ნინო ლეჟავამ საიქიოში იმოგზაურა – ,,კანდელი მეორმოცე დღეს თავისით ჩაქრა, კვამლი მაღლა ავიდა და ფანჯარაში გაუჩინარდა”

ნინო ლეჟავამ საიქიოში იმოგზაურა - ,,კანდელი მეორმოცე დღეს თავისით ჩაქრა, კვამლი მაღლა ავიდა და ფანჯარაში გაუჩინარდა"მსახიობ ნინო ლეჟავას სიკვდილის შიში არ აქვს და იმ იმედით ცოცხლობს, რომ გარდაცვალების შემდეგ საიქიოში ყველა მონატრებულ ადამიანს ნახავს.

– ნინო, წინასწარ თუ გრძნობთ მოსალოდნელ საშიშროებას ან სიხარულს?

– წინათგრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს. ცუდი თუ კარგი ამბების მოლოდინში, ყოველთვის ერთნაირი შეგრძნება მეუფლება. ამ მდგომარეობაში მყოფი ვიტყვი ხოლმე, ან ძალიან უნდა გამიხარდეს, ან რაღაც უნდა მეწყინოს. თუ სადმე არ მინდა წასვლა და ჩემს წინათგრძნობას არ დავუჯერებ, ზუსტად ვიცი, უსიამოვნოდ უნდა დამთავრდეს ყველაფერი.

გინდათ წინასწარ იცოდეთ, მომავალში რა გელიათ?

– არა. თუ მომავალში რამე სასიკეთო გელოდება და ეს უკვე იცი, ცხოვრების სიხარულსა და ინტერესს კარგავ.

– მკითხავებთან არ დადიხართ?

– ათასში ერთხელ მქონია სტრესული მომენტი, როცა მეგობრებს უთქვამთ, კარგი მკითხავი ვნახეთ, წამოდი, იქნებ სასიკეთო რამე გითხრასო. ეს იყო წარსულში. შემდეგ მოძღვართან აღსარებაში ვთქვი და მოვინანიე. მას მერე მკითხავებთან სიარულის სურვილი არ მაქვს.

ჩემს მეგობარს იმდენად არ სჯეროდა მკითხაობის, რომ ვერც მის აურას ხსნიდნენ და ვერც მკითხაობდნენ. ერთხელ შემთხვევით წააწყდა მამაკაც მკითხავს. მამაკაცი რომ იყო, იმიტომ დაინტერესდა, ვინაიდან ისინი იშვიათობას წარმოადგენენ. ჩემი მეგობარი გაგიჟებული მოვიდა და მითხრა, რაც იმ კაცმა მიწინასწარმეტყველა, ყველაფერი საათის სიზუსტით ამიხდაო.

მაშინ მძიმე პერიოდი მქონდა. ვუთხარი, ჯანდაბას, მომიყვანე-მეთქი და რუსთაველი მკითხავი ჩემთან სახლში მოვიწვიეთ. ყავაც კი არ მქონდა მომზადებული, რომ იმ კაცმა შემოსვლისთანავე თქვა, თქვენ თქვენს სახლში არ ცხოვრობთ, ამ სახლის პატრონი გარდაცვლილია და სახლი ნაკურთხი არ არისო. მართლაც ასე იყო.

მითხრა, პრობლემებიდან გამოძვრები და შენს ნერვიულობას წყალი წაიღებსო. იმ კაცს მართლა ჰქონდა ფენომენური ნიჭი. ერთხელ ჩაიხედავდა ყავაში, ერთხელ დახედავდა ბანქოს და მერე კედელს მიჩერებული ყველაფერს ნათლად ლაპარაკობდა.

– სულების არსებობის გჯერათ?

– კანდელი, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში ჩვენს სახლში ენთო, მეორმოცე დღეს, ღამის 12 საათზე თავისით ჩაქრა და დავინახე, კვამლი როგორ ავიდა მაღლა და ფანჯარაში გაუჩინარდა. მინდა მჯეროდეს საიქიო ცხოვრების. მჯერა, რომ საიქიო არის და არ მინდა გავიგო, რომ არაფერი არსებობს. ეგ იმედი მაცოცხლებს: როდესაც წავალ, ვნახავ ძალიან ბევრ მონატრებულ ადამიანს.

ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი ნარკოზიდან ვერ გამოვდიოდი და ფაქტობრივად საიქიოში ვიმოგზაურე. აღმოვჩნდი მწვანე მოლზე, სადაც შავნაბადმოხვეული ადამიანები დადიოდნენ. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მომავალში უნდა გარდაცვლილიყვნენ. გამჭვირვალე კედლების იქით ვხედავდი გარდაცვლილ ადამიანებს, მათ შორის – ბაბუაჩემს. კართან რომ მივედი, გამომაგდეს. მე ვტიროდი და ვყვიროდი, ბაბუ-მეთქი და ელექტროშოკებით, ისტერიკული ტირილით გამომიყვანეს. სიკვდილის შიში არ გამაჩნია.

– წინასწარმეტყველურ სიზმრებს თუ ხედავთ?

– შავ ყურძენს თუ ვჭამ ან კბილი თუ ამოვიღე და მეტკინა, აუცილებლად ვიღაცის სიკვდილი უნდა გავიგო. ხორცს თუ ვჭამ, ცუდად ვხდები. სითეთრე, თოვლი ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. ჩემი მოძღვრის სიზმარში ნახვაც კარგად მაქვს დაცდილი. სიზმარში ამჩატება ძალიან სასიამოვნოა, როცა ვინმეს სცემ, ძალას გასცემ, თუ შენ გცემენ, ძალა გემატებაო. ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ დილით “მამაო ჩვენო”-ს ვამბობ და სანთელს ვანთებ.

– თვალის აღების თუ გჯერათ?

– ძალიან მჯერა. განსაკუთრებით ჩემს თვალს ჩემი ბავშვი იღებს. რამდენი რამეც ვთქვი ბავშვზე კარგი, იმდენჯერ ცუდად გახდა. თვალს მე თვითონაც ვიღებ.

– ჯადო არსებობს?

– პირადად მე არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს. ჯადოსგან გამოშტერებული ძალიან ბევრი ადამიანიც მინახავს. ჩემი მეუღლის მეგობრის დედა დილით კარგი ხორცის შესაძენად ყოველთვის ბაზარში დადის. მან თქვა, ერთ დახლთან ყოველთვის მარტო ქალების რიგს ვხედავდიო. მერე გამყიდველისთვის უკითხავს, მხოლოდ ქალები რატომ დგანან იმ რიგშიო. მას უთქვამს, მგლის ქონს და ვირის ტვინს ყიდულობენო.

პარაფსიქოლოგმა თქვა, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ისეთი ჯადოები არსებობსო. თურმე მაკე ცხვარს, როცა უკვე სამშობიაროდაა გამზადებული, მუცელს უჭრიან, ბატკანი გამოჰყავთ, კლავენ, მისი ბეჭის ძვალს წვავენ და იმის ფერფლს ოჯახში აბნევენ. ამას თურმე შემდეგ ოჯახის წარუმატებლობა და განადგურება მოსდევს. მიცვალებულებს ცოცხალი ადამიანების სურათებსაც ატანენ, ბედის შეკვრაზე ბოქლომს ულოცავენ და მდინარეს ატანენო. აი, ასეთ სიბოროტეებს აკეთებენ, რაც ეკლესიის მეშვეობით ნადგურდება.

– დეჟავიუ ხშირად გაქვთ?

– არც ერთ ქვეყანაში დეჟავიუ არ მქონია, მაგრამ სიტუაციებში დეჟავიუ მაქვს, როცა მითქვამს, ღმერთო, ეს ხომ უკვე იყო-მეთქი. მოსკოვში ყოფნის დროს მანქანამ ჩემი მონაცემების შეყვანის შემდეგ ამოაგდო, რომ თურმე მე-15 საუკუნეში ვყოფილვარ გერმანელი მსახიობი კაცი. ეს რომ ვაღიარო, გამოდის, რომ ბუდიზმს ვეთანხმები და რეინკარნაციის მჯერა.

– უცხოპლანეტელის არსებობას თქვენს სახლში თუ აიტანთ?

– როგორ მინდა, რომ მყავდეს სახლში რამე. მინდა უცხოპლანეტელი ჩამოფრინდეს. ძალიან სტუმართმოყვარე გოგო ვარ, თუ რკინის იქნება, არ ვაბანავებ, რომ არ დაჟანგდეს. თუ ხორციელია, გავათბობ ან გავაგრილებ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მფრინავი თეფში ვნახო. უცხოპლანეტელი მინდა მყავდეს. ჩვენს სარწმუნოებაზე გადმოვიყვან, მოვნათლავ.

– საკუთარი თავის მიმართ რა შეკითხვა გიჩნდებათ?

– შეკითხვა მიჩნდება ჩემი არსებობის შესახებ. ვფიქრობ, ნეტავ მე მართლა ვარ-მეთქი, სასწრაფოდ სარკეში ვიყურები და ვხედავ, რომ ვარ.

– ბავშვობაში რითი გაშინებდნენ?

– გუდიანი კაცით. წარმოსახვაში მქონდა, რომ ვიღაც უზარმაზარი კაცი დადის, რომელსაც დიდი გუდა აქვს მოკიდებული და რომელიც ცუდ ბავშვებს იპარავს. დღემდე მიყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურება. მომწონს ტექნიკა, მსახიობების თამაში, ხერხები. ფანტასტიკა არ მიყვარს. მიყვარს გამოძიება, მანიაკები. მიცვალებულისაც არ მეშინია. სანამ სახლშია, ყველაფერი შემიძლია გავუკეთო. მიცვალებული სახლიდან რომ გადის, მერე მემართება ნევროზი და მეშინია.

მამიდაჩემის გასვენების შემდეგ კარგა ხანს მქონდა შიშები. ბავშვს რომ ვაძინებდი, სულ მჯეროდა, რომ საწოლის ქვემოდან ვიღაცას ხელი უნდა გამოეყო და ჩავეთრიე. ღამით პატარა განათება ყოველთვის მქონდა. ახლა აღარ მეშინია. ცოდვის შიში მაქვს. სულ ვცდილობ, ნაკლებ ცოდვიანად ვიცხოვრო.

სარკის არქივი