ქართულ თეატრს გასულ საუკუნეში ჰყავდა “აქტრისა” – ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომელმაც სცენაზე 60 წელი გაატარა და 400 როლი შეასრულა. “ჩემმა ზოგიერთმა ნათესავმა და მეგობარმა ძალიან იუკადრისა ჩემი “აქტრისობა”. ჩემს სოფელში თითქმის ყველა “ცირკის ქალს” მეძახდა”, – იხსენებდა მსახიობი თეატრის სცენაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს.
არტისტობისთვის ბავშვობიდან იყო მოწოდებული, მაგრამ ოცნება მოგვიანებით აისრულა. 14 წლის ასაკში ძალდატანებით გაათხოვეს თავისზე ბევრად უფროს თავადზე. მოძალადე ქმარს როგორღაც გაექცა. მეორედ დაოჯახდა. ლაღად ცხოვრობდა ქმარ-შვილთან ერთად, მაგრამ ბედნიერება მალე დაენგრა. მიუხედავად ყველაფრისა, აქტიურად აგრძელებდა სამსახიობო კარიერას და მთელი თავისი ტრაგედიები საყვარელმა საქმემ გადაატანინა.
მისი სახე რამდენიმე ფილმიდან შემოგვრჩა, განსაკუთრებით აღსანიშნავია “ხანუმა”, სადაც მთავარი როლი შეასრულა. ეს მისი ბოლო ფილმი იყო. 85 წლის ასაკში თავის საიუბილეო საღამოზე მიმავალი ქუჩაში გარდაიცვალა.
მსახიობს საკუთარი ხელით აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია, რომელიც წლების წინ კინომცოდნე გოგი დოლიძეს მეგობარმა გადასცა. “სარკეს” ელისაბედ ჩერქეზიშვილის საინტერესო ცხოვრების შესახებ სწორედ ბატონი გოგი ესაუბრა.
აკინძული მოგონებები
მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის შესწავლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ჩემს ჟურნალში, რომელსაც “რაინდი” ჰქვია, ერთხელ უკვე გამოვაქვეყნე მისი წერილი და ბიოგრაფიის პატარა ნაწილი. ელისაბედს საკუთარი ხელით აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია. მასში ყველაფერს წერს თავის ბავშვობაზე, პროფესიაზე, რომელიც ძალიან უყვარდა და პირად ცხოვრებაზე, უფრო სწორად, პირად ტრაგედიებზე, რადგან ის საკმაოდ ტრაგიკული ბედის ქალი იყო.
მე მაქვს 1945 წლის 7 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელიც მან მსახიობ ივანე გვინჩიძეს გაუგზავნა თავის მოგონებებთან ერთად. “ჩემო კარგო და საყვარელო ვანიჩკა! ეს მცირე ჩემი მოღვაწეობის მასალა გქონდეს. იქნება როდისმე დაგჭირდეს და გაიხსენო. შენი მოსიყვარულე ტიოტია ლიზა ჩერქეზიშვილი”.
ივანე გვინჩიძის ვაჟმა, ემზარმა, ეს ჩანაწერები მე გადმომცა, ამიტომ ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, სწორედ ამ მოგონებებიდან გავიგე.
14 წლის პატარძალი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1863 წლის 14 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ კოშკაში. მამამისი, ალექსანდრე, ღარიბი აზნაური იყო. დედა, მარიამი, თავად რაჟდენ მხარგრძელ-ფავლენიშვილის ქალი გახლდათ. ლიზა ბავშვობიდან სწავლობდა “ვეფხისტყაოსანს”, მუსიკას, ცეკვას. დედამ წმინდა ნინოს სასწავლებელში ჩარიცხა, მაგრამ იქიდან მალევე გამოიყვანეს.
14 წლის იყო, როდესაც ძალით გაათხოვეს. მეზობელ სოფელში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. პატარა ელისაბედს ლეკური ისე უცეკვია, რომ ყველა სტუმრის ყურადღება მიუქცევია, მათ შორის 35 წლის თავადის, გიგა მაჩაბლის. მან ჩერქეზიშვილების ოჯახს მეორე დღესვე მაჭანკლები მიუგზავნა. ელისაბედს ბევრი უნერვიულია, სამი დღე სიცხე ჰქონია. არ უნდოდა გათხოვება. დედამისი აძალებდა, ცოლად გაჰყევი, თავადიშვილია და კნეინა გახდებიო.
თავიდან მამამისი უარზე ყოფილა, არასრულწლოვანი შვილი გაეთხოვებინა, მაგრამ მეუღლემ და ნათესავებმა დაარწმუნეს. მამა შვილის ქორწილს არ დასწრებია. ქალიშვილს მხოლოდ ბედნიერება უსურვა.
როგორც ელისაბედი თავის მოგონებებში იხსენებს, გიგა მაჩაბელი ჩერქეზიშვილებში ერთი თავი შაქრითა და ფოჩიანი კანფეტებით მისულა. გოგონას უნდოდა, მისთვის ცოლობაზე უარი ეთქვა, მაგრამ ნათესავებმა ამის ნება არ მისცეს.
სახლში მაზლები და რძლები ჰყავდა, მაგრამ ქმარი მათთან დალაპარაკებას უშლიდა. ცოლი სახლში გამოკეტა, თვითონ კი, ნასვამი, სოფელში ცხენით დათარეშობდა და გლეხებს აწიოკებდა.
გაქცევა
ელისაბედს გოგონა შეეძინა, მაგრამ ახალშობილი დაეღუპა. მალე ისევ დარჩა ფეხმძიმედ. თურმე ნატრობდა, მშობიარობას გადაჰყოლოდა. მოძალადე და ეჭვიანი ქმრის ქცევებს ვეღარ იტანდა. ფეხმძიმე იყო, როდესაც როგორღაც თავი დააღწია და გაექცა. თავად ელისაბედი იმ დღეს ასე იხსენებდა:
,,ერთ საღამოს მაზლის ცოლმა ჩაიზე დამპატიჟა. მაზლები კაკლის ქვეშ ნარდს თამაშობდნენ. შემოდგომის წყნარი და მზიანი დარი დაჩაგრულ გულს ცოტაოდნად მიხალისებდა.
რძლებმა მთხოვეს მუსიკის დაკვრა. უხალისოდ ვუკრავდი. კნიაზი უცბად წამოხტა, თავიდან ქუდი მოიხადა, ჩამოჰკიდა კაკალზე, სადაც მისი ძმები ნარდს თამაშობდნენ, ესროლა რევოლვერი თავის ქუდს, გახვრიტა იგი, დაიხურა და გასწია სახლისაკენ.
ჩვენ ყველანი შიშმა აგვიტანა. დამიყვირა, ჩემი ძმა ვანო გყვარობსო. ჩვეულებრივი მუქარით ულვაშებზე გადისვა ხელი, ცხენი შეკაზმა და გააქროლა. საით, ღმერთმა უწყის”.
იმ დღეს ლიზაც გაიქცა სახლიდან და დედასთან დაბრუნდა. ეს იმ დროისთვის გაუგონარი ამბავი იყო. მაჩაბელი მას კარგა ხანი არ ეშვებოდა. იარაღით ხელში არაერთხელ მიადგა მის სახლს და მოკვლით ემუქრებოდა.
ფრთებმოტეხილი პეპელა
ამასობაში ელისაბედის ცხოვრებაში გამოჩნდა იურისტი ნიკო ხიზანიშვილი. ის აზნაურ ჩერქეზიშვილების ოჯახში სტუმრად მივიდა. გოგონა მოეწონა და მისთვის წერილების გაგზავნა დაიწყო. ლიზაც არ იყო გულგრილი მის მიმართ. მალე მას გოგონა შეეძინა – ნუცა მაჩაბელი.
სამწლიანი მიმოწერის შემდეგ ნიკო ხიზანიშვილმა ლიზას ცოლობა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ განათხოვარი იყო და თანაც პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა, ნიკომ მაინც გადაწყვიტა მასთან ბედის დაკავშირება და დაჰპირდა, რომ მის შვილზე მეურვეობას იკისრებდა. ჯვრისწერა ვერ შეძლეს, რადგან მაჩაბელი ყოფილ ცოლს გაყრაზე უარს ეუბნებოდა.
ცნობილია, რომ ჯვარი მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწერეს, როდესაც თავადი გარდაიცვალა.
ნიკომ და ლიზამ პატარა ნუცასთან ერთად თბილისში ცხოვრება დაიწყეს. ამ დროს ლიზას უკვე დაწყებული ჰქონდა მსახიობობა და, რაც მთავარია, ამას გაგებით ეკიდებოდა მისი მეუღლე. მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ სახლში გვიან არ დაბრუნებულიყო, ამიტომ ელისაბედი სპექტაკლის შემდეგ სახლში მიიჩქაროდა. ორი ვაჟი შეეძინათ – ვახუშტი და შალვა.
სარკე

