გასული საუკუნის დასაწყისში იმერეთის პატარა ქალაქ ხონის გარეუბანში ივანე ჭავჭანიძის ოჯახი ცხოვრობდა, სადაც 9 შვილი იზრდებოდა. მრავალშვილიან ოჯახს მატერიალურად უჭირდა. ამდენი ბავშვისთვის განათლების მიცემა შეუძლებელი ჩანდა. ივანე ფიქრობდა, იქნებ რაიმე ხელობა მაინც ესწავლათ, რომ შემდგომში თავი გაეტანათ. ამ მიზნით მამამ 6 წლის ერასტი თბილისში ჩაიყვანა და მაშინდელი მიხეილის გამზირზე ერთ მეფურნეს მიაბარა შეგირდად.
ერასტი ცოცხალი და მოძრავი ბავშვი იყო, დაუზარელი. მეფურნის გვერდით ერთ გერმანელს, რომლის სახელიც დღეს აღარავის ახსოვს, საგალანტერიო მაღაზია ჰქონდა გახსნილი. პატარა ერასტი მასაც ეხმარებოდა და მალე გერმანული ენა ისწავლა.
ნიჭიერი ბიჭი ძალიან შეიყვარა გერმანელმა და თავის მაღაზიაში გადაიყვანა, ხოლო როცა წამოიზარდა, შეგირდობიდან უმცროს ნოქრად დანიშნა. მერე კი ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი დააფინანსა და სასწავლებლად გერმანიაში, ლაიფციგში გაუშვა.
ერასტი ჭავჭანიძე გერმანიაში მანუფაქტურების საქმიანობას გაეცნო, ფაიფურის წარმოებით დაინტერესდა და საბოლოოდ ფაიფურის ქარხნების წარმომადგენელი გახდა საქართველოში. დროთა განმავლობაში წარმატებული საქმოსნის სახელი დაიმკვიდრა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებაც მიიღო.
ერასტიმ თბილისში, მიხეილის (შემდგომში პლეხანოვის, ამჟამად კი დავით აღმაშენებლის) გამზირზე, ულამაზესი სახლი ააშენა. მოდერნული არქიტექტურის ულამაზესი ნიმუში პოლონელ არქიტექტორს ეკუთვნის, ფლორენციელმა მხატვარმა კი მოხატა. სახლი დიდხანს ამშვენებდა ქუჩას, შემდგომში კი, როცა ერასტის ოჯახმა რეპრესია განიცადა, შენობა თანდათან გაპარტახდა.
“ახალი ტიფლისის” პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის შედეგად, ამ შედევრმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. თბილისის მოქალაქეებმა და სხვა მნახველებმა მისი სილამაზე თავიდან აღმოაჩინეს.
სახლის ისტორიასა და მისი პატრონის ცხოვრებაზე “სარკეს” ერასტი ჭავჭანიძის პირდაპირი შთამომავალი, შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე უამბობს.
– ქალბატონო თამარ, “ახალი ტიფლისის” პროექტის ფარგლებში თქვენი პაპის სახლის რესტავრაცია მოხდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, ეს სახლი როგორ აშენდა, პაპაზე, ერასტი ჭავჭანიძეზე გვიამბეთ.
– ბაბუა მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო და თბილისში მეფურნესთან იდგა მოჯამაგირედ. კონტაქტური ბავშვი ყოფილა და ადვილად ახერხებდა გარშემომყოფთა გულის მონადირებას. ისე დაუახლოვდა და შეეთვისა საგალანტერიო მაღაზიის გერმანელ მეპატრონეს, რომ ბოლოს მან სასწავლებლად ლაიფციგში გაუშვა.
ერასტი პოლიგლოტიც გახდა, მან შესანიშნავად იცოდა რუსული, გერმანული, სპარსული, სომხური ენები. კარგად შეისწავლა ფაიფურის წარმოება და ვაჭრობის საუკეთესო ალღოც აღმოაჩნდა.
თბილისში დაბრუნებულმა მანთაშოვის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. გერმანელები, რომელთაც ფაიფურის მწარმოებელი მანუფაქტურები ჰქონდათ და თავიანთი ნაწარმისათვის ახალ-ახალ ბაზრებს ეძებდნენ, ერასტიზე უკეთესს ვის ნახავდნენ ამ საქმისთვის და ანდეს კიდეც თავიანთი საქონლის რეალიზაცია.
პატიოსნებით გამორჩეულმა ქართველმა უცხოელების ისეთი პატივისცემა დაიმსახურა, რომ მის ქორწილში ჩამოსულმა გერმანელმა მწარმოებლებმა საჩუქრად სადილის, ჩაისა და ყავის ორმოცკაციანი უძვირფასესი ფაიფურის სერვიზი მიართვეს.
– როდის დაიწყო სახლის მშენებლობა?
– ევროპაში ყოფნის დროს ბაბუა კარგად ხედავდა, ხელოვნების ყველა დარგში, მათ შორის არქიტექტურაში, როგორ შემოდიოდა ახალი სტილი, მოდერნი. მას ძალიან მოსწონდა ეს და ოცნებობდა, თბილისში მოდერნისტული სახლი ჰქონოდა. როცა მისმა სავაჭრო სახლებმა მოგების მოტანა დაიწყო, ერასტიმ ბანკიდან დიდი კრედიტი აიღო და ევროპიდან მოწვეულ არქიტექტორებთან და მხატვრებთან ერთად მაშინდელ მიხაილის გამზირზე სახლის მშენებლობა დაიწყო.
სამსართულიანი სახლი ულამაზესი, ნაძერწი დეკორის სიუხვით გამოირჩეოდა. შემკულია ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებებით, ნაძერწი გირლანდებით, ყვავილოვანი ორნამენტებით. სამწუხაროდ, არქიტექტორისა და მხატვრის გვარები არ ვიცით.
ოჯახში გვქონდა მდიდარი არქივი, სადაც ყველაფერი იყო დაცული, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როცა მამაჩემს რეალური საფრთხე შეექმნა და დააპატიმრეს, ძალიან ბევრი რამ გაანადგურეს.
ეზოს მხრიდან სახლს მოჩუქურთმებული ქართული აივნები აქვს შემორტყმული, ხოლო ეზოში შადრევანი იყო ანგელოზის ქანდაკებით და იქ ოქროს თევზები დაცურავდნენ.
რაც შეეხება სადარბაზოს, ფლორენციელმა მხატვარმა შესასვლელიდან დაწყებული სამივე სართულის კედლები და ჭერი მოხატა ანგელოზებითა და სხვადასხვა პეიზაჟებით. ყველაზე
ღირსშესანიშნავი კი “ვეფხისტყაოსნის” ზიჩისეული ილუსტრაციების მიხედვით შესრულებული ორი ნახატია.
– როდესაც სახლი აშენდა, ერასტი უკვე დაოჯახებული იყო?
– დიახ. ბაბუა გვიან, 34 წლის ასაკში დაქორწინდა. საქმეების გამო ბევრს მოგზაურობდა არამარტო უცხოეთში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. მეუღლის მშობლების ოჯახი მან ახალციხეში გაიცნო.
ნინო კოპაძე-მაისურაძე მაშინ 16 წლის იყო და წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. თავიდან მათი ურთიერთობა უფრო უფროსების სურვილი იყო, მაგრამ შემდეგ დიდ გრძნობაში გადაიზარდა. 1890 წელს იქორწინეს და სწორედ საყვარელ მეუღლეს აუშენა ეს ულამაზესი სახლი.
ერასტი მეუღლეს უძვირფასეს საჩუქრებს, ოქროს სამკაულებს უძღვნიდა. გაგიჟებით უყვარდა და ძალიან ანებივრებდა. ოჯახი სტუმრიანობით გამოირჩეოდა. სადარბაზოში სპილენძის ზარი იყო, შვეიცარი რეკავდა და სტუმრების მოსვლას ატყობინებდა.
– ბედნიერად ცხოვრობდა ერასტის და ნინოს წყვილი?
– არა. მდიდარი, ახალგაზრდა და ლამაზი წყვილის ოჯახური ცხოვრება ტრაგიკული გამოდგა. პირველი ვაჟი შეეძინათ, მიხეილი, რომელიც მამაჩემი გახლდათ. შემდეგი, გოგლიკა, 9 თვის იყო, რომ გარდაიცვალა. დამწუხრებულ მშობლებს კიდევ ერთი ვაჟი, ვახტანგი, ეყოლათ, რომელიც 11 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. ოჯახმა უმძიმესი დღეები გადაიტანა. მერე კიდევ ერთი ვაჟი გაჩნდა, კონსტანტინე.
ერასტისთვის თავზარდამცემი იყო 1918 წელი. ფეხმძიმე მეუღლეს მაშინ გავრცელებული გრიპის მძიმე ტიპი, “ისპანკა” შეხვდა. ნინომ გოგონა გააჩინა, მაგრამ ავადმყოფობით დაუძლურებული მაშინვე გარდაიცვალა. ცოტა ხანში ჩვილიც დაიღუპა.
თეთრ კატაფალკაში შებმული ექვსი თეთრი ცხენი, ყვავილების გვირგვინები, პანაშვიდი სიონში – ასეთი დაკრძალვა მოუწყო საყვარელ მეუღლეს ერასტიმ. კუკიაზე, ეკლესიის გვერდით დაკრძალეს ნინო. საფლავზე თეთრი მარმარილოს ქანდაკებაა პატარა ანგელოზების ფიგურებით, რომლებიც მათი გარდაცვლილი პატარა შვილების სიმბოლური გამოსახულებებია. შემდგომში ეს ჩვენი ოჯახის საგვარეულო სასაფლაო გახდა.
– ცოლის გარდაცვალების შემდეგ როგორ გაგრძელდა ოჯახის ცხოვრება?
– ბაბუამ ძალიან განიცადა. მას ცოლი არასოდეს მოუყვანია. დედა რომ გარდაეცვალათ, მიხეილი 13 წლის იყო, კონსტანტინე – 7-ის. ბავშვებს გუვერნანტები ჰყავდათ, ასწავლიდნენ ფრანგულს, გერმანულს, მუსიკას. მათი აღზრდა ნინოს დედამ, ქალბატონმა ლიზამ, ითავა.
შემდეგ საქართველოში “საერთო უბედურება”, როგორც ლიზა ბებია ამბობდა, საბჭოთა წყობა დამყარდა და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. მიხეილი უკვე სტუდენტი იყო, ცნობილი სპორტული საზოგადოება “შევარდენის” წევრი. როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა, ისიც კომუნისტური წყობის მოწინააღმდეგე გახლდათ.
კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ერასტის – უფროსი ვაჟი,
მიხეილი კონტრრევოლუციონერის ბრალდებით დაიჭირეს და დახვრეტას უპირებდნენ. მაშინ გაყიდა ბაბუამ მთელი თავისი ქონება, მაღაზიები, ოქრო, ბრილიანტი და კოლოსალური თანხის საფასურად დაიხსნა შვილი.
არც კომუნისტურმა ექსპროპრიაციამ დააგვიანა. 1927 წელს ერასტის საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს და მთელ ოჯახს ერთი ოთახი დაუტოვეს. დღემდე შენახული გვაქვს დოკუმენტი – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1928 წლის დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ პლეხანოვის გამზირზე, 36 ნომერში მდებარე სახლი მუნიციპალიზებულია ოთახების საერთო რაოდენობით – 30.
– როგორ გადაიტანა ოჯახმა ის მძიმე წლები?
– ღირსეულად. მათ კუთვნილ ოთახებში შესახლებულმა ჩეკისტებმა და სხვა უგუნურმა რევოლუციონერებმა სადარბაზოში ჩასასვლელი კარი ამოუქოლეს და მხოლოდ ეზოს მხრიდან დაუტოვეს ვიწრო გასასვლელი.
მამაჩემი ცნობილი ქირურგი იყო უკვე. ათარბეგოვის ქუჩაზე, ქირურგიულ საავადმყოფოში მუშაობდა. სამსახურში ხშირად ფეხით დადიოდა. ბევრჯერ ფეხსაცმლის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა და კალოშები ეცვა, რომელიც სრული ჰქონდა და ფეხზე ნაჭრებით იმაგრებდა.
ერასტი ძალიან შეიცვალა. ეს უნიჭიერესი, განათლებული, მუსიკალური კაცი საკუთარ თავში ჩაიკეტა, მდუმარედ ატარებდა სიცოცხლის ბოლო წლებს და ძირითადად აივანზე პასიანსს შლიდა.
მიხეილისა და კონსტანტინეს თვალწინ გაიარა ქონების დაკარგვის პროცესმა, იტანდნენ ერთ დროს მათ სახლში შესახლებული უმეცარი ადამიანებისგან დამცირებას, დაცინვას, უხეშ მოპყრობას. ნადგურდებოდა სახლის ინტერიერი, ამტვრევდნენ ანგელოზების ქანდაკებებს, ნაძერწ ფიგურებს.
ოჯახში შემორჩენილი ძვირფასი ნივთები ნელ-ნელა იყიდებოდა, რადგან ძმები დაოჯახდნენ და გაჩენილ ბავშვებს გაზრდა სჭირდებოდათ. ერასტის შვილები პატიოსნებითა და განათლებით გამოირჩეოდნენ.
მამას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. მან ბრწყინვალედ იცოდა უცხო ენები, მათ შორის, რუსულიც და მეზობლის ბავშვებს უანგაროდ ასწავლიდა. უყვარდა მუსიკა და ხშირად უკრავდა. ბაბუას ნივთებიდან ცოტა რამ შემორჩა, მათ შორის ბეკერის როიალიც, რომელზეც ჯერ ბაბუა უკრავდა, მერე კი – მამა.
– ასეთ სახლს მუდმივი მოვლა სჭირდება, რომ პირვანდელი სახე შეინარჩუნოს. როგორ უვლიდა მუნიციპალიტეტი?
– ბაბუა ყოველწლიურად უამრავ ფულს ხარჯავდა სახლის მოვლაზე. აღებვინებდა სახურავს, აწმენდინებდა ბუხრებს, უვლიდნენ ეზოს. შემდგომ ეს ყველაფერი შეწყდა.
წლების განმავლობაში სახურავი დაზიანდა, ჩვენს დიდ ოთახში წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა. ეზოში შადრევანი დაინგრა, ქანდაკება გაქრა, სადარბაზოც ძალიან დაზიანდა, აივნები მოირყა, სადარბაზოს ულამაზესი ჭაღი მოიპარეს. ეზოს ჰქონდა რკინის ჭიშკარი, რომელიც ხელოვნების შედევრი იყო. 30 წლის წინ ეს ჭიშკარი ჩამოხსნეს, სარესტავრაციოდ წაიღეს და უკვალოდ გაქრა.
20 წელი ვიბრძოდი, რომ სადარბაზოს რესტავრაციისათვის ფინანსები გამოეყოთ. ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შევაწუხე. გული მიკვდებოდა, სახლი რომ ინგრეოდა. უარი არავისგან მიმიღია, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებიათ არასოდეს. ჩემთან ერთად იბრძოდნენ არქიტექტორები ნესტან თათარაშვილი და მაია მანია.
ჩემმა ვაჟმა მოახერხა და სახლის ოთხი ოთახი გამოისყიდა. ბინა სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ, სანამ სახლი არ შეკეთდებოდა, რამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა. ახლა ალბათ ნელ-ნელა გავარემონტებთ.
– წარმომიდგენია, როგორი გახარებული ხართ, სახლისა და სადარბაზოს რესტავრაცია რომ მოხდა.
– უკვე აღარც მჯეროდა, რომ ამას გააკეთებდნენ. 2015 წელს ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა, თქვენს ბინას მერია რესტავრაციას გაუკეთებსო. გამეცინა, ასეთი დაპირება ბევრი მომისმენია-მეთქი. რაღაც დროის შემდეგ დამირეკა, მერიიდან მოვდივართ და, თუ შეიძლება, დაგვხვდითო.
სადარბაზო კარი გავუღე. ახალგაზრდა კაცთან ერთად იყო. კარგად არც შემიხედავს, ისე შევუძეხი კიბეებზე. რომ ავდიოდი, გავიგონე, ეს რა ძვირფასი მასალაა, სულ მუხა და კედარიაო. მივხვდი, რომ ამ კაცს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ეს მასალა ამოიცნო, შეიძლებოდა მართლაც რამე გაეკეთებინა. სწორედ მაშინ შევხედე დაკვირვებით და თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცანი.
ბატონმა დავითმა პირობა მომცა, ძალიან მალე დიდ თანხას გამოვყოფთ და არამარტო ამ სახლს, მთელ პროსპექტს აღვადგენთო. როგორც ხედავთ, პირობა შეასრულა. დიდი მადლობა ყველას – მერს, არქიტექტორებს, რესტავრატორებს, მხატვრებს, ხელოსნებს თითოეულ დეტალს რუდუნებით, უდიდესი სიფრთხილით რომ მოეკიდნენ.
ეს სახლი არამარტო ჩემი ბაბუის სახელის უკვდავყოფაა, კულტურის ძეგლია და ჩვენი ქალაქის ისტორიაა.
ია ქუთათელაძე, სარკე

