გრიგოლ ვაშაძე: ”ნინო ანანიაშვილს ყველა თაყვანისმცემელი ჩამოვაშორე… ნიუ იორკში ბირჟაზე ვთამაშობდი… ჩვენი გოგონა ცხენზე ზის, როგორც კოვბოი”

გრიგოლ ვაშაძე: ”ნინო ანანიაშვილს ყველა თაყვანისმცემელი ჩამოვაშორე... ნიუ იორკში ბირჟაზე ვთამაშობდი... ჩვენი გოგონა ცხენზე ზის, როგორც კოვბოი”გრიგოლ ვაშაძე ახლა 60 წლის არის, თბილისში დაბადებულია. დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. ამის შემდეგ ბიზნესით იყო დაკავებული, თავის მიერ დაარსებულ კომპანიებს ხელმძღვანელობდა.

რუსეთის შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდა. საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მისი ცოლი, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ჩააბარა.

გრიგოლ ვაშაძეს ორი შვილი ჰყავს – 38 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა. პირველი შვილი პირველი ქორწინებიდან, რუსი ქალისგან ჰყავს.

26 წლის იყო, ნინო ანანიაშვილი რომ გაიცნო. რა მოიმოქმედა მოკაშკაშე ვარსკვლავის გულის მოსაგებად, როგორ და რის გამო ჩხუბობენ ცოლ-ქმარი და უნდა თუ არა ნინო ანანიაშვილს, გახდეს პირველი ლედი, ამ და სხვა თემებზე გრიგოლ ვაშაძემ “სარკესთან” ისაუბრა.

– ბატონო გრიგოლ, რატომ გინდათ პრეზიდენტობა?

– ჩვენთვის ეს არჩევნები რეფერენდუმი უნდა გახდეს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იტყვიან, რომ ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მიუღებელია. ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ერთ არჩევნებში, რაც აჩვენებს, რომ “ოცნება” სრულიად მოკლებულია პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რომ იყოს ქვეყნის სათავეში. როგორც კი მოვიგებთ პირველ არჩევნებს, მათი საქმე გათავებული იქნება.

– პრეზიდენტის უფლებები რომ შეზღუდულია, რისი შეცვლაა შესაძლებელი?

– პრეზიდენტს ვინმე უშლის ხელს, რომ კონსტიტუცია იყოს საქართველოს მოქალაქის უფლებების პირველი დამცველი? ვინმე უშლის ხელს, რომ საქართველოს მოქალაქეს ეხმარებოდეს და, გირგვლიანის ოჯახიდან დაწყებული, მაჩალიკაშვილის ოჯახით დამთავრებული, ადამიანს არ უწევდეს ჯოჯოხეთურ წრეზე სიარული, რაც საბჭოთა მემკვიდრეობით მივიღეთ და დღემდე მართლმსაჯულებას ვეძახით?

კონსტიტუცია პრეზიდენტს პირდაპირ აკისრებს, რომ გააზრებული ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა. ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ მიერ იქნა დაწერილი, “კოპი-პეისტით” გადააქვთ და ვერ ხვდებიან, რომ დაძველდა. არ შეიძლება 2012 წლის პროგრამით მოქმედება, რადგან სამყარო შეიცვალა. ჩვენ დავუტოვეთ ამ ხელისუფლებას ახალი მოკავშირეები ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში…

პრეზიდენტს არც იმაში უშლის ხელს ვინმე, რომ დაიწყოს მუშაობა ამ მოკავშირეებთან, პოლიტიკურÖდემოკრატიულ დასავლეთთან. პრეზიდენტს ვინმე უშლის ხელს, რომ აქცენტი გააკეთოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენი ყველაზე მყარი მოკავშირეები არიან და რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ უზარმაზარი ინვესტიციები?

ვიღაც პერანგს იხევს, ვიზალიბერალიზაცია გავაკეთეთო. ვიზალიბერალიზაციას ხელი მართლა “ოცნების” დროს მოეწერა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყებოდა, 2010 წლის 17 ივნისს ხელი რომ არ მოგვეწერა ვიზა ფასილიტაციაზე?

ეროვნული კონსენსუსი რომ გამოგვემუშავებინა 90-იანი წლების დასაწყისში და ეს ქვეყანა სამოქალაქო ომისთვის არ შეგვეწირა, იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომლებიც ბალტიის ქვეყნებმა გამოიყენეს, არ დავკარგავდით. დღეს კიდევ ერთ ისტორიულ შესაძლებლობას ვკარგავთ.

– დიდი განსჯა მოჰყვა თქვენს რუსულ პასპორტს. რა შეგიძლიათ, ამაზე თქვათ?

– 5 წლის განმავლობაში თუ რუსული პასპორტის გარდა ვერაფერი მიპოვეს, კარგად ყოფილა ჩემი საქმე… 1993 წლიდან მე და ნინო ნიუ იორკში ვცხოვრობდით. ნინო ჩადიოდა მოსკოვში – წელიწადში 8 სპექტაკლს ცეკვავდა და ეს იყო და ეს.

60 წლის გავხდი. დაბადებული ვარ საბჭოთა კავშირში. ჰარვარდშიც მინდოდა სწავლა, მაგრამ იმ დროს შეუძლებელი იყო. იმ დროის საუკეთესო სასწავლებელი დავამთავრე წითელ დიპლომზე. ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სადაზვერვო თუ კონტრსადაზვერვო ორგანოებთან ზუსტად ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც “ოცნების” მხარდამჭერებს ინტელექტთან.

– როდის დათმეთ რუსული პასპორტი?

– 2009 წლის ზამთარი იყო. მანამდე არც ოპოზიციისთვის მეცალა და არც – რუსული პასპორტისთვის. მაშინ პარალიზებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ემუშავა. როგორც კი მოვიცალე, ის პასპორტი ჩავდე კონვერტში და გავაგზავნე რუსეთში. მათ 10 თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ ჩემთვის მოქალაქეობა წაერთმიათ.

მინდა, თქვენს მკითხველს შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირი და რუსეთი სხვადასხვა მცნებებია. რუსეთის არც ერთ უწყებაში მაქვს ნამუშევარი. თავის დროზე დიდი თეატრის დირექტორობასაც მთავაზობდნენ, რაზეც უარი ვთქვი.

– ამერიკაში ბალერინა მეუღლის გამო წახვედით?

– დიახ. მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა იყო, რომელიც ერთდროულად ცეკვავდა დიდი თეატრის, მარინის თეატრში, დიდი ბრიტანეთის სამეფო თეატრში, ამერიკის საბალეტო თეატრში და დანიის სამეფო თეატრში.

1993 წელს ლონდონში ჩამოვიდა კევინ მაკკენზი – ამერიკის საბალეტო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა ნინოს, ხომ იცი, შენი მთავარი აუდიტორია ნიუ იორკშია და ჩამოდიო. ჩავედით და, როცა მივხვდით, რომ ეს ჩვენი ქალაქი იყო, იქ გადავბარგდით.

– თქვენ რას საქმიანობდით ამერიკაში?

– მე და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ვთამაშობდით ბირჟაზე. იქ ვცხოვრობდით, სანამ 2004 წელს მიშამ არ დაურეკა ნინოს, ახლა თუ არ ჩამოხვალ, მერე შეგრცხვებაო.

ნინო ჩამოვიდა თეატრში, სადაც მოცეკვავეებიდან ის ცეკვავდა, ვისაც იმ წუთას ფეხსაცმელი ჰქონდა, სადაც შრომის ანაზღაურება თვეში 30 ლარი იყო და სადაც მაყურებელი არ იყო შესული 80-იანი წლების მერე.

ნინოს ყველა მეგობარი ეუბნებოდა, რომ აბსოლუტური იდიოტიზმი იყო აქ ჩამოსვლა. დავბრუნდით და კარგად ხედავთ, რა გააკეთა ნინო ანანიაშვილმა. 69 სპექტაკლია დღეს მუდმივად რეპერტუარში და ბილეთის ყიდვაც ჭირს.

– ერთობლივად წყვეტთ, რომელი რა შეთავაზებას დასთანხმდეს?

– დიახ, დავსხდებით და დავილაპარაკებთ ხოლმე.

– ჩხუბობთ კიდეც?

– სპეციფიკური ჩხუბი გვაქვს ხოლმე. ეს არ არის ხმამაღალი ლაპარაკი და ბრალდებების ტყორცნა. ჩვენი ჩხუბი გამოიხატება გაცხარებული დისკუსიით. 2008 წელს გაგონება არ უნდოდა, რომ სახელმწიფო სამსახურში მემუშავა.

– ახლა გიწონებთ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტად იყრით კენჭს?

– მე ვუთხარი, ხომ გესმის, რომ ან ქვეყანა დაბრუნდება ნორმალური განვითარების გზაზე, ან მოსახლეობის უმრავლესობა წავა ემიგრაციაში; ან დივანზე უნდა იწვე, ან გამოიყენო ის რესურსები, რაც გაგაჩნია-მეთქი. დავაჯერე, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამით ბედნიერია და ასე წარმოედგინა 2018 წელი.

– პირველი ლედობაც არ უნდა?

– არა, რადგან ნინოა ანანიაშვილი და ზედმეტი ტიტული ნამდვილად არ სჭირდება. თუ რაიმე ორდენი არსებობს დედამიწის ზურგზე, ყველაფერი აქვს. არც მომწონს პირველი ლედის წოდება, ხელოვნურია.

– შეგიძლიათ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როცა თქვენი და ნინოს ურთიერთობა დაიწყო?

– დავინახე და შემიყვარდა. ეს იყო 1984 წელს. მოსკოვის მცირე თეატრში იყო პრემიერა და ნინო იქ გახლდათ მეგობრებთან ერთად. დავინახე და… ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება. მერე, როგორც სისტემურმა და დიპლომატმა ადამიანმა, დავგეგმე კამპანია, დავიწყე კედლების აშენება. მოვაშორე ყველა… ჯერ ბებია გავიხადე მოკავშირედ. ღმერთმა აცხონოს ჩემი დიდი სიდედრი! ერთნაირად გვიყვარდა ფეხბურთი, პრეფერანსი… ძალიან უყვარდა სერიოზულ თემებზე ლაპარაკი, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე.

– მაინც რა თვისებებით მოგხიბლათ ნინომ?

– ხასიათით და ჭკუით. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, რაიმე ცუდი დაიმახსოვროს. რომელიმე სხვა ბალერინას რომ იმის მეათედი ჰქონდეს გაკეთებული, რაც ნინოს აქვს, ალბათ ყოველდღე მის 17 ფურცლიან ინტერვიუებს წავიკითხავდით. ერთმა გენიალურმა დირიჟორმა უთხრა ნინოს, მთელი შენი ცხოვრება რომ გაყო, 7 ბალერინას ეყოფაო.

ნინოს საოცარი სიბრალულის გრძნობა აქვს. ყველა კარგი მოცეკვავე კარგი ხელმძღვანელი არ გამოდის. ნინოს კი ყოველთვის ახსოვს, ამ მოცეკვავის ადგილას რომ იყო. საოცარი მეგობრობა იცის.

– როცა ერთმანეთი გაიცანით, მაშინ პირველ ცოლთან უკვე გაშორებული იყავით?

– უკვე გაშორებული ვიყავი. თუ პირველი ქორწინება ცუდი არ გქონდა, მეორეს ვერ დააფასებ. მომივიდა შეცდომა – 18 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი, მაგრამ ერთი კარგი საქმე გამოვიდა – ვაჟიშვილი მყავს.

– სად ცხოვრობს და რას საქმიანობს თქვენი ვაჟი?

– გერმანიაში ცხოვრობს. ხანდახან მოსკოვშიც უხდება ცხოვრება და ასევე გახლავთ იმ ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ნინოს ეკუთვნის. ასე რომ, ოჯახურ ბიზნესშია.

– თქვენი და ქალბატონი ნინოს გოგონა როგორია, ვის ჰგავს?

– ახალი ფორმაციის ბავშვია, რომელმაც იცის, რა უნდა. იცის, რამდენად გულისამრევია საათის თუ ჯინსების ბრენდების ცოდნა. ისიც იცის, რომ დედისა და მამის მიღწევები მისი მიღწევა არ არის. 12 წლის ასაკში უკვე იცის, რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. სამ ენაზე ლაპარაკობს, ზრდილობიანია და მის ზედმეტ ხმას ვერ გაიგებ. შესანიშნავი მეგობრები ჰყავს, ნამდვილი, თბილისური ინტელიგენტების ოჯახებიდან.

არ აინტერესებს პათოსი – მე წელს აქ და აქ ვისვენებდი. ცხენზე ზის, როგორც კოვბოი. 4 წლის ასაკში დაჯდა ცხენზე. სწავლობს პროფესიონალურ მუსიკალურ სკოლაში. არ ვიცი, მოუნდება თუ არა, ამ გზას გაჰყვეს, მაგრამ ვიცი, სკოლას რომ დაამთავრებს, იქნება კვალიფიცირებული მსმენელი.

– ბალეტისკენ არ აქვს მიდრეკილება?

– ნიჭი, ფენომენური მეხსიერება აქვს, მაგრამ ნინომ მის პატარაობაშივე თქვა, მისი ფიზიკური აღნაგობა აბსოლუტურად არ შეესაბამება ბალეტსო. იდიოტიზმია, როცა მშობლები ცდილობენ, ბავშვს ამ ასაკში პროფესია აურჩიონ.

ნინოს არაფრის შიში ჰქონდა. მუდამ იმეორებს კიპლინგის ფრაზას – გახსენი შენი საცხოვრებელის კარი და გადი, რადგან შენი საცხოვრებლის გარეთ დიდი და ულამაზესი სამყაროაო. არაფრის ეშინოდა და ამიტომაც დაკრა ფეხი და 42 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი, სრული ერთი წელი ძუძუთი კვებავდა.

ყოველთვის გვინდოდა შვილი. მე კი განსაკუთრებით გოგო მინდოდა. ელენე ფიზიკურად ორივეს გვგავს, მაგრამ ხასიათი ვაშაძის აქვს.

– ანუ?

– (მაგიდაზე მუშტი დაცხო. – ავტ. შენ.) ასეთი ხასიათი აქვს – იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს. ლიდერია თავისი თვისებებით და მიხარია, რომ ქალთა უფლებების დამცველი იქნება მომავალში. სწორად ვითარდება და თავისი ქვეყანა უყვარს. მთავარია, თინეიჯერობაში არ აურიოს, როგორც ხდება ხოლმე.

– როგორც ვიცი, საქართველოში ღვინის ბიზნესი გქონდათ. ახლა?

– ჩემგან ისეთივე ბიზნესმენი გამოვიდა, როგორიც ფლეიტაზე დამკვრელი. კომპანია არსებობს, მაგრამ მინისტრი რომ გავხდი, პროფესიონალებს გადავაბარე. 1998 წელს 100 ჰექტარი ვაზი გავაშენე. ქართველისთვის ვაზი ბიზნესი არ არის, ცხოვრების წესია.

რუსუდან ადვაძე, სარკე