნაწარმოები აქვთ მისთვის მიძღვნილი. “სარკის” არქივში ინახება თითქმის 18 წლის წინანდელი ინტერვიუ 23 წლის ირინოლასთან. ეს ქართულ პრესაში მისი პირველი ინტერვიუა, რომელმაც მაშინ დიდი დაინტერესება გამოიწვია და დარწმუნებული ვართ, ახლაც მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
“სარკეს” დედასთან, მაია კოკაიასთან ბებიასთან, ქალბატონი ირმა ჩხეიძესთან ერთად უმასპინძლა. საუბარი კი საგურამოში შეხვდა.
ირინოლა ჩარკვიანი:
– ძალიან დიდი ბაბუის და მამის შვილი – ეს შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა. მყავს პატარა სალომე, მეუღლე გიორგი მიქაბერიძე და მართლა თბილი ოჯახი.
— ირინოლა ვინ დაგარქვათ?
– ჩემმა ნათლიამ, ოთარ ჭილაძემ, თავის მეუღლესთან ერთად, ბაბუაჩემის მეგობარმა. ნამდვილდი ქართული სახელია, სვანური წარმოშობის. სვანეთში, თუ არ ვცდები, უნახავთ უზარმაზარი საფლავის ქვა, რომელზეც მხოლოდ ინოლა იყო დარჩენილი, ან იყო მარინოლა, ან ირინოლა. ირინოლა მოეწონათ და გადაწყდა, ჩემთვის ირინოლა დაერქმიათ.
— რა არის ჩარკვიანების ოჯახი თქვენთვის, რომლის ერთ-ერთი შთამომავალი ირინოლა ჩარკვიანია?
– ეს ოჯახი უზარმაზარი ტრადიციაა. მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ბებია და დიდი ბაბუა. ამ ტრადიციას სწორედ იქიდან ეყრება საფუძველი. იქ დაინერგა ჩემთვისაც სიმღერა, ლექსი, მერე უკვე ბაბუა, მამა…
ბაბუა ჩემთვის ყოველთვის მამა იყო, რადგან მე და მამუკას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ ბაბუა ჩემთვის მეორე მამაა, შეიძლება პირველიც. არ მახსოვს მისგან გაბრაზება, თბილია და ჩემთვის უსაყვარლესი. მისთვის ირინოლა სულ პირველი იყო. ბაბუას საბავშვო პატარა წიგნი აქვს გამოცემული და მას “ირინოლას ლექსები” ჰქვია…
ირმა უთბილესი ადამიანია, გაჭირვების ტალკვესია, არა მარტო ჩემთვის, ასეთივეა როგორც შინაურისათვის, ისე უცხოსთვისაც. ძალიან ჭკვიანია…
მამუკა ჩემი მეგობარია. მას მამას არც ვეძახი, ძალიან იშვიათად. ზოგჯერ ვბრაზდები მასზე, ალბათ ისიც ჩემზე. საერთოდ ისეა, როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე. ხან არის, რომ რაღაცაზე ვკამათობთ, ვმსჯელობთ, ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ყოველთვის გემრიელად და კარგად ვართ.
— ყველა მისი სიმღერა მოგწონთ?
– ზოგი შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ მამუკა ყოველთვის მასმენინებს. უმრავლესობა კარგია. შეიძლება ერთი-ორი იყოს, რომელიც, უბრალოდ, მე არ მესმის, ჩემამდე არ მოვიდა. სამაგიეროდ, სხვა მეტად მომწონს. როდესაც მოვისმენ სიმღერას, აზრს მეკითხება, როგორიაო. მეც ვეუბნები ჩემს შეხედულებას. “ირინოლა” მეტად მომწონს, მამუკა მას დიდი სიყვარულით მღერის.
— გაგვაცანით დედათქვენი.
– დედაჩემი არის მაია კოკაია, ინგლისური ენის სპეციალისტი. რა ვიცი, დედაც ჩემი მეგობარია, ძალიან მიგებს. ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს.
— იქნებ უფრო ახლოს გაგვაცნო მეუღლე.
– ჩემი მეუღლე, გიორგი, ძალიან უყვარს ჩემს ოჯახს, ბებიას, ბაბუას, დედას, მამას. საერთოდ, თბილი ადამიანია. გიორგის, პირველ რიგში, სიგიჟემდე ვუყვარვართ სალომე და მე.
— როგორ გაიცანით გიორგი?
– ჩემმა მეგობარმა გამაცნო. მერე კარგა ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. შევხვდით. იყო ტელეფონზე რეკვები, შეხვედრები. ისე მოხდა, რომ გავიპარეთ. ეს ჩემი ოჯახისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო, რადგან, ხომ გითხარით, ტრადიციული ოჯახია და, ვფიქრობ, ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახალგაზრდულმა ნებამ, გრძნობამ თავისი ქნა და გავიპარეთ.
— თქვენს გაპარვას როგორ შეხვდა ტრადიციული ოჯახი?
– ძალიან მძიმედ. ძლივს შემოვირიგე. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო. ასე არ უნდა დამეწყვიტა იმ ადამიანებისთვის გული, რომლებიც მზრდიდნენ.
— მაგრამ სიყვარულს ვერ მოერიეთ, არა?
– სიყვარულმა სძლია.
— ისე მოხდა, რომ მამუკა ჩარკვიანს ახლა სხვა ოჯახი აქვს. თქვენ გყავთ პატარა ძმა ჯაკუნა, რომელიც თქვენი შვილის ტოლია. რა გრძნობაა ეს?
– ჩემსა და ჯაკუნას შორის დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი სისხლი და ხორცია, მაგრამ სალომე და ჯაკუნა უფრო ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ერთად გაიზრდებიან.
— სალომე როგორი გოგოა?
– ძალიან აუტანელი… მაგიჟებს, თან ამავე დროს ძალიან საყვარელი. ღამეები არ მაძინებს.
— რას ამბობენ, ვის ჰგავსო?
– მგონი, მე მგავს. ისე, გიორგისაც ჰგავს, უფრო სწორად, ცალ-ცალკე ორივეს. თუმცა ჩემს ბავშვობას არ ჰგავს. როგორც ამბობენ, მე წყნარი ვიყავი. სალომე ჩემგან განსხვავებული ადამიანია.
— 23 წლის ასაკში როგორია დედობა?
– ჩემს თავზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. რაც მთავარია, ჩემი შვილი სიგიჟემდე მიყვარს. სულ მარტო ვზრდი და ამით, მე მგონი, ყველაფერი ნათქვამია.
— დედა სულ საგურამოშია?
– აქეთ გადმოვიდა უკვე ხუთი წელია. ჰოდა, მარტო მიწევს ჩემი შვილის გაზრდა.
— მძიმე ტვირთია შვილის გაზრდა თუ პირიქით, სიამოვნება?
– სასიამოვნო სიმძიმეა, თან შიშიცაა. როდესაც სალომე გაჩნდა, შიში გამიჩნდა, რომ ამხელა საქმე უნდა მეტვირთა. 19 წლისა გავთხოვდი, 21 წლისას სალომე მყავდა.
— რატომ გგონიათ, რომ დედამ მარტომ უნდა გაზარდოს შვილი?
– დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ ბავშვებს ძიძები ჰყავთ. გადასარევია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, მგონი, დედას რაღაც მეტი ამაგი აქვს შვილზე, მეტი სიყვარულია. ძიძებისთვის უმწეო ბავშვების მიბარებას არ ვამართლებ.
.
ირინოლას ძალიან უყვარს, როდესაც მის მიმართ სითბოს გამოხატავენ და შესაბამისად ბედნიერია მაშინ, როცა თვითონაც გასცემს ამ სითბოს. უყვარს ადამიანებთან ლამაზი ურთიერთობები: “ამ ცხოვრებაში ურთიერთობაა ყველაზე მთავარი, რომ გული არ დაწყვიტო ვიღაცას”. საკუთარ თავზე კი, აი, რას ამბობს: “მძიმე ვარ, იოლი არ ვარ, ძალიან ხასიათიანი”.
— ახლა როგორ ხასიათზე ხართ?
– ახლა არა მიშავს, მაგრამ ცოტა ვნერვიულობ. საერთოდ ამბობენ, რომ ჩარკვიანები ასეთები ვართ. მართლაც ძალიან მძიმე ვარ, მაგრამ მიტანენ, სხვა გზა არ აქვთ.
— მუსიკაში როგორ გაქვთ საქმე?
– ო, ჯანსუღი იტყოდა, ძაღლის და კატის მეტი ჩემს ოჯახში ყველა მღერისო და, მე მგონი, სწორედ მათ შორის ვარ, არ ვმღერი. სამწუხაროდ, ოჯახში ჩემ გარდა ყველა მღერის.
— ჩარკვიანებს კიდევ რითი ჰგავხართ? ფიზიკური მსგავსება უფრო გაქვთ თუ შინაგანი?
– რა თქმა უნდა, ფიზიკურად ვგავარ. შინაგანად ახლოს ვარ ხელოვნებასთან. შემიძლია შევაფასო, შემიძლია გავიგო. ჩემი სული მაინც აქ არის. მართალია, არ ვმღერი, მაგრამ ალბათ ამითი ვდგავარ ამ ოჯახთან ახლოს. ძალიან არ მიყვარს, როდესაც სადმე ბაბუაჩემის ან ჩემი ოჯახის სახელით წარმადგენენ ხოლმე. ადრე იცოდნენ, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილიაო, ასე გააცნობდნენ უცხოებს ჩემს თავს. ახლა – მამუკას შვილიაო, იტყვიან. არ მიყვარს ეს, რადგან მე ირინოლა ჩარკვიანი ვარ და მორჩა. რა თქმა უნდა, მეამაყება, რომ დიდი ბაბუის და მამის შთამომავალი ვარ…
ცნობილი ფაქტია, ძალიან პატარა რომ ვიყავი, მხოლოდ მამაჩემის იავნანაზე ვიძინებდი. იმ პერიოდში დედაჩემი სწავლობდა და მამუკას უწევდა ჩემი დაძინება. ეტყობა, მივეჩვიე და მაძინებდა თავისი იავნანით.
ბაბუა ყველაზე თბილად მახსენდება. ეტყობა, იმიტომ, რომ სულ მისი ვიყავი ყოველთვის. აბსოლუტურად ყველგან დავყავდი. საგურამოში ბაბუის დას სახლი ჰქონდა, იქ მივყავდი. ნოდარ დუმბაძესთან, ირაკლი აბაშიძესთან და ასეთ დიდ ხალხთან ერთად მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული. მათი ხუმრობები, სიმღერები, ქეიფი მთელი ცხოვრება არ ამომივა თავიდან.
.
ჩარკვიანების შვილიშვილი საკმაოდ თავისუფალი პიროვნებაა. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახში არასოდეს არავისგან ყოფილა შეზღუდული: “კი, რაღაც ჩარჩოები ყოფილა, მაგრამ მაინც თავისუფალ ოჯახში ვარ გაზრდილი. შინაგანად თავისუფლება მდევს. ძალიან მიჭირს, როდესაც ვიღაც მზღუდავს, რამეს მასწავლის, თუმცა ყოველთვის ყურად ვიღებ სხვის რჩევას, რადგან სხვისი აზრი მაინტერესებს, მაგრამ მაინცდამაინც სასიამოვნო პროცესი არ არის”.
— ხომ შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტმა თავისუფლებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს?
– მთავარია, თავისუფლება და უკომპლექსობა უზნეობასა და უზრდელობაში არ გადაიზარდოს. ეს უკვე ოჯახიდან მოდის. რასაც ჩაგინერგავენ, რაც გიდევს თვითონ შიგნით, ის ხარ. თუ არ ხარ უზნეო, გარყვნილი, უზრდელი, რასაც ხედავ ოჯახში, იმას იღებ.
.
გზად, თბილისში მომავალმა, ირინოლას ბებია ირმას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
ირმა ჩხეიძე:
– მართლაც არაჩვეულებრივი დედაა, მარტო ზრდის ბავშვს. ხომ ხედავთ, შვილზე როგორ ზრუნავს, არც გააღვიძა, რეჟიმი არ დაერღვესო. ასევე კარგი ცოლია და კარგი რძალი.
— როგორც ვიცი, თქვენი გაზრდილია.
– ჩემი გაზრდილია და საკმაოდ განებივრებულიც. მას მეორე ბებია შესანიშნავი დიასახლისი ჰყავდა და, ეტყობა, ბევრი რამ მისგან აქვს ნასწავლი. ირინოლას გაზრდაში წილი, ვფიქრობ, მამიდამისს, თამუნასაც მიუძღვის. ირინოლა მამიდას უფრო ჰგავს, ვიდრე მამას, სიამაყეში, ზნეობაში, ტრადიციულობაში. ეს ყველაფერი ეხმარება, რომ იყოს კარგი ოჯახის ქალი, ძალიან მომთმენი. მოსათმენი რა აქვს, მშვენიერი ოჯახის პატრონია, მაგრამ მაინც ყველაფერს შეგნებით უდგება.
პატარა რომ იყო, გვინდოდა, მუსიკა ესწავლა, მით უმეტეს, მამამისი სულ მღეროდა. მამიდამისი პიანისტია, მაგრამ ირინოლას ვერ შევაყვარეთ. სპეციალურად მისთვის რომ დაიწყებდა თამუნა კლასიკის დაკვრას, ცოტა ხანს გაჩერდებოდა და მერე ოთახიდან გაიპარებოდა. ძნელი გასაზრდელი ბავშვი არ ყოფილა, დამჯერი იყო.
— 19 წლის ასაკში მის გათხოვებას როგორ შეხვდით?
– ძალიან განვიცადე, რადგან ჯერ საოჯახოდ არ მემეტებოდა. მერე შევურიგდი, რადგან ტრადიცია მაინცდამაინც არ დაურღვევია, მეც 19 წლისა გავთხოვდი.
.
“ირინოლას” შექმნის ისტორია
მამუკა ჩარკვიანი:
– “ირინოლას” მოტივი, თუ არ ვცდები, ირინოლა 3 წლის იყო, როცა დაიწერა. ჩვენ მაშინ ცალკე ვცხოვრობდით. მეუღლე საღამოს განყოფილებაზე სწავლობდა და ბავშვს მე ვიტოვებდი შვიდის ნახევრიდან ათ საათამდე. მე ვაძინებდი, ვუმღეროდი რაღაცებს. ეს ის პერიოდი იყო, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისათვის, რომ გამეცნობიერებინა, რა არის შვილის გაზრდა და ა.შ. მას შემდეგ ირინა ბებიების და ბაბუების გაზრდილია, მაგრამ იყო დრო, როცა ბავშვს მე ვუვლიდი.
მოკლედ, “ირინოლა” მაშინ დავწერე და იქიდან წამოვიდა, როცა ბავშვს რაღაც მოტივზე ასეთ ფრაზას ვუმღეროდი: “შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია”.
შემდგომ ბებიამისმა, დედაჩემმა დაწერა ლექსი, რომელიც მე შევუკვეთე. თვითონ დედაჩემმა ორსტროფიანი ლექსი დაწერა, სადაც რაღაცები შევცვალე – “ასე არსად მღერიან”, რათა შვილს ეგრძნო, რომ მას ასე სხვა ვერ უმღერებდა, გარდა მამამისისა.
20 წლის წინ ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახის წევრები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე სცენაზე მომიწევდა სიმღერა და, მით უმეტეს, “ირინოლასი”. როცა სცენაზე გამოვჩნდი და ამისათვის სერიოზული მზადება დავიწყე, “ირინოლას” ჩაწერა გადავწყვიტე. ორი სტროფი საკმარისი არ იყო, დამატებას ითხოვდა და სწორედ მაშინ ირინოლა, ჩემი შვილი, გათხოვდა. დედაჩემს ისევ ვთხოვე, მისი დაწერილი ლექსისთვის მესამე სტროფი დაემატებინა. დაამატა და ირინოლას ქორწილში ცოცხლად შევასრულე იქაურ ჯგუფთან ერთად.
ეს ყველაფერი ექსპრომტი იყო. მე გიტარა მეჭირა და ვმღეროდი. იქ შესრულდა პირველად სამივე სტროფი. ასე რომ, ამ სიმღერას ჩემი შვილის 3 წლის ასაკში ჩაეყარა საფუძველი და მის ქორწილში დასრულდა, ანუ მაშინ, როდესაც ის 19 წლის იყო.
.
ირინოლას გაპარვის ამბავი
მამუკა ჩარკვიანი:
– ძალიან ბევრი ვეძებე, რადგან გაიპარა. როცა ვიპოვე, ვუთხარი, თავი რატომ მაძებნინე-მეთქი. სად არ ვიყავი, მერე სულ სხვაგან დამხვდნენ. მაინც ყველაფერი მშვენივრად დამთავრდა, ძალიან კარგი სიძე მყავს. შრომისმოყვარე, კარგი ბიჭია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თავი რომ არ ეძებნინებინათ.
მანამდე ირინას ასეთი რამ ჰქონდა აჩემებული, უნდა გავიპაროო. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ. არადა საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩემთანაც და ოჯახის ნებისმიერ წევრთანაც. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობდა ასე, მაგრამ ასე უნდოდა და ასე გააკეთა.
— როგორია 45 წლის კაცისთვის ერთდროულად იყოს სიმამრი, ბაბუა და ამავე დროს ახალგაზრდა მამა?
– ძალიან მინდა, რომ ძნელი არ იყოს, მაგრამ ადვილი არ არის. შვილისა და შვილიშვილის სიყვარულს წინ არაფერი უდგას, მაგრამ რთულია, როცა მათთვის ხანდახან რაღაცის გაკეთება გინდა და ვერ აკეთებ, მატერიალური მდგომარეობა გიშლის ხელს.
მეორე მხრივ, სირთულე იმაშია, რომ ირინოლასა და ჯაკუნას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც ჩემსა და ირინოლას შორის. გაჩნდა შვილიშვილი, რომელიც შენი მეორე შვილის ტოლია. დღემდე მიჭირს შვილიშვილთან ურთიერთობა, რადგან თითქმის მისი ასაკის ბიჭი მყავს. რაღაც ამიტომ შვილიშვილი შეუცნობელი რჩება. ალბათ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
— როგორც ვიცი, პატარა ჯაკუნასაც მიუძღვენით სიმღერა.
– დიახ, “შენ რომ გგონია, ისე არ არის”, ანუ საუბარი შვილთან. მამაჩემის ტექსტზეა შექმნილი, თავის დროზე მამამ მე მომიძღვნა. ჯაკუნა რომ დაიბადა, მასზე უკვე სიმღერა დავწერე. ჩემი ბიჭის დაბადება ძალიან გამიხარდა. ბოლოს და ბოლოს გვარის გამგრძელებელია ჩარკვიანებში. ჩვენს შტოში მარტო მე ვიყავი, მეტი ბიჭი არ ყოფილა.
“სარკე”, 2000 წელი, N36

