მარინა საღარაძე: ,,არ მაწუხებს, ოჯახს შევქმნი თუ არა”

მარინა საღარაძე: ,,არ მაწუხებს, ოჯახს შევქმნი თუ არა''მსახიობი გურამ საღარაძე, რომელიც ქართულ კინოსა და თატრში გენიალურ სახეებს ქმნიდა და თავის კვალს ტოვებდა თაობებისთვის,  5 წლის წინ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი, მსახიობი მარინა საღარაძე მამაზე ,,სარკესთან” საუბრობს.

– ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ – როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა?

– ჩემს ცხოვრებას ვყოფ ორ ეტაპად – მამასთან ერთად და მის გარეშე. მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წლები დამჭირდა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.

როცა ადამიანი ჩაწოლილია და ყოველ წუთს ელოდები სიკვდილს, ეს სხვაა, მაგრამ მამა ზუსტად 10 წუთში დავკარგე. კი, ავადაც იყო, დიაბეტიც ჰქონდა, გულიც აწუხებდა, მაგრამ თავს სერიოზულად უფრთხილდებოდა.

2013 წელი ჩემს ცხოვრებაში არის დიდი უბედურება. 17 იანვარს მოხდა ეს საშინელება და ერთ კვირაში თეატრიდან გამომიშვეს.

შოკიდან ძალიან ნელა გამოვდივარ. სულ ვფიქრობ, იმ ერთ კვირაში რა მოხდა ამისთანა ან ცაში, ან მიწაზე, რომ მამის წასვლა ამქვეყნიდან და თეატრიდან ჩემი გაშვება ერთდროულად დამატყდა თავს. ამით წერტილი დაესვა უზარმაზარ, ლამაზ, თბილ და მნიშვნელოვან ეტაპს.

– თქვენი აზრით, ხელიდან გაშვებული შანსი ბევრია პირადში თუ კარიერაში?

– ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან. უამრავი შეცდომა დავუშვი როგორც პირადში, ასევე თეატრშიც. ცხოვრებას თავიდან ვერ დაწერ, ამიტომ ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს. ეს უკვე წარსულია, რომელსაც არასდროს ვუბრუნდები.

– ის, რომ ქმართან, მამუკა არეშიძესთან, გაშორების შემდეგ აღარ გათხოვილხართ, შეცდომაა?

– მერჩივნა, საკუთარ თავთან მარტო ვყოფილიყავი. მიყვარს მარტო ყოფნა, თუმცა მარტო არავინ მტოვებს. მიყვარს ჩემი სახლი, მეგობრები, ფუსფუსი. ხშირად ვუმასპინძლდები მეგობრებს, მაქვს ჩემი ტრადიციები.

ალბათ აღარ შემხვდა ისეთი ვიღაც, ვისთანაც შევქმნიდი ოჯახს. აუცილებლად ცოლის სტატუსი გქონდეს – ეს ჩემთვის უაზრობაა. საკუთარი თავის სტატუსი ვარ მე, ჩემი მეგობრები, დედა, ბუბა (კიკაბიძე, მარინა საღარაძის დედის ქმარი. რედ.შენ.), შვილი, მისი ოჯახი და თუნდაც ჩემი თაყვანისმცემლები, რომლებიც ყოველთვის მყავდა და მყავს. აბსოლუტურად არ მაწუხებს, ოჯახს შევქმნი თუ არა.

სარკის არქივი