,,კომედი შოუს” მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი 2 წელი მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა მანქანას, მაგრამ იმდენად ზედმიწევნით იცავდა მოძრაობის წესებს, მისი გაჩერება და საბუთების შემოწმება პატრულს აზრად არ მოსვლია.
თამუნამ მართვა, მისი თქმით, კაცურ ავტომობილზე, მრგვალფარებიან “მერსედესზე” ისწავლა, ახლაც ეს მარკა ჰყავს, ოღონდ სხვა მოდელი. აღიზიანებს, როცა ამბობენ, ფრთხილად, საჭესთან ქალიაო. “ფრთხილად, საჭესთან ადამიანია” – ამ ფრაზას ასე შევცვლიდიო, გვითხრა მსახიობმა.
— თამუნა, რამდენი წელია, რაც ავტომობილის მართვა ისწავლეთ?
– საკამოდ გვიან დავიწყე მანქანის ტარება. დაახლოებით 2009 წლიდან მყავს.
— მექანიკას მართავდით თუ ავტომატიკას?
– რასაკვირველია, ავტომატიკას.
— პირველად რა მარკის მანქანა გყავდათ?
– კაცური, მრგვალფარებიანი “მერსედესი”. საკმაოდ დიდი გაბარიტები ჰქონდა და მასზე ვისწავლე ტარება.
— როგორც ვიცი, მეუღლე იყო თქვენი მასწავლებელი. დღეს რას გეუბნებათ, როგორ გაფასებთ, როგორც მძღოლს?
– სულ მეუბნება, მაინც ვერ ისწავლე ტარებაო. არადა მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი მძღოლი ვარ, მომწონს, როგორც ვატარებ.
— თბილისში არსებული საცობები ბევრს აღიზიანებს. ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი.
– არავისთვის არაა კომფორტი, მაგრამ მე ისეთი მარშრუტი მაქვს, რომ საცობში არ ვხვდები. სამსახური სახლთან ახლოსაა და ნუცუბიძიდან პირდაპირ ჩავდივარ. როცა საქმეებზე მიწევს გასვლა, რა თქმა უნდა, დიდ დისკომფორტს მიქმნის.
— საჭესთან ჯდომამ თქვენს ლექსიკაზე რა გავლენა მოახდინა, გაჩნდა უწმაწური სიტყვები?
– კი, ოღონდ თუ ვინმე მიზის მანქანაში, თავს ვიკავებ, თუ მარტო ვარ, მაშინ აღმომხდება ხოლმე. ზოგჯერ ისეთებს აკეთებს ვიღაც, იძულებული ვარ, ცოტა რაღაცები ვთქვა.
— საგზაო წესებს როგორ ასრულებთ, კანონმორჩილი მძღოლი ხართ თუ არა?
– საკმაოდ კანონმორჩილი ვარ, მაგრამ ახლა პირველად უნდა გავამხილო თქვენთან: 2 წელი დავდიოდი მართვის მოწმობის გარეშე და, საბედნიეროდ, პატრულს არასოდეს გავუჩერებივარ, რადგან წყნარად, წესების დაცვით დავდიოდი.
— რაც მართვის მოწმობა აიღეთ, პატრული არც მას შემდეგ გაჩერებთ?
– ერთადერთხელ გამაჩერეს რუსთაველზე, თანაც ისე, რომ არაფერი დამირღვევია. სხვათა შორის, საბუთებიც არ მომთხოვეს, შენი გაცნობა გვინდოდაო, მითხრეს, გამესაუბრნენ, კეთილი მგზავრობა მისურვეს და დამემშვიდობნენ.
— რომელია თქვენი საოცნებო მანქანა?
– ძალიან მიყვარს “მერსედესი” და მომწონს “ჯი ელ ა”. ეს მანქანა მეყოლებოდა სიამოვნებით, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ახლა შავი ცე კლასის “მერსედესი” მყავს.
— “ფრთხილად, საჭესთან ქალია” – ეთანხმებით ამ გამონათქვამს?
– ძალიან ნერვები მეშლება, ამას რომ ამბობენ და ეს არის კაცების მოგონილი ფრაზა. ბევრმა მამაკაცმა იცის თქმა, ნახე, როგორ მიდის, უეჭველად ქალი ზის საჭესთანო. საოცრებებს ბევრი კაციც შვრება ხოლმე, არანორმალურად დაჰყავთ ავტომობილი. “ფრთხილად, საჭესთან ადამიანია” – აი, ეს ფრაზა შეიძლება, რომ ვთქვათ.
ვასო ფხაკაძე მეუბნება, როდესაც ქალი ჩართავს მარჯვენა “პავაროტნიკს”, ანუ ციმციმას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარჯვნივ უხვევსო.
— გიყვართ სისწრაფე?
– როცა ღამეა და გზა თავისუფალია, სისწრაფე მიყვარს. დღისით ძალიანაც რომ გინდოდეს, სწრაფად ვერ ივლი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია.
— მანქანით მოძრაობის დროს წაგცდენიათ ხელი პომადისკენ ან სავარცხლისკენ?
– თბილისში ისეთი საცობებია, რომ შეგიძლია მაკიაჟიც გაიკეთო, ჩაიცვა, გამოიცვალო და მოწესრიგდე. ტუჩსაცხი წამისვია, ტუშიც.
— ბევრი ქალისთვის მანქანა არის მოსიარულე გარდერობი. თქვენთვის?
– საბარგულით ძირითადად მარინას და ზოიას (თამუნას და თათია სულუაშვილის სკეტჩების პერსონაჟები. ავტ.) ძუძუები და კაბები დამაქვს. ძველი მანქანის საბარგულში სრულიად შემთხვევით ვიპოვე დაკარგული ჩექმები, სულ რომ მიკვირდა და ვფიქრობდი, ნეტა, სად მაქვს-მეთქი.
— დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით მძღოლებს?
– ყურადღებით იყვნენ და არ დაავიწყდეთ, მათ გარდა, სხვებიც რომ დადიან ტრასაზე.
გიორგი საკარული, სარკე

